იახტები, ვერტმფრენები, ჩარტერული რეისები - რა ეგზოტიკურ ხერხს მიმართავენ რუსები ქვეყნის დასატოვებლად და მობილიზაციის თავიდან ასარიდებლად? - კვირის პალიტრა

იახტები, ვერტმფრენები, ჩარტერული რეისები - რა ეგზოტიკურ ხერხს მიმართავენ რუსები ქვეყნის დასატოვებლად და მობილიზაციის თავიდან ასარიდებლად?

იახტები, ვერტმფრენები, ჩარტერული რეისები - რა ეგზოტიკურ ხერხს მიმართავენ რუსები ქვეყნის დასატოვებლად და მობილიზაციის თავიდან ასარიდებლად?

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეები სხვადასხვა გზით ცდილობენ ქვეყნის დატოვებას. სახმელეთო საზღვრებთან ათასობით ადამიანი ელოდება რიგს, რათა ქვეყნიდან გავიდეს. საგრძნობლად გაიზარდა თვითმფრინავის ბილეთის ფასებიც, თუმცა ხალხი იძულებულია, ქვეყანა ნებისმიერ ფასად დატოვოს.

ალექსეი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და IT-სფეროშია დასაქმებული, BBC-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისმა დამსაქმებელმა კომპანიამ თანამშრომლების ქვეყნიდან გასაყვანად ერევნის მიმართულებით ჩარტერული რეისი დანიშნა და თვითმფრინავი დაიქირავა. როგორც თავად ამბობს, კომპანიის რეისი 28 ოქტომბერს იყო დანიშნული, თუმცა ის ამ თარიღს არ დაელოდა და ქვეყნიდან დამოუკიდებლად გავიდა. მობილიზაციის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ბელარუსში წავიდა, რადგან შესაძლოა, შემდეგ რუსეთის საზღვრები ჩაიკეტოს კიდეც.

მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩარტერული რეისი გააუქმეს, რადგან ბიზნეს-ცენტრში, სადაც კომპანია მდებარეობს, სამართალდამცავები მივიდნენ. ახლა დამსაქმებელი თანამშრომლებს ინდივიდუალურ დახმარებას სთავაზობს...

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, თუ როგორ ცდილობენ რუსები თვითმფრინავის დაქირავებით გავიდნენ ქვეყნიდან. მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

კომპანია Flight Way-ს დირექტორის - ედვარდ სიმონოვის განცხადებით, ჩარტერულ რეისებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა და მომხმარებლების უმეტესობა აქამდე კერძო თვითმფრინავებით და ჩარტერული რეისებით არასდროს სარგებლობდა, მათ სასწრაფოდ სურთ ქვეყნის დატოვება.

თვითმფრინავის დაქირავების ფასი მარშრუტსა და მანძილზეა დამოკიდებული. BBC-ის მოძიებული ინფორმაციით, ერთი ფრენა 4,5-დან 10-15 მილიონ რუბლამდე აღწევს. ყველაზე პოპულარული მიმართულება კი თურქეთი და სომხეთია.

„მთელი თვითმფრინავის დაქირავება ერევნის ან სტამბოლის მიმართულებით 5-13 მილიონი რუბლია, ფასი თვითმფრინავის ტიპზე, მგზავრთა რაოდენობასა და გაფრენის თარიღზეა დამოკიდებული. თუმცა, ადამიანებს, რომელთაც არასდროს უფრენიათ მსგავსი თვითმფრინავით, ფასის მოსმენის შემდეგ თვითმფრინავის დაქირავების სურვილი ეკარგებათ. ადამიანები პანიკამ და შიშმა მოიცვა“, - აღნიშნავს სიმონოვი.

bbc2-1664966034.jpg

აღსანიშნავია ისიც, რომ კერძო თვითმფრინავების კომპანიები, რომელთაც კომერციული ფრენის განხორციელება შეუძლიათ, საკმაოდ ცოტაა, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ კი ამ სფეროზე მოთხოვნა გაიზარდა და ახლა, თითმფრინავის დაქირავება თითქმის შეუძლებელია.

„თუ დღის განმავლობაში 50 შეკვეთა შემოდიოდა, ის 500-მდე, 1000-მდეც კი გაიზარდა და ეს მხოლოდ ჩვენთან“, - აღნიშნავს კომპანია Your Charter-ის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოფიციალური კომპანიების გარდა, საზღვარზე ლამის ასკილომეტრიან რიგში მდგომ მოსახლეობას, საზღვრის გადაკვეთას არაოფიციალური პირები ვერტმფრენით სთავაზობენ. ისინი ხალხს სოციალურ ქსელში შექმნილ "ჩატებში" უკავშირდებიან და რეკლამას ავრცელებენ.

BBC-ის წარმომადგენელი ერთ-ერთ ასეთ შემოთავაზებას გამოეხმაურა, მას უთხრეს, რომ ფერმერული ტიპის ვერტმფრენი სოჭიდან საქართველოში მიფრინავდა და ერთი ადამიანის ადგილი 20 ათასი რუბლი ეღირებოდა.

კიდევ ერთი შეთავაზების მიხედვით, ბესლანიდან თბილისში ვერტმფრენით გადაფრენის ღირებულება 20 ათასი რუბლია. ითხოვდნენ წინასწარ გადახდას.

მოსკოვიდან იახტით გამგზავრება

bbc3-1664966034.jpg

27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ იახტკლუბის 8 წარმომადგენელმა ვლადივოსტოკიდან რუსეთის დატოვება იახტით გადაწყვიტა. ისინი სამხრეთ კორეაში გაემგზავრნენ, ჩრდილოეთ კორეას უნდა შემოუარონ და ისე მოხვდებიან სასურველ ადგილას.

როგორც ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, ეს არ არის მობილიზაციის გამო ქვეყნიდან გაქცევა, მათ ეს ჯერ კიდევ ზაფხულში დაგეგმეს. საბოლოო ჯამში კი, იახტით ქვეყნიდან გასვლა კარგი გამოსავალი აღმოჩნდა მაშინ, როცა რუსეთის საზღვრებზე ადამიანთა რიგებია.

მეზღვაურთა მარშრუტის გამეორება ბორნის გამოყენებით სხვებისთვისაც შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მათ სამხრეთ კორეიდან ელექტრონული თანხმობა ექნებათ. სოციალურ ქსელში კი ამ თემატიკაზე გახსნილ „ჩატებში“ ხალხი წერს, რომ დოკუმენტის მომზადებას რამდენიმე კვირა სჭირდება.

BBC-ის ჟურალისტებმა კიდევ რამდენიმე შემოთავაზება ნახეს, სადაც მობილიზაციის შემდეგ რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ხალხს იახტით გადასვლას სთავაზობდნენ. ერთ-ერთი მათგანი ადამიანზე 90 ათას რუბლს ითხოვდა, თუმცა მათ შემდეგ შემოთავაზება გააუქმეს და განაცხადეს, რომ „გამგზავრება ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი“.

აღსანიშნავია ისიც, რომ სოჭიდან სტამბოლში გადასვლა კრუიზით არის შესაძლებელი.

გასულ ორშაბათს ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე რიგები „გაქრა“.

რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის - ირბეკ ტომაევის განცხადებით, თუ აქამდე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 5 ათასს არ აჭარბებდა, გასულ კვირას ორივე მხარეს საზღვარი 19,7 ათასმა ავტომობილმა და 69,5 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა. ქართული მხარის ცნობით, 17-დან 26 სექტემბრამდე საქართველოს საზღვარი 78 ათასმა რუსმა გადმოკვეთა.

ყაზახეთის ცნობით კი, ბოლო რამდენიმე დღეში სასაზღვრო პუნქტი 3 ათასმა ავტომობილმა და 10 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ყაზახეთის მთავრობის ინფორმაციით, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში თითქმის ასი ათასი რუსი შევიდა. (წყარო)