"ქართული ოცნება" ორ ფრონტზე იშლება, მაგრამ ორივე ბიძინა ივანიშვილის ფრთის ქვეშ რჩება" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" ორ ფრონტზე იშლება, მაგრამ ორივე ბიძინა ივანიშვილის ფრთის ქვეშ რჩება"

"ქართული ოცნება" კიდევ ხუთმა დეპუტატმა დატოვა და მმართველი გუნდიდან გასული ე.წ. ოთხეულის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა "ხალხის ძალას" შეუერთდა. კერძოდ, "ქართული ოცნებიდან" გადავიდნენ დეპუტატები: ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია. შესაბამისად, "ხალხის ძალა" საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნებიდან" გასვლის მიუხედავად, ე.წ. ოთხეულის მსგავსად, მიქელაძეც, სეფაშვილიც, კაჭარავაც, ჯაფარიძეც და ბერაიაც საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან. ამასთან, დეპუტატების გარდა, მოძრაობას რამდენიმე ექსპერტი და ტელეკომპანია POS TV-ის რამდენი წამყვანი შეუერთდა, რომელთა შორის არიან თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი. ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალით" ბიძინა ივანიშვილი მომავალში "ქართული ოცნების" ჩანაცვლებას აპირებს, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს გია ხუხაშვილს:

- პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ეს შიდაპარტიული ტაქტიკაა. გადაადგილება არ მომხდარა რამე წყენისა და დაპირისპირების გამო, ადასტურებენ კიდეც, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ.

- ამ ტაქტიკის მიზანი რა შეიძლება იყოს?

- ამომრჩევლის შენარჩუნება. "ქართულ ოცნებას" არ უნდა არანაირი ამომრჩევლის დაკარგვა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ანტიდასავლური სეგმენტიც შეინარჩუნოს და - პროდასავლურიც. შესაბამისად, "ქართული ოცნება" ორ ფრონტზე იშლება, მაგრამ ორივე ბიძინა ივანიშვილის ფრთის ქვეშ რჩება. ძალაუფლების შენარჩუნების გარდა, სხვა ამოცანა ამ იწილო-ბიწილოს არ აქვს. იმდენად უხარისხოა ყველაფერი, იმდენად თეთრი ძაფითაა ნაკერი, რომ არც კი ვიცი, ვისი გაბრიყვება შეიძლება.

- "ხალხის ძალაში" გადაბარგებულ POS TV-ის წამყვანებსა და ექსპერტებს შორის არიან ისეთი მოლაპარაკე "თავებიც", რომლებსაც ნამდვილად შესწევთ საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენა და, შესაბამისად, თავიანთი აუდიტორიაც ჰყავთ. შეიძლება თუ არა, რომ "ხალხის ძალის" სახით, არჩევნებამდე სერიოზული, ანგარიშგასაწევი ძალა ვიხილოთ?

- ეს ხალხი იმ ფლანგზე ჯდება, სადაც ისედაც იყო ალტინფო და "პატრიოტთა ალიანსი". ივანიშვილმა მათ ფლანგზე დესანტივით გადასხა ახალი ხუთეული, ახლა ერთობლივი ძალისხმევით შეიწოვენ ევროსკეპტიკურად განწყობილ სეგმენტს, "ქართული ოცნება" კი გააგრძელებს გაუგებარ თამაშს. რიტორიკის დონეზე პროდასვლელებად გაასაღებენ თავს, მაგრამ რეალურად ამ ხალხის გვერდით იქნებიან. შიდაპოლიტიკური თამაშია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ორად გაიყოფიან, სამად თუ ოთხად, ყველა მაინც ერთი ქუდის ქვეშ თამაშობს.

- ფიქრობთ, რომ ეს თამაში დამაჯერებელია ქართველი, პროდასავლურად განწყობილი საზოგადოებისთვის? რა შედეგი ექნება "ქართული ოცნების"რიტორიკას და როგორ შეინარჩუნებს პროდასავლურ სეგმენტს, როდესაც ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები სრულიად ღიად უცხადებენ ნდობას ე.წ განდგომილებს, რომელთა ერთადერთი ამოცანა ახლა დასავლელი პოლიტიკოსების, განსაკუთრებით კი - ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკაა?

- ამიტომ ვამბობ, უხარისხოდ თამაშობენ-მეთქი. კი, მართალი ხართ, თეთრი ძაფითაა ეს საქმე ნაკერი და ყველაფერი ღიად ჩანს. თუმცა, რაც იციან, იმას თამაშობენ. თქვენ მათგან ზედმეტს ნუ მოითხოვთ, თავიანთი ვირეშმაკობით რისი შესაძლებლობაც აქვთ, იმას ხარშავენ. რაც შეეხება ქართველ საზოგადოებას, ნაწილი დიდი ხანია, ამ პოლიტიკურ ძალას აღარ ენდობა, ნაწილი კი - რა გითხრათ?! ზოგადად, ტყუვდება ის, ვინც განწყობილია, რომ თავი მოიტყუოს. რა გგონიათ, "ქართულ ოცნებას" არ ესმის, რას თამაშობს მისი რჩეული პოლიტიკური ძალა?! ყველაფერს ძალიან კარგად ხვდებიან, მაგრამ მიზანმიმართულად ხუჭავენ თვალებს ყველაფერზე. საამისოდ მათ სხვადასხვა მიზეზი აქვთ - ზოგს სააკაშვილი ეზიზღება იმ დონეზე, რომ მზად არის, "ქართულ ოცნებას" ყველაფერი აპატიოს, ზოგი რაღაც სარგებელს ხედავს და ა.შ.

- როგორ გგონიათ, რუსეთ-უკრაინის ფრონტზე უკრაინის დაწინაურება "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს?

- კი, მაგრამ ბოლომდე არ სჯერა, რომ ამ ომს უკრაინა მოიგებს. მას მოსკოვის მიმართ შიშებიც აქვს და ვალდებულებებიც. ვერ გადაუწყვეტია, რა ქნას, აღარ შეუძლია, დაიღალა ამდენი მანევრირებით და ბალანსირებით. ამიტომაც გაყო ორ ფრონტად თავისი ხალხი და ახლა ასე ეცდება ელასტიკურობის შენარჩუნებას. ორ სკამზე უნდა ჯდომა, ორივე სკამი ურთიერთგამომრიცხავია, მაგრამ რა ქნას, ის ამაში ხედავს გამოსავალს.

ხათუნა ბახტურიძე