უკრაინის არმია ორ მიმართულებაზე - ხერსონისკენ და ლუგანსკისკენ ერთდროულად უტევს... - კვირის პალიტრა

უკრაინის არმია ორ მიმართულებაზე - ხერსონისკენ და ლუგანსკისკენ ერთდროულად უტევს...

ჯერ კიდევ სულ რაღაც ერთი თვის წინ მსჯელობა იმაზე მიდიოდა, რუსეთის საოკუპაციო ძალები ჯერ კრამატორსკს აიღებდნენ თუ სლოვიანსკს, დღეს კი ის განიხილება, სად უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს ერთდროულად ორი მიმართულებით, კონტრიერიშზე გადასული უკრაინის არმია - ოკუპირებულ ხერსონისა თუ ლუგანსკის ოლქებში...

ის, რომ უკრაინის შეირაღებული ძალები საბრძოლო ინიციატივას ბოლომდე დაეუფლნენ, უდავოა - ფრონტის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, ერთმანეთის მიყოლებით ბალაკლეიას, იზიუმის, კუპიანსკისა და ლიმანის გათავისუფლების შემდეგ ისინი უკვე ლუგანსკის ოლქის ქალაქებს - სვატოვოსა და კრემენოის მიადგნენ და ეტყობა, პირველ შეტევას მაინც ჯერ კრემენოიზე მიიტანენ, რათა ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკს ჩრდილოეთიდან მოუარონ...

1-ruka-1664888162.png
თავად რუსი სამხედრო ბლოგერების მიერ შედგენილ ოპერატიულ რუკაზეც კი ვეღარ მალავენ უკრაინის არმიის წარმატებულ შეტევებს ხერსონის ოლქის გასათავისუფლებლად...

უკრაინის ეს ჩრდილო-აღმოსავლეთი ტერიტორია შედარებით მდიდარია ტყის საფარით, იმავე ხერსონის ოლქთან მიმართებაში, ამიტომაც კონტრიერიშზე გადასულ უკრაინულ მობილურ ჯავშანჯგუფებს უფრო უადვილდებათ ფარულად გადაადგილება, რაც საბრძოლო ოპერაციების წარმატების ნაწილია.

ხერსონის ოლქში კი უკრაინელი სამხედროების შეტევები ბევრად მეტ წინააღმდეგობას აწყდება და მსხვერპლიც მეტია, თუმცა თუკი აქამდე უკრაინული საბრძოლო დანაყოფები, ძირითადად, დასავლეთიდან აღმოსავლეთით, მოკლე გზით ცდილობდნენ ხერსონისკენ გაჭრას, ბოლო ორი დღეა, მათ შეტევის მიმართულება შეიცვალეს და უკვე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დაიწყეს შეტევები, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ და უკვე მიაღწიეს წარმატებებს.

მათ ზოლოტაია ბალკადან სოფელ დუდჩანიმდე მისაღწევად მხოლოდ ერთი დღე-ღამე თუ დასჭირდათ, ხოლო უკანდახეული რუსი ოკუპანტები იძულებულნი გახდნენ, დუდჩანისთან, წყალსაცავზე გადებული ხიდი სასწრაფოდ აეფეთქებინათ, რათა უკანგაქცეულებს უკრაინელი სამხედროები კუდში არ მიჰყოლოდნენ...

უკრაინელების შეტევები, ასევე, გრძელდება დავიდოვ ბროვთან და, წარმატების შემთხვევაში, ისინი "მინიქვაბში“ მოიმწყვდევენ რუსების არა ერთ საბრძოლო დანაყოფს, რის შემდეგაც გაეხსნებათ გზა უშუალოდ ხერსონისკენ...

პ.ს. ამ სტატიის დაწერის მომენტში გახდა ცნობილი, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დავიდოვ ბროდში ლურჯ-ყვითელი დროშა ააფრიალეს ანუ მდინარე ინგულეცის მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ, რაც ძალიან ბევრ რამეს ცვლის უკრაინის სასარგებლოდ.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში ოკუპირებული ხერსონის ფრონტის ხაზიც ისე სამარცხვინოდ ჩამოეშალოთ რუს ოკუპანტებს, როგორც ეს ერთი თვის წინ, ხარკოვის მიმართულებაზე დაიწყო ბალაკლეია-იზიუმი-კუპიანსკი-ლიმანის ერთიმეორის მიყოლებით გათავისუფლებით.

ოღონდ ხერსონიდან უკანგასაქცევი გზები რუს ოკუპანტებს მოჭრილი აქვთ - ხიდები აფეთქებულია, ხოლო ხერსონთან 600-800 მ-ის სიგანის დნეპრის გადალახვა ნავებით, ტივებით და მით უმეტეს - ცურვით, არც თუ ისე ადვილი გახდება რუსი დამპყრობლებისთვის და მათ შეიძლება სტალინგრადთან ფაშისტური გერმანიის ფელდმარშალ პაულიუსის არმიის მძიმე ხვედრი გაიზიარონ...