ელისაბედ II-ის იდუმალი ბიძაშვილები, რომლებიც ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტეს და დაივიწყეს: "საკუთარი ტანსაცმელიც არ გააჩნდათ და სიღარიბეში იტანჯებოდნენ" - კვირის პალიტრა

ელისაბედ II-ის იდუმალი ბიძაშვილები, რომლებიც ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტეს და დაივიწყეს: "საკუთარი ტანსაცმელიც არ გააჩნდათ და სიღარიბეში იტანჯებოდნენ"

დაახლოებით, 30 წლის წინ ჟურნალისტებმა დედოფალ ელისაბედ II-ის ნათესავების შესახებ საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია მოიპოვეს. ამ ინფორმაციის თანახმად, დედოფალს ჰყავდა ბიძაშვილები, რომლებიც 1940-იან წლებში ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ელისაბედი კი მათთან ურთიერთობას გაურბოდა.

1987 წელი ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მედიაში ჯერ პრინცი ჩარლზის შესახებ გამოჩნდა ინფორმაცია და დაიწერა, რომ მან პრინცესა დიანას უღალატა. იმავე პერიოდში დაწერეს, რომ პრინცესა დიანას ცხენოსნობის ინსტრუქტორ ჯეიმს ჰიუიტთან ჰქონდა ფარული რომანი და ამ სკანდალს ისიც დაემატა, რომ პრინცი ჰარი სწორედ მის შვილად გამოაცხადეს. ამასთან, პრინცმა ჩარლზმა და კამილა ბოულზმა პრინცესა დიანა ფსიქიკურად არასტაბილურ ადამიანად წარმოაჩინეს. თუმცა, ამავე წელს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ ელისაბედ II-ს ორი იდუმალი ბიძაშვილი ჰყავდა, რომლებიც საზოგადოებას არასდროს უნახავს და ქალებმა, ნერისა და კეტრინ ბოუზ-ლიონებმა, თითქმის მთელი ცხოვრება ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარეს.ამ ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ, დედოფალი თვალთმაქცობაში დაადანაშაულეს, რადგანაც ის სულ ცდილობდა ადამიანების დახმარებას, საკუთარი ბიძაშვილები კი წლების განმავლობაში ელემენტარული პირობების გარეშე ცხოვრობდნენ. უფრო მეტიც, ქალები დიდი ხანი გარდაცვლილთა სიაში ეწერენ ისე, რომ სინამდვილეში ცოცხლები იყვნენ.

ნერისა და კეტრინი ჯონ ჰერბერტ ბოუზ-ლაიონის, ელისაბედ ბოულზ-ლაიონის ერთ-ერთი უფროსი ძმის, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც დედა-დედოფალი, ოჯახში დაიბადნენ. ჯონსა და მის მეუღლეს ფენელას, ლორდ კლინტონის ქალიშვილს, სულ ხუთი შვილი ჰყავდათ. უფროსი გოგონა პატრიცია პატარა ასაკში გარდაიცვალა, გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში კი ანა დაიბადა, რომელიც შემდგომში დანიის პრინც ჯორჯზე დაქორწინდა. 1919 წელს ოჯახში კიდევ ერთი გოგონა გაჩნდა, რომელსაც ნერისა დაარქვეს. მშობლებმა მისი დაბადების შემდეგ გაზეთ Times-ს ტრადიციული ინტერვიუ არ მისცეს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი ექიმებმა "გონებრივად შეზღუდულად" გამოაცხადეს. ამიტომაც, წყვილმა გადაწყვიტა, რომ ნერისა საზოგადოებისაგან დაემალათ. 1923 წელს ფენელამ კიდევ ერთი გოგონა გააჩინა. დიანა სრულიად ჯანმრთელი იყო. სამი წლის შემდეგ კი ბოულზ-ლაიონების ოჯახში კიდევ ერთი გოგონა დაიბადა, რომელსაც კეტრინი დაარქვეს და მასაც გონებრივი პრობლემები ჰქონდა.

1930 წლის თებერვალში ჯონი პნევმონიის გართულების გამო მოულოდნელად გარდაიცვალა, რის გამოც ფენელა ოთხ პატარა შვილთან ერთად მარტო დარჩა, რომელთაგან ორი მძიმე დაავადებას ებრძოდა და დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეეძლო. დიდი ხნის განმავლობაში, თავად ზრუნავდა ნერისასა და კეტრინზე, რომელთა განვითარება ხუთი წლის ბავშვების დონეზე რჩებოდა. გოგონები გამართულად ვერ ლაპარაკობდნენ და მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს გამოთქვამდნენ. არ შეეძლოთ დამოუკიდებლად ჭამა, ჩაცმა, გარეცხვა, ორივეს დარღვეული ჰქონდა მოძრაობის კოორდინაცია და დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდებოდნენ.ფენილას ბაბუამ, ჩარლზმა გადაწყვიტა, რომ გოგონები ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაეყვანათ, ხოლო ყველა საჭირო თანხას თავად გადაიხდიდა. 1941 წელს ნერისა და კეტრინი, რომლებიც მაშინ ოცდაორი და თხუთმეტი წლის იყვნენ, კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დედის ხაზით გოგონების ბიძაშვილები - 29 წლის იდონეა, 27 წლის როზმარი და 19 წლის ეთელრედა, იმავე საავადმყოფოში იყვნენ. გააგრძელეთ კითხვა