"რატომ არის მოკავშირეების შეიარაღება აშშ-ის ყველაზე ჭკვიანური და უსაფრთხო სტრატეგია" - კვირის პალიტრა

"რატომ არის მოკავშირეების შეიარაღება აშშ-ის ყველაზე ჭკვიანური და უსაფრთხო სტრატეგია"

ამერიკული ჟურნალის - "ფორინ პოლისის" (Foreign Policy) ვებგვერდზე რუბრიკით "ექსპერტის თვალსაზრისი მიმდინარე მოვლენებზე" გამოქვეყნებულია ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით - "რატომ არის მოკავშირეების შეიარაღება აშშ-ის ყველაზე ჭკვიანური და უსაფრთხო სტრატეგია" (ავტორი - იაკუბ გრიჯელი, კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი). მასალაში გაანალიზებულია მოკავშირეებისადმი, კერძოდ - უკრაინის მიმართ ამერიკის მიერ გაწეული დახმარების ფორმები და მეთოდები, განხილულია ზოგიერთი ახლებური მიდგომა ამ საკითხში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის თავდაცვითი ომი და მისი ამჟამინდელი კონტრშეტევა რუსეთის ოკუპაციისაგან თავისი ტერიტორიის გათავისუფლების მიზნით იმის დემონსტრაციაა, რომ ძალთა ბალანსის შემნარჩუნებელ ქვეყნებს უშუალოდ დაზარალებული ქვეყნები წარმოადგენენ. ვინაიდან მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ომი ეგზისტენციურ შედეგს ახდენს, ასეთი სახელმწიფოები ძალზე დაინტერესებულნი არიან სტატუსკვოს შენარჩუნებაში და მის აღდგენაში. მაგრამ მოტივაციის არსებობა არ ნიშნავს შესაძლებლობის ქონას. ძალთა რეგიონული ბალანსის შესანარჩუნებლად ამ სახელმწიფოებს სჭირდებათ მაღალხარისხოვანი შეიარაღება, თანაც - დიდი რაოდენობით. მათთვის ამ იარაღის მიმწოდებელი და "შესაძლებლობების შემქმნელი" ამერიკა უნდა გახდეს - პარალელურად, ვაშინგტონი მაღალტექნოლოგიური იარაღის გავრცელებასაც გააკონტროლებს, სიტუაციის დესტაბილიზების თავიდან ასაცილებლად. უკრაინის ომი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროიდან ყველაზე დამპყრობლურ ომს წარმოადგენს, ნათლად აჩვენებს იმას, რომ ომი წარსული ეპოქის გადმონაშთი კი არ არის, არამედ - იმ ერთგვარი ფრონტირის (მიჯნის) განსაკუთრებულ სახეს წარმოადგენს, რომლის მიღმა სასიცოცხლო ინტერესები დგას. (...)

ვაშინგტონმა ეფექტიანად უნდა ისარგებლოს სუბსიდირების პრინციპით, რომელიც გულისხმობს პრობლემების მოგვარებას ქვედა დონეზე (რეგიონებში), წამყვანი ქვეყნები კი დამხმარის, მხარდამჭერის როლს შეასრულებენ, სხვადასხვა სახის მოქმედებით. სუბსიდირება საერთაშორისო სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ეს ჰგავს პოლიციის მოქმედებას - ქუჩებში წესრიგს და უსაფრთხოებას ადგილობრივი პოლიცია უკეთ უზრუნველყოფს, ვიდრე - ცენტრი, რომელსაც, მართალია, ფართო უფლებამოსილება აქვს, მაგრამ შეზღუდულია ადგილობრივი სპეციფიკის ცოდნაში.

აშშ-ის სამომავლო სტრატეგია სუბსიდირების ლოგიკით უნდა განისაზღვროს. შეერთებულ შტატებს არ შეუძლია, მთელ პერიმეტრზე მხოლოდ თვითონ გააკონტროლოს რევიზიონისტური და ავტოკრატიული სახელმწიფოები, მით უმეტეს, რომ ისინი ევროპაშიც არიან და აზიაშიც.

ვაშინგტონი არ უნდა შეეცადოს იმის გაკეთებას, რის გაკეთებაც უფრო ეფექტიანად და წარმატებულად ადგილობრივ სუბიექტებსაც შეუძლიათ. უკრაინის წარმატებული თავდაცვა, რუსეთთან ომის დროს, იმის დამარწმუნებელია, რომ ძალთა ბალანსის დამცველები (შემნარჩუნებლები) უფრო მეტად ის ქვეყნები არიან, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად ეხებათ: რუსეთის მოსაზღვრე მცირე ქვეყნები, აგრეთვე, ჩინეთი და სხვები. როგორც ცენტრი ეხმარება ადგილობრივ თემებს და საზოგადოებებს, ისე ამერიკა უნდა დაეხმაროს უსაფრთხოების დაცვაში რეგიონულ [სუსტ] ქვეყნებს - სწრაფად მიაწოდოს მათ ეფექტიანი ლეტალური იარაღი.

უკრაინა ამის ყველაზე უშუალო მაგალითს წარმოადგენს: კიევს სჭირდება დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვები, რაკეტები, ჯავშანტექნიკა და სხვადასხვა სახის იარაღი. ნატოს აღმოსავლეთის საზღვარზე მდებარე ქვეყნები - ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე - იმ ქვეყნებს წარმოადგენენ, რომლებიც ევროპაში ძალთა ბალანსის, თანაფარდობის ხაზის დაცვას უზრუნველყოფენ. ანალოგიურად, აზიაში ტაივანი და იაპონია ყველაზე ეფექტიან საპირწონედ უნდა ჩავთვალოთ ჩინეთთან მიმართებით. დღეს ისინი ყველაზე მოწყვლადები არიან და, შესაბამისად, ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულნი თავიანთი სტატუსკვოს შენარჩუნებაში.

ვაშინგტონი ძალიან უფრთხის რისკებს, რომლებიც მოკავშირეების კარგად შეიარაღებას ეხება და შეცდომით თვლის, რომ იარაღის გავრცელება გეოპოლიტიკური საზღვრების დესტაბილიზებას მოახდენს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რეგიონებში მდებარე ქვეყნებს მოქმედების მოტივაცია აქვთ, მაგრამ შესაძლებლობები არ ჰყოფნით. (...)

აშშ-ის ზოგიერთმა მოკავშირემ, განსაკუთრებით ევროპაში, დაიჯერეს, რომ მათი ლიბერალურ-დემოკრატიული შეხედულებები, ისტორიის პროგრესული წინსვლის კვალობაზე, მათ მოწინააღმდეგეებზეც სასიკეთო გავლენას მოახდენდა [და სამხედრო ხარჯებს ყურადღებას არ აქცევდნენ]. ისინი შეცდნენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაშინგტონის "ზეწოლა" დღეს ცალკეული ევროპული მოკავშირე ქვეყნების პოზიციებს შეცვლის. გავიხსენოთ აშშ-ის მკაცრი მოთხოვნები მოკავშირეების მიმართ მთლიანი შიდაპროდუქტის 2%-ის გამოყოფაზე თავდაცვის ხარჯებისათვის, რასაც ბევრი დღესაც იგნორირებს. ფაქტია, რომ თითოეულ ნატოელ მოკავშირეს თავისი ანგარიშები აქვს, სერიოზული საგარეო საფრთხეების დროსაც კი. მოკლედ რომ ვთქვათ, რადგანაც ამერიკას შეზღუდული კონტროლი აქვს, ვაშინგტონმა ყოველი მოკავშირის მოქმედება ევრაზიული ფრონტის ხაზზე მათვე უნდა მიანდოს და მხოლოდ იარაღით უნდა დაეხმაროს, მათივე სურვილით.

მართალია, ბოლო დრომდე ვაშინგტონი თავს არიდებდა თანამედროვე თავდაცვითი და შემტევი იარაღის მიწოდებას, მაგრამ ამჟამად არის იმის ნიშნები, რომ პენტაგონი აიოლებს მოკავშირეებისათვის იარაღის მიყიდვის პროცედურას. ეს პოზიტიური მოვლენაა - იმიტომ, რომ უკრაინის ომმა გვაჩვენა: საჭიროა დიდი რაოდენობის იარაღი, როგორც ჩვეულებრივი, ასევე - უახლესი საბრძოლო მასალები, თანაც - პირდაპირ ფრონტის ხაზზე. აუცილებელია შემცირდეს ბიუროკრატიული ბარიერები, ქაღალდომანია და ა.შ. უკრაინის ომმა დაადასტურა კიდევ ერთი ჭეშმარიტებაც: ქვეყანა თუ კარგად არის აღჭურვილი და შეიარაღებული, მას მტრის თავდასხმის მოგერიება შეუძლია. უკრაინას რომ თანამედროვე იარაღი ჰქონოდა და გაწრთვნილი არმია ჰყოლოდა, რუსეთი შეჭრას ვერ გაბედავდა. გამოდის, რომ ამერიკამ ცივი ომის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები დაივიწყა?

რატომ არ იჩენს (არ იჩენდა) ვაშინგტონი აქტიურობას თავდაპირველად უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაში? ვფიქრობთ, სამი ფაქტორი განაპირობებს ვაშინგტონის თავშეკავებულ პოზიციას ფრონტისპირა სახელმწიფოებისათვის თანამედროვე იარაღის მიცემის საკითხში:

პირველი - შეერთებული შტატების ხელისუფლება და სამხედრო სტრუქტურები ფრთხილობენ - საზღვარგარეთ სხვა ქვეყნებისათვის იარაღის მიწოდება აშშ-ის ტექნოლოგიურ უპირატესობას დააკარგვინებს. ამის რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგალითად, უკრაინაში მაღალეფექტიანი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების - Javelin-ების გაგზავნა, თანამედროვე ოპტიკური მოწყობილობებით, ალბათ, დიდი რისკის ტოლფასია: მათი გარკვეული რაოდენობა, ალბათ, უკვე რუსეთის ხელში აღმოჩნდა, მოსკოვი მათ პეკინს და თეირანს გადასცემს. მაგრამ თუ უახლესი ტექნოლოგიების ცოდნას მხოლოდ ამერიკელ ჯარისკაცებს მივანდობთ, მაშინ ისინი ყოველ იმ ცხელ წერტილში უნდა განვათავსოთ, სადაც ასეთ ტექნოლოგიებს მტრის შემოტევის შეჩერება შეუძლიათ. ალბათ, აშშ-სთვის უფრო უკეთესი იქნება იარაღის მიცემა, ვიდრე ჯარისკაცების განთავსება;

მეორე ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის ვაშინგტონის მიერ გეოპოლიტიკური სუბსიდირების გამოვლენას და თანხმობას იარაღის გავრცელების საკითხში, ესაა სწრაფვა ესკალაციის კონტროლისადმი. მართლაც და, თუ ჩვენი მოკავშირე ჩვენ მიერ კარგად იქნება შეიარაღებული, მას შეიძლება "სულმა წასძლიოს" და მტერს ღრმა ზურგში დაარტყას, შესაძლოა, ეს აშშ-ის თანხმობის გარეშეც მოხდეს, რაც ლოკალურ კონფლიქტს გაამწვავებს და გააფართოებს. ამის შედეგად მოწინააღმდეგეს, ისეთს, როგორიც რუსეთია, შეუძლია თავისი საომარი ძალისხმევა გაააქტიუროს, ფრონტზე სიტუაციის შეცვლის მიზნით. მთავარი შიში იმით გამოიხატება, რომ ესკალაცია კონტროლიდან გამოვა და ბირთვულ ზღურბლს გადალახავს. იმავე რუსეთს შესაძლებლობა ექნება თავისი დიდი, ბირთვული არსენალი, ვთქვათ, ტაქტიკური დანიშნულების ატომური ქობინები, გამოიყენოს, რათა ჩვეულებრივი იარაღით ბრძოლის დროს განცდილი მარცხის კომპენსაცია მოახდინოს. მაგრამ ვაშინგტონის შიში უსაფუძვლოა: რუსეთისა და ჩინეთის მოსაზღვრე და მათთან ახლოს მდებარე პატარა სახელმწიფოები არც ისეთი უჭკუოები არიან, რომ "სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულონ";

და ბოლოს, მესამე ფაქტორი: აშშ-ის პოლიტიკურ სპექტრში - როგორც მემარცხენეებში, ასევე - მემარჯვენეებში, არსებობს გაუმართლებელი შეშფოთება, რომ მოკავშირეების იარაღით აღჭურვა მტრების პროვოცირებას ნიშნავსო. ეს შიში იმ ვარაუდებით არის გაჩენილი, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც რუსეთი ან ჩინეთია, რეაგირებას ახდენენ მხოლოდ იმაზე, რასაც აშშ და მისი მოკავშირეები აკეთებენ. ამ თეორიის თანახმად, თუ რუსეთს და ჩინეთს საზღვრებთან უიარაღო და სუსტი სახელმწიფოები ეყოლებათ, მოსკოვი და პეკინი თავიანთ, ისედაც დიდ არსენალებს აღარ გააფართოებენ. ევროპელებს ამ ლოგიკის იმდენად მტკიცედ სჯეროდათ, რომ ნატო, როცა ცენტრალური ევროპიდან ახალ წევრებს იღებდა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, თავის ბაზებს და შეიარაღებას არ ანახლებდა. ისტორიამ ცხადყო, რომ ისინი ცდებოდნენ: დასავლური ალიანსი ცდილობდა, რუსეთი არ გაეღიზიანებინა და მოსკოვზე დიდი ზეწოლა არ მოეხდინა, კრემლი კი მაინც თავის აგრესიულობას აგრძელებდა.

რატომ გაიწია რუსეთმა დასავლეთისაკენ (უკრაინისაკენ)? იმიტომ, რომ დასავლეთმა თავისი საზღვრები არ გაამაგრა. მოკლედ, დიდი ხანია, დადგა დრო, რომ ჩვენი ნებაყოფლობითი მოკავშირეეები აქტიურად შევაიარაღოთ. როცა მეტოქეებს კარგი იარაღი აქვთ, ეს ფაქტორი მათ პროვოცირებას კი არ ახდენს, არამედ - ისინი შეტაკებას თავს არიდებენ.

სრულიად შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ქვეყანა უარს იტყვის აგრესიული მეზობლების წინააღმდეგ გამოსვლაზე - ან ეროვნული ერთიანობის უქონლობის გამო, ან იმ გათვლების მიზეზით, რომ წინააღმდეგობის გაწევა უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება მათთვის, ვიდრე - დაქვემდებარების რისკი, თუმცა მოსკოვისა და პეკინის აგრესიულობის ზრდა მათ მეზობლად მდებარე ქვეყნებში აუცილებლად გაზრდის წინააღმდეგობის გაწევისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების სურვილს. ეს ქვეყნები რეგიონული უსაფრთხოების ეფექტიანი სუბიექტები იქნებიან. სუბსიდირების პრინციპის თანახმად, ამერიკამ მათ ხელი უნდა შეუწყოს ძალთა ბალანსის სტაბილიზატორებად გადაქცევაში.

გეოპოლიტიკური სუბსიდირება მეგობარ-მოკავშირეების შეიარაღების მიზნით, რასაკვირველია, ხარჯების შემცირების ფორმას არ წარმოადგენს და, იმავდროულად, არც იზოლაციონიზმის გამოვლენა არ არის. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შორეულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა იმის გაკეთება არ უნდა იკისროს, რასაც უფრო ეფექტიანად და წარმატებულად ადგილობრივი გააკეთებს. შეერთებული შტატების როლი იმაშია, რომ გამოიყენოს თავისი ტექნოლოგიური და სამრეწველო უპირატესობა და პარტნიორები ისეთი მოწინავე იარაღით უზრუნველყოს, როგორიც მათ სურთ ადგილობრივი სტაბილურობისა და წესრიგის შენარჩუნება-განსამტკიცებლად. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ