ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: სახელმწიფო სახელმწიფოში - კვირის პალიტრა

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: სახელმწიფო სახელმწიფოში

ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მოსული ახალი ამბები კვლავ დიდ შეშფოთებას იწვევს. ირანში, პოლიციის მიერ დაკავებული ახალგზარდა ქალის მკვლელობის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება და დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, პოლიციამ პროტესტის ბევრი მონაწილე დააკავა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ათობით აქტივისტი: სტუდენტი, ჟურნალისტი და ხელოვანია დაკავებული. დემონსტრაციები 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. იგი ირანის "მორალის პოლიციამ" საჯარო სივრცეში ჰიჯაბის გარეშე ყოფნის გამო დააკავა და როგორც ოფიციალურ ტექსტში განაცხადეს, მაჰსა ცუდად პოლიციის შენობაში გახდა, ძირს დაეცა, რის შემდეგ 2 დღე კომაში იყო და გარდაიცვალა. თვითმხილველები კი ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა გოგონა პოლიციელებმა სცემეს და თავი ავტომობილზე რამდენჯერმე დაარტყმევინეს. კლინიკამ, რომელშიც ამინი ოფიციალურად გარდაიცვალა, ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ საავადმყოფოში მიყვანისას გოგონა გარდაცვლილი იყო, სიკვდილის მიზეზი კი თავის ტვინის სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები გახლდათ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, ადამიანის უფლებების ამგვარი დარღვევები ირანში პირველი არ არის.

63286251-303-1664954533.jpg
საპროტესტო აქციის მონაწილე მაჰსა ამინის ტრანსპარანტით

ყველა ტოტალიტარული რეჟიმი საზოგადოების საქმიანობის ყველა სფეროში მაქსიმალური კონტროლის დამყარებას ცდილობს, რასაც "ეროვნული ინტერესების" მოთხოვნით ასაბუთებს. ტოტალიტარულ რეჟიმებს საზოგადოების ძირეული მოდერნიზაცია საბოლოო ჯამში არ შეუძლიათ და ამგვარ ქვეყნებში თანდათანობით მძლავრდება პოლიტიკური აპათია მოსახლეობაში.

მოვლენების ამგვარი გნვითარება ერთი შეხედვით ხელს უნდა აძლევდეს ტოტალიტარულ რეჟიმს, თუმცა დროთა განმავლობაში საზოგადოების პოლიტიკური პასიურობა "სახემწიფო იდეოლოგიისგან" განდგომაში გადაიზრდება, რაც საბოლოოდ ტოტალიტარული რეჟიმის დასასრულის დასაწყისია. ტოტალიტარიზმის ძირითად ამოცანას პოლიტიკური პლურალიზმის განადგურება წარმოადგენს.

აქციის მონაწილეების სიმღერა: ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება

აქციის მონაწილეების სიმღერა: ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება

ყველა ტოტალიტარულ რეჟიმს მუდმივი ტერორი სჭირდება, რომელსაც მისი ერთგული და საიმედოდ დაბმული "ცერბერი" ანუ სპეცსამსახურები ახორციელებენ. სანაცვლოდ, რეჟიმი "ცერბერს" უქმნის განსაკუთრებულად კარგ პირობებს "კვებავს", და საზოგადოებაში ცერბერისადმი შიშსა და მორიდებას ამკვიდრებს. ტოტალიტარული რეჟიმის დროს იქმნება "გარეშე მტრის ხატი", რომელთანაც ბრძოლის აუცილებლობაში საზოგადოების დაჯერებას რეჟიმი ყოველმხრივ ცდილობს. ამ ამოცანას კი ღია და ფარული მეთოდებით სწორედ სპეცსამსახურები ახორციელებენ.

ყველა ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელია სპეცსამსახურების (ამ ტერმინის ქვეშ ვგულისხმობ, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედ "საიდუმლო პოლიტიკურ პოლიციას”, ასევე "საგარეო დაზვერვის სამსახურს”, რომელიც ქვეყნის გარეთ ატარებს საიდუმლო ოპერაციებს რეჟიმის ოპონენტების გასანადგურებლად, მხარდამჭერთა გადასაბირებლად, დივერსიული და ტერორისტული ოპერაციების ჩასატარებლად) რესურსების გამოყენება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

1. სახელმწიფო მმართვის ყველა სფეროს კონტროლი;

2. რეჟიმისთვის გარე და შიდა საფრთხეების განეიტრალება;

3. სახელმწიფო აპარატის სრული კონტროლი;

4. კრიმინალური პოლიციის და საზოგადოებრივი წესრიგის კონტროლი;

5. შეიარაღებული ძალების სრული კონტროლი: უმაღლესი და საშუალო პირადი შემადგენლობის ჩათვლით;

6. რეჟიმის მიერ თავადვე შექმნილი პოლიტიკური კომუფლიაჟის ("პარტია”, "პარტიათა გაერთიანება” და ა.შ.) შემადგენელი ძალების კონტროლი;

7. ფარული პოლიტიკური ოპოზიციციის აღმოჩენა და განადგურება;

8. რელიგიური და საზოგადოებრივი გაერთიანებების სრული კონტროლი;

9. მასმედიის, განათლების, კულტურის და სპორტის სფეროების სრული კონტროლი.

ტოტალიტარული რეჟიმი ზემოჩამოთვლილი არაკონსტიტუციური მოქმედებების ლეგიტიმაციისთვის ყოველთვის იყენებს "ქვეყნის უსაფრთხოების”, "ეროვნული ინტერესების”, "გარეშე და შიდა მტრების შეთქმულების”, "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების” და ა.შ. არგუმენტებს. ოპოზიციის წინააღმდეგ არაკონსტიტუციური მოქმედებების დასასბუთებლად, როგორც წესი, ჯერ იქმნება "გარეშე მტრის ხატი”, შემდეგ კი ხდება ყალბი მტკიცებულებების შეგროვება ოპოზიციისა და ოპონენტების "გარეშე მტრებთან” კავშირების აღმოსაჩენად.

აქედან გამომდინარეობს თეზისი: "ვინც ჩვენთან არაა ჩვენი მტერია" ერთპარტიულ სახემწიფოში განსხვავებული აზრი და შიდა პარტიული ოპოზიციის შექმნის მცდელობა გაიგივებულია სახელმწიფო ინტერესების ღალატთან. "სახელმწიფოს სტაბილურობა" და "პოლიტიკური წესრიგი" ის ძირითადი არგუმენტებია, რითაც ტოტალიტარული რეჟიმის დროს მმართველი პარტია განსხვავებულად მოაზროვნეთა განადგურებას ცდილობს.

1979 წლის იანვარ-თებერვალში სტუდენტებისა და რელიგიური დაჯგუფებების მრავალათასიან საპროტესტო გამოსვლებს შაჰის რეჟიმმა ვეღარ გაუძლო და ისლამური რევოლუციის შემდეგ დაემხო. ცნობილი პოლონელი მწერალი, ჟურნალისტი და მოგზაური რ. კაპუშცინსკი ამგვარად აღწერს აიათოლა ხომეინის დაბრუნებას ირანში:

islam2-1664953676.jpg
ხომეინის დაბრუნება ირანში.

"ხომეინი ემიგრაციიდან დაბრუნდა და ვიდრე კუმში წავიდოდა, თეირანში შეჩერდა. ყველას სურდა მისი ნახვა, მილიონობით ადამიანს უნდოდა მასთან მისალმება, მისთვის ხელის ჩამორთმევა. სკოლის შენობა, სადაც ის შეჩერდა, ხალხით გაივსო. ყველას მიაჩნდა, რომ მას აიათოლასთან შეხვედრის უფლება ჰქონდა. ისინი ხომ მის დასაბრუნებლად იბრძოდნენ, სისხლს ღვრიდნენ. ქვეყანაში ეიფორიული განწყობა გაბატონებულიყო, ადამიანები ერთმანეთს მხარზე ხელს ისე უბარტყუნებდნენ, თითქოს ამით ერთმანეთისთვის უნდოდათ ეთქვათ - ხედავ? ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია!" (რიშარდ კაპუშცინსკი, "შაჰინშაჰი")

2d6edca1-3cb9-4a81-b68e-c111eeef2873-w1071-s-d3-1664968027.jpg
1979 წლის თებერვალი - აიათოლა ხომეინი ირანში / ფოტო: AP

ამ ჩანაწერმა ერთი ასოციაცია ბუნებრივად წარმოშვა, როდესაც კიდევ ერთი მომავალი ტოტალტარული რეჟიმის დამაარსებელი დაბრუნდა სამშობლოში და მასაც ტრიუმფალური დახვედრა მოუწყვეს. ეს იყო ვლადიმერ ლენინი, რუსეთში უკვე მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, 1917 წლის 16 აპრილს გერმანიიდან პეტროგრადში დაბრუნდა.

islam3-1664953676.jpg
ლენინის დაბრუნება რუსეთში

ორ ტოტალიტარულ რეჟიმს - "ბოლშევიკურ რუსეთსა" და "თეოკრატიულ ირანს" შორის ძალზე ბევრი მსგავსებაა. დღეს მხოლოდ ერთზე შევჩერდები.

საბჭოთა ტოტალიტარულ იმპერიაში "ცერბერის" ფუნქციას სახელმწიფო უშიშროების სისტემა ასრულებდა. "ჩეკისტებს” მთავარი ფუნქციები ამგვარად განუსაზღვრეს:

"1. გამოიყენეთ ფარული თანამშრომლები.

2. ამოიღეთ მიმოქცევიდან (ანუ დახვრიტეთ -ბ. ა.) მონარქისტ-კადეტების, მემარჯვენე ესერების და მენშევიკების ყველაზე გამოჩენილი და აქტიური ხელმძღვანელები.

3. აიყვანეთ აღრიცხვაზე და დაწესეთ თვალთვალი გენერლებზე და ოფიცრებზე.

დააწესეთ მეთვალყურეობა წითელი არმიის მეთაურთა შემადგენლობაზე, კლუბებზე, წრეებზე და სკოლებზე.

4. დახვრიტეთ ცნობილი და აშკარა კონტრევოლუციონერები, სპეკულიანტები, მძარცველები და მექრთამეები.

5. პროვინციებში აღკვეთეთ ბურჟუაზიული და ბულვარული პრესის გავრცელება”. ზოგიერთი მონაცემებით, მხოლოდ 1917-1921 წლებში "ჩეკისტების” მიერ დახვრეტილი იქნა 300 ათასამდე ადამიანი.

იმამის დაბრუნება ირანში - 1979 წელი

1979 წლის თებერვალში ირანის ისლამურმა ასამბლეამ გააუქმა "სავაკი” და ამ სპეცსამსახურის ბევრი მაღალჩინოსანი ოფიცრი დახვრიტეს. საფრანგეთიდან ტრიუმფატორად დაბრუნებულმა იმამ ხომეინიმ საკუთარი საიდუმლო პოლიციურ-რეპრესიული სპეცსამსახურის შექმნა დაიწყო. ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი ამჟამად შემდეგ სპეცსამსახურებს ემყარება:

1. ინფორმაციის სამინისტრო (1979 წლამდე ამ ფუნქციებს "სავაკი” - დაზვერვისა და უშიშროების ორგანიზაცია ასრულებდა);

2. სპეციალური ოპერაციების გაერთიანებული კომიტეტი;

3. დაზვერვისა და უშიშროების სამინისტრო;

4. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი;

5. სამხედრო დაზვერვა.

სპეცსამსახურების ამგვარი სიმრავლე, რაც ხშირად ოპერატიული საქმიანობის დუბლირებას იწვევს, ირანის რეჟიმის შიდაპოლიტიკური მდგომარეობითა და ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური ძალების დაპირისპირებითაა გამოწვეული. ირანის თეოკრატიული რეჟიმისთვის კი მთავარი დასაყრდენი "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსია" (შემდეგში -ირგკ).

ისლამური რევოლუციისა და ირანის შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის გაქცევის შემდეგ, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ ირანი ყოველთვის განიხილებოდა, როგორც ქვეყანა, საიდანაც ტერორიზმის მთავარი საფრთხე მოდიოდა. თავის მხრივ, ირანის სასულიერო ლიდერები და სამოქალაქო ხელისუფლება ამერიკას სატანას უწოდებდნენ და არც მალავდნენ იმ ფაქტს, რომ მუსლიმან "მებრძოლებს" (რომლებსაც თავის მხრივ აშშ ტერორისტებად თვლიდა) ფულითა და იარაღით ამარაგებდნენ.

დაბრუნებისთანავე იმამ ხომეინიმ კარდინალურად შეცვალა ირანელთა ცხოვრება. მაგალითად, დაგმო მუსიკა, რადგანაც, თურმე ის იწვევს ვნებების გაღვივებას ახალგაზრდებში. საბჭოთა კავშირი და ამერიკა - ორივე ჩვენი ხალხის მტერია "ამერიკა ინგლისზე უარესია, ინგლისი უარესია ამერიკაზე, რუსეთი კი ორივეზე უარესია", - ამბობდა იმამ ხომეინი და ეს გამონათქვამი ირანის ხელისუფლების მოქმედების სახელმძღვანელოდ იქცა.

islam4-1664953676.jpg

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ერთდროულად სპეცსამსახურიცაა და ირანის არმიის ელიტური ქვედანაყოფიც. ის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1979 წლის 5 მაისს დაარსდა და ირანში მნიშვნელოვან სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალას წარმოადგენს. ირგკ შეიქმნა ისლამური რევოლუციური კომიტეტების გასამხედროებული რაზმებისგან აიათოლა ხომეინის მხარდაჭერით. ი რ გ კ დღეს ირანის ისლამური სასულიერო მმართველობის მთავარი დასაყრდენია და მის საერთო ხელმძღვანელობას ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ახორციელებს.

islam5-1664953677.jpg
აიათოლა ალი ხამენეი

დიდი პოლიტიკური, სამხედრო, ტექნიკური და ფინანსური რესურსები კონცენტრირებულია ირგკ-ის მთავარსარდლის გენერალ ჰოსეინ სალამის ხელში, რომელიც 2019 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს ირგკ-ს და აკონტროლებს 32 საბრძოლო დივიზიასა და 16 ტერიტორიულ სარდლობას. ირგკ აერთიანებს სამი ტიპის შეიარაღებულ ძალებს (საჰაერო-კოსმოსურ, საზღვაო და სახმელეთო) და სტრატეგიულ სარაკეტო დნაყოფებს.

islam6-1664953677.jpg
გენერალ ჰოსეინ სალამი

ირგკ აერთიანებს სახმელეთო ძალებს (დაახლოებით 300 000 მებრძოლი), საზღვაო ძალებს (დაახლოებით 20 000) და საჰაერო ძალებს (დაახლოებით 20 000). ირგკ-ის უმაღლესი სარდლობის ფარგლებში ფუნქციონირებს საგარეო დაზვერვის კომიტეტი და საგარეო ოპერაციების კომიტეტი. ირგკ-ის სპეციალურ სტრუქტურებს საზღვარგარეთ ყველაზე ძლიერი პოზიციები აქვთ ლიბანსა და სუდანში. გარდა ამისა, მათ აქვთ ფართო დივერსიული ქსელი სპარსეთის ყურის ქვეყნებში, პალესტინაში, გერმანიაში, საფრანგეთში, კანადაში, ბრაზილიაში, პარაგვაიში, პაკისტანსა და ფილიპინებზე.

ირგკ-ის მეშვეობით ირანს მჭიდრო კონტაქტები აქვს დამყარებული ახლო აღმოსავლეთის შიიტურ ორგანიზაციებთან. ირგკ უწევს ‘შეფობას" ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორებიცაა: "ჰესბოლა", "ჰამასი" და "ისლამური ჯიჰადი". ირანი მათ უწევს სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებას, ამავე დროს ხდება სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და დივერსიული ოპერაციების ერთობლივი დაგეგმვა-განხორციელება.

islam7-1664953677.jpg
ირგკ-ს ემბლემა

ირგკ-ს შესახებ ბევრი ჭორ-მართალია გავცელებული: მაგალითად, არსებობს ინფორმაცია, იმის შესახებ რომ "გუშაგებმა" მჟავა გადაასხეს ქალს, რომელიც ქუჩაში თავსაბურავის გარეშე გამოჩნდა. აგრეთვე კასპიის ზღვაში ჩაახრჩეს ქალი, რომელიც ზღვაში ბანაობდა მამაკაცების თანდასწრებით.

ირგკ-ის შემადგენლობაში 1991 წელს შეიქმნა სპეციალური დანიშნულების რაზმი "ალ-ქუდსი", რომლის მიზანია საზღვარგარეთ სპეცოპერაციების ჩატარება. იგი შედგება დაახლოებით 15 000 მებრძოლისგან და კოორდინაციას უწევს ისლამისტური და რადიკალური ექსტრემისტული ორგანიზაციების საქმიანობას. მონაწილეობს დივერსიული ოპერაციების მომზადებაში და ასევე ანადგურებს ოპოზიციის აქტივისტებს საზღვარგარეთ. დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების მონაცემებით ამ სპეცრაზმის მებრძოლებმა ირანის რეჟიმის 70-ზე მეტი მოწინააღმდეგე მოკლეს ირანის ფარგლებს გარეთ. ამ ტერაქტებიდან ყველაზე ცნობილია ირანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შაპურ ბახთიარის მკვლელობა პარიზში 1991 წლის 6 აგვისტოს და ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ლიდერის სადე შარაფ-კინდის ლიკვიდაცია ბერლინში 1992 წლის სექტემბერში.

islam8-1664953704.jpg
შაპურ ბახთიარი

ირგკ-ის სპეცრაზმის "ალ-ქუდსის" წარმომადგენლები მუდმივად იმყოფებიან ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ირანის ეროვნული ინტერესები იკვეთება.

2019 წლის აპრილის დასაწყისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადა:

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გადადგმული ეს უპრეცედენტო ნაბიჯი სინამდვილეში აღიარებს იმას, რომ ირანი არის არამხოლოდ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო, არამედ იმასაც, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აქტიურად მონაწილეობს, აფინანსებს და მხარს უჭერს ტერორიზმს... თუ თქვენ თანამშრომლობთ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, თქვენ აფინანსებთ ტერორიზმს".

ტრამპის ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე თვეში, 2020 წლის 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის საჰაერო ძალების დრონების სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა "ალ-ქუდსის" მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ყასემ სულეიმანი. "ალ-ქუდსმა", სულეიმანის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერაყში პოლიტიკური სიტუაციის ფორმირებაში ამერიკული ჯარების იქიდან გაყვანის შემდეგ. 2012 წლიდან სოლეიმანი ეხმარებოდა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს მეამბოხე სამხედრო დაჯგუფებისგან სირიის სტრატეგიული ქალაქებისა და ტერიტორიების დაბრუნებაში.

islam9-1664953704.jpg
ყასემ სულეიმანი

ირანში ყასემ სულეიმანი ეროვნულ გმირად იყო აღიარებული და სპეციალური ოპერაციების ჩატარების დიდოსტატად მიიჩნეოდა. როგორც პირველი ნაბიჯი სულეიმანის მკვლელობის შემდეგ, 5 იანვარს, ირანმა შეწყვიტა ურანის გამდიდრების, შენახვის, კვლევისა და განვითარების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შემდეგ, 7 იანვარს, ირანის მეჯლისმა (პარლამენტმა) დაამტკიცა კანონი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ტერორისტულ სტრუქტურად აღიარების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონის ახალი ვერსიით, ამიერიდან ამერიკულ არმიასთან დაკავშირებული ყველა სტრუქტურა და კომპანია ტერორისტულად ითვლება. 8 იანვარს, ირგკ-მა ათობით ბალისტიკური რაკეტა ესროლა ამერიკულ აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზებს ერაყის პროვინცია ალ-ანბარში და ერბილში.

ყასემ სოლეიმანის დაკრძალვაზე ატირებული ირანის უმაღლესი ლიდერი ალი ხამენეი

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამეთაურო შტაბმა მორიგი მძიმე დანაკლისი 2020 წლის 27 ნოემბერს განიცადა, როდესაც ჯერ კიდევ ბოლომდე დაუდგენელ ვითარებაში მოკლეს ირგკ-ის მაღალჩინოსანი ოფიცერი, ირანელი მეცნიერი და ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ფიზიკოსი მოჰსენ ფაჰრიზადე.

756320363608551-1665308964.jpg
"ირანის ბირთვული პროგრამის მამად" წოდებული მოჰსენ ფაჰრიზადე

რა ვიცით მის შესახებ?

მოჰსენ ფაჰრიზადე 1958 წელს დაიბადა, კითხულობდა ფიზიკის კურსს იმამ ჰომეინის სახელობის თეირანის უნივერსიტეტში; პარალელურად, იყო ირანის ფიზიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი და დაკავებული იყო ბალისტიკური რაკეტების ბირთვული ქობინების შექმნით. საინტერესოა, რომ თავდასხმის შემდეგ ირანში და მის ფარგლებს გარეთ მოჰსენ ფაჰრიზადეზე თავდასხმის სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ ამტკიცებდნენ, რომ თავდასხმა განახორციელა თორმეტმა შეიარაღებულმა დივერსანტმა, რომლებმაც კვალის არევის და მოჰსენ ფაჰრიზადეს პირადი დაცვის ყურადღების გადატანის "გვერდითი ოპერაცია" ჩაატარეს. თანაც, ირანის ოფიციალური პირები აღშფოთებას არ მალავდნენ და აცხადებდნენ: როგორ შეძლეს თავდამსხმელებმა შეუმჩნევლად და უდანაკარგოდ დანაშაულის ადგილის დატოვებაო.

რამდენიმე დღის შემდეგ კი ვერსია რადიკალურად შეიცვალა. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს: "მკვლელობა დისტანციურად, სატელიტური კონტროლის, ხელოვნური ინტელექტისა და სახის ამოცნობის სისტემის საშუალებით განხორციელდა" , თან ისიც დაამატეს: თავდამსხმელები ადგილზე არ იმყოფებოდნენ და ავტომობილ "ნისანზე" დამონტაჟებული თავდასხმის იარაღის მართვა სატელიტის საშუალებით განხორციელდაო. საკმაოდ ბუნდოვანი სურათია, რის გამოც კითხვები საკმაოდ მრავალია: რას უნდა უკავშირდებოდეს ირანის ხელისუფლების ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები? ვინ იყო თავდასხმის ორგანიზატორი? როგორ დაგეგმეს და განახორციელეს თავდასხმა? როგორ გაუჩინარდნენ თავდამსხმელები ისე, რომ მინიმალური კვალიც არ დატოვეს?

islam99-1664953704.jpg
ფაჰრიზადეს ავტომობილი, რომელშიც მკვლელობის დროს იმყოფებოდა

როგორც ვხედავთ, ბანალური, "ჩვეულებრივი" თავდასხმის ვერსია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ტერორისტულ ორგანიზაციას განეხორციელებინა, სწრაფად შეიცვალა "ვარსკვლავური ომების" სცენარით. ტერაქტის განხორციელების მეთოდი სრულიად ახალია. სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, მოვლენების სავარაუდო რეკონსტრუირება ამგვარად გამოიყურება: 2020 წლის 27 ნოემბერს პირადი დაცვის ავტომობილების თანხლებით მოჰსენ ფაჰრიზადე მეუღლესთან, დაცვის უფროსთან და მძღოლთან ერთად კორტეჟის შუა მოძრავ დაჯავშნილ ავტომობილში იმყოფებოდა. როდესაც კორტეჟი გზის მოპირდაპირედ, დაახლოებით, 150 მეტრში, გაჩერებულ "ნისანის" მარკის პიკაპს გაუსწორდა, ამ ავტომობილის ძარაზე დამონტაჟებული დისტანციურმა ტყვიამფრქვევმა პირდაპირი დამიზნებით ცეცხლი გაუხსნა მხოლოდ მოჰსენ ფაჰრიზადეს ავტომობილს (ირანელი კონტრადმირალ ფადავის სიტყვებით, სულ 13 ტყვია იქნა გასროლილი), რის შედეგადაც ირანელი ფიზიკოსი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავტომობილის სხვა მგზავრები, ასევე, დაცვის წევრები (სულ 12 ადამიანი) არ დაშავებულან (ერთი ინფორმაციით, ასევე გარდაიცვალა მოჰსენ ფაჰრიზადეს დაცვის უფროსი). ტერაქტის შემდეგ "ნისანის" ავტომობილში თვითაფეთქების ბრძანება ავტომატურად (შესაძლოა დისტანციურადაც) ამოქმედდა და ყველა ნივთმტკიცება განადგურდა. ტერაქტის პერიმეტრზე თავდასხმის შემსრულებლები არ დაფიქსირებულან. გავრცელებული ინფორმაციით (ანონიმური წყარო შესაძლოა თავად "მოსადიც" იყოს), თავდასხმის იარაღი მცირე მაკომპლექტებელ ნაწილებად იყო შეტანილი ირანში, სადაც მოხდა მისი აწყობა. ტერაქტის ორგანიზებაში 20 ადამიანზე მეტი მონაწილეობდა (ირანისა და ისრაელის მოქალაქეები), ირანელ ფიზიკოსს რვა თვე უთვალთვალებდნენ, ხოლო უშუალოდ თავდასხმა დისტანციურად, სატელიტური თანამგზავრის დახმარებით განხორციელდა. თავდამსხმელებმა უვნებლად დატოვეს ირანი. სამხედრო ანალიტიკოსების ვარაუდით, თავდასხმა განხორციელდა დისტანციური მართვის კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღით Light Remote-Controlled Weapon Station, შემოკლებით SMASH HOPPER, რომელსაც ისრაელი აწარმოებს.

islam999-1664953705.jpg

ირანის ხელისუფლებამ პირველივე წუთებიდან მკვლელობაში, რაღა თქმა უნდა, ისრაელი დაადანაშაულა. ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ პირდაპირ დაადო ხელი ისრაელს: "კიდევ ერთხელ დაისვარა ბოროტი ხელები სიონისტური რეჟიმის სისხლით. მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობა აჩვენებს მტრის სასოწარკვეთასა და განუზომელ სიძულვილს. მიუხედავად ყველაფრისა, ირანის მიღწევები არ შენელდება". თავდასხმის ზემოთ დასახელებული მეთოდი მართლაც რომ უჩვეულოა XXI საუკუნისთვისაც კი. თავდასხმის ორგანიზატორებს, გარდა უმაღლესი ტექნიკური მომზადებისა, მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტიც უნდა სცოდნოდათ, რაც მხოლოდ აგენტურული გზით შეიძლება დაედგინათ.

ვის ძალუძს დღისით-მზისით ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ უმკაცრესად კონტროლირებად ქვეყანაში დისტანციურად, სატელიტური თანამგზავრის, ხელოვნური ინტელექტისა და სახის ამოცნობის სისტემების საშუალებით ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ლიკვიდაცია? თანაც ყველა კვალის წაშლა? ვის შეიძლება ჰქონდეს უახლესი ტექნოლოგიები და ჰყავდეს უმძლავრესი აგენტურული აპარატი ირანში? უპირველესად - ისრაელის სპეცსამსახურებს. ჩემი აზრით, მათ მართლაც შეუძლიათ ამ ურთულესი სახის სპეცოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება. ისრაელის სპეცსამსახურები რამდენიმე ნიშნით გამოირჩეოდნენ და გამოირჩევიან სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისაგან. ისინი არიან: ყველაზე მცირერიცხოვანნი; განსაკუთრებით ფანატიკურები, განსაკუთრებით დაუნდობლები და აქვთ ფაქტობრივად შეუზღუდავი დაფინანსება. თუ 50 წლის წინ ისრაელი თავად იყო მდევრის როლში და ყველაფერს აკეთებდა, რათა მსოფლიოში მეექვსე ატომური სახელმწიფო გამხდარიყო (რასაც 1970-იანი წლების დასაწყისში, სავარაუდოდ, მიაღწია კიდეც), ამჟამად ის ყოველნაირად ცდილობს, აღკვეთოს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობა სხვა ქვეყნებში. ერაყის ატომური პროექტის - "თამუზის" ჩაშლა ისრაელის სპეცსამსახურებმა წარმატებით განახორციელეს.

islam9999-1664953705.jpg

"მოსადის" და "ამანის" (ისრაელის სამხედრო დაზვერვა) მიერ მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებით, 1981 წლის 4 ივნისს ისრაელის კუთვნილმა "F-15" და "F-16"-ებმა დაბომბეს და მიწასთან გაასწორეს ერაყის ატომური რეაქტორი ბაღდადთან ახლოს. შემდგომ წლებშიც ისრაელის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდებოდა ერაყისა და ირანის ატომური პროგრამების განხორციელებას. დასამალი არაა, რომ ისრაელის სპეცსამსახურების, უპირველესად - "მოსადის", გლობალური ამოცანა ირანის "ატომური პროექტის" ჩაშლა იყო და არის. ირანელი მეცნიერისა და ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელის - მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობა ძალზე წააგავს "მოსადის" ხელწერას.

ჩემი აზრით კი, თუ მოჰსენ ფაჰრიზადე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა მოკლეს, მაშინ ამ ოპერაციის უკან, უპირველესად, "მოსადი" უნდა მოვიაზროთ. ამ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიდან ერთადერთი მას ჰქონდა შესაბამისი მოტივაცია და მასვე შეეძლო ირანში ამგვარი ფარული სპეცოპერაციის განხორციელება და კვალის დაფარვა. ამ ტრაგიკული შემთხვევიდან მალევე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათენიაჰუმ ერთ-ერთ გამოსვლაში თვითკმაყოფილებით აღნიშნა: ბოლო დღეებში ბევრი წარმატება გვაქვს, თუმცა ხმამაღლა ვერ ვიტყვიო. ისრაელის ხელისუფლების ამგვარი ორაზროვანი მინიშნებებიც მრავლისმთქმელია!

ავტორი: ბესიკ ალადაშვილი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს