"ტაურუსის" ისტორიაში ლაშა არის პირველი ქართველი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო არნოლდ შვარცენეგერის, სილვესტერ სტალონეს, კიანუ რივზისა და ბევრი ლეგენდარული ვარსკვლავის შემდეგ" - კვირის პალიტრა

"ტაურუსის" ისტორიაში ლაშა არის პირველი ქართველი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო არნოლდ შვარცენეგერის, სილვესტერ სტალონეს, კიანუ რივზისა და ბევრი ლეგენდარული ვარსკვლავის შემდეგ"

"ჩემი ოცნება ახდა! დღეს ისტორიული დღეა ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის! მე საქართველოდან ვარ! მე ვარ პირველი ქართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, რომელიც ჰოლივუდში ამ ჯილდოს ვიღებ. ბედნიერი ვარ, რომ ამაღამ აქ ვდგავარ თქვენთან ერთად. ეს იყო გამოწვევებით სავსე მოგზაურობა და აი, ჩვენ აქ ვართ! მინდა მადლობა გადავუხადო Taurus Award-ის წევრებს და King’s Man-ის მთელ გუნდს. მადლობა ჩემს მეგობრებს, ჩემს ქვეყანას, საქართველოს პრეზიდენტსა და კულტურის მინისტრს მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩემს მეუღლეს, გვანცას, რომელიც ახლა ორსულადაა, გუშინ მისი დაბადების დღე იყო, დაბადების დღეს გილოცავ, გვანცა! ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო, ჩემს ძმას, კოლეგებს, ბაჩანა ჭანტურიას, რომელიც ასევე მუშაობდა ჩემთან ერთად ლონდონში და ეს ერთად გავაკეთეთ", - ეს სამადლობელი სიტყვები ლაშა მძინარაშვილმა ჰოლივუდში, კასკადიორთა ამერიკელ ოსტატთა "ოსკარზე" საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელების შემდეგ წარმოთქვა.

"ტაურუსის" ისტორიაში ლაშა არის პირველი ქართველი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო არნოლდ შვარცენეგერის, სილვესტერ სტალონეს, კიანუ რივზისა და ბევრი ლეგენდარული ვარსკვლავის შემდეგ. ჯილდო კი რეჟისორ მეთიუ ვონის ფილმში The King’s Man ქართული ცეკვის ელემენტებით, მთავარი საბრძოლო სცენის დადგმისა და შესრულებისთვის მიაკუთვნეს.

Taurus World Stunt Awards - კასკადიორთა მსოფლიოს აკადემიის ყოველწლიური პრემია, კინოში საუკეთესო ილეთებისთვის გადაეცემა და დაჯილდოება ლოს-ანჯელესში, "პარამაუნტის" სტუდიაში იმართება.

მაშინ, როცა ამერიკაში დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობდა, თბილისის დროით დილის 7 საათი იყო. რა ხდებოდა ამ დროს მძინარაშვილების ოჯახში? - ემოციების გაზიარება ლაშას მეუღლეს, გვანცა მეტრეველს ვთხოვეთ.

- გვანცა, ლაშას ასეთმა დიდმა წარმატებამ ყველა გაგვახარა, გილოცავთ!

- დიდი მადლობა! დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით დილის 7 სააათზე იყო. მთელი ოჯახი დილიდან ველოდებოდით, რა მოხდებოდა. ლაშა რომ წავიდა, დაგვპირდა, ინფორმაციას რაიმე ფორმით მაინც შეგვატყობინებდა. დაჯილდოების ცერემონია რომ დაიწყო, ლაშას "ფეისბუკი" ჩართული ჰქონდა, ასე გავიგეთ ეს ამბავი. ოჯახში საოცარი ემოცია იყო, სიტყვებით გადმოცემა ძალიან ძნელია. მე და ლაშას დედა ვტიროდით, ბავშვებიც აღფრთოვანებული იყვნენ... ძალიან ამაღელვებელი წუთები იყო.

- ლაშა ამბობდა, რომ ნომინანტად დასახელება და იქ ყოფნა უკვე გამარჯვება იყო, მაგრამ ნამდვილი გამარჯვების მოლოდინი რამდენად ჰქონდა?

- ნამდვილად ასეა, იქ ყოფნა არა მხოლოდ ლაშასთვის, ქვეყნისთვისაც დიდი წარმატება იყო და პირველ რიგში, იმ სასწაულის დამსახურებაა, რასაც ქართული ცეკვა ჰქვია. ცეკვა, რომელმაც მსოფლიო არაერთხელ აალაპარაკა და ამ დღეს კიდევ ერთი ტრიუმფი მოახდინა. ვინც იცოდა, უფრო დიდი ინტერესით უყურებდა. როდესაც ლაშა გადასაღებად წავიდა და იქ პირველად ნახეს, თუ როგორ შეიძლება, იბრძოლო ქართული ცეკვის ილეთებით, როგორ შეიძლება გამოხატო შენი ემოცია, როგორ შეიძლება გამოიყენო ქართული ცეკვის ელემენტები, ყველა აღფრთოვანებული იყო. ამ შემთხვევაში ლაშამ მთიულურის და ფარიკაობის ილეთები გამოიყენა. ლაშა ამბობდა, როდესაც ეს ნაზავი რეჟისორმა ნახა, საოცარი ემოციები ჰქონდა, აღფრთოვანება ვერ დაფარა და დიდხანს იმეორებდა: "ეს რა მაგარი ცეკვაა", "ეს რა მაგარი ბრძოლაა". როგორც ჩანს, მაყურებელშიც იmaვენაირი ემოცია გამოიწვია და შედეგიც მივიღეთ.

- თავად მოცეკვავე ხართ, როდესაც ლაშამ ამ საბრძოლო სცენაზე მუშაობა დაიწყო, რამდენად გიზიარებდათ ემოციებს? თქვენი, როგორც მოცეკვავის რჩევა, აზრი მისთვის საინტერესო იქნებოდა.

- როდესაც ქართული ცეკვა კასტინგისთვის გაიგზავნა, მასთან ერთად გაგზავნილი იყო სხვა 15 ქვეყნის ცეკვაც. რეჟისორმა საბოლოოდ არჩევანი ჩვენზე შეაჩერა. ლაშა ჩავიდა თავისი იდეებით. უკვე იცოდა, რომ ილეთები ფარიკაობიდან და მთიულურიდან უნდა გამოეყენებინა, რადგან ეს ცეკვები უფრო ძალისმიერია, მასში ბრძოლაა.

306727960-1664954434.jpg

- თავად ლაშა გადაღებების სპეციფიკაზე, სირთულეზე რას ამბობდა?

- იქ ყველაფერი საათივით არის აწყობილი, ყველა წუთი, დეტალი გათვლილია და შესაბამისად, მუშაობაც ადვილი გახლავთ. ლაშას მანამდე კასკადიორობის გამოცდილება არ ჰქონია. წასვლამდე ძალიან ცოტა ხანs დავით ხუბუასთან (კასკადიოდი, Action Production Georgia დამფუძნებელი) ივარჯიშა. როდესაც მიწვევა მიიღო, დეტალურად არც იყო ცნობილი, ამ ადამიანისგან კონკრეტულად რას ითხოვდნენ; იქ ჩასვლის შემდეგ ჩამოყალიბდნენ, რა და როგორ უნდა გადაღებულიყო. როდესაც ამ სცენის გარკვეული მონახაზი შედგა, დამატებითი ეფექტისთვის და კიდევ უფრო კარგად წარმოჩენისთვის საჭირო იყო სხვა ტიპის ტრიუკი, მაგალითად, მუხლზე დაცემა, რომელსაც სხვადასხვა ტიპის მოცეკვავეები, სხვადასხვა ტიპის სპეციფიკით ცეკვავენ. ლაშამ ამ სცენის სრულყოფილებამდე მისაყვანად ბაჩანა ჭანტურია შეარჩია. ჩათვალა, რომ ის საუკეთესო იქნებოდა და მართალიც აღმოჩნდა.

- სამადლობელი სიტყვის წინასწარ მომზადება სთხოვეს, თქვენ ეს ტექსტი იცოდით?

- მონახაზი ვიცოდი.

- დაბადების დღეზე საუკეთესო საჩუქარი გაგიკეთათ: იმ დარბაზიდან მოლოცვა, იმის აღნიშვნა, რომ შვილს ელოდებით... იცოდით თუ ეს სიურპრიზი იყო?

- იმ სამადლობელ ტექსტში, რომელიც მე ვიცოდი, ნახსენები არ ვიყავი. ლაშასგან ეს ნამდვილად სიურპრიზი იყო და ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი, ემოციური იყო. დაბადების დღეზე ამაზე უფრო კარგი რა უნდა მენატარა, არც ვიცი.

- 2 გოგონა გყავთ. ახლა ვის ელოდებით?

- ნოემბერში ბიჭს ველოდებით.

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- ეს ამბავიც ცეკვასთანაა დაკავშირებული. თეატრალურ უნივერსიტეტში ქორეოგრაფიის ფაკულტეტზე რომ ჩავაბარე, ლაშა უკვე მესამე კურსის სტუდენტი იყო. ერთმანეთი იქ გავიცანით, დავუახლოვდით, დავმეგობრდით, მალე ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.

- ლაშა როგორი პიროვნებაა, მასში ყველაზე მეტად რამ მოგხიბლათ?

- მისი გულწრფელობითა და უშუალობით მოვიხიბლე. ეს თვისებები მის ხასიათში გამოკვეთილია. ერთმანეთს ძალიან მარტივად გავუგეთ. ხელის თხოვნა, ქორწილი ტრადიციების დაცვით მოხდა. ლაშას ქართული ჩოხა ეცვა, მე - სადედოფლო კაბა. ძალიან ლამაზი დღე იყო.

72418492-1664954388.jpg

- შვილები რა ასაკის არიან?

- 9 და 7 წლის არიან.

- მამის წარმატებაზე რას ამბობენ?

- უფროსმა უფრო კარგად აღიქვა, მთელი დღე დარბოდა და გაიძახოდა: "ვაიმე, რა მაგარია!", "დედიკო, რა მაგარია!" მამასაც ასე მიულოცეს. ლაშას ძალიან ვგულშემატკივრობდით. წასვლამდე დაბრკოლებები ჰქონდა, მაგრამ გადავლახეთ.

- რას გულისხმობთ?

- როცა მოწვევა მოვიდა, დრო იყო ცოტა და მოგეხსენებათ, ამერიკაში ვიზის გაკეთებას დიდი დრო სჭირდება, ეს იყო ჩვენი დაბრკოლება. ღმერთის წყალობით, ყველაფერი მოგვარდა. სახელმწიფოს მხრიდანაც ხელშეწყობა იყო. საგარეო და კულტურის სამინისტროებმა თავისi შესაძლებლობებis farglebში ყველაფერი გააკეთეს, მხარში დაუდგნენ. ძალიან ბევრი ადამიანის მხარდაჭერა ვიგრძენით. დღეს, როცა ეს ამბავი ცნობილი გახდა, ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულია; რამდენი წერილია მოწერილი, ვერ გეტყვით, მათ ჯერ ვერ ვპასუხობ.

- მადლობა ინტერვიუსთვის! ჟურნალ "გზის" რედაქციას ლაშას წარმატებას ულოცავს!

- დიდი მადლობა თქვენ, ეს მარტო ლაშას წარმატება არ არის, ეს ჩვენი ქვეყნისა და კულტურის წარმატებაც არის.

P.S. გარეკანზე გამოყენებულია ლაშა შალამბერიძის ფოტო.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"