"1988 წელს, ე.წ. ლიხნის წერილის შემდეგ აფხაზმა სეპარატისტებმა შეძლეს ქართველებსა და აფხაზებს შორის განხეთქილების შეტანა, 89-ში პირველი ტყვიაც გავარდა, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"1988 წელს, ე.წ. ლიხნის წერილის შემდეგ აფხაზმა სეპარატისტებმა შეძლეს ქართველებსა და აფხაზებს შორის განხეთქილების შეტანა, 89-ში პირველი ტყვიაც გავარდა, მაგრამ..."

ამბავი ახალგაზრდა აფხაზზე, რომელმაც თოფი ხელიდან გააგდო და თოხნა დაიწყო

ჯონდო გოგლიძე 1961 წლის 26 ოქტომბერს გუდაუთაში, სოფელ ახალსოფელში დაიბადა. პროფესიით ინჟინერ-მშენებელია, 1988-92 წლებში გაგრაში, პროფტექნიკურ სასწავლებელში საწარმოო სწავლების ოსტატად მუშაობდა. 1992 წელს ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონში, შემდეგ კი ამავე ბატალიონის მე-4 ასეულის მეთაურად დაინიშნა. ამჟამად აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ქვემო ქართლის რეგიონულ განყოფილებაში მუშაობს. 2 წიგნის ავტორი გახლავთ: „დაგვიანებული წერილები“ და „ნასახტარის ქვა“, რომლებშიც თავს გადამხდარი თუ თანასოფლელების ამბები შეკრიბა. რუსეთ-უკრაინის ომმა ისევ გაუახლა ძველი ტკივილი. ღმერთმა ქნას, ჩვენც დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები და დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავები დავტოვეთო, - მითხრა საუბრისას. ამ წიგნების დაბეჭდვის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მომავალმა თაობებმა იცოდნენ სიმართლე; იცოდნენ, რა ტრაგედია დატრიალდა აფხაზეთში, მის სოფელში და როგორი შემართებით იბრძოდნენ იმ სოფლის მკვიდრნი; იცოდნენ, რომ ქართველ მეომრებს ომი არ წაუგიათ. დღესაც ასე ფიქრობს, რომ ომი ჩვენ კი არ წავაგეთ, მაშინდელმა პოლიტიკოსებმა წაგვაგებინეს.

მასწავლებელი...

- 1988 წელს, ე.წ. ლიხნის წერილის შემდეგ აფხაზმა სეპარატისტებმა შეძლეს ქართველებსა და აფხაზებს შორის განხეთქილების შეტანა, 89-ში პირველი ტყვიაც გავარდა, მაგრამ საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ, მერაბ კოსტავას მეთაურობით, მოახერხა ტრაგედიის შეჩერება, საქმე შერიგებისკენ მიდიოდა, მაგრამ…1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზებმა ძალაუფლება ხელში აიღეს და დაიწყეს პარტიზანული თუ ფრონტალური ომი ქართული სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ. გუდაუთის რაიონში მცხოვრები ქართველები აფხაზი სეპარატისტებისა და გადამთიელი „ბოევიკების“ საჯიჯგნად დარჩნენ. ისინი გამოჰყავდათ თავიანთი სახლებიდან და დემონსტრაციულად ხვრეტდნენ. ამით აჩვენებდნენ, როგორ უნდა მოჰქცეოდნენ ქართველებს. 1200-კომლიანი სოფელი, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ყვაოდა, გაუკაცრიელდა. ბევრმა ცოლ-შვილთან ერთად გაარიდა თავი განუკითხაობას, აქა-იქ დარჩენილები კი საღამოობით ერთ ოჯახში იყრიდნენ თავს. ერთხელაც, ასე მოიყარეს თავი გურამ კობეშავიძემ, ვიქტორ მეშილდიშვილმა, ვეგული ჯაფარიძემ და ომარ კერესელიძემ ამ უკანასკნელის სახლში. სუფრას მიუსხდნენ თუ არა, ომარის სახლიდან ხმაური მოისმა. სახლს დავხედავ და ახლავე დავბრუნდებიო, წამოდგა გურამი. ცოტა ხანში ყვირილსა და ავტომატის ჯერის ხმა გაიგონეს, ყველანი წამოიშალნენ სუფრიდან. ვიქტორმა სხვებს უთხრა, - თქვენ ვენახში დაიმალეთ, მე მოხუცი ვარ, თანაც ჩვენი სოფლის თითქმის ყველა აფხაზს მე ვასწავლიდი (გეოგრაფიას ასწავლიდა ქართულ სკოლაშიც და რუსულშიც) და არაფერს მეტყვიანო. სახლისკენ მიმავალს ქუჩაში თავისი ყოფილი მოსწავლეები - ძმები ალიკი და ხამასი ჩიქოვანები შემოხვდნენ, ავტომატმომარჯვებულები.

- ოღონდ თქვენ არა, ვიქტორა მასწავლებელოო, იცნეს მაშინვე. აღმოჩნდა, რომ გურამის დასაჭერად იყვნენ მისულები. საუბრისას ვიღაც გადამთიელმა მოირბინა ავტომატით ხელში და, გაიქცა ის ღორიო, გურამზე თქვეს და იკითხეს, ვინ იყო ვიქტორი. რომ გაიგეს, ქართველი იყო, ჩატენეთ მანქანაში, სულ ერთი არ არის, ვის ავიყვანთო?

ჩიქოვანები შეკრთნენ, მაგრამ ხმა არ ამოიღეს. იმ უცხომ კი კისერში წაავლო ხელი მოხუცს და მანქანაში ჩატენა. ვიქტორი ზღვის პირას, სანაპირო დაცვის შტაბში მიიყვანეს. შტაბის უფროსმა, იგორ ჭამბამაც იცნო თავისი მასწავლებელი. შენი შვილები საფლავში არიან, მალე შენც იქით გაგისტუმრებო, - დაემუქრა და დანარჩენების მოსაძებნად გაგზავნა ჩიქოვანები. მალე აფხაზებმა დანარჩენებიც შტაბში მიიყვანეს, ვერ მოუხერხებიათ დამალვა. იგორმა ჩიქოვანებს უბრძანა, ზღვის პირას რომ ორმო იყო, იქ გაეყვანათ და დაეხვრიტათ ყველა.

- როგორ, ვიქტორ მასწავლებელიც? - შეეპასუხა ერთ-ერთი.

- დიახ, ზუსტად ვიქტორით დაიწყეთ, რა, პირველად აკეთებთ ამას თუ? - დაიღრიალა იგორმა.

ხუთმა ავტომატმომარჯვებულმა გამოიყვანა ტყვეები, წინ ვიქტორი მიდიოდა, შემდეგ გურამი, ომარი, ბოლოში კი ვეგული. გზად ომარმა ვიქტორს ჩასჩურჩულა, - მგონი, იგორმა აფხაზურად ჩვენი დახვრეტა უბრძანა, გაიგონე, თუ მე შემეშალაო?

- ეგრეა, მაგრამ დაწყნარდით, ბიჭებო, ჩემი მოსწავლეები არიან, ასე როგორ მოიწამლებოდნენ, რომ დამხვრიტონ და თუ მე არ დამხვრეტენ, ე.ი. არც თქვენ დაგხვრეტენ, უბრალოდ, გვაშინებენო.

ომარი სოფლის კინომექანიკოსი იყო, დახვრეტის ბევრი სცენა უნახავს, ახლა კი თვითონ იყო ამ მდგომარეობაში. ხვდებოდა, არ დაინდობდნენ, მათი სოფლიდან ხომ უამრავი ადამიანი უგზო-უკვლოდ იყო გამქრალი. სხვადასხვა ჭორი დადიოდა მათზე, სინამდვილეში კი დახვრეტილები იყვნენ. ომარი ვეგულის მიუბრუნდა, მე მათ ყურადღებას მივიპყრობ, შენ კი ტყისკენ გაიქეცი, ამბის მიმტანი რომ მაინც მივიდეს სოფელშიო. მესმისო, ჩაილაპარაკა ვეგულიმ.

ორმოსთან მისულები აფხაზურად ბჭობდნენ ერთმანეთში, - ვიქტორი და გურამი ისე დავაყენოთ, რომ პირდაპირ ორმოში ჩაცვივდნენ, ესენი კი გვერდზე მივაცხრილოთ და მერე ჩავყაროთო. ომარმა ყველაფერი დაწვრილებით მოისმინა, ვიქტორმაც, მაგრამ ბოლომდე სჯეროდა, რომ არ გაიმეტებდნენ. თვითონ 5-6 მეტრის მოშორებით განლაგდნენ, ტყვეები კი ორმოს თავზე დააყენეს. გაისმა ავტომატის ჯერი, ვიქტორი და გურამი მოცელილებივით ჩაცვივდნენ ორმოში. გამწარებული ომარი მუშტებმოღერილი გაექანა „ბოევიკებისკენ“. ამას არ ელოდნენ და დაიბნენ. ომარი ერთ-ერთს მივარდა, ავტომატი ხელით დაუჭირა, თან კისერზე მოახტა და წააქცია. კბილებით ჩააფრინდა მოწინააღმდეგეს ყურზე და თავისიანებისკენ დააწყებინა უმისამართო სროლა. „ბოევიკები“ მიწაზე გაიშხლართნენ, ომარი და ერთ-ერთი „ბოევიკიც“ მიწაზე გორაობდნენ. უცებ ავტომატის სროლა შეწყდა. ამ ყველაფერს გაოგნებული უყურებდა ვეგული და არ იცოდა, რა ექნა. გაიქეცი, ვეგული, გაიქეცი, - გამოაფხიზლა ომარის ხმამ. ამის გაგონება იყო და ტყისკენ გავარდა. ტყის პირას მისულმა დაინახა, როგორ სცემდა ორი მათგანი ომარს კონდახებით, ორიც უსულოდ ეგდო მიწაზე. გარიჟრაჟი იყო და უკვე შეიძლებოდა გარჩევა. ხედავდა, როგორ იფარებდა მიწაზე დაწოლილი ომარი კბილებით დაჭერილ „ბოევიკს“, როგორ მოაგლიჯა მას ყური, მერე როგორ გააშვებინეს ხელი, როგორ გაიქცა ყურზე ხელაფარებული „ბოევიკი“ შტაბისკენ ყვირილით და კონდახებით როგორ ჩაქოლეს ომარი... ეს ყველაფერი წამებში მოხდა. ვეგულის გაახსენდა ომარის სიტყვები და ტყეს შეაფარა თავი.

იმავე დღეს „ბოევიკები“ მთელ სოფელს მოედნენ, ჩხრეკდნენ სახლებს, ქუჩაში გამოყარეს სოფელში დარჩენილი მოხუცები - ვეგულის ეძებდნენ. რა ხდებოდა, არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ მიხვდნენ, ვეგულის თავს კარგი ამბავი რომ არ იყო და გადაწყვიტეს, გუდაუთაში მისი აფხაზი რძლისთვის შეეტყობინებინათ ყველაფერი. მეორე დღეს ვეგულის ძმის ცოლი ჩამოვიდა თავის „ბოევიკ“ ძმასა და დეიდაშვილებთან ერთად, აფხაზების შტაბში მივიდნენ და იგორ ჭამბა გააფრთხილეს, ვეგულისთვის ხელი არ ეხლოთ (ის შშმ პირი იყო ბავშვობიდან). იგორს არ ესიამოვნა ეს ამბავი, რადგან არ უნდოდა, თავისი მუხანათური საქციელის მოწმე ცოცხალი დაეტოვებინა, მაგრამ უარს ვერ ეტყოდა ჩინით მასზე უფროსებს. ასე გადაურჩა აფხაზების შურისძიებას მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი - ვეგული.…

ტყვე

- 1992 წლის 30 სექტემბერი იყო. ზემოდან მოვიდა ბრძანება, დაგვეტოვებინა ჩვენ მიერ ბრძოლებით დაკავებული ტყვარჩელის სოფლები: ათარა, არმიანსკაია, ჯგერდა, კუტოლი, ათარა-აფხაზსკაია და სხვა პატარა დასახლებები. ვბრუნდებით სოხუმში, 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე. ბატალიონის მეომრები ზარ-ზეიმით შეგვხვდნენ, გვილოცავდნენ გამარჯვებას და მშვიდობით დაბრუნებას ბატალიონის ე.წ. ყაზარმებში, რომლებიც პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში იყო განთავსებული. ყაზარმებად მოწყობილ სასწავლო ოთახებში ოცეულებად ვიყავით გადანაწილებულები. ბატალიონის ყაზარმის უფროსი ბაჩო ქარსელაძე შემოვიდა ოთახში და მთხოვა, - ჯონი, სახლში მინდა გასვლა დედაჩემის სანახავად, გული ცუდს მიგრძნობს, რაღაც საშინელება უნდა მოხდეს ამ დღეებში, ამაღამ შინ დავრჩები. გთხოვ, ეს კაცი დაიტოვე და უპატრონეო, მიმითითა კართან ატუზულ ახალგაზრდაზე. ვინ არის-მეთქი? - ვკითხე.

ასეთი რამ მიამბო: ეს ბიჭი ჩვენი ტყვეა. დღეს დილით ათარა-არმიანსკაიაში გზაგამყოფზე ბატონმა კორნელი ჩალაძემ 3 ჯგუფად გაგვანაწილა, მე ჩემი ოცეულით სოფელ ჯგერდას მიმართულებით მომიწია წასვლამ. სოფლები დაცარიელებული დაგვხვდა, აქა-იქ სომხები იყვნენ დარჩენილები სახლებში. ერთ სახლში ხალხი შევნიშნეთ და რომ ვიკითხეთ იქაურობის დაცარიელების მიზეზი, გვითხრეს, აფხაზი მოსახლეობა გუშინ აიყარა და ტყვარჩელის მიმართულებით წავიდაო. უცებ შევამჩნიეთ, ყანაში ვიღაც თოხნიდა. ასეთი არეულობაა, გაგანია ომია და ის კაცი ვინაა, თქვენს ყანაში რომ თოხნისო? - ვიკითხეთ. არ ვიცითო, გვიპასუხეს. მივედით მასთან, აფხაზი აღმოჩნდა, სულ კანკალებდა შიშისგან. ბიჭებმა მისკენ საცემრად გაიწიეს, მე შევაჩერე. გამოვკითხე რუსულად, იქ როგორ მოხვდა. მიამბო: გუშინ გავიგეთ, რომ ქართველები მოდიოდნენ... მეც ავიღე სანადირო ორლულიანი თოფი და დასახმარებლად გამოვეშურე ტყით, მაგრამ ხევში გადავვარდი, თავი რაღაცას დავარტყი და გონება დავკარგე. აზრზე რომ მოვედი, უკვე ღამე იყო, ბნელოდა, ვერაფერს ვხედავდი, ხევიდან ძლივს ამოვფორთხდი. ფეხი გადამიბრუნდა, ტანი სულ დაბეჟილი მაქვს. მეგონა, კოჭლობით ჩვენებამდე მივაღწევდი. ამ სოფელში არ გელოდით და ქუჩაში რომ დაგინახეთ, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, თოფი გადავაგდე, ყანაში შემოვედი და თოხნა დავიწყეო. ვკითხე, რომ მოგხედონ, სახლში გყავს ვინმე-მეთქი? აღმოჩნდა, რომ მშობლები ადრე დაეღუპა, ერთი და ჰყავდა, გუდაუთაში გათხოვილი. შემეცოდა, ფეხი გადავუხვიეთ, ტკივილგამაყუჩებელი გავუკეთეთ და თან წამოვიყვანეთ. ძალიან შეშინებულია, სულ უკან დამყვება, ამაღამ ვერსად წავიყვან და ხვალ რომ დავბრუნდები, გუდაუთაში გავუშვებ თავის დასთანო.

ერთი სიტყვით, ტყვე ყაზარმაში შევიყვანე და საწოლიც მივუჩინე. საჭმლის მოსატანად სასადილოში წავედი და რომ მოვბრუნდი, ვხედავ, დაურის - ასე ერქვა - ირგვლივ, საწოლთან ჩვენს მეომრებს მოეყარათ თავი, ზოგს ხილი მოეტანა, ზოგს - ხაჭაპური, ზოგს - ღვინო. კარგი სუფრა გაეშალათ და სადღეგრძელოებსაც ამბობდნენ. მეც ჩავუჯექი. ბიჭები დაურს ტყვეობაში ჩავარდნის ამბავსაც აყოლებდნენ. ისიც არ იზარებდა და ჰყვებოდა, საომრად წასულმა როგორ გადააგდო თოფი და როგორ დაიწყო თოხნა. ყველა ერთად იცინოდა. ბოლოს ისე გაშინაურდა, თვითონ ასწია ღვინით სავსე ჭიქა და ბიჭებს სთხოვა, მინდა ერთი სადღეგრძელო მეც ვთქვაო.

- ბიჭებო, მშვიდობის სადღეგრძელო მინდა შემოგთავაზოთ. ჯერ კიდევ გუშინ ძალიან ცუდი წარმოდგენა მქონდა ქართველ მეომრებზე. ჩვენი უფროსობა ურჩხულებად და კაციჭამიებად გსახავდნენ - ტყვეებს საშინლად აწამებდნენო, მაგრამ მე ახლა თქვენთან ვარ ტყვედ, უფრო სწორად სტუმრად და სულ სხვანაირი შთაბეჭდილება მრჩება. ღმერთმა დაგლოცოთ და მშვიდობით დაგაბრუნოთ სახლებში!

ყველამ აიტაცა დაურის ნათქვამი მშვიდობის სადღეგრძელო, ის საღამო ერთად გავატარეთ, ვიმღერეთ კიდეც, ქართულადაც, აფხაზურადაც, მეორე დილით კი გუმისთასთან მივიყვანეთ, ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ დ გუდაუთისკენ გავუშვით. 1992 წლის პირველ ოქტომბერს, პირველ საათზე კი ბატალიონში განგაში გამოცხადდა. გავიგეთ, აფხაზები რუსებთან და დაქირავებულ „ბოევიკებთან“ ერთად გაგრას უტევენო.…

ასეთია ომი. მეგობარი მყავდა აფხაზი, გაგრაში ერთად ვმუშაობდით, ომი რომ დაიწყო, მე დამივიწყა. ისიც იბრძოდა, არტილერიის გენერალი იყო. წლების შემდეგ "ფეისბუკით" დავუკავშირდით ერთმანეთს, ლენინგრადში ცხოვრობს ახლა. ვკითხე, - საშა, რისთვის იბრძოდი, ლენინგრადში რომ გეპოვა ბინა და თავისუფლება, ასე გაათავისუფლე აფხაზეთი-მეთქი? ზოგჯერ ჩავდივარ ჩემს შვილთან ერთადო, მიპასუხა. ყველაზე მტკივნეული კი იმ წლებიდან ჩემი ძმის ამბავია, რომელიც აფხაზებმა დახვრიტეს...

P.S. ამ ამბავს „გზის“ შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი "გზა"