რა განაპირობებს უკრაინელების კონტრიერიშების წარმატებას და რუსი ოკუპანტების წარუმატებლობას?! - კვირის პალიტრა

რა განაპირობებს უკრაინელების კონტრიერიშების წარმატებას და რუსი ოკუპანტების წარუმატებლობას?!

მეორე თვე დაიწყო, რაც უკრაინის არმია განაგრძობს კონტრიერიშებს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის მიწების გასათავისუფლებლად, თანაც ერთდროულად, ორ მიმართულებაზე და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მას ეს გამოსდის...

ბოლო დღეებში ოკუპირებულ ხერსონის ოლქში 50-მდე დასახლებული პუნქტიდან განდევნეს რუსი ოკუპანტები, პარალელურად, ხარკოვის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებშიც ასევე ათავისუფლებენ ქალაქებს.

რა ხდება? რუსეთის საოკუპაციო ძალები, რომლებიც კვირებსა და თვეებსაც კი ანდომებდნენ იმავე იზიუმისა თუ ბალაკლეიას დაპყრობას, როგორ თმობენ მათ ორ-სამ დღეში?

კრემლი, რომელიც კიევის დაპყრობასა და იქ პრორუსი მარიონეტების დასმას უკრაინაში შეჭრიდან სამიოდე დღეში აპირებდა, დღეს როგორ ეგუება ყოველდღიური დამარცხებების ცნობებს ფრონტის ხაზიდან? უკრაინის არმია, რომელსაც რუსეთის პროპაგანდა საშინლად დასცინოდა, როგორ ამარცხებს „მსოფლიოს მეორე არმიას“ (აქამდე თავად რუსები ასე აფასებდნენ თავის არმიას)?

ეს და ბევრი სხვა კითხვა, არა მარტო ფრონტის ორივე მხარეს აწუხებს, არამედ - მსოფლიოს დიდ ნაწილშიც (და არა მარტო სამხედროებს შორის) იწვევს ინტერესს - რამ მოახდინა გარდატეხა რუსეთ-უკრაინის იმ რვათვიან ომში, რომლის დასაწყისში ძალიან ბევრი (თუმცა არა ამ ბლოგის ავტორი, რაშიც შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუკი თვალს გადაავლებთ თებერვლიდან მოყოლებულ ბლოგის სტატიებს) უკრაინას სრულ მარცხს უწინასწარმეტყველებდა და მხოლოდ იმაზე დავობდა, თუ რამდენ ხანს გაუძლებდნენ უკრაინელები მათზე სამჯერ მეტი რიცხოვნობის აგრესორ რუსეთს...

მიზეზები იმისა, თუ რატომ არ გამართლდა ბევრის პესიმისტური პროგნოზი ომში უკრაინის წაგებაზე და პირიქით, როგორ ახერხებს უკრაინის არმია ასეთი წარმატებული კონტრიერიშების სერიის გაგრძელებას, ბევრია, და არა მარტო სამხედრო, არამედ - პოლიტიკური, ეკონომიკური, საინფორმაციო და სხვა სახის...

დავიწყოთ ანალიზი რუსი ოკუპანტების საბრძოლო წარუმატებლობის ძირითადი მიზეზებით:

1. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელისუფლებამ თავდასხმამდე არასწორად შეაფასა უკრაინის სამხედრო პოტენციალი და დონბასში რვაწლიანი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება, რაც ათი ათასობით უკრაინელმა სამხედრომ მიიღო;

2. რუსეთის საგარეო და სამხედრო დაზვერვის არასწორი ანალიზის საფუძველზე კრემლმა გამოიტანა დასკვნა, რომ უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობის უმრავლესობა, ასევე, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ამ საბრძოლო მოქმედებებს არ მიიღებდა, როგორც სამამულო ომს სამშობლოს ტერიტორიის დასაცავად და ადვილად შეეგუებოდა კრემლის მიერ კიევში დასმულ მარიონეტულ პრორუსულ ხელისუფლებას.

3. რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს მიერ დამუშავებული ბლიცკრიგის ანუ სხვადასხვა მიმართულებიდან უკრაინის დედაქალაქზე სწრაფი შეტევების გეგმა შეიძლება იდეალურად გამოიყურებოდა ოპერატიულ რუკებზე, მაგრამ მან ხორცი ვერ შეისხა და ვერც განხორციელდებოდა, თუნდაც ზემოთ მოყვანილი პირველი და მეორე მიზეზების გამო.

4. ბლიცკრიგის გეგმის ჩაშლისა და მტკივნეული დანაკარგის მიღების გამო, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შემდგომი მოქმედების ტაქტიკა და სტრატეგია აირია, რადგან უკრაინასთან ხანგრძლივი ომისთვის რუსეთის ფედერაცია არ ემზადებოდა და პუტინს ადვილ გასეირნებად წარმოედგინა;

5. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის არმია, ისევე, როგორც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და მთლიანად ამ ქვეყნის ეკონომიკა, არ იყო მზად ხანგრძლივი და თანაც - ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად, პრობლემებმა თავი მალევე იჩინეს, პირველ რიგში კი, საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების როტაციისა და დაკომპლექტების მხრივ, მით უმეტეს, მნიშვნელოვანი საბრძოლო დანაკარგების ფონზე;

6. რუსეთის გენერალური შტაბის, ასევე, სამხედრო ოლქებისა და მიმართულებების სარდლობების მოქმედებები ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელების ეტაპებზე ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავდა და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რუს გენერლებს თავი ჩეჩნეთსა თუ საქართველოში ომის დროს ეგონათ, როდესაც მათი არმია სრულ უპირატესობას ფლობდა;

7. მთავარი მიზეზი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარუმატებლობისა კი მაინც ისაა, რომ თავად მისი ჯარისკაცებიც და ოფიცრებიც ქვეცნობიერად გრძნობენ, რომ მათი ქვეყანა დამპყრობელ ომს აწარმოებს და არ არის მართალი, შესაბამისად, მათი საბრძოლო მოტივაციაც ძალიან დაბალ დონეზეა, თუმცა სხვა ქვეყანა რომ დასხმოდა თავს რუსეთს და ეხლა ბრძოლები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდეს, იგივე ჯარისკაცები ბევრად უფრო დიდი სულისკვეთებით იბრძოლებდნენ.

1-mizezi-1664967714.jpg
უკრაინელებმა ეს ბრძოლა სამამულო ომად აღიქვეს, შესაბამისად, დიდმა და პატარამ ხელში იარაღი აიღო სამშობლოს დასაცავად...

უკრაინელების ბოლო პერიოდის საბრძოლო წარმატებები ფრონტის სხვადასხვა უბანზე, ასევე ბევრი მიზეზითაა განპირობებული:

1. მოტივაცია - უკრაინელები იცავენ საკუთარ მიწას და მორჩა!

ამასთან, მას შემდეგ, რაც რუსეთის არტილერია, ავიაცია და სარაკეტო შენაერთები დაუნდობლად ბომბავენ უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს, ეს მოტივაცია მაქსიმუმამდე იზრდება, მათ შორის, ისეთ ქალაქებშიც, რომელთა მოსახლეობასაც თავად უკრაინელებიც კი ომამდე უფრო პრორუსულად თვლიდნენ;

2. ყირიმის ნახევარკუნძულის უბრძოლველად ჩაბარების შემდეგ, დონბასში რვაწლიანი ბრძოლების გამოცდილების დაგროვებამ უკრაინის შეიარაღებული ძალები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მებრძოლ არმიად გადააქცია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდახმის საბრძოლო ხელწერა მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დონბასის ბრძოლებისგან;

3. უკრაინამ მოსახლეობის ძალიან მაღალი მოტივაციის საფუძველზე შეძლო მასობრივი მობილიზაციის დაწყება, რითაც რიცხობრივ უპირატესობას მიაღწია რუსეთის საოკუპაციო ძალებთან მიმართებაში, არადა, თუკი რუსეთის გენშტაბს ამ ომში გამარჯვება სურდა, მაშინ უკრაინის დასამარცხებლად არა 160-ათასამდე სამხედრო, არამედ - 3-5-ჯერ მეტი მაინც უნდა გაეგზავნა. ამ მობილიზაციის მთავარი შედეგი გახლდათ უკრაინის ქალაქებში, და თვით სოფლებშიც კი, ტერიტორიული თავდაცვის რაზმების სწრაფი ჩამოყალიბება. მართალია, ისინი არ გამოირჩეოდნენ დიდი ორგანიზებით, საბრძოლო მომზადებითაც მოიკოჭლებდნენ და დისციპლინის მხრივაც ბევრი პრობლემები გააჩნდათ, მაგრამ იმ კრიტიკულ, საწყის პერიოდში მათ მაინც უდიდესი დახმარება გაუწიეს უკრაინის რეგულარულ არმიას, რომლის მეთაურობამ უკვე აღარ იცოდა, თუ რუსების შემოტევების რომელი მიმართულება გადაეკეტა;

4. დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური დახმარება ასევე გადამწყვეტი აღმოჩნდა უკრაინის გადასარჩენად, ომის პირველ პერიოდში. უკრაინელებმა, ფაქტობრივად, განაცხადეს - სისხლი ჩვენი, იარაღი თქვენი! დასავლეთმა დაინახა რა, რომ უკრაინელები თავგანწირულად იბრძოდნენ და არ აპირებდნენ გაქცევას, დაიწყო უკრაინის არმიის შეიარაღება, თუმცა ეს პროცესი შეიძლება უფრო ინტენსიური და მოცულობითი იყოს. იმავე საზენიტო-სარაკეტო სისტემების დროულად და შედარებით დიდი რაოდენობით გადაცემა უკრაინის ბევრი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენდა რუსული რაკეტებით უკრაინის ქალაქების დაუნდობლად დაბომბვების დროს;

5. დასავლეთის მიერ შეიარაღების კონკრეტული სახეობებისა და ტიპების გადაცემამ რეალურად გამოიწვია ომის შემდგომი მსვლელობის შემოტრიალება უკრაინელების სასარგებლოდ;

„ჯაველინებმა“, „სტინგერებმა“, „ნლავებმა“, „ჰაიმარსებმა“, „ექსკალიბურებმა“ , „ბაირაქტარებმა“და კიდევ ბევრმა სხვა შეიარაღებამ თავისი დადებითი როლი შეასრულა და ასრულებს ამ ომში, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ ისინი „ჭკვიანი“ იარაღის თაობას განეკუთვნებიან და იქ, სადაც რუს არტილერისტს ძველი ჰაუბიციდან ოცი თუ ოცდაათი ჭურვის გასროლა სჭირდება, რომ მოწინააღმდეგის პოზიციის სიახლოვეს მაინც მოახვედროს, უკრაინელი სამხედრო „ჰაიმარსის“ მართვადი რაკეტითა და „ექსკალიბურის“ მართვადი ჭურვით ერთი-ორი გასროლით ზუსტად მიზანში ახვედრებს;

6. შეიძლება დიდად არ აფიშირდება, მაგრამ დასავლეთის რიგი ქვეყნები, მათ შორის - ნატოს წევრი აშშ, დიდი ბრიტანეთი, შეიძლება გერმანია და საფრანგეთიც, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სისტემატურად აწვდიან იმ სადაზვერვო ინფორმაციას, რომელსაც რუსეთის ტერიტორიის, ასევე, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების კოსმოსური და საჰაერო დაზვერვის დროს მოიპოვებენ. ომის დასაწყისში ასეთი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების ოპერატიულობა შეიძლება არ იყო მაღალი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს პროცესი დაიხვეწა და ახლა, მაგალითად, ვორონეჟის სამხედრო აეროდრომიდან რუსული ბომბდამშენების აფრენისთანავე უკრაინელი მეზენიტეები საბრძოლო მზადყოფნაში მოდიან, იგივე ეხება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კორვეტებიდან „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების სტარტს თუ ბელგოროდის ოლქიდან აფრენილ „ისკანდერებს“.

კიდევ არა ერთი მიზეზის მოყვანა შეიძლება იმის ასახსნელად, თუ რატომ ხდება გარდატეხა რუსეთ-უკრაინის ომში, მაგრამ მთავარია, ეს პროცესი კვლავ გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში წვიმების სეზონი დაიწყო, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს იერიშების სახის საბრძოლო ოპერაციების წარმატებით განხორციელებას.