პარლამენტი, პირველი მოსმენით განიხილავს კანონპროექტს, რომლითაც „დრიფტი“ დასჯადი ხდება და გარკვეულ დარღვევებზე ჯარიმები იზრდება - კვირის პალიტრა

პარლამენტი, პირველი მოსმენით განიხილავს კანონპროექტს, რომლითაც „დრიფტი“ დასჯადი ხდება და გარკვეულ დარღვევებზე ჯარიმები იზრდება

პარლამენტი, პირველი მოსმენით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებს იხილავს, რომელიც საგზაო უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მომზადებული პროექტი მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

ცვლილებების ნაწილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას შეეხება. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა.

ცვლილებები შეეხება ხმაურის რეგულირების საკითხსაც. კერძოდ, ერთი მხრივ, ხმაურის დასაშვები დონე მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. მეორე მხრივ, ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის ქულებს 10 ქულა დააკლდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წესი როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებებს მოითხოვს, გთავაზობთ, ახალი ნორმა ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდეს, იმისთვის, რომ მთავრობამ ავტომანქანებისთვის ხმაურის დონე დაადგინოს და მისი შემოწმების წესი გაიწეროს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ცვლილება ე.წ. დრიფტების აკრძალვას შეეხება. კერძოდ, ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება ე.წ. დრიფტი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და 30 ქულის დაკლებას მართვი მოწმობის ქულებზე. თუ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმის ოდენობა 500 ლარი იქნება.

კანონპროექტი დამუქებული მინების და ციმციმა სიგნალების დადგენილი წესის დარღვევით გამოყენებასაც შეეხება. კერძოდ, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია დადგენილი წესის დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით 50-ის ნაცვლად, ხოლო ციმციმა სიგნალების გამოყენება დადგენილი წესის დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა.

კანონპროექტების ინიციატორია მთავრობა.

IPN