"ყველაფერი მივატოვე და ნამდვილი სტუდენტი ვიქნები“ - ვინ არის 52 წლის აბიტურიენტი, რომელმაც ეროვნული გამოცდები ჩააბარა და უფასოდ ისწავლის - კვირის პალიტრა

"ყველაფერი მივატოვე და ნამდვილი სტუდენტი ვიქნები“ - ვინ არის 52 წლის აბიტურიენტი, რომელმაც ეროვნული გამოცდები ჩააბარა და უფასოდ ისწავლის

„ვინ დაადგინა, რომ 52 თუ 60 წლის ასაკში არ შეიძლება ვისწავლო? მე ამ მითს დავანგრევ!“ – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან გარდაბნელი 52 წლის ქალბატონი, ნონა მარტიაშვილი, რომელმაც 2022 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და სტუდენტი გახდა.

ნონა მარტიაშვილი ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ვაზიანში, პლასტმასის გადამამუშავებელ ფაბრიკაში მენეჯერად მუშაობდა. უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ კი ყველა საქმე მიატოვა და უნდა, აქტიური სტუდენტი იყოს. სანამ აქამდე მოვიდოდა, ორჯერ გახდა სტუდენტი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, სასწავლებელი ვერ დაამთავრა.

„1969 წლის 7 ნოემბერს ვარ დაბადებული. 1986 წელს დავამთავრე სკოლა. მაშინ მოდაში იყო, რომ მშობლებს რუსეთში მიჰყავდათ შვილები სასწავლებლად. 1987 წელს მეც, ოჯახთან ერთად ქალაქ ტიუმენში წავედი სასწავლებლად. სახელმწიფო სამედიცინი ინსტიტუტში ჩავირიცხე, ერთი კურსი დავხურე ფარმაციის ფაკულტეტისა. მერე მამა დამეღუპა. მაშინ საქართველოში, სამედიცინოზე გადმოსვლა ძნელი იყო და თან, მალევე მიხვდი, რომ მედიცინა ჩემი საქმე არ იყო. გადმოვედი ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში. კვლავ ერთი კურსი დავხურე და ვერც იქ ვიპოვე ჩემი ადგილი და სულ დავანებე სწავლას თავი. მერე დაოჯახება, ბავშვები… ისე მინდოდა, უმაღლესი მქონოდა დამთავრებული, 2003 წელს კვლავ ჩავაბარე მისაღები გამოცდები და ახალციხეში, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. იქაც ორი წელი ვისწავლე და ოჯახური პირობების გამო მომიწია მიტოვება – ბავშები პატარები მყავდა და მათ გამო ვერ მოვახერხე სწავლა“, – გვიყვება ნონა მარტიაშვილი.

საჯარო მმართველობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ამბობს, რომ ახლა უკვე არც იმ ასაკშია და არც იმ მდგომაროებაში, რომ რაღაცის გამო კვლავ მოუწიოს სასწავლებლის მიტოვება და მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო – უმაღლესი სასწავლებელი აუცილებლად უნდა დაამთავროს.

„გადაწყვეტილი მაქვს, აუცილებლად დავამთავრო უნივერსიტეტის ბაკალავრის საფეხური და მერე – მაგისტრატურა. 60 წელს შევხვდები მაგისტრანტის დიპლომით ხელში. აქტიურ სტუდენტობას ვაპირებ. ვივლი უნივერსიტეტში და ნამდვილი სტუდენტი ვიქნები! ჩემი ოცნება იყო, უმაღლესი დამემთავრებინა. სპეციალობა კი მქონდა – სანამ რუსეთში წავიდოდი, სამედიცინო ტექნიკუმი დავამთავრე ფრიადოსნის დიპლომით, ფარმაცევტი ვიყავი, თუმცა ამ სპეციალობით არ მიმუშავია. 2003 წლის შემდეგ აღარც მიფიქრია სტუდენტობაზე, რადგან ეროვნული გამოცდები დაიწყო, რასაც როგორც ჩინურს, ისე ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი“, – იხსენებს ჩვენთან ნონა მარტიაშვილი.

52 წლის ასაკში შემდგარ სტუდენტს ორი შვილი ჰყავს. მისმა ვაჟმა ახალციხის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წელს დაამთავრა. გოგონა კი ასევე ახალციხის უნივერსიტეტში მეორე კურსზე, იმავე ფაკულტეტზე სწავლობს, რაზეც თავად ჩაირიცხა.

„საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე სწავლობს ჩემი გოგონა. რუსული სკოლა აქვს დამთავრებული და სისტემატიურად მიწევდა, რომ დავხმარებოდი პირველ კურსზე სწავლის დროს. ეს გახდა მოტივაცია ჩემთვის, მეც ჩამებარებინა ამავე ფაკულტეტზე. მას ვთხოვე, ჩემთვის ეთხოვებინა კონსპექტები, რომლითაც ემზადებოდა. ვმუშაობდი, მაგრამ ხანდახან გადავხედავდი ხოლმე და ასე გავედი ეროვნულ გამოცდებზე. მაღალი ქულები ვერ ავიღე, მაგრამ უფასო ფაკულტეტია, სახელმწიფო აფინანსებს და შესაბამისად, უფასოდ ვისწავლი. ყველაზე მეტად ისტორიის ჩაბარება გამიჭირდა, რადგან იმ ასაკში ვარ, რომ თარიღები ცოტა რთულად დასამახსოვრებელია. უცხო ენად რუსული ჩავაბარე, თუმცა წელიწადნახევრის წინ დავიწყე ინგლისური ენის სწავლა რეპეტიტორთან და უკვე საშუალო დონეზე ვფლობ. აქამდე ვაზიანში, პლასტმასის გადამამუშავებელ ფაბრიკაში მენეჯერად ვმუშაობდი. ახლა ხელმძღვანელობას ყველაფერი უნდა გადავაბარო, ყველაფერი მივატოვო და სასწავლებლად წავიდე ახალციხეში. იქ ახლა ჩემი გოგონა და დედამთილი ცხოვრობენ“, – ამბობს ნონა.

ჩვენს კითხვაზე, საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე სწავლა მხოლოდ შვილის ფაქტორმა გადააწყვეტინა თუ რეალურად უნდა, ამ სპეციალობით მუშაობა და სახელმწიფო სამსახურში ჩართვა, ნონა მარტიაშვილმა გვიპასუხა:

„ჩვენ ყველას გვაქვს განათლებისა და განვითარების უფლება. სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, უამრავი ტრენინგი მაქვს გავლილი. საჯარო მმართველობას დავამთავრებ და მერე იქნებ კენჭიც ვიყარო თვითმმართველობის არჩევნებში, რადგან მინდა, ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გავაკეთო, რის საშუალებაც სხვა შემთხვევაში არ გაქვს ადამიანს. სკოლაში სწავლის პერიოდში „ვეფხისტყაოსანთან“ არ ვმეგობრობდი, მაგრამ ახლა ქართულის გამოცდაზე ეს ნაწარმოები ავირჩიე, რადგან ესე იყო თემაზე, რამდენად აქტუალურია დღევანდელ დღეს სამართლიანობა. სამართლიანობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ამქვეყნად და ეს აუცილებლად სჭირდებათ საჯარო მოხელეებს“. (წყარო)