რას ამბობს პროკურორი ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის მიერ წარდგენილ შეტყობინებებზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს პროკურორი ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის მიერ წარდგენილ შეტყობინებებზე?

დღევანდელ პროცესზე სრულად არაავთენტური დოკუმენტაცია იქნა წარმოდგენილი - ამის შესახებ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორმა, ნათია გურულმა განაცხადა, სასამართლოსთვის ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის მიერ მიცემული ჩვენების იმ ნაწილის კომენტირებისას, რაც ყოფილი რძლის ნელი დოროყაშვილის შეტყობინებებს ეხებოდა.

პროკურორი აცხადებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის მიმართ ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე, მათ შორის, ბრალდებულის მხრიდან მიეცა წინადადება, მის ტელეფონში არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარედგინა გამოძიებისთვის, თუმცა მას არ წარუდგენია.

პროკურორის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტაცია ვერ შეფასდება, როგორც მტკიცებულება.

პროკურორ ბურდულის თქმით, ურთიერთგანსხვავებულ გარემოებებს, თუ რომელი შეესაბამება სიმართლეს, სასამართლო დაადგენს.

"დაზარალებულმა და ბრალდებულის დედამ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. რომელი ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და რა არის თანხვედრაში საქმესთან წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, სასამართლო გადაწყვეტს.

რაც შეეხება ბრალდებულის დედის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ბრალდებულის დედას გამოძიების ეტაპზე, მათ შორის, ბრალდებულის მხრიდან მიეცა წინადადება, რომ მის ტელეფონში არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარედგინა მათთვის, თუმცა მას არ წარუდგენია და დღევანდელ პროცესზე სრულად არაავთენტური დოკუმენტაცია იქნა წარმოდგენილი. ბუნებრივია, ეს დოკუმენტაცია ვერ შეფასდება, როგორც მტკიცებულება, თუმცა ის მიმოწერა, რასაც ბრალდებულის დედა აჟღერებდა, არ არის წინააღმდეგობაში დაზარალებულის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან.

დაზარალებულმა მოგვაწოდა ის ჩანაწერები, რაც ეხებოდა უშუალოდ საქმის გარემოებებს. დაზარალებულის მიერ მოწოდებულ ჩანაწერებში არ ყოფილა დღეს ბრალდებულის დედის მიერ მოწოდებული ჩანაწერები, რაც კიდევ ერთხელ აჩენს კითხვის ნიშანს სანდოობასთან და ავთენტურობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენება მისცა. მან დეტალურად მოჰყვა ნელი დოროყაშვილთან მის ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ ყოფილ რძალთან თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

მან პროცესზე ნელი დოროყაშვილის მიერ მიწერილი შეტყობინება წაიკითხა.

"გუშინ იგივე დეპრესია დამეწყო. გიორგი ნარსიას რომ მიხსენებენ, ასე მემართება და რა ვქნა? ქორწილში ეგ რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა, ან მთელი ქორწილი მოვკვდე ტირილით. ძალიან არ მინდა ეს ჩვენი მეჯვარე იყოს. გეხვეწებით, რამე მოიფიქრეთ და უთხარით სანამ დროა ამ ოჯახს, თორემ მერე თქვენი სირცხვილი იქნება. ვერ წარმოვიდგენ მაგას ქორწილში, თან მე ძალიან მემჩნევა სახეზე ცუდად რომ ვარ და მთელი ქორწილი მოვკვდები ტირილით. ეგ თუ დარჩა მეჯვარედ. ნიკას ახალ არ ვეუბნები არაფერს, ვუთმენ სანამ ჩამოვა. რომ ჩამოვა დაელაპარაკეთ და ერთი მეჯვარე ჰყავდეს“,- წერს დოროყაშვილი ნაჭყებიას.

"ინტერპრესნიუსი"