"სპორტფოტო 2021“ - ტრადიციულად და ბადრიეს სახელზე! - კვირის პალიტრა

"სპორტფოტო 2021“ - ტრადიციულად და ბადრიეს სახელზე!

გულშემატკივრისა და მედიის გარეშე, სპორტული ასპარეზობა ხიბლსაც კარგავს, ცალკეული ეპიზოდ(ებ)ის დეტალურად ნახვა/გარჩევის დამატებით შანსსაც და საარქივო მასალაში მოხვედრის შესაძლებლობასაც. პანდემიით გამოწვეული არცთუ ხანმოკლე პაუზის დროს, სპორტის მოყვარულებმა კიდევ უფრო მეტად დააფასეს ის ადამიანები, "შეჩერებული წამის“ ფორმატში რომ აგროვებენ მათი საყვარელი გუნდებისა თუ სპორტსმენების ასპარეზობის მონაკვეთებს და რაც მთავარია - ხვალინდელ თაობებს უნახავენ დღევანდელი გამარჯვებების კადრებს. თუმცა, ფოტოკორესპონდენტებთან ერთად, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით მათაც, ვინც თავის თავზე იღებს უამრავ კარგ ფოტოს შორის საუკეთესოების არჩევას და ჩვენამდე მოტანას!

sportiiiiiiiiiiiiiiiiiii-1664991003.jpg

უკვე მერვე წელიწადია, იბეჭდება ტრადიციული და ყოველწლიური სპორტული ფოტო-კატალოგი „სპორტფოტო“, რომლის დღევანდელ პრეზენტაციას საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უმასპინძლა. ფოტო-ალმანახი, რომელიც 2021 წლის სპორტული შეჯიბრებისა და შედეგების ერთგვარი შეჯამებაა, სწორედ სეოკ-ისა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დაფინანსებით გამოიცა.

„"სპორტფოტომ“, რომლის წინამორბედიც თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური ფილმების ფესტივალი "ნიამორი“ იყო (2004 წლიდან), ამჟამინდელი ფორმატით არსებობა 2014 წლიდან დაიწყო. სწორედ, 2014 წლის სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოები გამოიცა პირველ კრებულად და იმ დღიდან, იქცა კიდეც სასიამოვნო ტრადიციად, რომელიც კარგი სტიმულია როგორც ფოტოკამერით შეიარაღებული კორესპონდენტების, ისე - სპორტსმენებისთვისაც. კატალოგის გამოცემაში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა. ტრადიციულ პარტნიორთან - საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად.

sporti123-1664991026.jpg

წინა გამოცემების მსგავსად, თემატურად წლევანდელი კატალოგიც ოლიმპიური რგოლების პრინციპით იყოფა და შესაბამისი ე.წ. "ჰაშტაგებითაც“ (მონიშვნა) სათაურდება. პირველი რგოლი - #ოლიმპიურია. ეს ბუნებრივიც არის, რადგან შარშანდელი წელი ოლიმპიური იყო, თანაც - წარმატებული და ისტორიული გამოდგა ქართველი ოლიმპიელებისთვის. ალმანახის ამ ნაწილში გამოყენებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიწოდებული ფოტოები.

ტრადიციის შესაბამისად, მეორე რგოლი ცალკეულ ავტორებს დაეთმოთ. წელს გამოცემულ კატალოგში სამი დებიუტანტია, თუმცა, ძირითადი აქცენტიც და "ჰაშტაგიც“ (#ბადრიესათვის), მიეძღვნა არაერთი თაობის სპორტული ფოტოგრაფიის მასწავლებლის - ბადრი კეთილაძის ხსოვნას. სამწუხაროდ, სწორედ 2021 აღმოჩნდა ბოლო წელიწადი, როდესაც „ბადრიემ“ (სწორედ ამ მეტსახელით იცნობდნენ ბადრი კეთილაძეს) სპორტული მოვლენების აღბეჭდვა შეძლო.

მესამე "ჰეშტაგის“ #ცისფერიმთები მიზანია შეინარჩუნოს პირვანდელი პროექტის ("ნიამორი“) თემატიკა და ცალკე რგოლს უთმობს სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სპორტის სახეობებს - ძირითადად უმაყურებლო სპორტს.

მეოთხე რგოლში - #წლისამბები, ქართული და საერთაშორისო ფედერაციების, ასევე ქართული სპორტული კლუბების მიერ მოწოდებული ფოტოებია წარმოდგენილი. ზედიზედ მესამე წელიწადია, პროექტში მონაწილეობს IJF-ის (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) რამდენიმე ფოტოგრაფი, ალმანახში წელს პირველად იქნა გამოყენებული ATP ტურისა (პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) და ISU-ს (ციგურაობის საერთაშორისო კავშირი) მოწოდებული კადრებიც.

sporti1234-1664991053.jpg

რაც შეეხება ბოლო, მე-5 რგოლს, ის პროექტის ავტორი ორგანიზაციის ა(ა)იპ "კასტირიონის“ ერთ-ერთი პროექტის, სპორტული ვებ-პორტალის (სპორტული ჰაბი) TSFF.GE-ს 2021 წლის "მოსავალს“ მოიცავს.

ელგუჯა ბერიშვილი (სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი): - 2021 წელი წარმატებული იყო ქართული სპორტისთვის და ბუნებრივია, რომ კატალოგში, უმეტესწილად, სწორედ ჩვენი სპორტსმენების წარმატებებია აღბეჭდილი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ფოტო-კატალოგზე იმუშავა და მიხარია, რომ როგორც შინაარსით, ისე - ვიზუალურად და ხარისხით გამორჩეული ალმანახის გამოცემაში, ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმაც მიიღო მონაწილეობა. სპორტულ ფოტოგრაფიას საქართველოში საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ერთ-ერთი პირველი იყო მიხეილ ზარგარიანი, რომელიც "ლელოში“ მუშაობდა და უამრავი მაღალი დონის ფოტოს ავტორია. სწორედ მისგან გადაიბარეს „ესტაფეტა“ სანდრო კოტორაშვილმა, ჯემალ კასრაძემ, ავთანდილ გურასაშვილმა, ვარლამ გენგიურმა, გურამ დოლენჯაშვილმა, ელდარ მალხაზიშვილმა და სხვებმა. ძალიან დაგვწყვიტა გული ბადრი კეთილაძის გარდაცვალებამ - კარგი კაცის, მაღალი დონის პროფესიონალის, რომელსაც არასდროს დანანებია რჩევა-დარიგება ახალგაზრდა კოლეგებისთვის...

თამარ ჯიშკარიანი (კატალოგ "სპორტფოტოს“ იდეის ავტორი): - განსაკუთრებული მადლობა კატალოგზე მომუშავე ჯგუფს, რომლებიც პირველივე დღიდან მიდგანან გვერდით - ეკა ელოშვილს, ფოტო-რედაქტორ ნინო ალავიძეს და მის მეუღლეს - ჩვენს დიზაინერ ივა ხარაძეს, რედაქტორებს - ლელა ფოცხვერაშვილს და მართა ბოკუჩავას, სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლებს, რომლებიც ინფორმაციითა თუ ფოტოებით გვამარაგებენ. მადლობა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, რომელმაც წელს ჩვენთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. ჩემმა მასწავლებელმა - გუჯა ბერიშვილმა ჩამოთვალა ფოტოგრაფები, რომლებმაც ქართული სპორტის ფოტო-მატიანე შექმნეს და მეც აუცილებლად უნდა ვახსენო ლეგენდარული "კოტორა“ - სანდრო კოტორაშვილი, რომელიც ჩემი - "ლელოში“ მისული ახალგაზრდა გოგონას პირველი მასწავლებელი იყო... ბედნიერი ვარ, რომ "სარბიელში“ მუშაობისას, ბევრი რამ ვისწავლე ბადრი კეთილაძისგან. ბადრის გადაღებული ბოლო ფოტოები საპატიო ადგილს იკავებს წლევანდელ კატალოგში. აუცილებლად უნდა ვახსენო დამწყები ფოტოგრაფი ირაკლი ინასარიძეც, რომლის გადაღებული ფოტოებიც პირველად მოხვდა ჩვენს კრებულში. ირაკლი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, ძალიან ამაყობს, რომ ბადრი კეთილაძემ მისთვისაც მოასწრო რამდენიმე ფასეული რჩევის მიცემა...

მადლობა ჩემს კოლეგებს - ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველთვის აშუქებენ ჩვენს მოწყობილ გამოფენებსა თუ ტურნირებს. პირობას გაძლევთ, რომ ტრადიციული მედია-ტურნირები მომავალშიც გაგრძელდება.

ბუნებრივია, რომ 2021 წელს ქართველი სპორტსმენების მიღწეულ წარმატებებს კატალოგში ცალკე თავი ეძღვნება. გარდა იმისა, რომ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან ერთად, ფინანსურად ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც დაგვეხმარა, სეოკ-მა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გადაღებული უნიკალური ფოტოებიც (თამუნა ყულუმბეგაშვილის და ლაშა კუპრაშვილის გადაღებული) მოგვაწოდა. კატალოგში შევიდა ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბების მოწოდებული ფოტოებიც, ასევე - ციგურაობის ფედერაციის და სხვ. აღსანიშნავია, რომ მომდევნო კატალოგში სწორედ ჩვენი მოციგურავეების წარმატებებს დაეთმობა საკმაოდ დიდი ადგილი, ისევე, როგორც თბილისში გამართულ "ევრობასკეტ-2022“-ის ფოტო-კადრებს. ვგეგმავთ, ჩვენი კატალოგის ერთ-ერთ რგოლად გავაცოცხლოთ ძველი თაობის ფოტოგრაფების ნამუშევრებიც...

ეკა ელოშვილი (კატალოგ "სპორტფოტოს“ იდეის თანაავტორი): - მეც მადლობას ვეტყვი ყველას, ვისი ფოტოც დაიბეჭდა წლევანდელ კრებულში. ეს ადამიანები არამხოლოდ თავის, ქართული სპორტის საქმესაც აკეთებენ. მომავალი წლის კატალოგზე მუშაობა უკვე დაწყებულია და დარწმუნებული ვართ, რომ "სპორტფოტო-2022“ კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. სპორტულმა სამყარომ ბევრი მოიგო 2021 წელს, მაგრამ ბევრიც დაკარგა ჩვენი კოლეგის და მეგობრის - ბადრი კეთილაძის სახით. წლევანდელი ალმანახი სწორედ ბადრის ხსოვნას ეძღვნება...