"აშშ-ის სპეცსამსახურები თვლიან, რომ დარია დუგინას მკვლელობაში უკრაინა მონაწილეობდა" - კვირის პალიტრა

"აშშ-ის სპეცსამსახურები თვლიან, რომ დარია დუგინას მკვლელობაში უკრაინა მონაწილეობდა"

ბრიტანული "ბი-ბი-სის" რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსში" (The New york Times) დაბეჭდილი სტატიის მოკლე შინაარსს სათაურით "აშშ-ის სპეცსამსახურები თვლიან, რომ დარია დუგინას მკვლელობაში უკრაინა მონაწილეობდა".

როგორც ამერიკული გაზეთის ავტორები - ჯულიან ბარნსი, ადამ ენტუსი და მაიკლ შვიტცი აღნიშნავენ, აშშ-ის სპეცსამსახურების წყაროების ცნობით, 20 აგვისტოს ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაღუპული მარია დუგინას მკვლელობა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების მიერ იყო სანქცირებული. აშშ მკვლელობის გეგმის განხორციელებაში არანაირად არ მონაწილეობდა - არც სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაში და არც რამე დახმარების გაწევაში. ვაშინგტონი ირწმუნება, რომ ოპერაციის გეგმაზე წინასწარ არაფერი იცოდნენ და რომ სცოდნოდათ, უკრაინელებს მისი რეალიზების ნებას არ მისცემდნენ.

აშშ-ის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ამერიკამ უკვე გამოხატა უკრაინასთან თავისი უკმაყოფილება დარია დუგინას მკვლელობაზე. როგორც "ნიუ-იორკ ტაიმსი" წერს, აშშ-ის მთავრობა იმედგაცრუებულია იმით, რომ უკრაინა ყოველთვის არ მიიჩნევს საჭიროდ, ვაშინგტონს წინასწარ აცნობოს თავისი სამხედრო გეგმები და განსაკუთრებით - ის საიდუმლო ოპერაციები, რომელთა განხორციელება რუსეთის ტერიტორიაზეა განზრახული.

ომის დაწყებიდან უკრაინის სპეცსამსახურებმა არა ერთხელ მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ მათ რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიების მოწყობა ნამდვილად შეუძლიათ, მაგრამ დარია დუგინას მკვლელობა იმის მანიშნებელია, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს რუსეთის ხელისუფლების ცნობილ მაღალჩინოსნებამდე მიწვდომაც შეუძლიათ.

როგორც "ნიუ-იორკ ტაიმსის" სტატიაშია ნათქვამი, ამერიკის კომპეტენტურმა სპეციალისტებმა თავიანთი გამოძიების მასალები მთავრობას გასულ კვირას წარუდგინეს. ამასთან, გამოძიების დასკვნაში არ არის ნაჩვენები, თუ ვის შეეძლო "მწვანე შუქი" აენთო ოპერაციის განსახორციელებლად და მისცა თუ არა თანხმობა დარია დუგინას მკვლელობაზე უშუალოდ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ამერიკელ ჩინოვნიკებს არ აქვთ სრული სურათი იმისა, თუ ვინ ვისი კონკურენტია უკრაინის მთავრობაში, არმიაში, სპეცსამსახურებში და პრეზიდენტის ოფისში. ალბათ, ამიტომაც შესაძლოა, მთავრობის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა დაგეგმილი სპეცოპერაციის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა ვალდებული იყო, საქმის კურსში ყოფილიყო".

უკრაინა მკვლელობაში თავის მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს. როგორც პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხეილ პოდოლიაკი აცხადებს, "უკრაინის გეგმებში დარია დუგინას მკვლელობა არ შედიოდა - არც ტაქტიკური და არც სტრატეგიული მიზნებით... ჩვენ რუსეთში უფრო სხვა სამიზნეები გვაქვს - რუსი სამხედროები, კოლაბორაციონისტები და სხვები. დუგინასნაირები არ გვაინტერესებს".

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ხელისუფლებაში ბევრი თვლის, რომ ტერაქტის ნამდვილი სამიზნე დარია დუგინა კი არა, მამამისი - ალექსანდრე დუგინი იყო, მაგრამ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ოპერაციაში იყო დაგეგმილი.

რა თქმა უნდა, ერთი ქვეყნის საიდუმლო ოპერაციის მეორე ქვეყნის მთავრობაში განხილვა მიღებული არ არის, მაგრამ, როგორც გაზეთის ჟურნალისტები აღნიშნავენ, აშშ-ის ოფიციალურ წრეებში თვლიან, რომ აუცილებელია, უკრაინელებმა შეწყვიტონ "სახიფათო ავანტიურიზმი, განსაკუთრებით კი - მკვლელობები პოლიტიკური მოტივებით".

ამასთანავე, ამერიკელი ჩინოვნიკები ხაზს უსვამენ, რომ ამ არასასიამოვნო ინციდენტის მიუხედავად, აშშ-ისა და უკრაინის ურთიერთობა მტკიცე რჩება: "ვაშინგტონი კვლავ აგრძელებს კიევისადმი სადაზვერვო, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ