როგორ სასახლეებში ცხოვრობდნენ ქართველი მეფეები - კვირის პალიტრა

როგორ სასახლეებში ცხოვრობდნენ ქართველი მეფეები

თბილისი ცამეტი საუკუნის განმავლობაში ფეოდალური ქვეყნის დედაქალაქი იყო და მეფის რეზიდენციას წარმოადგენდა. ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენი სასახლე აიგებოდა ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ მტრის განუწყვეტელი შემოსევების შედეგად ბევრი სასახლე სერიოზულად ზიანდებოდა.

უკანასკნელი სასახლე თუ სასახლეები, ალბათ, აღა-მაჰმადხანის შემოსევას შეეწირა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქში, მეფის ქართული სასახლის გარდა, იქნებოდა მეფის კარის დიდ მოხელეთა და ფეოდალთა სასახლეებიც, მაგრამ ბევრი მათგანი განადგურდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. თუ რამე არის, ესაა გვიანი საუკუნეების მცირე ფრაგმენტები.

სასახლე თავისთავად მრავალნაირი იყო. პირველ რიგში აღსანიშნავია მეფის, შემდეგ კათალიკოსის, ეპისკოპოსისა და დიდებულთა სასახლეები. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სასახლე სხვადასხვა დანიშნულებისა იყო.

კერძოდ, იყო საზაფხულო და საზამთრო, აგრეთვე - სანადირო სასახლეც. ფეოდალური ხანის შუა პერიოდიდან მეფეთა ორი სასახლის ნაშთებია შემორჩენილი. ერთი მათგანი გეგუთისაა, ხოლო მეორე – ნადარბაზევი. ორივე შესამჩნევადაა დაზიანებული.

ნადარბაზევი

310627028-1072468833634687-3233727139480879487-n-1665124222.jpg

ნადარბაზევი ქვემო ქართლში, მდ. ჭივჭავის ნაპირზეა. მის შესახებ ვკითხულობთ, რომ მდ. ჭივჭივაზე, ხილიან და ვენახოვან გარემოში „არს ნადარბაზევი, თამარ მეფის ნასასახლევი“. გათხრებმა აჩვენა, რომ ამ ადგილზე X-XIII საუკუნეებში ცხოვრობდნენ. ოვალური გალავნის შიგნით გადარჩენილა სასახლე, დამხმარე ნაგებობა, წყარო, მაღალი საინჟინრო ტექნიკით შესრულებული კერამიკული წყალსადენი და სხვა ნაგებობათა ფრაგმენტები.

ეს დარბაზი ვიღაც დიდებულის მიერ იყო აგებული, ხოლო გვიან შეიძლება თამარ მეფის მფლობელობაში გადავიდა და საზაფხულო რეზიდენციის დანიშნულება მიიღო.

გეგუთის სასახლე

310700953-409870438007556-2112905234746529418-n-1665124222.jpg

გეგუთის სასახლე ქუთაისიდან ხუთიოდე კილომეტრზე, სოფელ გეგუთის მიდამოებშია. იგი ძალზე დაზიანებული ნაგებობაა, ამიტომ მასზე მკაფიო წარმოდგენის შექმნა ძნელია.

ისტორიულ წყაროებში გეგუთი იხსენიება XII ს-ის დასაწყისიდან, მაგრამ იქ მაშინ სასახლე იდგა თუ არა, ეს არ ჩანს. მეფე გიორგი III-ის დროს კი გეგუთი სხვადასხვა კონტექსტში იხსენიება, საიდანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ იგი პერიოდულად იქ ცხოვრობდა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ გეგუთი დასასვენებლად, სააგარაკოდ და, ალბათ, სანადიროდაც იყო განკუთვნილი. იმავე მემატიანეებთან ვიგებთ, აგრეთვე, რომ თამარ მეფეც, სხვადასხვა დროს, გეგუთში ცხოვრობდა.

გუმბათოვანი დარბაზის ოთხივე მხარეს მრავალი სხვადასხვა სახის ოთახია. ერთ-ერთ მათგანში დიდი ბუხარიცაა. სასახლის გარე მასების თავდაპირველი სახის წარმოდგენა ძნელია. ჩანს, რომ შენობა იდგა სამი მეტრის სიმაღლის ცოკოლზე, თვით კედლები აგურით იყო ნაგები. თუ იგი გარედან ქვით იყო მოპირკეთებული, შიგნიდან შელესილი და მოხატული იქნებოდა.

შეიძლება წარმოვიდგინოთ, რამდენად ბრწყინვალე იქნებოდა მოხატული დარბაზი, რომლის სიგრძე სამ ათეულ მეტრს უახლოვდება, ხოლო სიმაღლით 20 მეტრია. ქვისა და აგურის ფასადებს აგვირგვინებდა ცისფრად და მუქმწვანედ მოჭიქული კრამიტებით დაფარული სახურავი.

ფეოდალთა სასახლეები

310411922-1159555767977179-9219722541342768749-n-1665124222.jpg

ჭერემის ნაქალაქარი

ფეოდალთა სასახლეები გაცილებით მეტია შემორჩენილი, მაგრამ მათგან უკეთ შესწავლილია კახეთის, ისიც - ძეგლების გათხრებისა და გაწმენდის გარეშე. ამ ტერიტორიაზე შემორჩენილი ფეოდალთა ციხე-დარბაზებიდან სასახლის ნიმუშებს წარმოადგენენ კვეტერა, ვაჩნაძიანი, ვანთა, ველისციხე, თიანეთი და სხვ. ფეოდალთა ამ სასახლეებიდან არაფრით განსხვავდება იმავე პერიოდში ისეთ საეპისკოპოსო ცენტრში შემორჩენილი სასახლეები, როგორებიცაა ნეკრესი და ჭერემი. ეს სასახლეები VIII-IX საუკუნეებით თარიღდება და ჰგავს კიდეც ერთმანეთს. მაგალითად, ორივე ორსართულიანია. პირველი სართული დამხმარე იყო, მეორე კი საცხოვრებელი და საზეიმო. ციხეებში სარკმელთა ღიობი მინიმუმამდეა დაყვანილი, სასახლეებში – მაქსიმუმამდე აყვანილი.

ამ ძალიან საინტერესო თემაზე და ზოგადად, ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიის შესახებ წაიკითხავთ „საქართველოს ისტორიის პალიტრის“ მეცხრე ტომში, რომელიც 10 ოქტომბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა და გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში, სპეციალურ ფასად - 13 ლარად, გაზეთთან ერთად კი - 15 ლარად გაიყიდება.

უნიკალური პროექტი ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობით და 20-ზე მეტი ისტორიკოს-მკვლევრის ავტორობით, გამომცემლობა „პალიტრა L”-მა საქართველოს ისტორიის 15-ტომეულის სახით გამოსცა. სერიის წიგნები თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება.

მეცხრე ტომი - „ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია“ ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების წერტილებში. ასევე, გამოწერა შესაძლებელია საიტიდანაც http://www.palitral.ge.

15-ტო­მე­ულ­ში გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბე­ბი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან და­ი­წყე­ბა და უახ­ლეს პე­რი­ო­დამ­დე მოვა. ეს იქ­ნე­ბა მარ­თლაც სა­ქარ­თვე­ლოს პა­ლიტ­რა, მთე­ლი თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი თე­მე­ბით: მო­ნე­ბით ვაჭ­რო­ბა, კვე­ბის, ჩაც­მის, მე­დი­ცი­ნის, ვაჭ­რო­ბის, ზღვა­ოს­ნო­ბის თუ ეპი­დე­მი­ე­ბის ის­ტო­რია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა.

თეა ინასარიძე