"ვლადიმერ პუტინის 70 წელი: შვიდი გარდამტეხი მომენტი რუსეთის პრეზიდენტის ცხოვრებიდან" - რას წერს BBC Russian? - კვირის პალიტრა

"ვლადიმერ პუტინის 70 წელი: შვიდი გარდამტეხი მომენტი რუსეთის პრეზიდენტის ცხოვრებიდან" - რას წერს BBC Russian?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური (BBC russian) რუსეთის პრეზიდენტის დაბადების 70-წლიან იუბილესთან დაკავშირებით აქვეყნებს ცნობილი ბრიტანელი პოლიტოლოგის, პროფესორ მარკ გალეოთის სტატიას სათაურით - „ვლადიმერ პუტინის 70 წელი: შვიდი გარდამტეხი მომენტი რუსეთის პრეზიდენტის ცხოვრებიდან“. აქვე ვიტყვით, რომ მარკ გალეოთი ავტორია წიგნისა - „ვისაუბროთ პუტინზე“. ამჟამად, ლონდონში მზადაა დასაბეჭდად მისი კიდევ ერთი ახალი წიგნი - „პუტინის ომი“.

სტატიაში მარკ გალეოთი ცდილობს განმარტოს, თუ როგორ გადაიქცა რუსეთის ლიდერი რეალური ცხოვრებიდან მოწყვეტილ ავტოკრატად და უკრაინაში კატასტროფული შეჭრის ინიციატორად. ვლადიმერ პუტინის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა მისი ცხოვრების შვიდმა გარდამტეხმა მომენტმა, რომლებიც, ასევე, განმარტავენ დასავლეთისაგან მისი მზარდი გაუცხოება-გარიყვის მიზეზებს.

ვარჯიში ძიუდოში, 1964 წელი

1952 წელს ლენინგრადში დაბადებული ვლადიმერ პუტინი - ქალაქში, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული მეორე მსოფლიო ომისდროინდელი, 872-დღიანი ბლოკადისას მიღებული ჭრილობები - სკოლაში საკმაოდ კუშტი და მეომრულად განწყობილი ბიჭი იყო. როგორც მისი საუკეთესო მეგობარი იხსენებდა, „მას ჩხუბი ყველასთან შეეძლო, უკან არ იხევდა“ და „შიშს არ გრძნობდა“.

და მაინც, უშიშარ და, იმავდროულად, გამხდარ და უხეშ ბიჭს ქალაქში, რომელიც ქუჩის ბანდებით იყო სავსე, ფიზიკურად თავის დაცვა უნდა შეძლებოდა. სწორედ ამიტომ მან ჯერ სამბოში („სამოობორონა ბეზ ორუჟია“ - თავდაცვა იარაღის გარეშე) დაიწყო ვარჯიში, შემდეგ კი - ძიუდოში (იაპონურ ჭიდაობაში). ვლადიმერ პუტინი გაბედული და დისციპლინიანი იყო და 18 წლისათვის მას უკვე ჰქონდა „შავი ქამარი" და ეროვნული გუნდების ტურნირში იუნიორთა შორის მესამე ადგილი დაიკავა.

რა თქმა უნდა, მოგვიანებით ძიუდოთი ვლადიმერ პუტინის გატაცება მისი, როგორც ნამდვილი მაჩოს („ძლიერი მამაკაცის“) სახედ იქცა. იმავდროულად, განმტკიცდა მისი რწმენა, რომ ხიფათით სავსე მსოფლიოში საკუთარ თავში უნდა იყო დარწმუნებული და უნდა გააცნობიერო ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: „როცა ჩხუბი გარდაუვალია, პირველი შენ უნდა დაარტყა და ისე ძლიერად უნდა დაარტყა, რომ შენი მეტოქე ფეხზე ვეღარ წამოდგეს“.

სამუშაოს ძებნა კა-გე-ბეში, 1968 წელი

უსაქმოდ ხეტიალს ლიტეინის პროსპექტზე, ოთხ ნომერში, ქალაქის ყველაზე მაღალ შენობაში, სადაც ლენინგრადის კა-გე-ბეს შტაბ-ბინა მდებარეობდა, ადამიანები უფრთხოდნენ. სტალინურ წლებში კა-გე-ბეს საკნებში დაკითხვა და შემდეგ „გულაგებში“ პატიმრობა იმდენმა ლენინგრადელმა გამოსცადა, რომ ქალაქელები მწარედ ხუმრობდნენ კიდეც - „დიდი სახლის სარდაფებიდანაც კი ციმბირი მოჩანს“.

ამის მიუხედავად, 16 წლის ვლადიმერ პუტინი კა-გე-ბეს წითელფიანდაზიან მისაღებში მივიდა და საკმაოდ გაოცებულ ოფიცერს ჰკითხა, თუ როგორ შეიძლებოდა სამსახური დაეწყო. მას უთხრეს, რომ ჯერ სამხედრო სამსახური უნდა გაიარო, ისწავლო და სამეცნიერო წოდება უნდა მიიღოო. აუხსნეს, რომ ყველაზე კარგი იურისპრუდენციის დაუფლება იქნებოდა.

იმ მომენტიდან ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, იურიდიული განათლება მიეღო, მოგვიანებით კი - კა-გე-ბეში მუშაობაც დაიწყო. ქალაქელი ხულიგნის - პუტინისათვის კა-გე-ბე, შეიძლება ითქვას, უდიდეს და უძლიერეს ბანდას წარმოადგენდა, რომელიც „უსაფრთხოების დაცვას“ უზრუნველყოფდა. ამ უწყებაში კარიერული წინსვლა იმასაც კი შეეძლო, ვინც პარტიასთან არ იყო დაკავშირებული. რასაკვირველია, კა-გე-ბეში მუშაობა პერსპექტივასაც ნიშნავდა. როგორც ერთხელ თვითონ ვლადიმერ პუტინმა თქვა ერთ-ერთ ჯაშუშურ ფილმზე, რომელსაც მოზრდილ ასაკში უყურა, - ერთ ჯაშუშს ათასობით ადამიანის ბედის გადაწყვეტა შეუძლიაო.

ბრბოს ალყაში, 1989 წელი

ვლადიმერ პუტინის ყველა იმედის მიუხედავად, მისი კარიერა კა-გე-ბეში მაინცდამაინც „ზემოთ“ არ მიდიოდა. იგი კარგ და მაგარ „საშუალო დონის“ პროფესიონალად ითვლებოდა, მაგრამ მწვერვალზე ვერ ავიდა. და მაინც, მან ისწავლა გერმანული ენა და 1985 წელს დრეზდენში (ყოფილ გდრ-ში), კა-გე-ბეს განყოფილებაში ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნა. იგი საკმაოდ კომფორტულად მოეწყო, მაგრამ 1989 წლის ნოემბერში აღმოსავლეთგერმანულმა რეჟიმმა დანგრევა დაიწყო, თანაც შოკისმომგვრელი სისწრაფით.

5 დეკემბერს ადამიანთა ბრბომ საბჭოთა კა-გე-ბეს დრეზდენის რეზიდენტურის შენობას ალყა შემოარტყა. ვლადიმერ პუტინი განუწყვეტლივ რეკავდა საბჭოთა არმიის უახლოეს გარნიზონში და დახმარებას ითხოვდა, მაგრამ იქიდან მას უმწეოდ პასუხობდნენ: „ვერაფერს გავაკეთებთ მოსკოვის ბრძანების გარეშე, მოსკოვი კი დუმს“.

ვლადიმერ პუტინი მომსწრე გახდა ცენტრალური ხელისუფლების უეცარი კრახისა და გადაწყვიტა, არასოდეს გაემეორებინა ის, რაც, მისი აზრით, იმდროინდელი საბჭოთა ლიდერის - მიხეილ გორბაჩოვის კატასტროფულ შეცდომას წარმოადგენდა, კონკრეტულად კი ის, რომ როცა მთავრობას ოპოზიცია ეჯახება, ხელისუფლებამ სწრაფად და გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს.

„ნავთობის გაცვლა სურსათზე“, 1992 წელი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვლადიმერ პუტინი კა-გე-ბედან წავიდა, მაგრამ სულ მალე სანქტ-პეტერბურგად წოდებული მშობლიური ქალაქის ახალი რეფორმატორი მერის - ანატოლი სობჩაკის თანაშემწედ დაინიშნა.

რადგანაც ეკონომიკა „თავისუფალი ვარდნის“ პროცესში იმყოფებოდა, პუტინს დაავალეს, უზრუნველყო გარიგების დადება თანაქალაქელთა დასახმარებლად, რომ მათ მძიმე პერიოდი როგორმე გადაეტანათ - გაცვლილიყო 100 მილიონი დოლარის ნავთობი და ლითონი სურსათ-სანოვაგეზე.

სანქტ-პეტერბურგის მოსახლეობას სურსათი თვალით არ უნახავს: სისხლის სამართლის საქმე კი აღიძრა, მაგრამ ხელისუფლებამ მალე დახურა. როგორც ამბობენ, ფული ვლადიმერ პუტინმა და მისმა მეგობრებმა - აწ უკვე ქალაქის გავლენიანმა ბანდიტებმა ჩაიჯიბეს.

„ავბედით“ 1990-იან წლებში ვლადიმერ პუტინი სწრაფად მიხვდა, რომ სრულიად შესაძლებელია პოლიტიკური გავლენის მონეტიზირება - ფულად ქცევა, ხოლო ბანდიტების - სასარგებლოდ, მოკავშირეებად გარდაქმნა. როცა ყველა მის ირგვლივ საკუთარი მდგომარეობით სარგებლობდა, თვითონ რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი?

შეჭრა საქართველოში, 2008 წელი

როცა ვლადიმერ პუტინი 2000 წელს რუსეთის პრეზიდენტი გახდა, მას იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთთან პოზიტიური ურთიერთობის აწყობას შეძლებდა - რასაკვირველია, მოსკოვის პირობების გათვალისწინებით, რუსული გავლენის სფეროებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. თუმცა მალე მას იმედები გაუცრუვდა, შემდეგ კი გაბოროტდა - ფიქრობდა, რომ ყველაფერი დასავლეთის ხრიკები იყო, რომელსაც რუსეთის იზოლირება და დამცირება სურდა.

როცა საქართველოს პრეზიდენტმა - მიხეილ სააკაშვილმა თავისი ქვეყნის ნატოში შეყვანა გადაწყვიტა, ვლადიმერ პუტინი გაბრაზდა. მან საქართველოში შეჭრისათვის ისარგებლა მიხეილ სააკაშვილის მცდელობით, კონტროლი აღედგინა ქვეყნის სეპარატისტულ რეგიონზე - სამხრეთ ოსეთზე, რომელსაც მხარს რუსეთი უჭერდა.

რუსეთის არმიამ საქართველოს არმია ხუთ დღეში გაანადგურა.

დასავლეთმა რუსეთის ნაბიჯის გამო შეშფოთება და აღშფოთება გამოხატა, მაგრამ უკვე ერთი წლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა - ბარაკ ობამამ რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ ინიციატივა წამოაყენა. მოსკოვმა ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებაც კი მიიღო.

ვლადიმერ პუტინისათვის გასაგები გახდა, რომ მან სწორი მეთოდი შეარჩია - სუსტი და მერყევი დასავლეთი ბევრს იხმაურებს, მაგრამ, საბოლოოდ, მტკიცე ნებისყოფის წინაშე უკან დაიხევს.

პროტესტები მოსკოვში, 2011-2013 წლები

ფართოდ გავრცელებულია აზრი, რომელიც ნდობას იმსახურებს - 2011 წლის საპარლამენტო არჩევნები რუსეთში გაყალბებული იყო, რომელმაც პროტესტი გამოიწვია, შემდეგ კი მოსახლეობის მღელვარება გაძლიერდა, როცა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას წამოაყენებდა.

მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციები ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს. იგი თვლიდა, რომ მიტინგები დაგეგმა, წააქეზა და კრემლის წინააღმდეგ მიმართა ვაშინგტონმა. ვლადიმერ პუტინმა ამ ყველაფერში კონკრეტული პიროვნება - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაადანაშაულა. მისთვის ეს გარემოება უკვე იმის დამმოწმებელი იყო, რომ დასავლეთმა ნიღაბი ჩამოიხსნა, ამერიკა პიროვნულად მის წინააღმდეგ გამოდის და თავისი არსით, დასავლეთი რუსეთის მიმართ ომის მდგომარეობაშია.

იზოლაცია კოვიდისაგან, 2020-2021 წლები

როცა პლანეტაზე კორონავირუსის პანდემია გავრცელდა, ვლადიმერ პუტინი ღრმა იზოლაციის რეჟიმში გადავიდა - ისეთში, რომელიც ავტოკრატიული ლიდერებისთვისაც კი უჩვეულოდ გამოიყურებოდა. ყოველი ადამიანი, ვინც კი მას უნდა შეხვედროდა, ორი კვირის განმავლობაში კარანტინში უნდა ყოფილიყო, შემდეგ, დაცვის ქვეშ, დეზინფექტანტებით გაჯერებულ სპეციალურ დერეფანში გაივლიდა, მიკრობების გამანადგურებელი ულტრაიისფერი დასხივების ქვეშ. ამ პერიოდში მკვეთრად შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც პრეზიდენტთან შეხვედრის უფლება ჰქონდა. დარჩნენ მხოლოდ მლიქვნელები და თანამოაზრე „ქორები“.

არ ჰქონდა რა ალტერნატიული აზრის მოსმენის შესაძლებლობა და თითქმის ვერ ხედავდა ქვეყნის ნამდვილ მდგომარეობას, ვლადიმერ პუტინმა, როგორც ჩანს, თავისი ყველა ვარაუდი და განზრახვა სწორად მიიჩნია, ხოლო ყველა ჭორი და ცრურწმენა - გამართლებულად. ასე იქნა დათესილი მარცვალი, რომელიც შემდეგ უკრაინაში შეჭრად გადაიზარდა.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ