როდის  გამოვავლენთ აგენტებს:  ლუსტრაციის პროცესის დადებითი და უარყოფითი შედეგები - კვირის პალიტრა

როდის  გამოვავლენთ აგენტებს:  ლუსტრაციის პროცესის დადებითი და უარყოფითი შედეგები

არ დაგიმალავთ: ლუსტრაციის ურთულესი პროცესის შესახებ საუბრისგან დიდი ხნის მანძილზე თავს ვიკავებდი, რათა ისედაც ვულკანის ლავასავით მოთუხთუხე საქართველოში დაპირისპირების ახალი იმპულსი არ შემეტანა. თუმცა ნათქვამია: "კაცმა მალა, მალაო, ჭირმა თავი არ დამალაო". ციხიდან სუს–ის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი „იკბინება“ მწარედ, აქედან ოპოზიცია პირდაპირ ასახელებს „კრემლის აგენტებს“ – ხელისუფლება კი „ოლიმპიური სიმშვიდით“ უყურებს ამას, თითქოს ეს ყველაფერი მას არ ეხებოდეს.

ამ უკანასკნელ პერიოდში ქართულ პოლიტიკურ სივრცეში „მოსკოვისა“ და „ვაშინგტონის“ აგენტების „გამოვლენის“ ირგვლივ ატეხილმა აურზაურმა დამარწმუნა, რომ ლუსტრაციის პროცესის პოზიტიურ და ნეგატიურ შედეგებზე ღია მსჯელობა აუცილებელია.

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში კარგა ხანია დამკვიდრდა ლუსტრაციის კანონის მოთხოვნისა და აგენტების გამოვლენის მოდა. ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა, რომ არა გაუმართლებელი აჩქარება და ფართო საზოგადოებრივი განხილვისგან თავის არიდება.

სხვადასხვა პარტიების ლიდერების მიერ ერთმანეთის "კრემლის" აგენტობაში დადანაშაულების "მოდა" ქართულ პოლიტიკაში გასული საუკუნის 80 იანი წლების ბოლოდან დამკვიდრდა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა მაგრამ კა-გე-ბეს არქივების შესწავლისა და მისი აგენტურის ლუსტრაციის პრობლემა კვლავ გადაუჭრელია.

ამ საკითხების გადაწყვეტისას, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებაც გვიჩვენებს, ძალზე ბევრ "წყალქვეშა რიფებს" შეიძლება წავაწყდეთ და ჩვენი "ისტორიული სამართლიანობის ხომალდი, რომ არ ჩაგვეძიროს, ჯერ უნდა განისაზღვროს, რა მიზნის მიღწევა გვინდა და შემდეგ დავსახოთ კონკრეტული, კარგად გააზრებული პოლიტიკა.

მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით არ შეიძლება ლუსტრაციის სოციალურ-პოლიტიკურად და ზნეობრივად ურთულესი საკითხის გადაჭრა. სავსებით მოსალოდნელია რომ ლუსტრაციის პროცესის ნაჩქარევად დაწყება, სახელმწიფო საიდუმლოებების დაუფიქრებელი გამჟღავნება ან საზოგადოებაში ახალი დაპირისპირების პროვოცირება კარგად გამოიყენონ ჩვენმა მტრებმა. ლუსტრაციის, როგორც ყველა სხვა რთული პოლიტიკური, მორალური და იურიდიული პრობლემის გადაჭრა ლოგიკურ თანმიმდევრობას და საღ განსჯას მოითხოვს. უპირველესად გასარკვევია, თუ როგორია სუკ-ის არქივების დღევანდელი მდგომარეობა, რა რეალური ბაზა გაგვაჩნია ლუსტრაციის პროცესის დასაწყებად და რა დოკუმენტურ წყაროებს უნდა ვენდოთ. რა კრიტერიუმებით, სამართლებრივი ბაზით და რომელი არქივებით უნდა ვისარგებლოთ აგენტების დასახელებისას? ვინ უხელმძღვანელებს ლუსტრაციის პროცესს? სპეცსამსახურების არქივები წარსულის შესწავლის უმთავრესი მატერიალური წყაროა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის შემთხვევაში. ტოტალიტარული რეჟიმების არქივების შესწავლას არა მარტო ისტორიული, არამედ დიდი პრაგმატული მნიშვნელობაც აქვს ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის. ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი დიდწილად ისტორიულ არქივებთან დამოკიდებულებითაც განისაზღვრება: თუ ქვეყნის ხელისუფლება საზოგადოებას არ უმალავს წარსულის ამსახველ ისტორიულ დოკუმენტებს (რაც არ უნდა მძიმე იყოს ის!), ამ შემთხვევაში დემოკრატიულობის მაღალ სტანდარტთან გვაქვს საქმე და პირიქით.

ჩვენ გვჭირდება არა პოპულიზმი და მოჩვენებითი პატრიოტობა, არამედ სიმართლე და პროფესიონალიზმი.

ლუსტრაციის პროცესის დაწყებამდე კარგად უნდა შევისწავლოთ სპეცსამსახურების არქივებთან და ლუსტრაციასთან დამოკიდებულება სხვადასხვა ქვეყანაში.

დიდი ბრიტანეთი.

1998 წელს დიდ ბრიტანეთში შეიქმნა სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს სპეცსამსახურის არქივებში დაცული დოსიეების მოქალაქეებისათვის გაცნობის შესახებ. არქივებში წინასწარი მონაცემებით, ბრიტანეთის კონტრდაზვერვას (მი-5) მილიონამდე მოქალაქის დოსიე აქვს. რომლებიც ძირითადად ”ცივი ომის” პერიოდშია შედგენილი. ბრიტანეთში 1984 წლიდან მოქმედებდა “ინფორმაციის დაცვის”კანონი, რომლის თანახმადაც, მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ, გასცნობოდნენ მათზე შედგენილ დოსიეებს - სპეცსამსახურის არქივებში არსებული დოკუმენტების გარდა.

მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით კი, სპეცტრიბუნალებს ამის უფლებაც ექნებათ. ბრიტანეთში ბევრს მიაჩნია, რომ სპეცსამსახურების საიდუმლო ინფორმატორების შესახებ ინფორმაცია კვლავ საიდუმლოდ უნდა დარჩეს, ხოლო ის დოსიეები, რომელთაც ოპერატიული მნიშვნელობა უკვე დაკარგეს და მხოლოდ ისტორიულ ღირებულებასღა წარმოადგენენ, მხოლოდ მათში დასახელებული პირების (ან მათი ოჯახის წევრების) მოთხოვნის შემთხვევაში უნდა “გაიხსნას”.

გერმანია- ბრძოლა “შტაზის” არქივებისათვის

სპეცსამსახურების არქივების შესახებ არსებულ მრავალ საინტერესო ისტორიაში, მაინც გამორჩეულია ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს (“შტაზის”) არქივების გადარჩენის ფაქტი.

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (ცსს), „ბერლინის კედლის“ დანგრევის შემდეგ, გათვალა რა აღმოსავლეთ გერმანიის მოსალოდნელი უსწრაფესი კრახი, დაგეგმა და განახორციელა ოპერაცია კოდური სახელწოდებით “ვარდი ხე”. მაშინ, ვინც ტელევიზიით თვალს ვადევნებდით 1990 წლის 15 იანვარს ბერლინის ქუჩებში მიმდინარე მრავალათასიან მიტინგს და შემდეგ ეგზალტირებული დემონსტრანტების მიერ მათთვის საძულველი უშიშროების სამინისტროში შეჭრას, ამერიკის დაზვერვის ამ ოპერაციის თვითმხილველები გავხდით.

alada2-1665129391.jpg

მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვა, რომ სამუშაო კაბინეტებში შეჭრის და სეიფების დამტვრევის პარალელურად, დემონსტრანტებში შერეულმა ცსს-ს აგენტებმა შეძლეს გდრ-ის უშიშროების სამინისტროს საიდუმლო არქივების და აგენტურული კართოტეკის კომპიუტერული ვარიანტების (ვერსიების) ხელში ჩაგდება. ამჟამად ცსს-ს შტაბბინაში (ლენგლი) ინახება “შტაზის” არქივებიდან გამოტანილი 500 ათასზე მეტი სააღრიცხვო ბარათი.

2000 წელს აშშ-ს ცსს-მ გერმანიის ფედერალური კანცელარიის კაბინეტს გადასცა რამდენიმე ლაზერული კომპიუტერული დისკი, სადაც ათასობით ფაილზე ჩაწერილი იყო “შტაზის” აგენტურული კართოტეკის ძირითადი ოპერაციები დასავლეთ გერმანიის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, აგენტთა გვარები,

alada-1665129424.jpg

გადარჩენილი „შტაზის“ არქივები

ოპერატიული ფსევდონიმები, ბიოგრაფიული და სხვა მონაცემები. აშშ-სა და გერმანიის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით ვერ თანხმდებიან “შტაზის არქივების” ბედზე. გერმანიის მხარე მოითხოვს არქივების მთელი მოცულობის უპირობო გადაცემას, ხოლო ამერიკელები თანახმა არიან მხოლოდ დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე მოქმედი აგენტების დოსიეების გადაცემაზე.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ გერმანიის გაერთიანების შემდეგ ყოფილი “შტაზის” ხელმძღვანელები (ერიჰ მილკე და მარკუს ვოლფი), სხვა მაღალჩინოსნები და ზოგიერთი აგენტი გაასამართლეს და “ძველი ცოდვებისათვის” სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, 1995 წლის 23 მაისს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ არა მარტო გაამართლა ისინი, არამედ მეტად საყურადღებო (მათ შორის ჩვენთვისაც) გადაწყვეტილებაც მიიღო: ყოფილი გდრ-ის სპეცსამსახურის თანამშრომლების გასამართლება “სამშობლოს ღალატის” მუხლით აიკრძალა, რადგანაც ისინი იმ დროს არსებული ქვეყნის კანონებით მოქმედებდნენ.

„შტაზის“ არქივების შესწავლის მიზნით, გაერთიანებულ გერმანიაში შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ფედერალური კომისრის თანამდებობა, რომელსაც 1990–2000 წლებში ხელმძღვანელობდა ცნობილი გერმანელი პოლიტიკოსი იოაჰიმ გაუკი.

“შტაზის” არქივი” როგორც ნელი მოქმედების ნაღმი, ხან რომელ ქვეყანაში “აფეთქდება” და ხან რომელში. მაგალითად ფინეთში გამოააშკარავეს რამდენიმე ათეული ფინელი, რომლებიც “შტაზის” აგენტები იყვნენ. მათი ნაწილი აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიაში სწავლის დროს გადაიბირეს. ამჟამად, ყოფილი აგენტები ცნობილი პოლიტიკოსები, მეცნიერები და ბიზნესმენები არიან. ფინეთის ხელისუფლება ამ პირების მიმართ სისხლის სამართლის აღძვრის მიზანშეწონილობას ინდივიდუალურად განიხილავს: იმის მიხედვით, თუ ვინ უფრო დიდი ზიანი მიაყენა ფინეთის ეროვნულ ინტერესებს.

პოლონეთი

2001 წლის გაზაფხულზე პოლონეთის “ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის” და მისი ფილიალების (რომელსაც კანონის მიხედვით გადაეცათ პოლონეთის სპეცსამსახურების არქივები) წინ დიდი რიგები შეინიშნებოდა. ვის არ ნახავდით მომლოდინე ადამიანთა შორის მეცნიერებათა და კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებს, პარლამენტის წევრებსა და მინისტრებს. ყველა მოთმინებით ელოდა იმ წუთს, როცა მათზე შედგენილი დოსიეების გაცნობის საშუალება მიეცემოდათ. მიუხედავად იმისა, რომ 1989 წელს პოლონეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ შეძლო არქივების ნაწილის განადგურება, ინფორმაციის დიდი მოცულობა მაინც გადარჩა. საზოგადოებაში დაპირისპირების და პირადი ანგარიშსწორების თავიდან ასაცილებლად დოსიეებში წაშლილი იყო სპეცსამსახურის აგენტებისა და ინფორმატორების გვარები და ოპერატიული ფსევდონიმები. საიდუმლოდ დარჩა ასევე იმ აგენტების ვინაობაც, რომლებიც კვლავ პოლონეთის სპეცსამსახურებზე აგრძელებენ მუშაობას.

რუმინეთი

რუმინეთის უშიშროების სამსახური (“სეკურიტატე”) ათწლეულების მანძილზე შიშის ზარს სცემდა ამ ქვეყნის მოქალაქეებს. არსებული ინფორმაციით, 1989 წელს “სეკურიტატე”-ში ოფიციალურად 15 ათასი კაცი მსახურობდა. 1999 წელს შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურა - “სეკურიტატეს” არქივების შემსწავლელი ეროვნული კოლეჯი”, რომლის ძირითადი ფუნქციაა არქივებში არსებული დოსიეების “გახსნა”. ”კოლეჯის” ხელმძღვანელებს სურდათ “სეკურიტა-ტეს” იმ ოფიცრების გვარების გამოქვეყნება, რომლებიც რუმინელ დისიდენტებზე “მუშაობდნენ”. მაგრამ საკანონმდებლო ბაზა საკმაოდ მკაცრად არეგულირებს არქივებში არსებული ოპერატიული ინფორმაციის გამოქვეყნებას. კერძოდ კი, მათ “დღის სინათლის” ნახვა მხოლოდ დოკუმენტის შედგენიდან 30-40 წლის შემდეგ შეუძლიათ.

ლატვია

ლატვიაში კა–გე–ბეს არქივების შესასწავლად შექმნილია “ტოტალიტარიზმის შედეგების დოკუმენტაციის ცენტრი.” ამ ქვეყანაში 1994 წლიდან მოქმედი კანონის მიხედვით კა–გე–ბეს შტატის და ფარულ თანამშრომლებს ათი წლის მანძილზე აეკრძალათ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, სახელმწიფო სამსახური, მათ შორის უპირველესად სამართალდამცავ უწყებებში. ის დეპუტატი, რომელსაც წარსულში კა–გე–ბეს–თან ფარული თანამშრომლობის ფაქტი დაუდასტურდებოდა, პარლამენტის წევრობას უნდა დაკარგავდა. ზოგიერთი ლატვიელი პოლიტიკოსი სამართლიანად მიიჩნევს, რომ კა–გე–ბე ყველაზე საიდუმლო და „ძვირფას“ აგენტებზე ინფორმაციას არქივებში არ დატოვებდა..

ლიეტუვა

მაშინდელ ლიტვაშიც 1994 წელს მიიღეს კა–გე–ბეს შტატისა და ფარული თანამშრომლების „რეპრესირების“ კანონი, რომელიც მეტ–ნაკლები წარმატებით მუშაობდა (ამ თემაზე უფრო დაწვრილებით შემდეგ ვისაუბროთ). თუმცა ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ ლიეტუველი მეგობრების, რომლებსაც ეყოთ

პოლიტიკური ნება და უკვე ისტორიული ღირებულების ლიტვის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საიდუმლო დოკუმენტების სკანირებული ასლები ინტერნეტში განათავსეს და ხელმისაწვდომი გახადეს ყველასთვის. დოკუმენტები სკანირებულია ორიგინალიდან (დედნიდან) და მათი გაცნობა ინგლისურ და რუსულ ენებზეა შესაძლებელი.

ესტონეთი.

ესტონეთში დამოუკიდებლობის მიღებიდან სულ მალე მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა პირს, რომელიც კა–გე–ბეს–თან რამე ფორმით თანამშრომლობდა, ათი წლის ვადაში უნდა განეცხადებინა ამის შესახებ ესტონეთის უშიშროების პოლიციაში. სახელმწიფო, თავის მხრივ, ამ ფაქტის საიდუმლოდ შენახვის გარანტიას იძლეოდა. ესტონეთის ყოფილი კა–გე–ბეს არქივებიდან ამჟამად მხოლოდ ნაწილის ასლებიღაა დარჩენილი, რადგანაც არქივის დიდი ნაწილი გასული საუკუნის 90 იანი წლების დასაწყისში გაიტანეს რუსეთში.

რუსეთი.

რუსეთში 1990-იანი წლების დასაწყისში ადგილი ჰქონდა სპეცსამსახურების არქივებიდან საიდუმლო დოკუმენტაციის “გაჟონვის” ფაქტებს. იმ პერიოდში მასმედიაში დასახელდა ცნობილი პოლიტიკოსების, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეების, საეკლესიო პირების გვარები, რომელთაც საბჭოთა სპეცსამსახურებთან ფარულ თანამშრომლობაში დებდნენ ბრალს. ამ მოვლენებს რუსეთის ოფიციალური სტრუქტურებისგან არანაირი სამართლებრივი შეფასება არ მოჰყოლია. სამაგიეროდ საზოგადოება დაიყო ორ დაპირისპირებულ ჯგუფად – “აგენტებად” და “რეპრესირებულებად”. პროცესები უმართავი, რომ არ გამხდარიყო, რუსეთის ეფ–ეს–ბემ მოვლენებს დაასწრო და ოდნავ “ასწია” სპეცსამსახურების არქივების “მძიმე ფარდა”: 1995 წლიდან დაიწყო გასაიდუმლოებული დოკუმენტების და მათი კომენტარების მრავალტომიანი კრებულების სახით გამოცემა. თუმცა, იმედები მალევე გაცრუვდა –700-700 გვერდიან ტომებში კვლავ ძველი, ძილის წინ წასაკითხი და ათასჯერ მოყოლილი საბჭოთა “ზღაპრები” აღმოჩნდა.

აღმოსავლეთ გერმანიაში მივლინების დროს ვლადიმერ პუტინს „შტაზის“ ე.წ „საფარი“ მოწმობაც ჰქონდა, რომელიც შემდეგ „შტაზის“ არქივებში აღმოჩნდა.

ლუსტრაციის პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია ის რეალობა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ერთი–ორი წლით ადრე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კა–გე–ბეს არქივები ( უპირველესად: ოპერატიული აღრიცხვის საქმეები, აგენტურისა და ფარული თანამშრომლების კარტოთეკები) წინასწარ გაიტანეს რუსეთის ტერიტორიაზე. ასევე რუსეთის სპეცსამსახურების ხელშია ზოგიერთი ყოფილი სოციალისტური ქვეყნის საიდუმლო არქივებიც. ჩეხეთის მასმედიის ცნობით, 1990 წელს საბჭოთა კა–გე–ბემ იმდროინდელი ჩეხოსლოვაკიიდან გაიტანა უშიშროების სამინისტროს ოპერატიულ მონაცემთა ბაზის დიდი ნაწილი, მათ შორის საიდუმლო ინფორმაცია ამ ქვეყნის 30 ათას მოქალაქეზე.

(პირველი ნაწილის დასასრული)