როდის დაწესდა რუსთაველის პრემია და ვინ იყვნენ მისი პირველი ლაურეატები - კვირის პალიტრა

როდის დაწესდა რუსთაველის პრემია და ვინ იყვნენ მისი პირველი ლაურეატები

ხელოვანის დაფასება, კეთილგანწყობის მოპოვება თუ სახელმწიფოს "ხარკი"?!სხვადასხვა ოჯახი, არქივი თუ ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ფოტომატიანე, არაერთ ისტორიულ ფოტოს ინახავს. ამჯერად მინდა ყურადღება ორ მათგანზე გავამახვილო: ფოტო, რომელზეც ოთხი ქართველია წარმოდგენილი, 1965 წლით თარიღდება. ესენი არიან რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის პირველი ლაურეატები: მხატვარი ლადო გუდიაშვილი, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, მწერალი კონსტანტინე გამსახურდია და პოეტი ირაკლი აბაშიძე. ხოლო მეორე ფოტოზე ამ "ოთხეულს" კიდევ ერთი წევრი ემატება: ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სახე, თენგიზ მენთეშაშვილი. ის გახლდათ კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი და შემდეგ საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი. სწორედ თენგიზ მენთეშაშვილს ეკუთვნის "თბილისობის" დღესასწაულის დაარსება...

პრემიის სრული სახელწოდება ასე ჟღერდა: "შოთა რუსთაველის სახელობის რესპუბლიკური პრემია". ხოლო საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია ქართული საბჭოთა ლიტერატურისა და ხელოვნების საუკეთესო ნაწარმოებებისათვის გაიცემოდა, უფრო კონკრეტულად, "ლიტერატურისა და ხელოვნების იმ წარმომადგენლებზე, რომელთა მაღალიდეური და მაღალმხატვრული ნაწარმოებები ფართო საზოგადოებრივ აღიარებას მოიპოვებდა".

111112-1665130155.jpg

საქართველოს მინისტრთა საბჭომ პრემიების გაცემა 1964 წლიდან დაიწყო. გაიცემოდა ორ წელიწადში ერთხელ, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღეს, 25 თებერვალს. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში, მაგრამ რუსთაველის პრემიის 2005 წლის გაცემას, პაუზა მოჰყვა. 2005 წელს ლაურეატთა შორის იყვნენ: პოეტი ბესიკ ხარანაული, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი, რეჟისორი რეზო ესაძე.

2008 წელს დაიწერა, რომ კულტურისა და განათლების სამინისტროების ცნობით, უახლოეს მომავალში შეიქმნებოდა სპეციალური კომისია, რომელსაც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა გამოევლინა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის არა უმეტეს სამი ლაურეატი. იქვე საუბარი იყო ეროვნულ პრემიაზე, ბრძანებულების მიხედვით, იგი ასევე ორ წელიწადში ერთხელ გაიცემოდა, თუმცა ლაურეატთა რაოდენობა შვიდით განისაზღვრებოდა. რუსთაველისა და ეროვნული პრემიის ლაურეატებს, მედლებისა და სამკერდე ნიშნების გარდა, ფულად ჯილდოსაც გადასცემდნენ.მოგვიანებით, რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების გაუქმებას, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მეცნიერებსა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფოს მხრიდან მეტი თანადგომა, დაფასება სჭირდებოდათ და საჭირო იყო ამ ჯილდოს აღდგენა.ასეც მოხდა, შეიქმნა პრემიების 12-წევრიანი კომისია. 2008 წლის 2 ივლისის ბრძანებულებით, 25 თებერვალი, სააკაშვილმა 23 ნოემბრით შეცვალა და პრემიების გაცემა ყოველწლიური გახადა.

ბრძანებულება დასახელებით "ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესებისა და მათი გაცემის წესებისა და პირობების შესახებ", კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გია ნოდიამ საზოგადოებას 8 ივლისს გააცნეს. ბრძანებულებიდან გამოვლინდა, რომ 1980 წელს დაწესებული სახელმწიფო პრემია ეროვნულ პრემიად გადაკეთდა, ხოლო რუსთაველის პრემია, უცვლელი სახით შენარჩუნდა.

მაშინ ამბობდნენ, რომ სააკაშვილმა ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ როგორმე წარსულში "ჩარეცხილებად" წოდებული ინტელიგენციის სიმპათია მოეპოვებინა. რასაკვირველია, რთულია განსაზღვრო, ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური ნაბიჯი, თუ ხელოვანების რეალური დაფასება. იწერებოდა ისიც, რომ სააკაშვილი მხოლოდ საკუთარი სიმპათიით ირჩევდა ლაურეატებს და ამ საკითხში გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდა. მოკლედ, ვერსიები მრავლად იყო და თითოეული იმას იჯერებდა, რაც სურდა. საერთოდ, რუსთაველის პრემიის დაარსების დღიდან ლაურეატების ვინაობის შეტყობისთანავე, საზოგადოების ნაწილი ღელავდა. ზოგი ფიქრობდა, რომ მხოლოდ მთავრობასთან დაახლოებული ადამიანები ხდებოდნენ გამარჯვებულნი და საერთოდ, არ მიდიოდა მუშაობა ახალი ავტორების გამოსავლენად, ხოლო მეორე ნაწილისათვის კანდიდატები მისაღები იყო.

12063545-1665130177.jpg

2012 წლის ზაფხულში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თავისი მმართველობის უკანასკნელ პერიოდში, ქუთაისში მთავრობის სახლში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიებით ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები დააჯილდოვა. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია ხელოვნების დარგის 7 წარმომადგენელს მიენიჭა: კინორეჟისორებს - მიხეილ კობახიძესა და ალექსანდრე რეხვიაშვილს ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მუსიკოსებს - თენგიზ ამირეჯიბს, მანანა დოიჯაშვილს, ხატია ბუნიათაშვილს ხანგრძლივი და ნაყოფიერი საშემსრულებლო მოღვაწეობისთვის და ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. რუსთაველის სახელობის პრემია მიიღო ნიკოლოზ რაჭველმა "ქეთო და კოტეს" ახალი მუსიკალური ვერსიის შექმნისთვის და რუსთაველის პრემია გადაეცა მწერალ ვახტანგ ჯავახაძესაც. იმავე პერიოდში საქართველოს ეროვნული პრემიები ცალკეულ ავტორებსა და ავტორთა ჯგუფებს მიენიჭა. ეროვნული პრემიები ლექსიკოგრაფიაში, ტექნიკურ მეცნიერებასა და მედიცინის დარგში მოღვაწეებს გადაეცათ.

ამ ეტაპზე რუსთაველის პრემია 3 წელიწადში ერთხელ გაიცემა, ხოლო საქართველოს ეროვნული პრემია ყოველწლიურია. ამჯერად რუსთაველის პრემია გაიცემა: მხოლოდ ლიტერატურის, ხელოვნების და არქიტექტურის დარგებში და გამარჯვებულისთვის ჯილდოს სახით 10.000 ლარია განსაზღვრული.

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, 2018 წლის გაზაფხულზე, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის პრემიით დააჯილდოვა მოქანდაკე: გიორგი შხვაცაბაია, პიანისტი ალექსანდრე კორსანტია და მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი. საკითხი, თავის დროზე ეკუთვნოდა თუ არა ამა თუ იმ ხელოვანს რუსთაველის პრემია, დღემდე განსჯის საგნად რჩება და ალბათ ასე იქნება მომავალშიც. ასეთ შემთხვევებში მხოლოდ დრო და ისტორიაა ყველაზე კარგი მსაჯული. ნებისმიერი პრემია და ჯილდო, რასაკვირველია მნიშვნელოვანია ხელოვანისთვის, თუმცა, რომელიმე ერთი ან მრავალი პრემიის ფლობა, სულაც არ არის ხელოვანის სახელის "სიდიდის" განმსაზღვრელი...

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"