"რუსეთმა "გადააგდო" თავისი ერთგული მხარდამჭერი ხალხი... ახლა რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთთან ომით არიან დაკავებულნი" - კვირის პალიტრა

"რუსეთმა "გადააგდო" თავისი ერთგული მხარდამჭერი ხალხი... ახლა რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთთან ომით არიან დაკავებულნი"

გუშინ პრაღაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართა. სოციალურ ქსელებში, ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოგვიანებით სამი ქვეყნის ლიდერებს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი შეუერთდა.

„სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, სამმხრივ ფორმატში შეიქმნას მოლაპარაკებების პლატფორმა აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის“ - ეს განცხადება შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გააკეთა.

რა შეიძლება ყოფილიყო შეხვედრის მთავარი მიზანი, შეთანხმდებიან თუ არა აზერბაიჯანი და სომხეთი, დააღწევს თუ არა სომხეთი თავს რუსულ გავლენას და, ზოგადად, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესი რეგიონში, ამის შესახებ ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- ჯერ არ არის ცნობილი, რა საკითხებზე შეთანხმდნენ პრაღაში მხარეები, მაგრამ თავად შეხვედრის ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მნიშვნელოვნად არია პროცესი რეგიონში და ბიძგი მისცა კონფლიქტების განახლებას. ამ სიტუაციით კარგად ისარგებლა აზერბაიჯანმა, რა თქმა უნდა - სათავისოდ.

ვიდრე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი ბოლომდე არ ამოიწურება, რეგიონში სტაბილურობა ვერ იქნება. ასევე, გამოწვევაა თურქეთის პოზიცია. ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის იდეოლოგია გულისხმობს თურქეთის როლის გაძლიერებას მთელ რეგიონზე, ცენტრალური აზიის ჩათვლით. ეს შეიძლება სამხედრო ხიფათის შემცველი არ არის, მაგრამ პოლიტიკური იდეოლოგიური თვალსაზრისით, ნამდვილად არის გამოწვევა. აღსანიშნავია ისიც, რომ არასტაბილური ვითარებაა ირანშიც, რაც გამოწვეულია, ერთი მხრივ, ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით, მეორე მხრივ, იმ ფაქტით, რომ ახალგაზრდობას ყელში ამოუვიდა ფსევდორელიგიური პოლიტიკა. იქ ყველა შიიტი მუსულმანია, მაგრამ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ხელოვნურად ძაბავს ვითარებას.

- ფაქტობრივად, რეგიონში, საქართველოს გარდა, ყველა ქვეყანა ომშია ჩართული ან ომში ჩართული ქვეყნის მხარდამჭერია. რამდენად სწორია საქართველოს ასეთი პოზიცია ან როდემდე შეძლებს ამ მოცემულობის შენარჩუნებას?

- ძალიან რთულია ამ პოზიციის შენარჩუნება. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად ითამაშოს. ეს კარგია, მაგრამ გადაჭარბებაც არ ვარგა, რადგან ეს ზოგიერთი მეზობლის და მოკავშირის, ასევე, სტრატეგიული პარტნიორის გაღიზიანებას იწვევს. ფაქტია, რომ ჩვენს პროდასავლურ ორიენტაციას ბოლო დროს ხარვეზები გაუჩნდა. საქართველოს მმართველი გუნდის ზოგიერთი სვლა ნამდვილად აზიანებს სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენს ურთიერთობას. ზედმეტი არაფერი ვარგა!

- რუსეთის იმედად ყოფნამ სომხეთს რაც დამართა, უკვე ვნახეთ. როგორ გგონიათ, რა დასკვნები გამოიტანა აქედან სომეხმა ერმა, შეეცდებიან თუ არა ისინი რუსეთისგან თავის დაღწევას?

- დიახ, რასაკვირველია. რუსეთმა, შეიძლება ითქვას, „გადააგდო“ თავისი ერთგული, მხარდამჭერი ერი, სომეხი ხალხი მყავს მხედველობაში და არა - ხელისუფლება. ფაშინიანი დღეს არის, ხვალ არ იქნება. სომეხი ერი ყოველთვის რუსეთის ერთგული იყო და დღეს აღმოაჩინეს, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რუსეთმა ისინი გასწირა.

- თქვენი ვერსიით, სომხეთი ახლა ცდილობს რუსული გავლენისგან გათავისუფლებას?

- კი, მაგრამ სომხეთი ახლა ისეთ ვითარებაშია, რომ ძალიან რთულია ამის მოხერხება. ახლა რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთთან ომით არიან დაკავებულნი და სომხეთისთვის არავის სცალია.

- უახლოეს მომავალში პროცესების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ რეგიონში?

- ყველაფერი მაინც რუსეთ-უკრაინის ფრონტზეა დამოკიდებული. იქ კიდევ უკრაინელები აშკარა უპირატესობას ფლობენ და ეს მოცემულობა ასე შენარჩუნდება, ვიდრე რუსები მობილიზებულ მასას არ გაწვრთნიან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსულ არმიაში კორუფცია ისევ მძლავრობს და გაწვეულების დიდი ნაწილი ქუჩაში დაყარეს, ყოველგვარი წვრთნისა და აღჭურვის გარეშე, ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდება. თუმცა, საბოლოო შედეგების პროგნოზირება რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან აქტუალური გახდა ბირთვულ იარაღზე საუბარი. ცოტა ხნის წინ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ბირთვული იარაღით დატვირთული მატარებელი გაგზავნა, ასევე - ავიაციაც. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია წყალქვეშა ნავი „ბელგოროდი“, რომლის ბორტზეც, დასავლელი ექსპერტების მტკიცებით, განთავსებულია პოსეიდონის ტიპის რაკეტები, ბირთვული ქობინებით. ნავი ბაზიდან უკვე გავიდა და სად გაუჩინარდა, კაცმა არ იცის.

- ზოგიერთი ვერსიით, „ბელგოროდთან“ დაკავშირებული ამბავი „ფეიკია“ და რუსეთს ასეთი ნავი საერთოდ არ გააჩნია.

- ჩემი ინფორმაციით, რუსებს ასეთი ნავი ნამდვილად ჰყავთ, მაგრამ არ ვიცი, მის ბორტზე ნამდვილად არის თუ არა პოსეიდონის ტიპის რაკეტები.

- პუტინმა იცის, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსეთისთვის და პირადად მისთვის ბირთვული იარაღის გამოყენებას. რა მოცემულობა უნდა შეიქმნას, რომ მან უკანდასახევი ნაბიჯი აღარ დაიტოვოს?

- ჯერ ერთი, რუსეთის ტერიტორია ძალიან დიდია, გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლება არასდროს ყოფილა შემჩნეული, რომ ხალხზე ზრუნავდეს. ვაშინგტონში კარგად აცნობიერებენ, რომ რუსეთი საკუთარი ხალხის მსხვერპლს არ მოერიდება. ამასთან, ისიც იციან, რომ საკუთარი ერი არ აპატიებს მას სიტუაციის აქამდე მიყვანას. რუსეთმა, სათავისოდ შანტაჟის სწორი ფორმა შეარჩია.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)