ირანულმა კამიკაძე-"შაჰიდებმა" უკრაინელებს თავსატეხი გაუჩინეს... - კვირის პალიტრა

ირანულმა კამიკაძე-"შაჰიდებმა" უკრაინელებს თავსატეხი გაუჩინეს...

კიევის რეგიონში მდებარე "ბელაია ცერკვში" სამი ყაზარმის დაწვის შემდეგ, რაც რუსებმა ირანული უპილოტო დრონებით განახორციელეს, უკვე უკრაინელებმაც აღიარეს, რომ დამატებითი თავსატეხი გაუჩნდათ, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტონ...

აშშ-ის მაღალმა პოლიტიკურმა ფიგურებმა ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს, სახალხოდ გააჟღერეს სადაზვერვო მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთის არმია დაჩქარებული ტემპებით ყიდულობდა სადაზვერვო და კამიკაძე დრონებს ირანში, უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.

ეს ინფორმაცია მალევე გამართლდა, მას შემდეგ, რაც სექტემბრის ბოლოდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ინტენსიურად დაიწყეს ირანული წარმოების კამიკაძე-დრონების გამოყენება, ძირითადად, უკრაინული სტაციონალური სამიზნეების წინააღმდეგ.

და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ეს ირანული კამიკაძე-დრონი Shahed-136 სწორედ უძრავი სამიზნეების გასანადგურებლადაა განკუთვნილი, რომელთა კოორდინატები წინასწარაა ცნობილი და მათ ირანული „შაჰიდი“ ამერიკული „ჯი-პი-ესის“ ან რუსული „გლონასის“ საშუალებით ზუსტად „აგნებს“.

2-shahidi-1665136168.png
„შაჰიდ-136“-ები გასაშვებ კონტეინერში

ირანული უპილოტო „შაჰიდი“ მარტივი, იაფფასიანი, მაგრამ, ამასთანავე - ეფექტიანი საბრძოლო საშუალება აღმოჩნდა, რომელსაც უკრაინელები უკვე საკმაოდ აგდებენ, მაგრამ მაინც ზარალდებიან, რადგან რუსი ოკუპანტები მათ ერთდროულად ბევრს უშვებენ, ერთი მიზნისკენ.

„შაჰიდების“ ჩამოგდება, ერთი მხრივ, მარტივიცაა და ამასთანავე - ძნელიც.

მარტივია იმიტომ, რომ მას ოთხცილინდრიანი ბენზინის შიდა წვის ძრავა უყენია და მოხსნილი აქვს მაყუჩი (რათა არ დაიკარგოს ძრავის სიმძლავრე და არ მოიკლოს ფრენის მანძილმა), შესაბამისად, დაბალ სიმაღლეზე, დიდი ხმის გამოცემით (უმაყუჩო მოტოციკლეტის ხმას წააგავს) მფრენი „შაჰიდის“ დაფიქსირება ათიოდე კმ-ის სიშორიდანაც კი შეიძლება და სასროლად მომზადებაც, რადგან ის მხოლოდ 180 კმ/სთ-მდე სიჩქარით თუ დაფრინავს. მაგრამ ეს დღისით შეიძლება ამ „შაჰიდების“ შედარებით ადვილად ჩამოგდება...

ღამით კი ყველაფერი კარდინალურად იცვლება,რადგან მისი ვიზუალური აღმოჩენა ღამისეულ ცაში გაძნელებულია, „სტინგერისა“ და „იგლას“ გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების სითბური დამიზნების თავაკებს ძალზე უჭირთ მისი „ჩაჭერა“, ისევე, როგორც რადილოკატორებს კომპოზიციური მასალისგან დამზადებული მცირე გაბარიტების მქონე და მცირე სიმაღლეზე მფრენი „შაჰაიდის“ აღმოჩენა.

3-shahidi-1665136205.png
უკრაინელების მიერ ჩამოგდებული მორიგი ირანული „შაჰიდი“, რომელსაც შენიღბვის მიზნით რუსებმა ГЕРАНЬ-2 მიაწერეს...

რადიოელექტრონული ჩახშობის სისტემაც ნაკლებად ეფექტიანია მასთან მიმართებაში, რადგან ირანელებს ამ „შაჰიდებზე“ უყენიათ СRPA ტიპის განსაკუთრებული თანამგზავრული ანტენა, რომელიც ერთი-ორი ძლიერი რადიოელექტრონული ჩამხშობის ზემოქმედებას უძლებს.

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ამ ირანული დრონი-კამიკაძის რადიოელექტრონული აპარატურის დიდი ნაწილი ამერიკული ფირმების მიერაა წარმოებული, რომლებიც ღია გაყიდვაშია...

ამ „შაჰიდების“ გასაშვებად ირანელები ჩვეულებრივი თვითმცლელი სატვირთო ავტომობილის შასს იყენებენ - სატვირთოს აწეულ ძარაზე დამონტაჟებული გამშვები კონსტრუქციიდან ერთმანეთის მიყოლებით ხუთი „შაჰიდ-136“-ის გაფრენა ხდება, სასტარტო ამაჩქარებლების საშუალებით.

თავად „შაჰიდ-136“-ი დელტასებური სამკუთხა ფრთის კონსტრუქციისაა, მისი სიგრძე 3,5 მ-ია, ფრთაგაშლილობა კი 2,5 მ-ს აღწევს. მისი საერთო მასა 200 კგ-ს შეადგენს, ცხვირის ნაკვეთურში 50 კგ-მდე მასის მსხვრევად-ფუგასური კონტაქტური საბრძოლო ქობინი უყენია.

ირანმა რუსეთს უკრაინაში საომრად რამდენიმე ასეული ასეთი კამიკაძე-„შაჰიდი“ მიჰყიდა...