ნინო ნადირაძე - კუზანოვა გიული ალასანიას პასუხობს - კვირის პალიტრა

ნინო ნადირაძე - კუზანოვა გიული ალასანიას პასუხობს

კლინიკა "ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე-კუზანოვა მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას პასუხობს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან უცხოელი ექსპერტის, ჯეიმს კობის შეშვების თაობაზე მოთხოვნას ეხება.

როგორც წერილში არის აღნიშნული, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ვიტალური პარამეტრები არ არის კრიტიკული და ის განაგრძობს თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობას და ზედამხედველობას.

"მოგახსენებთ, რომ პაციენტი სააკაშვილი მკურნალობს კლინიკა "ვივამედში“ 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე თერაპიულ განყოფილებაში კვალიფიციური ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენთვის მისი ისევე, როგორც ყველა პაციენტის გამოჯანმრთელების სადარაჯოზე დგომა უპირველეს ვალს და ვალდებულებას წარმოადგენს. მის მკურნალობაში მუდმივად ჩართულნი არიან მოწვეული სპეციალისტები როგორც კლინიკის, ასევე პაციენტის მხრიდან.

თქვენს მიერ მოწერილ მოთხოვნაზე, რომ კლინიკას აქვს უფლება უცხო ქვეყნის სპეციალისტი დროებით დამოუკიდებელი საექიმო მომსახურებისთვის მოიწვიოს, თუ პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე პაციენტის ვიტალური პარამეტრები არ გახლავთ კრიტიკული და განაგრძობს თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობას და ზედამხედველობას. იგი ამ ეტაპზე არ საჭიროებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაყვანას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის კლინიკა სრულ მზადყოფნაშია როგორც ექიმი სპეციალისტების, ასევე აპარატურული მხარდაჭერის კუთხით.

რაც შეეხება James Carpinter Cobey-ს შემოყვანას, რომლის სპეციალიზაცია გახლავთ ტრავმატოლოგია-ორთოპედია, მსგავსი კრიტიკული მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში მისი დახმარება ვერ იქნება ჯეროვანი. ხოლო გეგმურად ან ერთჯერადად კონკრეტულად ზემოთ ხსენებული ექიმის კლინიკაში შემოყვანა სცილდება ჩვენს კომპეტენციას. როდესაც მას მიენიჭება საექიმო საქმიანობის უფლება ექიმთა პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, ჩვენი მხრიდან არანაირი შეფერხება არ ექნება, ისევე როგორც არაერთ სხვა შემთხვევაში“, - აღნიშნულია ნინო ნადირაძე-კუზანოვას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ავრცელებს.