შალვა პაპუაშვილი ნინო ლომჯარიას მითითებებს უწუნებს - კვირის პალიტრა

შალვა პაპუაშვილი ნინო ლომჯარიას მითითებებს უწუნებს

სახალხო დამცველის უფლებამოსილება შეეხება ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას და არა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტაქტიკის, ინსტრუმენტების და ა.შ. გამოყენებით საკითხებს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

"რაც უფრო კარგ ზედამხედველობას გაწევთ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, ამით შეასრულებთ თქვენს ვალდებულებას ჩვენს ევროინტეგრაციაში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ხშირად ხდება 78 -ე მუხლით აპელირება, რომ თითქოს, ყველა კონსტიტუციური ორგანო ელჩის და საგარეო საქმეთა მინისტრის ფუნქციით უნდა იყოს აღჭურვილი.

"თქვენ აპელირებთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლზე, რომ ის გავალდებულებთ მიიღოთ ყველა ზომა ევროინტეგრაციისთვის. აქ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან მონაკვეთს ტოვებთ. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. აქ მნიშვნელოვანი პასაჟია - თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.

სახალხო დამცველის უფლებამოსილება შეეხება ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას და არა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტაქტიკის, ინსტრუმენტების და ა.შ. გამოყენებით საკითხებს. ვინაიდან, თქვენ დათვალეთ ვინ რამდენჯერ შეხვდა და არ შეხვდა, ეს არ გახლავთ თქვენი უფლებამოსილება, ამიტომ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან უნდა გაჟღერებულიყო.

საქართველოს, როგორც მთავრობა ისე პარლამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით რასაც აკეთებს, ამას საზოგადოება ხედავს და შესაბამისი დასკვნები გამოაქვს, რაც შეეხება სახალხო დამცველს და სხვა საკონსტიტუციო ორგანოების ვალდებულებას ევროინტეგრაციის კუთხით, აქ ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს შეეხება - უფლებამოსილების ფარგლებში. ის უფლებამოსილება, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ამ უფლებამოსილების ფარგლებში დიახ, ეს ვალდებულება არის. თქვენი უფლებამოსილება არის ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ზედამხედველობა. რაც უფრო კარგ ზედამხედველობას გაწევთ უფლებების მდგომარეობაზე, ამით შეასრულებთ თქვენს ვალდებულებას ჩვენს ევროინტეგრაციაში. 78 -ე მუხლზე ხდება ხოლმე აპელირება, რომ თითქოს, ყველა კონსტიტუციური ორგანო ელჩის და საგარეო საქმეთა მინისტრის ფუნქციით უნდა იყოს აღჭურვილი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"