ყირიმის ხიდი აფეთქებულია - პუტინს დაბადების დღე უკრაინელებმა ასე "მიულოცეს"... - კვირის პალიტრა

ყირიმის ხიდი აფეთქებულია - პუტინს დაბადების დღე უკრაინელებმა ასე "მიულოცეს"...

ყირიმის ხიდი - უკრაინის ყირიმის ნახევაკუნძულის რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიის ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლო - აფეთქებულია...

აფეთქებულია ასევე სიმბოლურ თარიღთან, დამპყრობელი პუტინის 70 წლის იუბილესთან სპეციალურად დამთხვევით - ის, რაც თითქოს ერთი შეხედვით წარმოუდგენლად მოჩანდა იმის გამო, რომ რუს ოკუპანტებს თითქმის ყველა ძალები და შესაძლებლობები ჰქონდათ მობილიზებული მიწაზაზე, ზღვაზე, ჰაერში თუ წყალქვეშ, ყირიმის ხიდის დასაცავად, რეალურად მოხდა...

დღეს, 8 ოქტომბრის დილის 6 საათზე ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიმავალ სარკინიგზო შემადგენლობიდან, რომელიც საწვავით სავსე ორმოცზე მეტი ცისტერნისგან შედგებოდა, უშუალოდ ყირიმის ხიდზე ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთ ცისტერნას და მალე დანარჩენი ცისტერნებიც აგიზგიზდნენ.

ყირიმის ხიდი, ახლაც, სამი საათის შემდეგ, ამ სტატიის დაწერის მომენტისთვისაც იწვის...

3-xidi-1665209255.png
ყირიმის ხიდზე ამ ათეულობით სამოცტონიან სარკინიგზო ცისტერნებს ვერავინ ჩააქრობს,სანამ ისინი თავისით არ გამოიწვებიან...

რუსეთის ოფიციალური წყაროები იძულებულნი არიან აღიარონ ეს უმნიშვნელოვანესი ინციდენტი, რადგან ყირიმის ხიდზე მოგიზგიზე ცეცხლი და ცისტერნებში საწვავის დაწვისას წარმოქმნილი შავი ბოლის უზარმაზარი კვამლი რამდენიმე ათეული კმ-ის რადიუსში მოჩანს, თუმცა რუსული ოფიციოზი ყველაფერს საწვავიანი ერთი ცისტერნის მოულოდნელ, შემთხვევით აალებას აბრალებს, თუმცა...

თუმცა, ის, რომ ყირიმის ხიდის სარკინიგზო შტოს გვერდით 30 მეტრში პარალელურად გამავალ ოთხზოლიან საავტომობილო ხიდზე ჩანგრეულია ორი მონაკვეთი და მათზე მანქანების გავლა შეუძლებელია, უფრო იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ პირიქით, ჯერ სწორედ ეს საავტომობილო ხიდი იქნა აფეთქებული და მხოლოდ მას შემდეგ დაზიანდა იმ მომენტში პარალელურ ხიდზე მიმავალი სარკინიგზო შემადგენლობის ერთ-ერთი საწვავიანი ცისტერნა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა...

2-xidi-1665209224.png
ყირიმის ხიდის თანამგზავრულ ფოტოზე აღნიშნულია ხიდის ჩანგრევის ადგილი,რომელიც 700 მეტრითაა დაშორებული ხიდის მთავარ თაღებთან

საგულისხმოა, რომ საავტომობილო ხიდის ჩანგრევა მოხდა არმისული 700 მეტრით, ყირიმის ხიდის მთავარ თაღებთან.

ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილის ჩანგრეული მონაკვეთის ფოტო უფრო იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ აფეთქება არა უშუალოდ სავალ ნაწილზე მოხდა, არამედ საყრდენი ბურჯების იმ ზემოთა კონსტრუქციაზე, რომლითაც სავალი ნაწილი ამ ბურჯებს ეყრდნობა.

უკრაინამ აღასრულა დანაქადნი - როდესაც ამის დრო მოვა და ტექნიკურადაც მზად ვიქნებით, ყირიმის ხიდს აუცილებლად ავაფეთქებთო!

ყირიმის ხიდის თუგინდ დროებით მწყობრიდან გამოყვანას უკრაინელებისთვის დიდი სამხედრო მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსეთიდან სწორედ ამ ყირიმის ხიდის გავლით სამხედრო ტექნიკით, საბრძოლო მასალით, საწვავით და პირადი შემადგენლობით მარაგდება ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში შეჭრილი რუსი ოკუპანტების სამხრეთ დაჯგუფება.

მაგრამ, გარდა სამხედროსი, არსებობს პოლიტიკური და საინფორმაციო მხარეც, რომლის გათვალისწინებითაც, ყირიმის ხიდზე წარმატებული დარტყმა აღიქმება, როგორც კრემლისთვის არათუ სილის შემოლაწუნებად, არამედ აპერკოტად...