"მოხსნის თუ არა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის მეგობარ მინისტრს სერგეი შოიგუს, თუ იგი თვითონ გადადგება პოსტიდან?“ - რას წერს BBC? - კვირის პალიტრა

"მოხსნის თუ არა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის მეგობარ მინისტრს სერგეი შოიგუს, თუ იგი თვითონ გადადგება პოსტიდან?“ - რას წერს BBC?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა (BBC russian) გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით „ორთქლის გამოშვება!? რუსეთის სამხედრო სარდლობას, უკრაინის ომში განცდილი მარცხისა და მობილიზაციის დარღვევების ფონზე, უპრეცენდენტოდ აკრიტიკებენ“. მასალაში გაანალიზებულია რუსეთის მმართველ წრეებში თავდაცვის სამინისტროსა და თვით მინისტრის მიმართ ამჟამად შექმნილი სიტუაცია, უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობისა და ე.წ. „ნაწილობრივი მობილიზაციის“ დროს დაშვებული დარღვევების გამო.

„მოხსნის თუ არა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის მეგობარ მინისტრს სერგეი შოიგუს თუ იგი თვითონ გადადგება? - აი ამ კითხვაზე არის გაცემული პასუხი პუბლიკაციაში.

გთავაზობთ მცირეოდენი შემოკლებით:

ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში, უკრაინაში მიმდინარე ომის მსვლელობას და რუსეთის სარდლობის მოქმედებას საჯაროდ ეჭვქვეშ არავინ აყენებდა, დღეს კი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ყველა აკრიტიკებს, ზარმაცების გარდა: დეპუტატები აღშფოთებულები არიან მობილიზაციის დროს დაშვებული უხეში დარღვევებისათვის და ჩინოვნიკებს მოუწოდებენ ნუ იცრუებენ, ჩეჩეთის მეთაური რამზან კადიროვი და კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობას ფრონტზე განცდილ მარცხებში ადანაშაულებს, ხოლო ბლოგერები და სამხედრო კორესპონდენტები უკმაყოფილონი არიან თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის მუშაობით და მიანიშნებენ, რომ დროა საკადრო ცვლილები განხორციელდეს.

რატომ და როგორ გამწვავდა სიტუაცია რუსეთის არმიის ირგვლივ და როგორ გადაიქცა იგი „წმინდა ძროხიდან“ „განტევების ვაცად“? ფედერალურ ტელეარხებზე რუსული გენშტაბისა და გენერალიტეტის უმკაცრესი კრიტიკა მიდის...

რით დაიწყო ყველაფერი

უკრაინაში შეჭრის დროიდან რუსეთში არმიის კრიტიკაზე არაოფიციალური ტაბუ იყო დადებული. რა თქმა უნდა, ცალკეული უკმაყოფილების „გაელვებები“ იყო ზოგჯერ იმ ბლოგერებს შორის, რომლებიც ე.წ. „სპეცოპერაციას“ მხარს უჭერდნენ - მაგალითად, გაზაფხულზე, როცა რუსეთის არმიამ კიევის შემოგარენი და ჩერნიგოვი დატოვა, მაგრამ უფრო ზემო ეშელონებს კრიტიკა არ შეხებია.

სიტუაცია შეიცვალა შემოდგომაზე, როცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიას მტკივნეული დარტყმა მიაყენეს ხარკოვის ოლქში და როცა მობილიზაცია დაიწყო, შემდეგ კი როცა რუსულმა ქვდანაყოფებმა სამხრეთშიც, ხერსონის ოლქში ადრე დაკავებული პოზიციებიდან უკან დაიხიეს.

უკმაყოფილების ტალღა სოციალურ ქსელებში „დაიბადა“. რუსეთის არმიის უკანდახევის შემდეგ ბალაკლეიდან და იზიუმიდან, ბლოგერები და სამხედრო კორესპონდენტები იძულებულნი გახდნენ თავდაცვის სამინისტრო გაეკრიტიკებინათ, რომ უწყებამ ფრონტზე შექმნილი ნამდვილი სიტუაცია არ იცოდა. კაცმა რომ თქვას, ხელისუფლებამ შენიშნა ეს უკმაყოფილება. კრემლში ვლადიმერ პუტინი სამხედრო კორესპონდენტებს შეხვდა. სხვათა შორის, როგორც ამერიკული „ბლუმბერგი“ წერს, ზოგიერთი ხელისუფლების მხარდამჭრი კორესპონდენტი იმდენად გაბრაზებული იყო, რომ შეხვედრა დატოვეს, ზოგიერთებმა კი ვლადიმერ პუტინს კითხვა პირდაპირ დაუსვა - იცოდა თუ არა პრეზიდენტმა ფრონტზე არსებული დანმდვილი მდგომარეობა და ის დარღვევები, რომლებიც „ნაწილობრივი მობილიზების“ დროს იქნა დაშვებული?

ჟურნალისტები დარწმუნებულნი იყვნენ (და არიან), რომ მმართველობის სიტემაში შენარჩუნებულია მახინჯი პრინციპი, რომლის თანახმად, „უფროსობას არ უყვარს ცუდი ახალი ამბები, ხოლო ქვეშევრდომებს (მათდამი დაქვემდებარებულებს) არ სურთ უფროსების განაწყენება“. ეს პრინციპი ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს.

მობილიზაციის დროს დაშვებული შეცდომების გამო (ჯარში ისინი გაიწვიეს, ვინც არ უნდა გაწვეულიყო, არასაკმარისი აღჭურვილობა, სამხედრო ფორმების დეფიციტი და ა.შ.) ჩუმად მოხსნეს თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვი, რომელიც რუსეთის ჯარების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფის სფეროს 14 წლის განმავლობაში განაგებდა, ანუ იგი რუსეთის არმიის ზურგის მართვაში მთავარ პირს წარმოადგენდა.

სოციალური ქსელების პატრიოტული სეგმენტი, ანუ ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერები მობილიზაციის დროს დაშვებულ შეცდომებში სამხედრო კომისრებს ადანაშაულებდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ პუტინისტები ქრიტინე პოტუპჩიკი და მარგარიტა სიმონიანი. შემდეგ შიგადაშიგ ხმა ამოიღეს გუბერნატორებმაც... თავდაცვის სამინისტრომ თითქოსდა რეაგირება მოახდინა და რამდენიმე სამხედრო კომისარი მოხსნა.

ისე ჩანდა, რომ უკმაყოფილების ტალღამ სამინისტროს ხელმძღვანელობას გვერდი აუარა და ოდნავ გაჰკრა. მაგრამ ოქტომბრის დასაწყისში, როცა რუსეთის არმიამ უკრაინელებს ქალაქი ლიმანი - მსხვილი სტრატეგიული პუნქტი - ჩააბარა და თან იმ დღეს, როცა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა რეფერენდუმების შედეგებს ოკუპირებული ოლქების რუსეთისადმი მიერთების შესახებ, დაიწყო და რა დაიწყო...

ჯერ რამზან კადიროვი შეუდგა ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდლის, გენერალ ალექსანდრე ლაპინის ლანძღვას (სხვათა შორის, ეს ის გენერალი ლაპინია, რომელმაც რუსეთის არმიის მიერ ჩერნიგოვის დატოვების შემდეგ თავისი შვილი დააჯილდოვა): „საწყენია, რომ ლაპინს სამხედრო საქმე საერთოდ არ ესმის და უუნაროა. საწყენია, რომ მას „ზევით“ გენშტაბში მფარველობენ“.

რამზან კადიროვს მხარი დაუჭირა „ვაგნერის“ დამაარსებელმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც აღნიშნა: „მე რამზან კადიროვის ექსპრესიული განცხადებების სტილით არ ვლაპარაკობ, მაგრამ ამ შემთხვევაში მას მხარს ვუჭერ: „მიდი, რამზან, მიაწექი, შენს გვერდით ვარ“.

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზეც გააკრიტიკეს. იმ დროს, როცა „მიერთებული ტერიტორიების“ დამტკიცების საკითხზე კენჭის ყრის წინ დეპუტატები სიტყვით გამოდიოდნენ, ყველა აღნიშნავდა არმიაში შექმნილ პრობლემებს: კომუნისტი გენადი ზიუგანოვი, ლიბერალ-დემოკრატი ლეონიდ სლუცკი, „სამართლიანი რუსეთის“ წარმომადგენელი სერგეი მირონოვი... „როგორ, ნუთუ სამხედრო ტანსაცმელი აღარ გვაქვს, რომ მობილიზებულებს ჩავაცვათ? ეს ხომ სირცხვილი და თავის მოჭრაა“, - გაჰყვიროდა გენადი ზიუგანოვი.

მართალია, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არმიას იცავდნენ და კოლეგებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებდნენ. სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ მოლოდინმა კოლეგებს სთხოვა, რომ თავი შეეკავებინათ: „დიახ, პრობლემები ნამდვილად არის, გული გვტკივა, მაგრამ ეს საკითხები უმჯობესია ყვირილის გარეშე გადავჭრათ. ასეთი განხილვა მხოლოდ მინუსებს მოგვიტანს“.

მაგრამ მოლოდინის მოწოდებას სათათბიროში უკვე ყური არავინ ათხოვა. 5 ოქტომბერს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა ანდრეი კარტაპოლოვმა, რომელიც წლების წინ თავდაცვის მინისტრის მოადგილედაც მუშაობდა, გაბედა და თავისი ყოფილი უფროსები გააკრიტიკა: „დაანებეთ თავი ტყუილების როშვას. რამდენი თვეა ერთსა და იმავეს იმეორებთ - ამდენი თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ, ამდენი ტანკი ავაფეთქეთ, იმდენი ბაზა გავანადგურეთ... კარგით, რა გეყოთ... ხალხმა ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებთ: უკან იხევთ“.

ანდრეი კარტაპოლოვმა და ვასილი პისკარიოვმა (უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ) გენპროკურორს წერილი გაუგზავნეს და სიტუაციაში გარკვევა სთხოვეს როგორც ფრონტზე, ასევე ზურგში, მობილიზაციის დროს დაშვებული დარღვევების თაობაზე. ზოგიერთმა პატრიოტმა და პუტინისტმა, მარცხიანი გენერლების გამო, თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გასაგონად განაცხადა: „თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც ასეთი სიტუაცია დაუშვა, უნდა შეძლოს და როგორც ოფიცერმა, თავი უნდა მოიკლას“.

რასაკვირველია, ბრაზს ვერ მალავენ კრემლის პროპაგანდისტებიც: „მოვიდა დრო, რომ სიმართლე ვთქვათ! და რომ ვიმოქმედოთ! თავდაცვის სამინისტრო არაფერს არ აკეთებს!“, - აღშფოთებას ვერ მალავდა ამ ორი დღის წინათ ტელეწმაყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი.

სხვათა შორის, თავდაცვის სამინისტროს მიმართ თავისი წყენა პირველად ღიად გამოხატა ვლადიმერ პუტინმაც. მისი თქმით, „პრეზიდენტის ბრძანების არსი სამინისტროში კარგად ვერ გააცნობიერეს და დარღვევები დაუშვეს: მათ დროულად არ შეცვალეს ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, რის გამოც ასეთ ნეგატიურ სიტუაციამდე მივედით - ჯარში გაიწვიეს ისინი, ვინც არ უნდა გაეწვიათ“.

რატომ ხდება ეს?

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მისამართით გამოთქმული ასეთი საჯარო და ხმამაღალი კრიტიკა მართლაც არატრივიალურ მოვლენას წარმოადგენს. თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ვლადიმერ პუტინის გუნდის ერთ-ერთ მთავარ საკვანძო ფიგურად. პრეზიენტს არაერთხელ გამოუხატავს თავისი კარგი დამოკიდებულება თავდაცვის მინისტრის მიმართ: სერგეი შიუგუ სულ მუდამ თან დაჰყვებოდა ვლადიმერ პუტინს შვებულებებისა და დასვენების დროს ციმბირის ტაიგაში, ალტაის მდინარეებზე..

გარდა ამისა, გამოკითხვის შედეგებით, სერგეი შოიგუ, ვლადიმერ პუტინთან და სერგეი ლავროვთან - საგარეო საქმეთა მინისტრთან - ერთად, სტაბილურად შედის რუსეთის ყველაზე პოპილარულ პოლიტიკოსთა სამეულში.

"თავდაცვის სამინისტროს პირდაპირი კრიტიკა [ვლადიმერ პუტინის მხრიდან] გულისხმობს სერგეი შოიგუს კრიტიკასაც, რომელსაც პრეზიდენტი, როგორც ჩანს, მიანიშნებს, რომ მან თავის თავზე უნდა აიღოს უკრაინაში შეჭრის წარუმატებლობა“, - თვლიან ამერიკელი ექსპერტები ომის შემსწავლელი ინსტიტუტიდან (ISW). ანალიტიკოსების აზრით, ვლადიმერ პუტინი იმიტომაა იძულებული თავდაცვის სამინისტრო გაკრიტიკოს, რომ მასაც შიგნიდან „აწვებიან“.

მართალია, ჩინოვნიკები და კრემლის ტელეპროპაგანდისტები სერგეი შოიგუს გვარს ღიად არ ახსენებენ და თავს იკავებენ მისი დასახელებისაგან, ბლოგერების გარემოში ზოგიერთები მინისტრს გადადგომისაკენ მოუწოდებს. იგორ სტრელკოვმა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ექს-თანამშრომელმა, რომელიც 2014 წელს თვითგამოცხადებული დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის ჯარებს მეთაურობდა, 6 ოქტომბერს „ფანერის“ მინისტრის გადადგომა იწინასწარმეტყველა (ამ მეტსახელს სერგეი შოიგუს იმიტომ უწოდებენ, რომ მას არმიაში არასდროს არ უმსახურია).

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ვლადიმერ პუტინი მართლაც ამზადებს ნიადაგს სერგეი შოიგუს გათავისუფლებისათვის, რომლისგანაც, მათი თქმით, პრეზიდენტი „რიტორიკულად დისტანცირდება“, მაგრამ იმავდროულად, მათივე თქმით, მინისტრის გადადგომას უახლოეს ხანში არ უნდა ველოდოთ: „პუტინი, ალბათ, თავს შეიკავებს სერგეი შოიგუს მოხსნისაგან იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც შეუძლია, რათა გაგრძელდეს ბრალდებების ნიაღვარი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. ამასობაში კი ვლადიმერ პუტინი მის შემცვლელს გამონახავს“.

ამერიკელი ანალიტიკოსების მოსაზრებას ეთანხმება რუსი პოლიტოლოგი ანდრეი კოლესნიკოვიც: „ვლადიმერ პუტინი არავის არასროს არ დაიფარავს კრიტიკის ცეცხლისაგან. შეიძლება მოგვიანებით, დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ საწყის ეტაპზე არავის. ახლა რომ პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი [ვალერი კონაშენკოვი] მოხსნას, ეს ვლადიმერ პუტინის მხრიდან საკუთარი უუნარობისა და სისუსტის აღიარებას ნიშნავს - იმიტომ, რომ სერგეი შოიგუ პუტინისეული მართვის მოდელის ერთ-ერთ ძირითად სიმბოლოს წარმოადგენს“, - ამბობს პოლიტოლოგი „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში.

ამერიკული „ბლომბერგის“ ჯურნალისტები თავიანთ სტატიაში სამხედრო სარდლობის კრიტიკის თაობაზე წერენ, რომ ინკოგნიტო წყაროების ცნობით, კრემლმა, ფრონტზე განცდილი მარცხების ფონზე, მითითება მისცა სახელმწიფო მასმედიას, რომ დაიწყონ აღიარება უკრაინაში შეჭრის შედეგად გაჩენილ პრობლემებზე. კრემლი შიშობს, რომ ზედმეტად ოპტიმისტური პროპაგანდა საეჭვო სახეს იძენს და იმ უნდობლობას აძლიერებს, რომლებიც საზოგადოებაში უკვე არსებობს“.

პოლიტოლოგ ანდრეი კოლსენიკოვის თქმით, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ თავდაცვის სამინისტროს ასეთი მასშტაბური კრიტიკა ოფიციალურ სახელმწიფო ტელევიზიაში კრემლის „ნებართვის“ გარეშე დაიწყო: „ვფიქრობ, ეს შეშფოთების მაღალ დონეს უკავშირდება მმართველ წრეებშიც და მოსახლეობაშიც. საჭიროა ტრადიციული „ორთქლის გამოშვება“ და იმის ჩვენება, რომ კრიტიკა დასაშვებიც არის და შესაძლებელიც. ეს სრულიად შეესაბამება საღ აზრს, დემოკრატიას და სამოქალაქო საზოგადოებას.. მაგრამ ამ დროს, ვლადიმერ პუტინი - როგორც სტრატეგი და პატრიარქი - მაგარი ხელმძღვანელია, ხოლო ყველა დანარჩენი - „ჩელიადები“, „ხაზეინის“ ქვეშევრდომები, რომლებიც უწესოდ იქცევიან და თავიანთი მოქმედებით ბელადი შეცდომაში შეჰყავთ“, - განმარტავს პოლიტოლოგი.

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკის ფონზე მატულობს ვლადიმერ პუტინისადმი გამოხატული მხარდაჭერა „ნაციონალისტურად განწყობილ ჟურნალისტებში, ბლოგერებსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებში - ისეთებში, როგორიცაა ევგენი პრიგოჟინი და რამზან კადიროვი.

ამ დღეებში რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მას პრეზიდენტმა მორიგი სამხედრო წოდება - გენერალ-პოლკოვნიკის რანგი - მიანიჭა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა ჩეჩნეთის ლიდერმა რუსეთის ფრონტის სარდლობა გააკრიტიკა. რამზან კადიროვს „ომის პარტიის“ ყველაზე აქტიურ მონაწილედ თვლიან, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაციების მაქსიმალური ესკალაციის მომხრეა. „ვლადიმერ პუტინმა, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო რამზან კადიროვისთვის მორიგი მაღალი სამხედრო წოდების მინიჭების თაობაზე, რომ მისი [ანუ ჩეჩნების] მხარდაჭერა შეინარჩუნოს, როცა სერგეი შოიგუს და მის სამინისტროს გვერდზე გასწევს“, - ვარაუდობენ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

პოლიტოლოგ ანდრეი კოლესნიკოვის თქმით, რამზან კადიროვიც და ევგენი პრიგოჟინს („არასახელმწიფოებრივ მოთამაშეს“) „ყოველთვის ჰქონდათ ბევრი რამის თქმის უფლება“. ჩეჩნეთის ლიდერი „თითქოსდა ხუმრობდა ხოლმე ვიღაც-ვიღაცეების მიმართ, მაგრამ ეს ხუმრობა ძალიან მწარე იყო, რათა ელიტები ფხიზლად ყოფილიყვნენ. ვლადიმერ პუტინი ორივეს - კადიროვსაც და პრიგოჟინსაც - უსაზღვრო ცინიზმის გამო აფასებს“.

სწორედ იმიტომაც გახდა ცნობილი კონფლქტი, იმიტომ გამოიჟონა, რომ მასში „არასახელმწიფო მოთამაშეები“ იქნენ ჩაბმულნი, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში. ამასთან, მოლოდინი, რომ ელიტებში განხეთქილება მოხდება, ნურავის ნუ ექნება. აქ მოქმედებს ძველი პრინციპი: დისკუსია და დავა შეიძლება გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო როცა ის მიღებულია, მას ყველა ულაპარაკოდ ასრულებს“.

რამდენად შეიძლება არმიის მიმართ ღია უკმაყოფილების გამოხატვამ გავლენა მოახდინოს უშუალოდ ვლადიმერ პუტინის პოზიციაზე?

„მართალია, იგი ჯერ კრიტიკის მიღმა რჩება და შესაძლოა ეს ყველაფერი იმიტომ დაიწყო, რომ მისი ბრალი მიიჩქმალოს. ობიექტურად თუ ვიტყვით, რუსეთის ხელისუფლების პერსონალისტური ხასიათის გამო, ამ ყველაფერში ისიც დამნაშავეა. პრეზიდენტის რეიტინგები ნელ-ნელა ვარდება. შეიძლება ისე ეფექტურად და სწრაფად არა, როგორც ეს საპენსიო რეფორმის დროს მოხდა ან პანდემიის პერიოდში, მაგრამ ვლადიმერ პუტინის ავტორიტეტი შესამჩნევად ეცემა“, - ასეთ რეზიუმეს აკეთებს ანდრეი კოლესნიკოვი. (წყარო)

სიმონ კილაძე

(სპეციალურად საიტისთვის)