ბათუმის ტრაგედიის ერთი წლისთავი - კვირის პალიტრა

ბათუმის ტრაგედიის ერთი წლისთავი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, შარშან 8 ოქტომბერს, შუადღისას საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი – მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო. წინასწარი ვერსიით, სახლის ჩამონგრევის მიზეზი სარდაფის გაფართოების მიზნით პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლა გახდა.

თუმცა, კითხვები, რაც მაშინ გამიჩნდა, დღესაც იგივე მაქვს. რატომ მაინცდამაინც სახლის ჩამონგრევის დღეს მიიღო ბინის მეპატრონემ რეესტრის უარი სარდაფისა და ბინის გაერთიანების შესახებ? რატომ არ გადამოწმდა რეესტრიდან ნებართვამდე მიმდინარეობდა თუ არა სამუშაოები? ერთობ მაეჭვებს კორპუსის „ამხანაგობის“ პოზიციაც...

„ვგუგლავ“, საინტერესოა სულ ბოლო ინფორმაცია ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით... მე არ ვარ „ჩასაფრებულთა ჯგუფიდან", უბრალოდ, მაღიზიანებს თავისმართლებები ყველა მხრიდან. უბრალოდ, მაინტერესებს რა ვისწავლეთ ამ ტრაგედიიდან? რა შევცვალეთ ურბანულ ცხოვრებაში? და, კიდევ - როდესაც ვამბობთ, გვინდა გავხდეთ განვითარებული ქვეყანა, ტრაგედიის დროსაც კი რატომ ვეძებთ „დაბალ ფენას“ დასასჯელად და ყველა პასუხისმგებელი პირი რატომ არის გადასული თავის მართლებაზე? მე არ ვამბობ, რომ მშენებელი ან მეპატრონე ცალსახად მართალი იყო. გეუბნებით, რომ განვითარებულ ქვეყნებში გაუთვალისწინებელი პრობლემის დროსაც კი, თუნდაც, როცა მოქალაქეა დამნაშავე, პასუხისმგებლობას იღებს შესაბამისი უწყება, იწყება ფიქრი - რა გამორჩათ, რა ვერ გაითვალისწინეს და რაც მთავარია - რა უკარნახა ამ ამბავმა, რომელიც მოხდა? რა წესი შეიძლება შეიქმნას, რომ განვითარდეს მდგომარეობა არსებული კუთხით?

რასაც ურბანულ განვითარებაში ჩვენ დღეს ვხედავთ, დაიწყო წლების წინ იმიტომ რომ ურბანული საკითხი არ იყო მყისიერი აქტი. ბევრი გადაწყვეტილება მიიღებოდა კულუარულად. სავარაუდოდ, დღესაც ასეა. ზედა ეშელონებს არ ვგულისხმობ მხოლოდ, ასე ხდება მოსახლეობაშიც. ვიცით კანონი, მაგრამ საჭიროების დროს, ჩვენი თავი საზოგადოებაზე მაღლა გვინდა დავაყენოთ, ნაცნობობით გააკეთოთ, ან უბრალოდ, როგორც მერაბ მამარდაშვილი იტყოდა „ვიღაც, ყოველთვის ცდილობს გადაირჩინოს საკუთარი თავი, განცალკევებულ ნავში. რისგან? რისგან და რესპუბლიკისგან, საერთო საქმიდან, საზოგადოებრივი სივრციდან...“

ამის გამოცდილება მეც მაქვს. როდესაც ჩემს ქალაქურ ეზოში, ერთმანეთს ხელს უწერდნენ „მეგობარი“ მეზობლები და ისეთ ადგილებს არეგისტრირებდნენ საკუთარ სახელზე, ან ისეთ მშენებლობებს აკეთებდნენ, რომ წესით არასწორია. ამაზე აუცილებლად დავწერ დაწვრილებით ერთ დღეს, რადგან უნებართვოდ ჩემი პირადი ნომერიც გამოიყენეს და ეს მოხდა რაიონული გამგეობის ერთ-ერთი თანამშრომლის დახმარებით... ტრაგედია ჩემს ეზოში არ მომხდარა, მაგრამ ჩემგან სიმართლის გარკვევის დროს, გამგეობის თანამშრომელმა თავი იმართლა...

დავუბრუნდეთ ბათუმის ტრაგედიის ერთი წლისთავს. დღეს რა გრძნობაც მაქვს იმის თქმა მინდოდა:

1. ყოველი ახალი უბედურების დროს, არ ვეთანხმები ადამიანების ზნეობასა და სინდისზე ყურადღების გამახვილებას. განვითარებული ქვეყნები ვიღაცის მორალზე ან განათლების დონეზე არ დგას...

2. მართლა მინდა დავემსგავსოთ ევროპელებს. შესაძლოა შიდა სამუშაოებს არ სჭირდებოდა ბათუმის მერიის ნებართვა, მაგრამ, როცა დგება პრობლემა, მსგავს შემთხვევაში ფიქრი უნდა დავიწყოთ, როგორ ავიცილოთ ტრაგედია. ჯერ ისედაც მოძველდა 45-50 წლის წინ აშენებული სახლები, 90-იანი წლების უნებართვობის შედეგები კიდევ სად წამოგვეწევა არავინ უწყის და მოშენება, დაშენება, კედლების მონგრევა და ასე შემდეგ, რეგულირებისა და მკაცრი გადამოწმების გარეშე, შეუძლებელი უნდა გახდეს.

3. ქალაქს ვერ მართავ (კონკრეტულ ადამიანს არ ვგულისხმობ), თუკი არ გაქვს ცოდნა იქ მცხოვრები ადამიანების შესახებ. თუ არ იცი, რა ცვლილებები განიცადეს მაცხოვრებლებმა, ვერ მიხვდები რა გამოწვევებს უპასუხო ხვალ. ადამიანებისათვის შესაფერისი და სასურველი საცხოვრისის შესაქმნელად სწორედ ეს ცოდნა გვჭირდება. ამ ცოდნას განვითარებულ ქვეყნებში სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ანთროპოლოგები ქმნიან. ჩვენთან კი აკადემიურ-ინსტიტუციური ბმა, ქალაქსა და ადამიანებს შორის, რომელიც დარღვეული იყო, თითქოს ვცდილობთ შევცვალოთ უკეთესობისკენ, მაგრამ მართვა ამ კუთხით მაინც სპონტანურად ხდება.

4. პრობლემა ვიღაცის შეცდომა კი არ არის, არამედ - პრობლემა ის არის, რომ კანონის დაცვის გარანტი - სახელმწიფო სისტემა და მისი წარმომადგენლები არ უნდა იწყებდნენ კანონის მიღმა მოქმედებებს, კერძო ინციდენტის მოსაგვარებლად. ურბანული მენეჯმენტი და მოქალაქეთა სოციალურ-კულტურული სიმწიფე და ეფექტიანი ნაბიჯები განსაზღვრავს ქალაქის განვითარებას და პრობლემების, მით უფრო ტრაგედიების თავიდან აცილებას.

თუ ჩვენ ყოველი გადაცდომის, ტრაგედიის, პრობლემის შემდეგ არ გავაანალიზეთ, რა მოხდა და არ ვიფიქრეთ ხელისუფლების წევრისა თუ რიგითი მოქალაქის საერთო სტანდარტზე მორგება, არ მივაწოდეთ სისტემატიური ინფორმაცია საზოგადოებას, კვლავ ერთ წრეზე ვიტრიალებთ ან მსგავს სიტუაციაში, ადრე თუ გვიან, ისევ აღმოვჩნდებით.