"თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება" - რას აცხადებს დავით არახამია? - კვირის პალიტრა

"თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება" - რას აცხადებს დავით არახამია?

რუსული უკანონო მშენებლობები იწყებს ნგრევას და ცეცხლში გახვევას. მიზეზი მარტივია: თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია „ტელეგრამში“ წერს, რითაც ის ყირიმის ხიდზე დღეს დილით მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.

„ეს მხოლოდ დასაწყისია. საიმედო მშენებლობა არ არის ის, რითაც რუსეთი განსაკუთრებით ცნობილია“, - აცხადებს არახამია.

შეგახსენებთ, დღეს დილით ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზები აალდა და ხიდზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხიდის ნაწილი ჩამოიშალა და წყალში ჩავარდა.

ყირიმის, ანუ ქერჩის ხიდი ორი პარალელური ნაწილისგან, საავტომობილო და სარკინიგზო ნაწილისგან შედგება და ის რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს. ხიდი რუსეთმა ყირიმის ანექსიის შემდეგ ააშენა. ხიდის საავტომობილო ნაწილი, რომლის სიგრძე დაახლოებით 19 კმ-ია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2018 წელს გახსნა, სარკინიგზო ხიდი კი ორი წლის შემდეგ გაიხსნა.