"ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ვალდებულება ჩაგვიწერეს - ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ჩაგვიწერეს არაევროპული მოდელი" - კვირის პალიტრა

"ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ვალდებულება ჩაგვიწერეს - ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ჩაგვიწერეს არაევროპული მოდელი"

საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ პროკურორის არჩევის ასეთი წესი სამართლებრივი ნონსესია, თუმცა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენ ამ კომპრომისზე მივდივართ, ამიტომ ინიცირება მოვახდინეთ და მხარს ვუჭერთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, პროცესი იყო და არის სრულად გახსნილი და ერთ თვეზე მეტია, რაც კანონპროექტის ინიცირება მოხდა.

„თითქმის ერთი თვეა, რაც საზოგადოებას შეუძლია საკანონმდებლო მაცნეზე გადაამოწმოს და ნახოს კანონპროექტის რედაქცია, რაც წარმოდგენილია. პოლიტიკური ჯგუფებისთვის, პროფესიული საზოგადოებისთვის, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო ეს დოკუმენტი. ამიტომ პრეტენზიები ამ შემთხვევაში არ მიიღება. ეს სტრატეგიულადაა მცდელობა შინაარსის გადაფარვის და შინაარსობრივი საკითხები არ მოგვისმენია, პროცედურულ საკითხებზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს შინაარსის გადაფარვის საშუალება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კითხვით მიმართა ოპოზიციამ ან არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხომ არ დაასახელეს როგორია ევროპული საუკეთესო გამოცდილება ამ საკითხზე? და ამ კითხვას თავადვე უპასუხა.

„საზოგადოებას ჩვენ უნდა ავუხსნათ, რომ სამართლებრივი ნონსესია ასეთი წესი, თუმცა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენ ამ კომპრომისზე მივდივართ, ამიტომ დავაინიცირეთ და ამიტომ ვუჭერთ მხარს, თუმცა, ჩვენ იმას ვერ ვიტყვით, რომ კონსტიტიციურ სამართლებრივ ლოგიკაში ჯდება, ეს წარმოუდგენელი მოდელია. ერთადერთი, უნგრეთია, რომელსაც მსგავსი მოდელი აქვს და იქაც ვენეციის კომისიას აქვს გაკრიტიკებული ის მოდელი. ამიტომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის რას წარმოვიდგენდით, რომ არაევროპულ მოდელს შემოგვთავაზებდნენ. სამწუხაროდ, ეს არის მოცემულობა, ჩვენ ამ კომპრომისს დავთანხმდით ერთადერთი იმ პირობით, რომ გარდამავალ დებულებაში გავრცელდეს მხოლოდ მომდევნო 2 მოწვევაზე და ეს სამართლებრივად უხარისხო მოწესრიგება მხოლოდ და მხოლოდ დროებითი სახის იყოს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, ცდილობს თუ არა „ქართული ოცნება“ პროექტის ჩაგდებას, ოხანაშვილმა უპასუხა, რომ ისინი აღნიშნულ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.

„ჩვენ რომ რაიმეს მიღება მიზნად არ გვქონდეს, საერთოდ არ დავაინიცირებდით, ამხელა ანალიზი არ სჭირდებათ ოპოზიციონერებს, შეახსენეთ, თუ მიღება არ გვინდოდა, საერთოდ არ დავაინიცირებდით, რადგან დავაინიცირეთ, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამას, ეს უნდა იყოს კომპრომისული და ეს კომპრომისულია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შინაარსს მხარს ვუჭერთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას და იმ გზაზე, რაც ჩვენთვის შესასრულებელი იქნება, გავაკეთებთ, თუმცა, გამოვიდეთ და თქვენ გითხრათ რა კარგი მოდელია, ეს იქნება თქვენი შეურაცხყოფა, ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა და ამას არ ვაპირებთ. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ვალდებულება ჩაგვიწერეს - ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ჩაგვიწერეს არაევროპული მოდელი. დღეს აქ იყვნენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები, ვერც ერთი მათგანისგან ვერ გაიგებდით, რომ ეს არის კარგი მოდელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. მეორე და მესამე კენჭისყრა შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა ტარდება და კენჭი ერთსა და იმავე კანდიდატს ეყრება.

მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.