"პრაღაში აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი შეიკრიბა და კავკასიის საკითხებზე მსჯელობდნენ, ჩვენი პრემიერი იქვე იმყოფებოდა და ამ შეხვედრაზე არ იყო მიწვეული" - რას აცხადებს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი? - კვირის პალიტრა

"პრაღაში აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი შეიკრიბა და კავკასიის საკითხებზე მსჯელობდნენ, ჩვენი პრემიერი იქვე იმყოფებოდა და ამ შეხვედრაზე არ იყო მიწვეული" - რას აცხადებს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი?

პრაღაში აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი შეიკრიბა, კავკასიის საკითხებზე მსჯელობდნენ და ამ დროს იქ საქართველოს წარმომადგენელი არ იყო, ჩვენი პრემიერ-მინისტრი, რომელიც იქვე, ალბათ, გვერდზე იმყოფებოდა, არ იყო მიწვეული ამ შეხვედრაზე, თუმცა სხვა თუ არაფერი, ჩაი ან ყავა მაინც შეეძლო დაერიგებინა, იმიტომ, რომ კარგი მდივანი იყო თავის დროზე, - ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა განაცხადა, როდესაც მას კითხვით მიმართეს, რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, რომ საზღვარზე რუსეთის თითქმის ყველა მოქალაქეს უშვებენ და უკან თითქმის არავის აბრუნებენ.

ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, ამ მოცემულობიდან გამომდინარე ძნელია იმის თქმა რა მოტივაცია შეიძლება არსებობდეს.

როგორც მან განმარტა, რუსეთის მოქალქეებისთვის ფილტრი ნამდვილად უნდა არსებობდეს, თუმცა, პირველ რიგში, არ უნდა შემოუშვან დუმის წევრები და რუსეთის მთავრობის წევრები.

„რა თქმა უნდა, ფილტრი აუცილებლად უნდა არსებობდეს და ალბათ, ერთ-ერთი მთავარი ფილტრი უნდა იყოს ის, რომ 2008 წლიდან დუმის ნებისმიერ დეპუტატს, ნებისმიერ გუბერნატორს, პოლიციის უფროსს, რუსეთის მთავრობის ნებისმიერ თანამდებობის პირს უნდა აეკრძალოს შემოსვლა, რადგან ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიების ანექსიას. ეს საკითხები უნდა გააკონტროლოს ჩვენმა უშიშროებამ. სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ყველა მოსალოდნელი ჯაშუშის თუ საეჭვო პიროვნების შეზღუდვა“,- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პარტია „დროას“ მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში იღებდა მონაწილეობას. დისკუსია გაიმართა თემაზე „რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია საქართველოში“.