კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცხოელი ექიმები იტყუებიან - კვირის პალიტრა

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცხოელი ექიმები იტყუებიან

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს.

“ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პატიმარს რაიმე პრობლემა არ შეექმნას”, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკურნალობას არ უწევენ, კალაძის თქმით, “ეს არ არის მართალი, ტყუილია”.

მან ასევე უპასუხა კითხვას, იტყუებიან თუ არა ჩამოყვანილი უცხოელი ექიმები, როდესაც საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

“კი, კი, იტყუებიან. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ყველა პატიმარს შესაბამის სერვისებზე ხელი მიუწვდება - თუ საჭიროა ექიმების ჩართულობა, ჩართული არიან, თუნდაც ის, რომ სააკაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი და იქ აგრძელებს მკურნალობას. ასე რომ თუ რომელიმე პატიმარს რაიმე საჭიროება ექნება ამ მიმართულებით, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს. მე ვენდობი შესაბამის სამსახურს და შესაბამის უწყებას”, - განაცხადა კახა კალაძემ.