„დაზიანება სპორტული აქტივობის დროს მივიღე“ - რას აცხადებს ნიკა მელია? - კვირის პალიტრა

„დაზიანება სპორტული აქტივობის დროს მივიღე“ - რას აცხადებს ნიკა მელია?

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიაში დაპირისპირების შედეგად ნიკა მელიას დაზიანებები აქვს მიღებული და ხელი აქვს მოტეხილი, მელია დეზინფორმაციას უწოდებს.

„ამ ბოლო ხანებში, პარტიისა და პირადად ჩემს მიმართ აგორებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ და დეზინფორმაციის კორიანტელმა დიდ მასშტაბს მიაღწია, რაც ცალსახად მხოლოდ რუსული ოცნებისა და იმ ადამიანების ინტერესშია, ვისთვისაც საკუთარი გავლენების გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „ოცნების“ დამარცხება და ქვეყნის გამარჯვება,

ამჯერად ავრცელებენ ცნობას, რომ თითქოსდა პარტიაში დაპირისპირებისას ხელი მოვიტეხე. ამასთან დაკავშირებით, ქოცმედია რეკავს პარტიაში ჩვენს თანამებრძოლებთან და კომენტარს ითხოვენ.

ნუ შეაწუხებთ, მე მოგახსენებთ:

სპორტული აქტივობის დროს მივიღე დაზიანება, რაც მთავარია, ხელი არც იქ მომიტეხია, თითი და როდესაც ექიმთან მივდიოდი, მეგობრებთან ვიხუმრე კიდეც, რომ ამას კუდს მოაბამდნენ. ისე აუხდეს ყველა სურვილი ჩვენი ქვეყნისთვის კეთილისმსურველს, როგორც ეს ამიხდა.

ჩემს ბავშვობაში იყო წიგნი „ფანტაზია და მარჯვე ხელები“. როგორც ჩანს, ვიღაცებმა მხოლოდ სათაური წაიკითხეს და მონდომებით აწვალებენ ფანტაზიას და ხელმარჯვობენ“, - წერს მელია სოციალურ ქსელში.