30 წამი და 700 მეტრი დააკლდა ყირიმის ხიდის კატასტროფულ დაზიანებას... - კვირის პალიტრა

30 წამი და 700 მეტრი დააკლდა ყირიმის ხიდის კატასტროფულ დაზიანებას...

ყირიმის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ იმავე დღის ბოლოს აღდგა, როდესაც სატვირთო მანქანაში მოთავსებული დიდი რაოდენობის ასაფეთქებელი მასალის დეტონაცია მოხდა ამ ხიდზე გადავლისას.

საქმე ის არის, რომ აფეთქების შედეგად ჩაინგრა საავტომობილო ხიდის მარჯვენა ფრთის ორი სექცია, მაშინ, როდესაც საპირისპირო მოძრაობის საავტომობილო ხიდის მარცხენა ფრთა ჩანგრევას გადაურჩა და სწორედ მისი გამოყენება დაიწყეს ერთ ზოლში მონაცვლეობით მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების გასატარებლად (ისიც თითოეული მგზავრისა და ტვირთის დეტალური შემოწმების შემდეგ), ხოლო სატვირთო ავტომობილების მძღოლები კი საზღვაო ბორნებისკენ გადაამისამართეს.

2-v-1665307449.jpg
დაახლებით ამგვარ სატვირთოში ფარულად განთავსებულმა ასაფეთქებელმა მასალამ გამოიწვია დიდი ძალის აფეთქება ყირიმის ხიდზე

სავარაუდოდ, ასევე მალე გაიხსნება მოძრაობა სარკინიგზო ხიდზეც, რომელმაც გარკვეული დაზიანება მას შემდეგ მიიღო, რაც აფეთქების შედეგად არანაკლებ შვიდ სარკინიგზო ცისტერნას, რომლებშიც დიზელის საწვავი ესხა, ცეცხლი წაეკიდა, საწვავი გადმოიღვარა და უშუალოდ ლიანდაგებსა და სხვა კომუნიკაციებზე მაღალი ტემპერატურის გამოყოფით წვამ მათ სტრუქტურასა და გამძლეობაზე შეიძლება იმოქმედა (ისე კი, ამ 60 ტონიან სარკინიგზო ცისტერნებში დიზელის საწვავის ნაცვლად ბენზინი რომ ყოფილიყო, მაშინ დიდი ძალის აფეთქებები მოხდებოდა).

უკრაინელებს გამოუვიდათ ეს სუპერდივერსია და მთავარ მტერს - რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ასე მიულოცეს 70 წლისთავი, თუმცა მას დაბადების დღე 7 ოქტომბერს ჰქონდა, ყირიმის ხიდი კი 8 ოქტომბრის დილიდ 6 სთ-ისთვის აფეთქდა, ნუთუ „საჩუქარი“ დაუგვიანეს კრემლის ბინადარს?

როგორც თანდათანობით ირკვევა, რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ამ წითელი ფერის კაბინიან ამერიკული წარმოების სატვირთოს მართავდა, ინტერნეტის საშუალებით ჯერ კიდევ 6 ოქტომბერს შეუკვეთეს ავტონაწილების გადატანა კრასნოდარიდან ყირიმში, ისეთი გათვლით, რომ მისი მანქანა ყირიმის ხიდზე 7 ოქტომბრის დილის 6 სთ-ზე აღმოჩენილიყო, მაგრამ ტვირთის მიღებისას წარმოქმნილმა პრობლემებმა ეს რეისი ერთი დღე-ღამით გადაწია.

რატომ ჰქონდათ გართულება ამ დიდი მასშტაბის დივერსიის მომწყობებს მაინცდამაინც დილის 6 სთ-ზე?

ალბათ იმიტომ, რომ ყირიმის ხიდზე ასეთ დილაადრიან ცოტა ავტომობილი იქნებოდა და აფეთქებას, რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი მოჰყოლოდა სამოქალაქო მძღოლებსა და მგზავრებში.

პრინციპში ასეც მოხდა, საშინელი ძალის აფეთქებას მხოლოდ დანაღმული სატვირთოს მძღოლი (რომელიც საქმის კურსში არ იყო, რომ მის მანქანას ასეთი საშიში, შენიღბული ტვირთი გადაჰქონდა) და კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა, რომლებსაც არ გაუმართლათ, თავისი მსუბუქი მანქანით ხიდზე გასწრება სწორედ მაშინ დაიწყეს, როდესაც ტვირთმა იფეთქა.

თავად აფეთქების ინიცირება, დიდი ალბათობით, დისტანციურად განხორციელდა ან უკან მიმავალი რომელიმე მანქანიდან ან კიდევ ტვირთში ასაფეთქებელ მასალასთან ერთად ჩადებული „ჯი-პი-ეს“-ის მიმღების მიერ, რომელიც ყირიმის ხიდის გარკვეულ მონაკვეთის კოორდინატზე ასამოქმედებლად წინასწარ იყო დაყენებული.

3-v-1665307489.png
სატვირთოს მხოლოდ 700-მდე მეტრი დააკლდა ხიდების თაღებამდე მისასვლელად...

ის რომ აფეთება მაშინ მოხდა, როდესაც სატვირთო გაუსწორდა გვერდითა პარალელურ სარკინიგზო ხიდზე მიმავალ შემადგენლობას, შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ეს მომენტი სპეციალურად შეარჩია აფეთქების მომწყობმა და ვიზუალურად აფიქსირებდა სიტუაციას, ანუ სხვა მანქანით კუდში მიჰყვებოდა...

4-v-1665307513.png
ავტოტრაილერის აფეთქებას საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების ამ 227 მ სიგრძის თაღების სრული ჩამოშლა და ყირიმის ხიდის ბევრად მეტი ხნით მწყობრიდან გამოყვანა შეეძლო...

თუმცა მას 30 წამი რომ მოეცადა, რა პერიოდშიც სატვირთო ავტომობილი კიდევ 700 მეტრს გაივლიდა, მაშინ აფეთქების შედეგი ყირიმის ხიდისთვის მართლაც რომ კატასტროფული იქნებოდა, რადგან აფეთქების ეპიცენტრი ყირიმის საავტომობილო ხიდის თაღის ქვეშ აღმოჩნდებოდა, რომელიც მისსა და ოცდაათიოდე მეტრით მარცხნივ მდებარე სარკინიგზო ხიდის თაღის კონსტრუქციებსაც სერიოზულ ზიანს მიაყენებდა...