"დივერსიული საჩუქარი" ანუ როგორი იქნება ყირიმის ხიდის აფეთქებით გამწარებული პუტინის პასუხი?! - კვირის პალიტრა

"დივერსიული საჩუქარი" ანუ როგორი იქნება ყირიმის ხიდის აფეთქებით გამწარებული პუტინის პასუხი?!

შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსი საქართველოში ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა, თუმცა ექსპერტთა ნაწილის ვარაუდით, ამერიკელი მაღალჩინოსანი ვიზიტის დროს შეეცდებოდა გაერკვია, უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში საქართველო, ბოლოს და ბოლოს, ვის ბანაკშია. ამ ვიზიტს წინ უძღოდა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადება, რომ ვაშინგტონში მაღალი რანგის თანამდებობის პირებს აქვთ კითხვები, თუ რატომ არ ემიჯნება ჩვენი ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელიც ბოლო დროს „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებისგან გვესმის, მით უფრო, რომ მათი რიგები კიდევ გაიზარდა. ხელისუფლება, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ ის უკრაინის მხარდამჭერია და ცივილიზებული თანამეგობრობის მხარესაა, მეორე მხრივ კი აღიარებს „ღირებულებით ერთობას“ იმ ჯგუფთან, რომელიც ანტიამერიკული რიტორიკით პირდაპირ რუსული პროპაგანდის გზავნილებს იმეორებს. ამიტომაც, ალბათ, არავისთვის იყო გასაკვირი ის მწვავე განცხადება, რაც სახელმწიფო მდივნის მოადგილისგან მოვისმინეთ: "ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე. მოდი, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ - ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის შესახებ. კრიზისისა, რომელიც ერთმა პირმა შექმნა", - განაცხადა ბონი დენის ჯენკინსმა. თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტთან, ჯიპას პროფესორ გიორგი კობერიძესთან.

koberidze-1665316274.jpg

- ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი მნიშვნელოვანი დიპლომატიური აქტია, რომელიც გულისხმობს უპირველესად იმის ჩვენებას, რომ დასავლეთს კვლავ აინტერესებს ეს ქვეყანა, საერთოდ, რეგიონი და არ აპირებს არ შეიმჩნიოს უმართებულო პოლიტიკური ცვლილებები თუ თავდასხმები. ის, რომ ქალბატონმა ჯენკინსმა გააკეთა პირდაპირი განცხადებები, ცხადყოფს, რომ აშშ-ისთვის ეს რეგიონი პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს მიგვანიშნებს იმაზეც, რომ რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური კურსი უკიდურესად დამაზიანებელია საქართველოსთვის. ჩვენს ქვეყანას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ მოკავშირეები დაკარგოს, მით უფრო ისეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორის, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ეს იქნება ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მეტიც, სახელმწიფოებრიობისთვის უდიდესი რისკი. ის ანტიდასავლური რიტორიკა, ბრალდებები, რაც თითქოს შეფარულად ვრცელდება, აშკარად საგარეო კურსიდან გადახვევის ცდაა. ამერიკელები ამას მშვიდად რომ არ შეხვდებიან, ესეც ცხადია. ეს ქვეყანა წლების განმავლობაში ჩვენი უდიდესი მხარდამჭერია, მან ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და უსაფრთხოებაში უდიდესი ინვესტიციები ჩადო და ბუნებრივია, მოელის, რომ პარტნიორობა იქნება ორმხრივი და საქართველო შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას და ასე უაპელაციოდ, უსაფუძვლოდ მოკავშირეზე თავდასხმებს შეწყვეტს.

- ჩვენი ხელისუფლების პირველი პირებისგან თან გვესმის, რომ აშშ-სთან პარტნიორობას აფასებენ, თუმცა, მეორე მხრივ, ამბობენ, რომ "ღირებულებითი ერთობა" აქვთ იმ დეპუტატებთან, რომლებიც გავიდნენ მმართველი პარტიიდან, თუმცა დარჩნენ უმრავლესობაში. ბრძანეთ, რომ არის ეჭვი ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაზე. ერთი ვერსიით, ხელისუფლება "ტრაქტატ 2"-ს ამზადებს და მიზანმიმართულად მიაქანებს რუსეთისკენ ქვეყანას, მეორე ვერსიით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამგვარი პოლიტიკით მოახერხებს რუსეთთან კონფლიქტის თავიდან აცილებას და ამიტომ ფრთხილობს.

- ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვა რომ იყოს, უპირველესად იზრუნებდა შეიარაღების გაზრდაზე, სამხედრო ნაწილების მობილიზებასა და დასავლეთთან პარტნიორობის უფრო გამყარებაზე. საერთაშორისო ურთიერთობების ანაბანა გვეუბნება, "თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის". განიარაღებით, მოკავშირეების გადამტერებით, მუდმივად კონფლიქტური და ორაზროვანი განცხადებებით, ანუ იმ პოლიტიკით, როგორიც ახლა აქვს ხელისუფლებას, უსაფრთხოება არ მიიღწევა.

ომი არავის უნდა, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ საქართველო, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაშია. თავს ნუ მოვიტყუებთ იმაზე ფიქრით, რომ რადგან თბილისში რუსული ტანკი არ დგას, ომში არა ვართ. ომის მდგომარეობაა, როდესაც დედაქალაქიდან 40 კილომეტრში ოკუპანტის ჯარი დგას, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ, თავისუფლებას უზღუდავენ, კლავენ, აწამებენ, არ წყდება ბორდერიზაცია, ყოველდღიურად იტაცებენ ჩვენს მიწებს... ომის დეფინიცია სხვა კი აღარაფერია... ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ნელი ინტენსივობის კონფლიქტი. როდესაც ვამბობთ, რომ ომის თავიდან აცილება გვინდა, ეს არ უნდა ნიშნავდეს მუდმივად თავდახრით ყოფნას, მოკავშირეებთან დაპირისპირებას და თავის შეყოფას იმ ხორცსაკეპში, რომელშიც ახლა თვითონ რუსეთია გაჩხირული. ჩვენი უგუნური პოლიტიკის გამო თუ მართლაც ზურგი შეგვაქციეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ჩათვალეთ, რომ საქართველოს კატასტროფა ემუქრება.

რაც შეეხება თქვენს ნახსენებ პირველ ვერსიას, პირადად მე ტრაქტატის საკითხს არ წამოვწევდი და ასე მწვავედ არ შევაფასებდი, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლება მუშაობს შემდეგი პრინციპით - ყველანაირი პოლიტიკა მისაღებია, რაც მას შეუნარჩუნებს სრულ ძალაუფლებას. რადგან "ქართული ოცნება" დემოკრატიული და ევროპული წესებით არ თამაშობს და მისი მოქმედება უფრო ავტოკრატიულია, ის ბუნებრივად პოულობს საერთოს რუსეთთან. მოკავშირეს კი არ ეძებს რუსეთის სახით, არამედ ცდილობს დასავლეთთან დასაშორებლად გამოიყენოს.

ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში დასავლეთისადმი ნეგატიური განწყობა წაახალისონ და ამის შემდეგ დაიწყონ იმგვარი თამაში, რითაც მოახერხებენ ძალაუფლების შენარჩუნებას. სამწუხაროდ, მათთვის სახელმწიფოს ინტერესების დაცვა პრიორიტეტული არ არის, მათთვის მთავარი ძალაუფლებაა.

დასავლეთი მათ ხელისუფლებიდან წასვლას არ სთხოვს, მაგრამ ითხოვს პოლიტიკური თამაშის პატიოსან წესებს, რაც, როგორც წესი, ავტოკრატიული ტენდენციების მქონე რეჟიმებს არ აწყობთ. ამიტომ ცდილობენ დასავლეთს დაშორდნენ, რაც პირდაპირ უდრის რუსეთთან დაახლოებას.

- დეპუტატები, რომლებიც "ქართული ოცნებიდან" გავიდნენ და ყოველ კვირას ახალ-ახალ ანტიდასავლურ პასკვილებს აცხობენ, აქტიურობით არასდროს გამოირჩეოდნენ, შესაბამისად, აშკარაა, რომ ეს ხალხი იდეისთვის მებრძოლი ნამდვილად არ არის და ისინი ვიღაცის დავალებას ასრულებენ, როცა ცდილობენ პრორუსულად განწყობილი ელექტორატის მიმხრობას. ამგვარი რამ აქამდეც გვიხილავს. გავიხსენოთ "პატრიოტთა ალიანსი", "ალტ-ინფო", რომელთა საქმიანობამ კარგად აჩვენა, რომ ოკუპანტის მომხრე ქვეყანაში ბევრი არავინ არის და ამომრჩევლის ეს სეგმენტი 5%-ს თუ შეადგენს. ისმის კითხვა, რას ცდილობს ეს ხალხი, რისი იმედი აქვთ?

- სავარაუდოდ, რამდენიმე გათვლა აქვთ. ხელისუფლება, ალბათ, ფიქრობს, რადგან არსებობს დაახლოებით 5%-იანი სეგმენტი, ბარემ თავისკენ მიითვალოს. თვითონ ამ ჯგუფს კი აქვს ხელისუფლების პირდაპირი და ირიბი მხარდაჭერის იმედი იმ გათვლით, რომ ხელისუფლება მათი საშუალებით შეეცდება დასავლეთისადმი სკეპტიციზმის გაზრდას, თან ნებისმიერ დროს შეეძლებათ ამტკიცონ, ჩვენ რა შუაში ვართ, ეს ხალხი ჩვენგან წავიდაო. ვაღიაროთ, ჩვენს ხელისუფლებასაც არა აქვს რაიმე განსაკუთრებული იდეა, მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება. მე უფრო საშიშ თამაშს ვხედავ, სამწუხაროდ, ყოვლად უიდეო ადამიანები შეიძლება ყველაფერზე წავიდნენ.

სხვა საკითხია, რომ რუსეთს თავისი გავლენის აგენტები ჰყავს საქართველოში. პირდაპირ ვერავის დავადანაშაულებთ, მაგრამ რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროების გაზრდას აქტიურად ცდილობს სოციალური ქსელის, ტელევიზიის, გავლენის აგენტების გამოყენებით. დღეს დასავლეთზე თავდასხმა სწორედ რუსული ინტერესების გატარებას ნიშნავს. ვინ რა მოტივით აკეთებს ამას, პირდაპირ თუ ირიბად, აღარ აქვს მნიშვნელობა. აქსიომაა, თუ თავს ვესხმით დასავლეთს, კარს ვუღებთ რუსეთს, მით უფრო დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, როდესაც მსოფლიო უსაფრთხოების სისტემა ძირფესვიანად იცვლება, იცვლება ძალთა ბალანსი.

- დასავლეთისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო კავკასიის რეგიონი, თუმცა დღეს რუსეთ-უკრაინის ომის გამო შექმნილი ენერგოკრიზისისას დიდ მნიშვნელობას იძენს ე.წ. შუა დერეფანი. ამ ვითარებაში ჩვენ ვხედავთ ევროპის აქტიურობას და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიატორობის მცდელობას. მოგეხსენებათ, პრაღაში ევროკავშირის მონაწილეობით მოხერხდა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა. ცხადად ჩანს ისიც, რომ სომხეთი ცდილობს დააღწიოს თავი რუსეთის გავლენას.

- სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი კარგად ხვდებიან, რომ რუსული გავლენა რეგიონში სუსტდება. შესაბამისად, ხვდებიან იმასაც, რომ დღეს რუსეთთან ურთიერთობა წამგებიანია. აქედან გამომდინარე, რუსეთზე ფსონის დადებას აღარავინ ცდილობს. მოსალოდნელია რეგიონში გაიზარდოს თურქული ზეგავლენა და ამასთანვე, თავის გავლენას გაზრდის დასავლეთიც. თურქეთი, სავარაუდოდ, მოგვევლინება დამოუკიდებელ მოთამაშედ, ასევე მოთამაშედ დასავლეთთან დუეტში.

ევროპაში კარგად იციან, რომ კავკასია მნიშვნელოვანი ენერგოგამტარია, შესაბამისად, სჭირდებათ სტაბილური რეგიონი. ყარაბაღის კონფლიქტი და სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება ამ სტაბილურობისთვის უმთავრესი ხელის შემშლელი ფაქტორია. დღეს, ამ კონფლიქტის დარეგულირების შემდეგ, შესაძლოა მოხერხდეს კავკასიაში პროცესების იმგვარად წარმართვა, რაც ძალთა დაბალანსებამდე მიგვიყვანს. ამაში დასავლეთის როლი ძალიან დიდი იქნება. სწორედ ის იქნება გარანტორი, რომ ყველა ქვეყნის ინტერესები დაცული იყოს. რუსეთი აქამდე იყო ძალა, რომელიც წყალს ამღვრევდა რეგიონში, რათა თვითონ ადვილად დაეჭირა თევზი. მისი დასუსტების შემდეგ ასე აღარ იქნება.

- ჩვენი ინტერვიუს ჩაწერამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ფოტო და ვიდეოჩანაწერი, თუ როგორ არის ცეცხლში გახვეული ყირიმის ხიდი. უკრაინა აცხადებს, რომ ეს მათი სპეცოპერაციის შედეგია, რუსეთის მტკიცებით კი ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა და ამის გამო გაუჩნდა საწვავის ავზებსა და ხიდსაც ცეცხლი, თუმცა ამ ვერსიის ნაკლებად სჯერა ვინმეს, იმდენად მასშტაბურია ხიდის, როგორც საავტომობილო გზის, ისე სარკინიგზო ხაზის დაზიანება. უკრაინის წინსვლა ფრონტზე აშკარაა. შესაბამისად, არ წყდება ლაპარაკი, რომ რუსეთი უპირატესობის მისაღწევად ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

- ჰიპოთეზურად ყველაფერი შეიძლება დავუშვათ, მით უფრო რთულია ამტკიცო, რომ პუტინი ამას არ იზამს, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტია გასათვალისწინებელი, უპირველესად კი შიდაპოლიტიკური ვითარება, ანუ პუტინის ირგვლივ არსებული ოლიგარქიული და ე.წ. ძალოვნების წრე. რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვა შესაძლოა მკვლელებისგან შედგება, მაგრამ ისინი ნამდვილად არ არიან თვითმკვლელები. დარწმუნებული ვარ, რომ მათ არა სურთ პუტინს ჩაჰყვნენ პოლიტიკურ თუ რეალურ სამარეში. ვფიქრობ, რუსულ ოლიგარქიულ სისტემას ძალიან ბევრი რამ აქვს დასაკარგი, ამიტომაც ბირთვული იარაღის გამოყენებას ხელს ნამდვილად არ შეუწყობენ.

კიდევ ერთი ტექნიკური ასპექტი - არავინ იცის, რა მდგომარეობაშია რუსეთის ბირთვული არსენალი და რომც გაისროლოს, რა ეფექტი ექნება, მიაღწევს კი დანიშნულების ადგილამდე? ყოველივე ამას სჭირდება ხანგრძლივი გამოცდა, დაკვირვება. არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი იარაღი სადმე გამოცადოს და კიდევ ერთხელ დაიმუქროს, რომ შემდგომი უკრაინა იქნება. სიმართლე გითხრათ, რუსეთის პოზიცია, თუნდაც ყირიმის ხიდის აფეთქების შესახებ, როდესაც კრემლი ცდილობს მაქსიმალურად დამალოს საკუთარი მარცხი, მაინცდამაინც არ აჩვენებს, რომ რუსეთს პროცესების მეტი ესკალაცია სურს.

- ბოლო დღეებში ექსპერტთა ნაწილი აცხადებდა, რომ რუსეთი უკრაინისთვის ომის გამოცხადებას აპირებს და ამის შემდეგ დაიწყებს ფართომასშტაბიან შეტევას, თუმცა შერჩა კი რუსეთს ამის პოტენციალი?

- ჩემი აზრით, არა... მას შემდეგ, რაც უკრაინაში რეგულარულმა არმიამ არაერთი მიმართულებით იწვნია მარცხი და კრემლს მობილიზაციის გამოცხადება დასჭირდა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ომის გამოცხადებამ რა შეიძლება შეცვალოს. ჩემი აზრით, რუსეთი განწირულია მარცხისთვის. არ შეიძლება XXI საუკუნეში პუტინის წამოწყებული დაპყრობითი ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდეს. რუსეთს თუ გაუვიდა, ეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის კატასტროფა იქნება. ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, სადაც დაპყრობით ომზე ბევრ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ უთქვამს უარი. ჩემი აზრით, რუსეთი ახლა შეეცდება ის მაინც შეინარჩუნოს, რაც ომამდე მიითვისა, უპირველესად ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის დიდი ურბანული ცენტრები. შეიძლება ამაზე ივაჭროს.