იატაკქვეშა ლაბორატორიები საქართველოში, სადაც „მკვლელ ნარკოტიკებს“ ამზადებენ - კვირის პალიტრა

იატაკქვეშა ლაბორატორიები საქართველოში, სადაც „მკვლელ ნარკოტიკებს“ ამზადებენ

უკანონო ლაბორატორიებში კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკებს საქართველოში ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ეწირება. შავ ბაზარზე ისევ გამოჩნდა მკვლელ ნარკოტიკად წოდებული ფენტანილი, რომელსაც ნარკოტიკულ საშუალებებს ამატებენ. ის საქართველოში 2018 წელს შემოვიდა. ქართველი ნარკოლოგები იუწყებიან, რომ ეს დანამატი აღმოჩენილია თითქმის ყველა კლუბურ ნარკოტიკში და დოზის მინიმალური გადაჭარბების შემთხვევაშიც კი სიკვდილი გარდაუვალია. წინასწარი ინფორმაციით, ამ ნივთიერებას თბილისში რამდენიმე ახალგაზრდა უკვე ემსხვერპლა. ფენტალინი შავ ბაზარზე თავისუფლად იყიდება და სხვა ნივთიერებებთან შედარებით, გაცილებით იაფია. სპეციალისტების თქმით, ბოლოდროინდელი ნარკოტესტებით დადგენილია, რომ სინთეტიკური ოპიოიდის (რომელიც ჰეროინსა და მორფინზე ბევრად ძლიერია) კვალი აღმოჩენილია - ექსტაზისა და თითქმის ყველა კლუბური ნარკოტიკის შემადგენლობაში. "კვირის პალიტრა" ექიმ-ნარკოლოგს, მეცნიერებათა დოქტორსა და კლინიკა "ნეოგენის" დირექტორ დავით ვადაჭკორიას ესაუბრა.

- პერიოდულად ბაზარზე ბევრი უცნობი ფსიქოაქტიური ნივთიერება შემოდის. როგორც ამბობენ, მათი რიცხვი უფრო გაიზრდება, გაკონტროლება კი ჭირს. რა გზით შემოდის ისინი ბაზარზე?

- მსოფლიოში წელიწადში დაახლოებით 100 ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება იქმნება და ეს მსოფლიო ნარკოსცენისთვის უდიდესი გამოწვევაა. 2004 წლიდან, ფაქტობრივად, კვირაში ერთი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება იქმნება, რაც საშიშია, რადგან ისინი არ ექვემდებარება შესაბამისი კონვენციების რეგულაციას. მათი დიაგნოსტიკა ძალზე ძნელია, რეალიზაცია გარკვეულწილად ლეგალურობის საფარქვეშ ხდება.

მეორე ფაქტორი, რომელიც ნარკოვითარებას ამძიმებს, არის ახალი ტექნოლოგიების გავრცელება, რომელიც ნარკოდილერებისთვის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ძველი გასაღების მეთოდები.

მესამე ფაქტორი ის არის, რომ მოხმარებასთან ლიბერალურმა მიდგომამ, რაც საწყის ეტაპზე მაინც მოსალოდნელი იყო, მოხმარების გაზრდა განაპირობა. ამის მიზეზია გახსნილი საზღვრები და მიგრაციის ზრდაც - ჩვენი ახალგაზრდების ევროპის ქვეყნებში მიმოსვლამაც დაამძიმა ვითარება - ევროპაში გაცილებით ლიბერალური მიდგომაა და გაცილებით იაფი ღირს ნარკოტიკი, ვიდრე საქართველოში. ახალგაზრდების ევროპაში პერიოდულად გამგზავრებამაც შეუწყო ხელი საქართველოში წამალდამოკიდებულთა რაოდენობის ზრდას. ფსიქოაქტიური ნივთიერებები არაკონტროლირებადი რეგიონებიდანაც შემოდის, მაგრამ წამყვანი ფაქტორი ეს არ არის. საქართველოში იმას ვერ მივაღწიეთ, რომ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწორი პრევენციული მიდგომები იყოს დანერგილი. ამ საკითხზე დაბალია ჩვენი ახალგაზრდების ცნობიერება. 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ თბილისში მომხმარებელთა დაახლოებით 20% ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოიხმარს. არ ვიცით, რა ნივთიერებაა, არ ვიცით დოზირება, არ ვიცით, მომხმარებელი იმას მოიხმარს, რასაც ყიდულობს, თუ კიდევ სხვა რამეს...ეს ნივთიერებები უმეტესად სახმელეთო გზებით, საზღვრებიდან შემოდის, თუმცა საქართველოში იატაკქვეშა ლაბორატორიებიც არის. ეს რამდენიმეჯერ დააფიქსირა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

- სტატისტიკა რას გვეუბნება, ისევ 50 ათასამდეა ინტრავენურ წამალდამოკიდებულთა რიცხვი? როგორც ვიცით, მძიმე ნარკოტიკების მოხმარებით საქართველო ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. სამართალდამცველთა ძალისხმევის მიუხედავად, ნარკოსაშუალებები იოლად ხელმისაწვდომია.

- პანდემიის გამო ბოლო წლებში ვალიდური კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ციფრი რეალურია. სულ ვიმეორებ, რომ წლებია, ჩვენს ქვეყანას 3 გამოწვევა აქვს. ტერიტორიული მთლიანობისა და სიღარიბის პრობლემის შემდეგ (რიგითობაზე კამათიც შეიძლება) მესამე ნარკომანიის პრობლემაა. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შედეგად ჩვენი გენოფონდი ნადგურდება. გენოფონდი თუ განადგურდა, აღარც ტერიტორიების დაბრუნებას აქვს აზრი და აღარც სიღარიბის დაძლევას. მინდა კარგად გააცნობიერონ სახელმწიფომაც და მოსახლეობამაც, რამხელა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. თავად მომხმარებლები მეუბნებიან, რამდენად მასშტაბურია ნარკომოხმარება ახალგაზრდებში, მოზარდებში...

- რა ნივთიერებაა ფენტანილი და რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს მის ზედოზირებას? როგორც ამბობენ, ეს სინთეზური ოპიოიდი ჰეროინზე გაცილებით ძლიერია და მისი ზედოზირება ნელ სიკვდილს იწვევს.

- ფენტანილზე აზრი არაერთხელ გამოვთქვი. პირველად მაშინ, როცა კლუბ "ბასიანში" 4-5 ახალგაზრდა დაიღუპა. ისეთი კლინიკური სურათი ჩანდა, რომ ნარკოტიკებში ფენტანილი იყო გარეული და ეს დადასტურდა კიდეც. ეს ნივთიერება დაახლოებით 40-50-ჯერ ძლიერმოქმედია, ვიდრე იგივე ჰეროინი. ფენტანილის ზედოზირებით ამერიკაში, ჩრდილოეთ ევროპასა და ბალტიის ქვეყნებში ათეულათასობით მომხმარებელი დაიღუპა. ათეულათასობით შემთხვევაა ყოველწლიურად აშშ-ში. მაგალითად, 2018 წელს იქ 40 ათასი კაცი დაიღუპა ფენტანილის ზედოზირების გამო.

ფენტანილი სიკვდილიანობის ძალიან დიდ რისკს შეიცავს. სავარაუდოდ, დილერები ეფექტის გასაძლიერებლად ფენტანილს სხვადასხვა საშუალებაში ურევენ. ფენტანილი იწვევს სუნთქვის ცენტრის დამბლას, გულ-სისხლძარღვთა ცენტრის დათრგუნვას, გათიშვასა და სიკვდილს, ისე, რომ მომხმარებელი ვერც ასწრებს სამედიცინო დაწესებულებამდე. ოპიოიდების ჯგუფის ფენტანილი იაფი ჯდება და დიდ მოგებას ტოვებს. გამოსავალი ის იქნება, შემცირდეს მოთხოვნა და შესაბამისად, შემოდინებაც. სამწუხაროდ, ჯერ ორივე მზარდი გვაქვს - მოთხოვ­ნაც და მიწოდებაც.

- რატომაა ასეთი საშიში ფენტანილის შემცველობა ექსტაზებში, მაგალითად, MDMA-ში?

- იმიტომ, რომ მომხმარებლები ხშირად ექსტაზს დღის განმავლობაში რამდენჯერმე იღებენ. შეიძლება მასში ფენტანილის შემცველობა ძალზე მცირეა, მაგრამ როცა რამდენჯერმე ხმარობ, ზედოზირების რისკი იზრდება. ფენტანილს ძალიან დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების პოტენციალი აქვს. ის არა მარტო საქართველოსთვისაა საშიშროება, მთელი მსოფლიოს უმძიმესი პრობლემაა. მას "მკვლელ ნარკოტიკს" უწოდებენ.

- ჩანაცვლებითი თერაპია რამდენად ეფექტურია და საჭიროებს თუ არა გადახედვას?

- ძალიან დიდი ნაბიჯია, რომ საქართველოში არსებობს ჩანაცვლებითი­ პროგრამები. თუმცა პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში არ არის მკურნალობის სრული ციკლის ჩატარების საშუალება. მკურნალობის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ეფექტიანი სარეაბილიტაციო სისტემის დანერგვა. ეს ძვირად ღირებული პროცესია, რადგან საჭიროა პაციენტის თვეების განმავლობაში რეაბილიტაცია. ჩემი აზრით, ჩანაცვლებითი თერაპია საქართველოში გადახედვას საჭიროებს, ჩანაცვლებითი პროგრამები უნდა გაუმჯობესდეს.

კიდევ ერთი პრობლემაა ცოდნაზე დაფუძნებული საპრევენციო ღონისძიებების გატარება. ნარკომომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ჩვენ კი მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციული ღონისძიებების გატარების საშუალება არა გვაქვს.

რა არის ფენტანილი

ალტერნატიული დასახელებები: ჩინური თეთრი სუბლიმაზი, აქტიქი, ქარყინული (ლოლიპოპი), დემეროლი.

ფენტანილი ძლიერი სინთეტიკური ოპიოიდური ანალგეტიკია, რომელიც მოქმედებით მორფინს ჰგავს, მაგრამ მასზე 50-100-ჯერ ძლიერია. მედიცინაში დაშვებულია ძლიერი ტკივილის სამართავად ან ოპერაციის შემდგომი ტკივილის გასაყუჩებლად. ხშირად ის ქრონიკული ტკივილის მქონე ისეთი პაციენტის სამკურნალოდ გამოიყენება, რომელიც სხვა ოპიოიდების მიმართ რეზისტენტულია.

შავ ბაზარზე ფენტანილს ბევრი სახელი აქვს: Apache, China Girl, China White, Dance Fever, Friend, Goodfella, Jackpot, Murder 8, TNT, and Tango and Cash.

ფენტანილი (სინთეზური ოპიოიდი), რომელიც 1968 წელს შეიმუშავეს, ყველაზე ძლიერი ოპიოიდია. ის 50-100-ჯერ ძლიერი მოქმედებისაა, ვიდრე იმავე მასის მორფინი (წონითი თანაფარდობით).

ფენტანილის ქუჩური ვერსია, რომელიც უკანონო ლაბორატორიებში მზადდება, უკიდურესად ძლიერი პრეპარატია, ხშირად იმიტირებულ ნარკოტიკზე მეტადაც. ზეძლიერ ქუჩის ფენტანილს ზედოზირებით სიკვდილის უამრავი შემთხვევა უკავშირდება. მექსიკის ქარხანაში ნაწარმოები ფენტანილით ზედიზედ 1000-ზე მეტი წამალდამოკიდებული დაიღუპა. ეს ამ ნარკოტიკის ერთი კონკრეტული პარტიის გაყიდვის შედეგი იყო.

ფენტანილს უკავშირდება "ოპიოიდური ზედოზირების ეპიდემიაც", რომელიც აშშ-ში 2017 წელს ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განსაკუთრებულ სიტუაციად (public health emergency) გამოცხადდა. 2017 წელს აშშ-ში ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით 72,000 კაცი დაიღუპა; მათგან ფენტანილი 2/3 შემთხვევაში ფიგურირებდა.

რატომ არის ფენტანილი საშიში?

- ოპიოიდის რეცეპტორები ტვინის იმ ადგილებში მდებარეობენ, რომლებიც სუნთქვის სიხშირის რეგულირებაზე არიან პასუხისმგებელი. ოპიოიდების დიდი დოზებით მიღებამ, მით უმეტეს, ისეთი ოპიოიდისა, როგორიცაა ფენტანილი, შესაძლოა სუნთქვის უეცარი გაჩერება და შესაბამისად, სიკვდილი გამოიწვიოს.

ფენტანილის ძლიერი მოქმედება ზედოზირების საფრთხეს ქმნის, მით უმეტეს მაშინ, როცაA მომხმარებელმა არ იცის, რომ აბი ან ფხვნილი, რომელსაც იღებს, ფენტანილს შეიცავს.

ფენტანილი ხშირად შერეულია სხვა ნივთიერებებთან და ამის შესახებ მომხმარებელმა არ იცის ფენტანილი, რომელიც არალიცენზირებულად იყიდება, ხშირად ჰეროინსა და კოკაინს შეიცავს, ეს კი ზედოზირების საფრთხეს ერთი-ორად ზრდის

როგორც ჰეროინი, მორფინი და სხვა ოპიოიდები, ფენტანილი ტვინის იმ რეცეპტორებზე მოქმედებს, რომლებიც ტკივილსა და ემოციებზე არიან პასუხისმგებელი. მისი მიღების შემდეგ ტვინში გამოიყოფა დიდი რაოდენობით დოფამინი, რომელიც ეიფორიასა და მოდუნებას იწვევს. ფენტანილის ზედოზირების გვერდითი მოვლენები ჰეროინის მოქმედებას ჰგავს და ეიფორიას, ძილიანობას, გულისრევას, დაბნეულობას, ყაბზობას, მოდუნებას, მიდრეკილების განვითარებას, სუნთქვის უკმარისობას, გონების დაკარგვას, კომასა და სიკვდილს იწვევს.