როდის დაიძლევა სიღარიბე?! - კვირის პალიტრა

როდის დაიძლევა სიღარიბე?!

ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში "დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა. 2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღებამ ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას და 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს, სიღარიბის დონე 3,8 პროცენტული პუნქტით - 21,3-დან 17,5%-მდე შემცირდა". "საქსტატი" აქვეყნებს ცხოვრების დონის მაჩვენებლებს, აქ არის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლებიც, რომლებიც გამოითვლება მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამისობით კანონმდებლობით დადგენილ საარსებო მინიმუმთან. სიღარიბედ ითვლება, თუ ადამიანი დღეში 2,5 აშშ დოლარზე ნაკლებს ხარჯავს, უკიდურეს სიღარიბედ კი, თუ დღეში 1,25 აშშ დოლარზე ნაკლებს. საქართველოში სიღარიბის შემცირება რას ნიშნავს, რა კატეგორიას ეხება და რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობა მდგომარეობის გაუმჯობესებას, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

- სიღარიბეს აქვს რამდენიმენაირი ასპექტი. ერთი არის სტატისტიკური, რომელიც მონაცემებს ეყრდნობა და მასზე პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი საუბრობენ. რას ნიშნავს ეს? პირობითად, თუ საშუალო შემოსავალი 100 ლარია, ვისაც 100 ლარზე ნაკლები აქვს, ღარიბია, ხოლო ვისაც 101 ლარი აქვს, ის უკვე ღარიბად აღარ ითვლება. ეს არის წმინდა სტატისტიკური გათვლა. მეორეა სუბიექტური მიდგომა, ადამიანი თავად როგორ აღიქვამს თავის მდგომარეობას. თუ ის თვლის, რომ შეჭირვებულია, არ აკმაყოფილებს კვების პროდუქტები, რომლებსაც ყიდულობს, საბინაო პირობები, გარემო და ასე შემდეგ, შესაძლოა ეს დისკომფორტის შექმნის მომენტიც შევიდეს სიღარიბის სუბიექტურ აღქმაში. მესამე კი წმინდა სოციალურია, როდესაც ამა თუ იმ სფეროსა და საქმიანობის წარმომადგენელი აპრიორულად მიეკუთვნება კონკრეტულ სოციალურ ჯგუფს. მაგალითად, თუ საზოგადოება სტაბილური და მდგრადი განვითარების რეჟიმშია, მაშინ პედაგოგი, ლექტორი, ექიმი, ადვოკატი და ასე შემდეგ, შეიძლება ავტომატურად შევიყვანოთ საშუალო ფენაში, მიუხედავად იმისა, თუ როგორია მისი შემოსავალი. თუმცა ეს ეხება განვითარებულ და მშვიდ ქვეყანას და საქართველოზე ამას ვერ ვიტყვით, რადგან ათწლეულების განმავლობაში რევოლუციურმა ქარტეხილებმა სერიოზული ცვლილებები მოიტანა. 1990-იან წლებში მეზობელი მყავდა, რომელსაც ბოთლების ჩაბარების ბიზნესი ჰქონდა და მეზობელ პროფესორებს ეუბნებოდა, მე დღეში ოთხჯერ მეტ ფულს ვაკეთებ, ვიდრე თქვენ ერთი თვის განმავლობაშიო.

ცხადია, ამის მერე ვითარება არსებითად შეიცვალა, მაგრამ ეს მაინც მიანიშნებს, რომ ის სოციალური კრიტერიუმი, რითაც ამა თუ იმ სოციალურ სფეროს რომელიმე პროფესიის ადამიანს მივაკუთვნებთ, ნორმალურ პირობებშია ეფექტური, როდესაც არ არის რევოლუციური ქარტეხილები და ქონების ძალდატანებითი გადანაწილება.

- რამდენად მართებულია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ტრაბახობენ წმინდა სტატისტიკური მონაცემებით, მაშინ, როდესაც ხალხს არა აქვს ამის განცდა.

- მათი განცხადებები წმინდა სტატისტიკური მონაცემებია, მაგრამ ამ სტატისტიკური მეთოდის ჩამოყალიბებასაც წინ უძღვის საწარმოო ძალების განვითარების დონე და შესაბამისად, საზოგადოებაში შექმნილი დამოკიდებულება, აღიქვამს თუ არა ის, პირობითად, 100 ლარს საკმარისად. მაგალითად, "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" 1940-იანი წლების ბოლოს სიმდიდრის მაჩვენებლად რეზინის ჩექმები და ტყავის ქურთუკია ნახსენები, მაგრამ დღეს ამაზე გვეცინება, ვინ ჩათვლის ამას სიმდიდრედ?! რეზინის ჩექმა და ტყავის ქურთუკი ცოტა ხანში "გაზ 21"-მა შეცვალა, მერე ამას დაემატა ბობინებიანი მაგნიტოფონი (მაგნიტური ფირის ორი დიდი კოჭათი), რომელიც დარწმუნებული ვარ, დღეს ახალგაზრდებმა არც იციან, რა არის - ანუ სიმდიდრის კრიტერიუმები იცვლება და განვითარება გავლენას ახდენს სტატისტიკის მაჩვენებლებზეც. ის, რაც გუშინ საკმარისად ითვლებოდა, დღეს შეიძლება აღარ იყოს საკმარისი სიღარიბის დასაძლევად. გარდა ამისა, თუ შევადარებთ ბევრ სხვა ქვეყანას ჩვენსას, ჩვენთან შედარებით მოკრძალებული მაჩვენებლებია სიღარიბის დონის დასაძლევად და ორიენტაცია საარსებო მინიმუმზე გვაქვს აღებული. თუ ზრდასრულ მამაკაცზე საარსებო მინიმუმი 220 ლარია და დღეს აქვს 221 ლარი, ღარიბად აღარ იხსენება.

ჩვენთან შინაარსობრივი და ეტიმოლოგიური დაცილება მოხდა სიღარიბის ზღვარსა და საარსებო მინიმუმს შორის. ამიტომ საარსებო მინიმუმის მაჩვენებლისთვის ფაქტობრივი შემოსავლები აღარ არის საკმარისი, რათა ობიექტურები ვიყოთ სიღარიბის შეფასებისას. ამას ემატება ისიც, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი სიღარიბეს და დღევანდელ ვითარებაში, ცხადია, სიღარიბის დაძლევაზე სტატისტიკით საუბარი მოსახლეობას აღიზიანებს, რადგან ვერ აღიქვამს სიღარიბის დაძლევას და შესაბამისად, არ სჯერა იმის, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ.

- შარშანდელთან შედარებით სიღარიბის 3,8%-ით შემცირება რის მიხედვით გამოითვალეს? რა გაუმჯობესდა ქვეყანაში, რაც რიცხვებში ჩანს და მოსახლეობა ვერ გრძნობს?

- იმ მონაცემებით, რაც სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა ეკონომიკაში, თითოეული დასაქმებულის, ძველისაც და ახლისაც, ხელფასი გაიზარდა. როცა დავთვალეთ მეორე კვარტალის მონაცემები, თვეში 233 მილიონი ლარით მეტი სახელფასო შემოსავალი მივიღეთ, შარშანდელ მეორე კვარტალთან შედარებით. ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია პროცენტული ზრდის მიხედვით, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებელი. როდესაც ინფლაცია 10-11%-ის ფარგლებშია, ეს ცალსახად მიანიშნებს, რომ დასაქმებულთა შემოსავლებმა მნიშვნელოვნად გადაუსწრო ინფლაციის მაჩვენებელს. ესეც ფაქტორია დასკვნისთვის, რომ სიღარიბის დონე შემცირდა. თუ რეალური შემოსავალი იზრდება, ყოველგვარი სტატისტიკური გათვლების გარეშე შეიძლება დავასკვნათ, რომ სიღარიბის დონე მცირდება. ტრენდი დადებითია და სოციალური ხარჯების დინამიკაც შთამბეჭდავია.

ადამიანებისთვის კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა ხდება ორი გზით: ერთია მონეტარული ფორმა, როდესაც ხელფასს, პენსიას ვუზრდით და სხვა პირდაპირ ფულად დახმარებას ვაძლევთ და მეორე, იმ სოციალური გარემოს გაკეთილშობილებით, სადაც მას უხდება ცხოვრება. მაგალითად, ცივი აუდიტორიის ნაცვლად, ზამთარში გათბობა, დაწესებულებების სათანადო ინვენტარით აღჭურვა, გზების მოწესრიგება, კომფორტული ტრანსპორტი და ასე შემდეგ...

- სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაში რომელი მათგანის შემცირება იგულისხმება?

- სიღატაკე მეტისმეტი სიღარიბეა და როგორც წესი, მიიჩნევა, რომ ეს მაჩვენებელი სიღარიბის ზღვრის ნახევარზე ნაკლებია. თუ ჩავთვლით, რომ სიღარიბის ზღვარი, პირობითად, 100 ერთეულია, მაშინ ვისაც 50 ერთეულზე ნაკლები შემოსავალი აქვს, ის უკვე ღატაკად ითვლება. ეს არის წმინდა სტატისტიკური მიდგომა.

რაც შეეხება იმას, თუ სიღარიბის შემცირების დროს რომელი კატეგორიის მდგომარეობა უმჯობესდება, აქ ცოტა სხვაგვარი დამოკიდებულებაა. მაგალითად, ომში მსუბუქად დაჭრილს პირველ რიგში მკურნალობენ, რადგან მას გადარჩენის მეტი შანსი აქვს, შემდეგ კი უფრო რთულებს. ეკონომიკაში კი პირიქით არის, ყველაზე გაჭირვებული ვინც არის, პირველ რიგში მათ უნდა დავეხმაროთ. ვინც წყალშია გადავარდნილი, მაშველი რგოლი იმას უნდა გადაუგდო, ვინც ცურვა არ იცის, შემდეგ დანარჩენებს.

- შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქართველოში სიღარიბე სიღატაკის შემცირების ხარჯზე შემცირდა და ამიტომ ვერ გრძნობს მოსახლეობა?

- მათხოვრები სიღატაკის მაჩვენებელია. ეს კატეგორია სოციალური ნიშნის მიხედვით ღატაკებს უნდა მივაკუთვნოთ, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში მათი დღიური შემოსავალი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე შედარებით მაღალანაზღაურებადი და სოლიდური სამსახურის მქონე პირისა. მაგალითად, ერთ საჯარო უწყებასთან ქალი მათხოვრობდა. ერთ დღესაც შესთავაზეს, დამლაგებლად დაეწყო მუშაობა, სადაც ხელფასი თვეში 700 ლარი ექნებოდა, უარი თქვა, თქვენი მათხოვარი ვინ არისო.

რაც შეეხება სიღარიბის შემცირებას, საზოგადოდ სიღარიბის სიმწვავე შემცირდა. არსებობს ასეთი მაჩვენებელი - მაგალითად, თუ ქვეყანაში 200 ათასი კაცი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, თითოეულ მათგანს რამდენი ლარი აკლია, რომ დაიძლიოს სიღარიბის ზღვარი. წინა წელს რომელიღაც ოჯახს თვეში 200 ლარის ნაცვლად ჰქონდა 160 ლარი და სიღარიბის დასაძლევად 40 ლარი აკლდებოდა, ამ წელს გაუხდა 190 ლარი. მისი მდგომარეობა კი გაუმჯობესდა, სტატისტიკაში ისევ სიღარიბედ აისახება, თუმცა შემცირდება სიღარიბის სიმწვავე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელსაც ბოლო ხანს რატომღაც აღარ აქვეყნებენ, თუმცა მისი გაანგარიშება შესაძლებელია და რაც მთავარია, გვაძლევს უფრო ზუსტ სურათს.

- საარსებო მინიმუმი რამდენად ადეკვატურია საქართველოს რეალობის გათვალისწინებით და შესაძლებელია თუ არა მისი გაზრდა?

- რამდენიმე წლის წინ პარლამენტში იყო მსჯელობა, რომ საარსებო მინიმუმი 220 ლარზე გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო - 600-700 ლარის ფარგლებში. ამას მხარი პარლამენტის წევრებმაც დაუჭირეს, მაგრამ ურემი ისევ იქ დგას. გაზრდა დაკავშირებულია იმასთან, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ უფრო მეტი კატეგორია აღმოჩნდება. აღმოსავლური ნათქვამია, ათასჯერ შეიძლება გავიმეოროთ სიტყვა "ჰალვა", მაგრამ ამით პირში სიტკბოს ვერ ვიგრძნობთო. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღარიბთა რაოდენობა არის, ვთქვათ, 22%, მაგრამ ეს მართლაც ასეა? თუ ევროპულ კრიტერიუმებს მოვიშველიებთ, შესაძლოა რაოდენობა უფრო გაიზარდოს. ამიტომ ჯობს, იყოს ობიექტური რეალობის შესაბამისი მაჩვენებლები, თუ როგორია ღარიბთა კონტინგენტის აბსოლუტური რიცხოვნობა და რა რაოდენობითი ღირებულება აშორებს ყველა მათგანს საარსებო მინიმუმისგან, რაც საშუალებას მოგვცემს, სოციალური პოლიტიკა ეფექტიანი იყოს. რა თქმა უნდა, დღეს ბიუჯეტიდან სოციალურ საკითხებზე ბევრი იხარჯება, მაგრამ ეს ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რადგან ინტუიციურად გრძნობენ, რა უნდა გაკეთდეს. ჯობს, გვქონდეს ზუსტი კრიტერიუმები, მაშინ ხელისუფლების ქმედებაც უფრო დამაჯერებელი იქნება.

- რატომ არ მიდიან ამაზე, დამატებითი ვალდებულების აღება მოუწევთ თუ უბრალოდ, იმიჯისთვის არ აკეთებენ?

- აქ ორი მომენტია: შესაძლოა ამ ფაქტორს მნიშვნელოვნად არ თვლიან და მეორე, შესაძლოა მართლაც პიარული თვალსაზრისით არ მიაჩნიათ სწორად იმის თქმა, რომ ქვეყანაში, პირობითად, 22% კი არ არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, არამედ 35%. თუმცა, თუ იმასაც აჩვენებ, რომ ახალი კრიტერიუმით 5 წლის წინ იყო 45% და ახლა არის 35%, ეს უკვე პოზიტივის მაჩვენებელი იქნება და ამიტომ ხელისუფლებას არ უნდა შეეშინდეს რეალური მონაცემების, მით უმეტეს, რომ ტენდენცია პოზიტიურია და აჩვენებს სიღარიბის დონის შემცირებას, რა კრიტერიუმიც უნდა გამოვიყენოთ.

- ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში საშუალო ფენა დიდი უნდა იყოს. რა პარამეტრები აქვს საშუალო ფენას? როდესაც სიღარიბის შემცირებაზე ვლაპარაკობთ, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საშუალო ფენა გაიზარდა?

- როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ძლიერდება, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები უმჯობესდება და ღარიბთა რაოდენობა კლებულობს. ეს გულისხმობს, რომ იზრდება საშუალო ფენაც. ამას სპეციალური გამოკვლევა სჭირდება იმის მიხედვით, მაგალითად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ადამიანებმა თავიანთი მდგომარეობა რომელ სოციალურ ჯგუფს მიაკუთვნეს. თუმცა საშუალო შემოსავლების მქონეთა რაოდენობა არ ნიშნავს საშუალო ფენის არსებობას. საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანებიც ღარიბად ჩაითვლებიან, რადგან მათი შემოსავლები არ არის საკმარისი. მაგალითად, ევროპაში და განსაკუთრებით კათოლიკურ ქვეყნებში, სადაც რელიგიური ფაქტორი მნიშვნელოვანია, საშუალო კატეგორიისთვის საკმაოდ მაღალი კრიტერიუმებია, აშშ-ში უფრო მაღალი. ეს კატეგორიები ჩვენთვის ჯერჯერობით მიუღწეველია და იმედია, თანდათანობით ჩვენც გავალთ ამ კრიტერიუმებზე.

- რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?

- ახალი და უნივერსალური არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესებაა საჭირო. დიახ, დასაქმებულთა რაოდენობა ცოტა გაზრდილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველ 100 ოჯახზე დაქირავებით დასაქმებული მხოლოდ 83 კაცი გვყავს. დანარჩენი შეიძლება იყოს თვითდასაქმებული, მაგრამ მე უფრო სტაბილური, მდგრადი სამსახურის მქონე კონტინგენტზე მაქვს აქცენტი, რადგან სოციალურად დაცულია და აქვს პერსპექტივა, რომ თავისი შემოსავლებითა და კარიერული ზრდით მოხვდეს საშუალო ფენაში. სანამ ეს მაჩვენებელი არ იქნება დაახლოებით 100-ის ფარგლებში, სოციალური მდგრადობა ძალზე მყიფე იქნება. ამიტომ გვჭირდება მეტი დასაქმება და ეკონომიკის გაზრდა.

რუსა მაჩაიძე