"სანამ სააკაშვილი დუმს, მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაიშლება“ - კვირის პალიტრა

"სანამ სააკაშვილი დუმს, მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაიშლება“

"ნაციონალურ მოძრაობაში“ მელიას მსგავსი პოლიტიკური ფიგურა არც არსებობს. ცხადია, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილს. რა თქმა უნდა, სააკაშვილს შეუძლია შეცვალოს ვითარება, მაგრამ ის ამ ეტაპზე თავისი პრობლემებით არის დაკავებული“

"ქართულ ოცნებას" დასავლეთის სალანძღავად გამოყოფილი ოთხეული უკვე ცხრა გახდა. მმართველი პარტია მათ განცხადებებს არ ემიჯნება, მხოლოდ იმას ამბობს, რომ მათ შორის სხვაობა მხოლოდ ის არის, რომ "გამოყოფილებმა" ღიად საუბარი ამჯობინეს. თუ გავიხსენებთ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის დროს გაკეთებულ განცხადებას, რომ "ქართულ ოცნებაში" თუ გამოჩნდება მისთვის მოსაწონი ოპოზიცია, შესაძლოა მას დაუჭიროს მხარი, არ არის გამორიცხული, საარჩევნოდ ე.წ. წასულები სწორედ ივანიშვილის მოსაწონი ძალა აღმოჩნდეს და არც მათთვის ლიდერის მოძებნა გაჭირდება. ოპოზიციაში კი არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირებაა და ეს კარგად ჩანს, რაც უნდა არ აღიარებდნენ. როგორ ლაგდება პოლიტიკური სურათი და რა პროცესებია მოსალოდნელი თუნდაც არჩევნებისთვის, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ამ განხეთქილებაზე ბევრი ლაპარაკობს, თუმცა ჯერ ელოდებიან, რა განაჩენს გამოიტანს სააკაშვილი. მას ამ პროცესებისთვის ახლა ნამდვილად არ სცალია, გადართულია იმაზე, რომ როგორმე დააღწიოს თავი პატიმრობას. შესაბამისად, გაჩნდა ვაკუუმი და მის შევსებაზეა ლაპარაკი - დარჩება სააკაშვილი მენტორად და წამყვანად ამ პოლიტიკურ ძალაში, თუ მას ჩაანაცვლებენ სხვა პოლიტიკური ლიდერით ან ლიდერთა ჯგუფით. დღეს-ხვალ რომ ეს გაირკვევა, ნაკლებად სავარაუდოა. ვფიქრობ, პროცესი კარგა ხანს გაჭიანურდება. ალბათ, რადიკალურ გადაწყვეტილებას მხოლოდ მომავალ წელს მიიღებენ. ვიმეორებ - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიციას დაუჭერს მხარს სააკაშვილი.

ყველა განცხადება, განსაკუთრებით იმ ჯგუფისა, რომელიც მელიას აკრიტიკებს, რომ მან ვერ შეძლო სააკაშვილის დახსნა პატიმრობიდან, ძალიან გულუბრყვილოა, მაგრამ ვისაც პოლიტიკური გამოცდილება აქვს და მაინც ამას ამბობს, ცხადია, ამას სულ სხვა პოლიტიკური სარჩული ადევს - ცდილობენ სააკაშვილს ერთგულება დაუმტკიცონ და მისი ნდობა მოიპოვონ. ეს არის და ეს. მოკლედ, გააჩნია, სააკაშვილი რას გადაწყვეტს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია უკრაინაში მიმდინარე პროცესები. პუტინის ბირთვული იარაღით მუქარამ შეცვალა დამოკიდებულება ამ ომის მიმართ. დასავლეთი არ არის დარწმუნებული, რომ არ გამოიყენებს და ამას როგორ უპასუხებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ომის მიმდინარეობისთვის, ასევე იმ პროცესებისთვის, რაც საქართველოში მიდის. ეს ეხება ქართულ პოლიტიკასაც და იმასაც, რაც ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში".

- ორივე სცენარი რომ განვიხილოთ, რა შემთხვევაში როგორ განვითარდება საქართველოში მოვლენები?

- რამდენიმე სცენარია. თუ ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში "ქართული ოცნებაც" დასრულდება. თუ პროცესი შებრუნდა და შეთანხმებით დამთავრდა, შესაძლოა საქართველოში სხვა სცენარი განვითარდეს - თუ პუტინი დარჩება ხელისუფლებაში, შეიძლება ზარალი საქართველოს ხარჯზე აინაზღაუროს. ეს კიდევ ცალკე სცენარია, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ ვითარებას შეცვლის.ღმერთმა ნუ ქნას და, თუ პუტინი გაიმარჯვებს, აღარაფერს ექნება აზრი და მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდება, სულერთია, ახალი საბჭოთა კავშირი დაერქმევა თუ სხვა რამ. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, პოლიტიკური ელიტისადმი საზოგადოების დამოკიდებულება სრულიად განსხვავებული იქნება. ასე რომ, ეს პროცესები ერთმანეთზეა გადაბმული. ამიტომაც რთულია ამაზე ლაპარაკი. ღვთის წყალობით, ჯერ ყველაფერი კარგად მიდის.

- თქვენი აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა როგორ აისახება დანარჩენ ოპოზიციაზე? შეინარჩუნებს იმავე მიზიდულობის ცენტრის ფუნქციას? ან თუ დაიშალა, რომელი ძალა შეასრულებს ამ ფუნქციას და ოპოზიციური სპექტრი როგორ დალაგდება?

- ჯერჯერობით "ნაციონალური მოძრაობა" ერთიანობას ინარჩუნებს. ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ფაქტორებზე, რომლებმაც შეიძლება შეუწყოს ხელი მის დაშლას. როგორც მოგახსენეთ, ისინი, ვინც დღეს მელიას წინააღმდეგ გამოდიან, საჯარო სივრცე იქნება თუ კულუარული, მათი აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია მიიპყრონ სააკაშვილის ყურადღება. სანამ სააკაშვილი დუმს, რატომღაც მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ დაიშლება. ვერტიკალი, რომელიც დღეს იქ არსებობს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მაინც მელიას ირგვლივაა. "ნაციონალურ მოძრაობაში" მელიას მსგავსი პოლიტიკური ფიგურა არც არსებობს. ცხადია, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილს. რა თქმა უნდა, სააკაშვილს შეუძლია შეცვალოს ვითარება, მაგრამ ის ამ ეტაპზე თავისი პრობლემებით არის დაკავებული.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, იქ აბსოლუტური გაუგებრობაა. ისინი ვერაფრით შეთანხმებულან და როგორც ჩანს, კარგა ხანს ვერ შეთანხმდებიან, თუ სად არის მათი ადგილი - ერთ ბლოკში "ნაციონალურ მოძრაობასთან", არიან დამოუკიდებელი, და თუ ასეა, რა სტრატეგიით გამოდიან. ოპოზიციას საერთოდ თემები აღარ აქვს, ათი წელია, ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ, როგორც ბრძოლის ტაქტიკით, ისე იდეოლოგიით. ამას კი შედეგი არ მოაქვს. ამიტომ გადაჯგუფებებს არ ველოდები, რაც სამწუხაროა. ხვალ რა იქნება, არ ჩანს. სანამ სააკაშვილი ჩუმად არის, ამას მელია როგორ გამოიყენებს, ეს კიდევ ცალკე საკითხია. დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში რომ იყოს, მელიას შეეძლებოდა არსებული მექანიზმების გამოყენება და რეალურ ლიდერად ჩამოყალიბება. თუმცა ოპოზიციის ლიდერობა აბსოლუტურად სხვა რამეა. გარდა ამისა, ბევრი ინტერესებია, თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" ელიტაში ან 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის სიაში ვინ რომელ ადგილს დაიკავებს. ამისთვისაც მიდის პარტიაში ბრძოლა, რადგან პროპორციულ არჩევნებში დიდი მნიშვნელობა აქვს, მეხუთე ხარ თუ 75-ე.

დღეს არ ჩანს სხვა ალტერნატიული ჯგუფი, რომელიც მელიას ჩანაცვლებას მოახერხებს და ვიმეორებ, ამის ერთადერთი გზა ისევ და ისევ სააკაშვილის გავლით რომელიმე პერსონის წინ წამოწევაა.

- როგორც ვიცით, "განდგომილი ოთხეული" უკვე ცხრა გახდა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ის ძალა იქნება, რომელსაც ივანიშვილი ნდობას გამოუცხადებს? წასვლის წინ ივანიშვილმა თქვა, ჩემს პარტიაშივე თუ იქნება ჩემი მოსაწონი ოპოზიცია, მხარს დავუჭერო. ხომ არ გახდება ეს ივანიშვილის ახალი დასაყრდენი, სათავეში თუნდაც ღარიბაშვილით?

- არა მგონია, ივანიშვილმა ღიად გადაწყვიტოს პოლიტიკაში მოსვლა და განცხადებების გაკეთება. ეს არ სჭირდება. სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, "ქართულ ოცნებას" სახელისუფლებო ბერკეტები აქვს, რომელსაც ბრწყინვალედ იყენებს თავისთვის და არა ქვეყნისთვის.

იმაში, რომ ოთხეული ცხრად გადაიქცა, მოულოდნელი არაფერია, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ასე მოხდებოდა. ეს ჯგუფი ორი მიმართულებით მუშაობს: დღეს ნომერი პირველი "ქართული ოცნებაა", ცხრად გადაქცეული ოთხეული კი არის ნომერი ორი, მაგრამ რიგითობა შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები - თუ რუსეთი მიაღწევს წარმატებას, ნომერი ორი გახდება ნომერი პირველი, ხოლო ნომერი პირველი - ორი. ისე, ეს ჯგუფები იდეოლოგიურად ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. განსხვავება მხოლოდ ის არის, ამერიკასა და დასავლეთს ვინ უფრო მეტად და კატეგორიული ტონით გალანძღავს, მით უმეტეს, კელი დეგნანმა რამდენჯერმე თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" უნდა დააფიქსიროს, ემიჯნება თუ არა ამ ჯგუფს და პასუხიც იყო - არა, არ ემიჯნებიან. ეს ჯგუფი იმისთვის შეიქმნა, რომ ანტიდასავლური ელექტორატი მოიზიდოს და მეორე მხრივ, კიდევ ერთი მეხამრიდის ფუნქციას შეასრულებს "ქართული ოცნებისთვის", თუ რუსეთი მიაღწევს წარმატებას. ამიტომაც სჭირდება ასეთი აგრესიული და ანტიდასავლური პოლიტიკა და განცხადებები, შემდეგ პარლამენტში კი, რა თქმა უნდა, კოალიციას შექმნიან "ქართულ ოცნებასთან", ეს არის და ეს.

რუსა მაჩაიძე