„დემოკრატიულ სახელმწიფოში კითხვის დასმა არ ნიშნავს კურსის ცვლილებას“ - კვირის პალიტრა

„დემოკრატიულ სახელმწიფოში კითხვის დასმა არ ნიშნავს კურსის ცვლილებას“

თბილისში ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ბონი ჯენკინსმა განაცხადა, რომ "საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ის გამოხატავს ოფიციალური ვაშინგტონის იმ „უზარმაზარი სამუშაოს“ ძლიერ მხარდაჭერას, რომელიც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და მისმა გუნდმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების დასახმარებლად გასწიეს, რომ „ეს ძალისხმევა იოლი არ ყოფილა, განსაკუთრებით ბოლო დროს, როდესაც საელჩოსა და პირადად ელჩს თავს ესხმოდნენ". სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, ეს იმ დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც ერთი პირის მიერ ევროპაში შექმნილი კრიზისის შესახებ სიმართლის დაფარვაა. „"ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის სცემს პატივს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ისევე როგორც ყოველთვის ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა ჯენკინსმა. რა მიანიშნა ამ განცხადებებით საქართველოს მმართველ გუნდს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, როგორ აფასებენ „"ქართული ოცნების" ლიდერები ქვეყანასა და რეგიონში არსებულ ვითარებას, ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი ბექა დავითულიანი გვესაუბრება.

- ქალბატონ ჯენკინსთან ჩვენი წარმომადგენლების შეხვედრისას, რა თქმა უნდა, საუბარი იყო სტრატეგიულ და უსაფრთხოების საკითხებზე, მაგრამ არა იმ კუთხით, როგორც ოპოზიციას სურს წარმოაჩინოს. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ზედმიწევნით კარგად ვთანამშრომლობთ როგორც თავდაცვის, ასევე უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე. რაც შეეხება ვითომდა "ქართული ოც­ნება" პრორუსულ კურსს ადგას, ეს აბსურდია. ამაზე საუბარი არ ყოფილა.

- მაგრამ მან ისაუბრა კელი დეგნანზე თავდასხმებზე.

- "ქართული ოცნება" ელჩ დეგნანს თავს არასდროს დასხმია, ჩვენი გუნდის წევრებმა მხოლოდ რამდენიმე შეკითხვა დასვეს. ჩვენ საბჭოთა კავშირს ვაშენებთ თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს? დემოკრატიულ სახელმწიფოში კითხვის დასმა, აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი ამბავია და სულაც არ ნიშნავს კურსის ცვლილებას.

- ფიქრობთ, რომ სტრატეგიულ პარტნიორზე გამოთქმული ეჭვები და შეკითხვები საქართველოს ომში ჩართვის თაობაზე პრობლემას არ წარმოადგენს?

- "ქართული ოცნების" არც ერთ ლიდერს არ გამოუთქვამს ამის თაობაზე ეჭვი და არც ასეთი შეკითხვა დაუსვამს. რაც შეეხება "ხალხის ძალას", იქ ჩვენი გუნდის წევრები იმიტომ გადავიდნენ, რომ მათ "ქართულ ოცნებაში" მოსაზრებების გამოთქმის საშუალება არ მიეცათ.

- "ბევრი რაღაც არის კულისებში, რაზეც, სამწუხაროდ, ვერ ვლაპარაკობთ. ძალიან ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, რომ ისეთ განცხადებებს, რომელთაც შეიძლება მოსდევდეს კულისებიდან რაღაცების გამოტანის აუცილებლობა, ნუ გააკეთებენ. ეს იქნება მხოლოდ კარგი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისთვის, ასეთ განცხადებებს ან კონკრეტიზაცია უნდა მოჰყვეს, ან არ უნდა გაკეთდეს... მე რომ ამის თქმა მნდომოდა, "ხალხის ძალაში" ვიქნებოდი", - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის ეს განცხადება შეიძლება თუ არა გახდეს სხვადასხვა ინსპირაციისა და ეჭვის მიზეზი?

- ძალიან რთული ვითარებაა რეგიონში. როგორც ქვეყანაში, ასევე მის საზღვრებგარეთ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის მოლოდინი და პოზიცია აქვთ. ზოგს მეტი ძალა აქვს საიმისოდ, რომ ეს შესაძლებლობები რეალობად აქციოს, ზოგს კი ნაკლები... მადლობა ღმერთს, საქართველო ახერხებს საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებას და არ აჰყვება ვინმეს ცხელ გულზე წამოყენებულ ინიციატივებს. ეს არ ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" რაიმეს აბრალებს კელი დეგნანს ან ამერიკის სახელმწიფოს. ისევე როგორც საქართველოში, ამერიკასა და ევროპაშიც არსებობენ სხვადასხვა ტიპის ძალები და ჯგუფები თავიანთი ინტერესებით. ამერიკა ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ამერიკელებმა იციან ჩვენი პოტენციალი და ჩვენ მათ წინაშე მანევრირებას და ცეკვა-თამაშს არ ვაპირებთ.

როგორც წესი, როდესაც რაიმე გაუგებრობა ხდება, სახელმწიფო უწყებების დონეზე განვმარტავთ ხოლმე და ყველაფერი ლაგდება. ოპოზიცია ჩვენ იმასაც გვაბრალებდა, რომ სანქცირებულ ტვირთებს ვატარებდით, მაგრამ ახლა ხმას აღარ იღებენ, რადგან დარწმუნდნენ, რომ სწორედ ამერიკასთან მჭიდრო თანამშრომლობით საზღვარი სრულად არის გაკონტროლებული სანქცირებული ტვირთბრუნვების თავიდან ასარიდებლად.

- ტვირთების რა მოგახსენოთ, მაგრამ საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებას საფრთხედ აღიქვამს როგორც ოპოზიცია, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილიც.

- მესმის საზოგადოების, რომელსაც რაციონალური შიში აქვს რეგიონში რუსეთის აგრესიის გამო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საფრთხე თავიდან ავირიდოთ. თუმცა ისიც უნდა თქვათ, რომ საფრთხე მნიშვნელოვნად არის შემცირებული, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთის სამხედრო ძალა მნიშვნელოვნად გაილია უკრაინასთან ომში. მცირე რისკები მაინც არსებობს, რომ უკრაინაში დამარცხებულ რუსეთს სადმე გამარჯვების გვირგვინის დადგმა არ მოუნდეს, მაგრამ მინდა დავამშვიდო თქვენი მკითხველი, რომ ამ რისკებს ვმართავთ.

რაც შეეხება შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს, ახლა, ამ მომენტში, არ გვარგებს ჩვენთვის დამახასიათებელი ემოციები. რაციონალურად ვიაზროვნოთ. ჩვენ უსაფრთხოების სამსახურები გვეუბნებიან, რომ მათ შეუძლიათ შემოსული ნაკადის მართვა, რომ შემოსული 800 000 კაციდან ქვეყანაში 50 000 დარჩა, დანარჩენმა საქართველო სატრანზიტო ქვეყნად გამოიყენა. ასე რომ, არც ამ მხრივ არის შფოთვისა და შიშის მიზეზი.

ხათუნა ბახტურიძე