„ქართული ოცნებისგან“ ყველაფერი მოსალოდნელია“ - კვირის პალიტრა

„ქართული ოცნებისგან“ ყველაფერი მოსალოდნელია“

ცოტა ხნის წინ "ლელოს" ლიდერები ევროკავშირის ახალ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ და ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების შესახებ იმსჯელეს. რა დაბრკოლებაა რეკომენდაციების შესრულებაში, როგორ აპირებენ ისეთ საკითხებზე შეთანხმებას, როგორიც არის დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია, როგორ ხედავენ ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლების შეცვლის გზებს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პარტია "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრება.

- პარტია "ლელო" მობილიზებულია და მუშაობს ხალხთან როგორც რეგიონებში, ასევე პარლამენტსა და საკრებულოებში. ვცდილობთ ოპოზიციური პარტიის რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას და ევროპარლამენტის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაში წვლილის შეტანას.

- ანალიტიკოსები ამბობენ და სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევებიც იმაზე მეტყველებს, რომ ხალხის პრობლემებს ისევე ვერ ხედავს ოპოზიცია, როგორც ხელისუფლება. თქვენ ამბობთ, რომ მთელი ზაფხული იმუშავეთ ხალხთან. რისი თქმა შეგიძლიათ ახლა, უპირველესად რა სჭირდება ხალხს?

- ხალხს არ მოსწონს ეს ხელისუფლება და სურს რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, მაგრამ ეს ჯერ ვერ ხერხდება და ამიტომ ოპოზიციაზეც ბრაზობს.

- "ლელომ" იცის, როგორი ხელისუფლება სჭირდება ხალხს?

- რა თქმა უნდა. მას უნდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც სწრაფად მოახდენს ქვეყნის ინტეგრირებას დასავლურ სტრუქტურებში, სწრაფად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ქვეყანაში ინვესტიციებს მოიზიდავს და მისცემს უსაფრთხოების გარანტიას. ჩვენი საზოგადოების 85% ევროპაში სწრაფი ინტეგრაციის მომხრეა და უკმაყოფილოა, რომ მმართველი გუნდი ლანძღავს სტრატეგიულ პარტნიორებს, თავს ესხმის ამერიკის ელჩს და ომის დაწყების ცდაში ადანაშაულებს, არ აკრიტიკებს აგრესორ ქვეყანას და საერთაშორისო ასპარეზზე სიტყვასაც არ ძრავს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსმა პირდაპირ თქვა, რომ ამერიკის ელჩზე თავდასხმა რუსული დეზინფორმაციის შემადგენელი ნაწილია.

- ამ შემთხვევაში რას აკეთებს ოპოზიცია?

- იმას, რასაც უნდა აკეთებდეს ოპოზიცია ასეთ სიტუაციაში - ჩვენ ვახდენთ იმის დემონსტრირებას, რომ გვაქვს მკაფიო გეგმა და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღიდანვე. სხვა გამოსავალი არ არის. ახლა ყველანაირად ვცდილობთ, რომ შესრულდეს 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, მაგრამ რაც უფრო მეტს ვცდილობთ, მით ვრწმუნდებით, რომ "ქართული ოცნების" ხელში სტატუსს ვერ მივიღებთ. რატომ ვფიქრობ ასე? იმიტომ, რომ ევროკომისიის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა სასამართლოს რეფორმირება და კლანური მმართველობისგან გათავისუფლებაა. "ქართული ოცნება" კი არ აღიარებს, რომ სასამართლოს კლანი მართავს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, ამ რეკომენდაციას არ შეასრულებს. ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ დეოლიგარქიზაციას, "ქართული ოცნება" კი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის ოლიგარქიული მმართველობა.

- ოლიგარქიულ მმართველობას არ აღიარებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ ქვეყანაში ოლიგარქები არიან და მათთან ბრძოლას უკრაინული მოდელით აპირებენ. ამა თუ იმ პირის ოლიგარქად აღიარება ევალება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის, უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული ბანკისა თუ ანტიმონოპოლიური სამსახურის წარდგინებით.

- ევროკავშირს არ დაუსვამს ჩვენთვის საკითხი, უკრაინის კანონი მიიღეთ საქართველოშიო. შეერთებული შტატების ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს და ამით პირდაპირ მიანიშნა, რომ უკრაინული კანონის საქართველოში გადმოტანას არავინ გვთხოვდა. ერთია, რას ამბობს და აპირებს "ქართული ოცნება", და მეორე, რა მოითხოვეს ევროპელმა პარლამენტარებმა. ისინი გვეუბნებიან, ქვეყანა გაათავისუფლეთ ოლიგარქიული მმართველობისგანო, ესე იგი, მმართველობის შეცვლაზეა საუბარი. "ქართულმა ოცნებამ" კი უკრაინული მოდელის გადმოღება გადაწყვიტა ოპონენტებთან ბრძოლის იარაღად გამოსაყენებლად. პირიქით აკეთებს ყველაფერს.

- დეოლიგარქიზაციის ცნებას ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვაგვარად განმარტავენ. თქვენი ხედვით, რა არის დეოლიგარქიზაცია?

- როდესაც ეს ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს ჰკითხეს, მან თქვა, რომ ეს არის საკითხის სისტემური გადაჭრა, კერძო ჯგუფს არ უნდა შეეძლოს მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე მისთვის საჭირო ხალხის დანიშვნა. "ქართული ოცნება" ამას არაფრად აგდებს, როგორც სხვა ყველაფერს, მაგრამ საბოლოო არბიტრი ამ საკითხში ხომ მაინც ევროკავშირია.

- თქვენი აზრით, კანონში რა უნდა ეწეროს, რომელი უწყება უნდა აღიარებდეს ამ თუ იმ პირს ოლიგარქად?

- 12-პუნქტიან რეკომენდაციაში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება არავის მოუთხოვია. ევროპელმა კოლეგებმა განგვიმარტეს, რომ მთავარია სასამართლოსა და მართლმსაჯულების გავლენისგან გათავისუფლება, ინსტიტუციების გაძლიერება, მმართველობის გადანაწილება და ამის შემდეგ დეოლიგარქიზაციაც თავისთავად მოხდებოდა. ამის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ პოლიტიკური დევნის ახალ ტალღას.

- ესე იგი, შეიძლება ისევ გახდეთ სამართლებრივი დევნის ობიექტი?

- "ქართული ოცნებისგან" ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვით ჩვენს გეგმაზე, რომელიც საქართველოს სწრაფ ევროინტეგრაციას უკავშირდება. ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა.

- როგორ აპირებთ ამას?

- არჩევნებით.

- ვადამდელ არჩევნებს ისევ დაუჭერთ მხარს?

- ხალხი თავად გადაწყვეტს, როდის იქნება არჩევნები. ჩვენი აზრით, ოპოზიციამ საზოგადოების სურვილი უნდა გამოხატოს. იმედია, საზოგადოება აცნობიერებს, რა ბარიკადებს უქმნის "ქართული ოცნება" ისტორიული განვითარების გზაზე და არჩევნებზე, ვადამდელი იქნება ის თუ რიგითი, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ხათუნა ბახტურიძე