"რუსეთის ამოცანაა საქართველო არ გახდეს თურქეთის მოკავშირე“ - კვირის პალიტრა

"რუსეთის ამოცანაა საქართველო არ გახდეს თურქეთის მოკავშირე“

გასულ კვირას პრაღაში ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს, დაწყებული ენერგომატარებლების ფასებით და დამთავრებული კავკასიის საკითხებით. მთავარი საკითხი კი, რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომი იყო - ევროპა განიხილავს საერთაშორისო დღის წესრიგის რუსეთის გარეშე შექმნას. ამის პარალელურად, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, რუსეთში პროცესები პუტინის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რუსეთის გარეშე საერთაშორისო პოლიტიკა რას ცვლის მსოფლიოსთვის, ამაში რა ადგილი ექნება საქართველოს და როგორ უნდა იყოს ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებული, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ანალიტიკოს პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის არსებითი იქნება თურქეთთან კავშირების გაძლიერება და არა მარტო ეკონომიკურად.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ

- რუსეთი აგრესორია და მსოფლიოს არ შეუძლია იმასთან ლაპარაკი, ვინც ბირთვული იარაღით ემუქრება. მიაჩნიათ, რომ არის საკითხები, რომლებიც რუსეთის მონაწილეობის გარეშე უნდა განიხილონ. რამდენიმე დღის წინ პრაღაში სწორედ ამის დემონსტრირება იყო, სადაც ევროპის ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ. ეს უკვე ნათლად აჩვენებს, რომ მათთან რუსეთის ადგილი არ არის. გაეროში ახლახან ჩატარდა კენჭისყრა და დიდმა სახელმწიფოებმა, მაგალითად, ბრაზილიამ და არგენტინამ, რუსეთის წინააღმდეგ ხმა არ მისცეს. არიან ქვეყნები, რომლებიც ომში რუსეთს მხარს არ უჭერენ, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ არ მოქმედებენ, მაგალითად, ჩინეთი და ინდოეთი. ჩვენთვის მთავარია, რომ დემოკრატიული სამყაროა რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ კი, გამოდის, დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ვართ, გამუდმებით ვლანძღავთ ამერიკასა და ევროკავშირს.

- საერთაშორისო დღის წესრიგი რუსეთის გარეშე როგორ ჩამოყალიბდება?

- ჯერჯერობით მთავარია, უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორი იქნება უკრაინისთვის დასავლეთის მხარდაჭერა, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ამასთან, გააჩნია, რუსეთი როგორ მოიქცევა, შეცვლის თუ არა პოლიტიკას, იქნებიან თუ არა პუტინი და პუტინის მომხრეები ხელისუფლებაში. ძალიან ბევრი ფაქტორია და რაც ახლა ხდება, არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ ასე იქნება. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს სურთ რუსეთს აგრძნობინონ, რომ ის იზოლირებულია და მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით, ევროპისთვის, მიუღებელია რუსული პოლიტიკა. როგორც კი სიტუაცია შეიცვლება და რუსეთი აღარ იქნება საფრთხე, ვფიქრობ, მსოფლიო დაუბრუნდება რუსეთთან დიალოგს, რადგან ის დიდი და ანგარიშგასაწევი ქვეყანაა. რუსეთთან საჭიროა ეკონომიკური თანამშრომლობა. ამჟამად გარიყვის პოლიტიკას მიმართავენ მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს ხელიდან გააგდებინონ იარაღი და დასრულდეს ეს საშინელი ომი უკრაინაში.

- ბოლო დროს გააქტიურდა იმაზე ლაპარაკი, რომ პუტინს გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები და, დიდი ალბათობით, მას ხელისუფლებას ჩამოაშორებენ. არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელი ჯგუფი უფრო ძლიერია ამ პროცესში, ვინ შეძლებს გამარჯვებას და რაც მთავარია, საით შეიძლება წაიყვანონ პროცესები? შეიძლება პუტინზე უარესი მოვიდეს?

- არა მგონია. რუსეთის მთავარი იარაღი დღეს ბირთვული ომით შანტაჟია. ის, რასაც პუტინი აკეთებს, ჰიტლერსაც არ უქნია. შეიძლება დაეპყრო ქვეყნები, დაეხოცა ხალხი, მაგრამ მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის რომ საფრთხე შეექმნა, არ შეეძლო, რადგან იარაღი არ ჰქონდა - ანუ პუტინი ჰიტლერზე უარესია. მასზე უარესი ვინ შეიძლება იყოს? ვინ დაიწყებს ბირთვულ ომს, თუ პუტინმა არ დაიწყო? ამით ვერც რუსეთი მოიგებს. ცხადია, მსოფლიო წააგებს, მაგრამ უპირველესად რუსეთი წააგებს. თუ პუტინს მოიშორებენ, რუსეთში უნდა გატარდეს რეფორმები. გამორიცხულია, რუსეთი უცებ გახდეს დემოკრატიული ქვეყანა, ისევ იმპერიალისტი იქნება, თუმცა კი რეფორმატორი, რომელიც საგარეო აგრესიას შეწყვეტს. მაგალითად, გაიყვანს ჯარს უკრაინიდან. საქართველო რადგან ხმას არ იღებს, ამას არ ითხოვს, შესაძლოა საქართველოში რუსული ჯარები დარჩნენ. გაეროში სხდომამ ისე ჩაიარა, რომ არც ერთმა ლიდერმა საქართველო არ დააკავშირა უკრაინის ომს და არ თქვა, რომ საქართველო ასეთივე მდგომარეობაშია, რადგან იციან, რომ საქართველო აშკარად რუსულ თამაშს თამაშობს. პუტინის ადგილზე როგორც კი სხვა მოვა, ის იტყვის, ქართველები ხმას არ იღებდნენ და საქართველო მაინც შეგვარჩინეთო. ეს უკვე მხოლოდ საქართველო-რუსეთის პრობლემა გახდება და მსოფლიო ამაზე ხმას აღარ ამოიღებს. სხვა მხრივ კი რუსეთს დაეკისრება ვალდებულებები, რომ დაიწყებს უკრაინის აღორძინებას. მისი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის აღორძინებაზე დაიხარჯება. სხვანაირად მას სანქციები არ მოეხსნება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყოველი ერთი ლიტრი ნავთობის ფასში ჩადებული იქნება უკრაინის დახმარებისა და აღორძინებისთვის განსაზღვრული თანხა. არა მარტო ნავთობის ფასში, ყველაფერში, რაც იწარმოება რუსეთში, უკრაინის სასარგებლოდ დაიბეგრება. ვფიქრობ, მსოფლიოში სულ სხვა რეალობა შეიქმნება. იმედია, გაეროც გადახედავს თავის მდგომარეობას, გაიზრდება უშიშროების საბჭოს წევრების რიცხვი და ბირთვულ იარაღზე მეტი აკრძალვა დაწესდება. მაგალითად, შეიძლება ბირთვული იარაღი მხოლოდ გაეროს ხელში იყოს, და ასე შემდეგ...

ეს ყველაფერი დღეს ფანტაზიაა, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ ყველა ამ საკითხზე, კერძოდ, როგორი იქნება გაეროს უშიშროების საბჭო და ბირთვულ იარაღს ვინ მართავს, სიახლეები აუცილებლად იქნება.

- ამ ვითარებაში მაინც, როდესაც გამოიკვეთა, რომ რუსეთი მარცხდება, საქართველოს ხელისუფლება რატომ არ ცვლის პოლიტიკას?

- ვფიქრობ, იმიტომ, რომ რუსული პოლიტიკის ნაწილია.

საქართველოს ხელისუფლება ამდენი ხნის განმავლობაში ამბობდა, უნდა გავფრთხილდეთ, რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთო, მაგრამ ეს სულაც არ არის არგაღიზიანების პოლიტიკა. ასეთ პოლიტიკას მშვენივრად ატარებენ თურქეთი და აზერბაიჯანი და თავიანთ საქმესაც კარგად აკეთებენ. საქართველო კი რუსულ პოლიტიკას ატარებს, რუსული პოლიტიკის ნაწილია.

რაც პრაღაში მოხდა, ჩვენთვის უსამარცხვინოესი იყო - ილაპარაკეს სამხრეთ კავკასიაზე, იქ იყვნენ ერდოღანი, ფაშინიანი, ალიევი და სადღაც იყო ღარიბაშვილი, მაგიდასთან არც იჯდა. მაგიდასთან ლაპარაკობდნენ კავკასიაზე და ღარიბაშვილს, რომელიც იქვე იყო, არც დაუძახეს. ეს იმის ბრალია, რომ საქართველომ თქვა, მე არ ვარსებობ, კავკასიასთან საერთო არაფერი მაქვსო. სამარცხვინოა, რომ კავკასიის პოლიტიკაზე უჩვენოდ ლაპარაკობენ.

- ამ სიტუაციაში საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანს თურქეთთან ურთიერთობის უფრო გამყარება. ასე ვთქვათ, მიბმა თურქეთთან, რაც ძალიან ბევრ შესაძლებლობას გააჩენდა საქართველოსთვის.

- რა თქმა უნდა. ჩვენი უსაფრთხოებისთვის უმთავრესია ნატოში გაწევრება. თურქეთი კი ნატოს წამყვანი სახელმწიფოა. ზელენსკი მთელ მსოფლიოს ევედრება, უსაფრთხოების გარანტიები მომეცითო, ჩვენ კი გვერდით გვყავს უსაფრთხოების გარანტი ქვეყანა. საქართველო, თურქეთის გარდა, რეგიონში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც არის შავ ზღვაზეც და სამხრეთ კავკასიაშიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პრინციპში, ეს არის მიზეზი, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას რატომაც არჩევს, რადგან რუსეთს ყველაზე მეტად არ სურს საქართველო თურქეთის გავლენაში მოექცეს. რუსეთის ამოცანაა საქართველო არ გახდეს თურქეთის მოკავშირე გეოპოლიტიკური და რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტით. პირდაპირ თვალში საცემია, რომ ეს რუსული პოლიტიკის ნაწილია. კიდევ უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ ამას არავინ აპროტესტებს, საქართველოს მოსახლეობა ქუჩაში არ გამოდის და ევროპა ამას ხედავს.

- რუსული პოლიტიკის გატარება ხომ ჩვენი ხალხის მოთხოვნა არ არის და რატომ ვერ ხერხდება მისი კონსოლიდირება გადამწყვეტ საკითხებზე ისე, როგორც მოხდა, მაგალითად, ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით?

- პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია ასეთ საკითხებს არ სვამს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არ ვარგა და საჭიროა ვადამდელი არჩევნები. ხალხი კი, როგორც კი ვადამდელ არჩევნებს უხსენებ, კითხულობს, რატომ უნდა მოგცე შენ ხმა, რით ხარ შენ "ქართულ ოცნებაზე" უკეთესიო. ესენი კი არ ეუბნებიან, რით არიან უკეთესი. არადა, სწორედ ამაზე უნდა იყოს ოპოზიცია კონცენტრირებული, სწორედ ამ საკითხებს უნდა აყენებდეს, რათა ხალხი მიხვდეს, რაშია საქმე. არადა, საფრთხე ძალიან დიდია. ამ პოლიტიკით ჩვენ ჩამოვრჩებით მსოფლიო ისტორიას, მსოფლიო განვითარებას. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბალტიისპირეთი ევროკავშირსა და ნატოში შედიოდა, ამის შანსი გვქონდა, მაგრამ საქართველომ სხვა გზა აირჩია. მერე იყო 2008 წელი. გამუდმებით აცდენილი ვართ რეალობას და შანსს ვკარგავთ. ახლაც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ბელორუსიც კი უფრო ადრე მოხვდება ევროკავშირში, ვიდრე ჩვენ. ცხადია, არა ლუკაშენკოს დროს, რადგან ის პუტინს გაჰყვება. აღარაფერს ვამბობ მოლდოვასა და უკრაინაზე.

- ჩვენგან რომ იყოს ინიციატივა, თურქეთი თანახმა იქნება?

- რაკი თურქეთი თამაშობს ორივე ფრონტზე, შავ ზღვასა და კავკასიაში, მას აუცილებლად დასჭირდება საქართველოსთან მყარი ურთიერთობა. მე დარწმუნებული ვარ, მაგრამ ვკითხოთ თურქეთს. პრობლემა ისაა, რომ არც ვეკითხებით. საჭიროა კონფერენციების ჩატარება, მსგავსი ღონისძიებების გამართვა, ინტენსიური ლაპარაკი თურქეთთან, თორემ დრო არ ითმენს.

რუსა მაჩაიძე