„დიდი გაქცევა“ რუსეთიდან - კვირის პალიტრა

„დიდი გაქცევა“ რუსეთიდან

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიიდან ექვსი თვის შემდგომ ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რაც მოსახლეობისთვის ნათელი გზავნილი იყო, რომ ყველაფერი ამით არ ამოიწურებოდა და იმავე დღეს ასიათასობით რუსეთის მოქალაქე საქართველოს, ფინეთის, ყაზახეთისა და მონღოლეთის საზღვრებს მიაწყდა და რამდენიმეკილომეტრიანი რიგები შექმნა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 9 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში რუსეთის 3319-მა მოქალაქემ შეიძინა უძრავი ქონება, მათგან 969 თბილისშია რეგისტრირებული. ამავე პერიოდში რუსეთის ფედერაციის 2407 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2594 ბინაზე. 31 წლის ირაკლი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა (მისი ოჯახი მოსკოვში ცხოვრობს, ამიტომ მისი თხოვნით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაობას არ ვაკონკრეტებთ), "კვირის პალიტრას" უამბობს, რომ რუსულ არმიაში სამხედრო სამსახურს "პატრონიანი" ახალგაზრდები ისედაც არიდებდნენ თავს, ახლა კი ფულიანი და გავლენიანი სანაცნობოს დახმარებით მათ ნაწილს ყალბი სამედიცინო ცნობა აქვს, ზოგს კი თავად გენერლები ეხმარებიან ქვეყნის დატოვებაში.

- სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოველთვის საშუალოზე დაბალი ფენა მსახურობდა. ჩემი რუსი მეგობრები ამბობდნენ, თუ გინდა შენი ქვეყანა შეგზიზღდეს, არმიაში უნდა იმსახუროო. ამიტომ ნაცნობობის, გავლენის, ჩაწყობის, ფულის საშუალებით ყველა თავს არიდებდა იქ წასვლას. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებისთანავე ოჯახები ახალგაზრდა კაცებისგან რამდენიმე დღეში დაიცალა - ყველანი წავიდნენ. როდესაც ომი დაიწყო, არხეინად იყვნენ, ეგონათ, თავად არასდროს მოუწევდათ მასში მონაწილეობა. ზოგს მართლა არ აინტერესებდა რა ხდებოდა, მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ. არც რუსეთის საგარეო პოლიტიკა აინტერესებთ და პუტინის საშინაო რეპრესიები, მთავარია, თავად არ შეექმნათ საფრთხე. ახლა კი ერთბაშად გამოფხიზლდნენ, როგორც კი მათ სახლშიც შევიდა ომი, დაფრთხნენ. რამდენიმემ დამირეკა, თუ ჯერ კიდევ აქა ხარ, შენთან საქმე მაქვსო - საქართველოში გადმოსვლის გზები აინტერესებდათ. ბევრი რუსეთს არასოდეს გასცდენია და მეკითხებოდნენ, ჩემს ქვეყანაში დენი, გაზი და წყალი თუ არის, ქალაქში ტრანსპორტი თუ დადის... ზოგს პირდაპირ მოსკოვში უნდოდა საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ეგონათ, ფულს გადაიხდიდნენ და პასპორტი მოსკოვში მიუვიდოდათ. ვუთხარი, საქართველო ბევრი რამით უსწრებს თქვენს ქვეყანას და ასეთი კორუფციული სქემები არ ჭრის-მეთქი. თავიდან არ დამიჯერეს. შემდეგ სოციალურ ქსელებში, ზემო ლარსის საზღვარზე ვითარების ვიდეოჩანაწერი ნახეს და რა სამარცხვინოაო, ამბობდნენ შეშფოთებული.

როგორც ამბობენ, გენერლები, ოფიცრები და კომისარიატის თანამშრომლები გასაწვევი პირების სიების შედგენისას ძალიან დიდ ფულს აკეთებენ. ნიხრი 10 ათასი დოლარია. ქრთამის აღებაში შეიარაღებული ძალების წევრებს, ალბათ, არც ეფ-ეს-ბეს თანამშრომლები ჩამორჩებიან, თორემ შეუძლებელია ასეთი დანაშაული მათი გვერდის ავლით ხდებოდეს. ჩემმა კურსელებმა, რომელთაც დედა სომეხი ჰყავთ, მართლა ძალიან ძვირად შეიძინეს ერევნის რეისზე თვითმფრინავის ბილეთები, მაგრამ გზად ტაქსით მიმავლები გააჩერეს, ეფ-ეს-ბეს განყოფილებაში წაიყვანეს და გამოჰკითხეს, მაინცდამაინც ახლა რატომ გადაწყვიტეს დედის სამშობლოში გამგზავრება, მით უფრო, რომ სწავლა უკვე დაწყებულია. გამოართვეს ოჯახის წევრების, ნაცნობების, მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემები, გვარ-სახელები, ტელეფონის ნომრები, მისამართი, სად მუშაობენ. გამოჰკითხეს, როგორი პოლიტიკური პოზიცია აქვთ, უჭერენ თუ არა რუსეთს მხარს. ამას ვიდეოკამერების წინ ეკითხებიან, როგორც მტკიცებულებას. ჰკითხეს, მონაწილეობდნენ თუ არა ანტისახელმწიფოებრივ აქციებში და სხვა. მოკლედ, დიდი წვალების შემდეგ გამოუშვეს და ისინიც საქართველოს საზღვრისკენ გაეშურნენ. ამისთვის დიდი ქრთამის მიცემა მოუწევდათ. ზოგი იმედგაცრუებულია, იციან, რომ რუსეთი უკრაინაში მარცხდება, რასაც ეკონომიკური პრობლემები მოჰყვება და აღარ უნდათ რუსეთში გაჩერება, დროებით მაინც. არადა, უმეტესობას სჯეროდა, რომ რუსეთი გაიმარჯვებდა და უკრაინა მის შემადგენლობაში შევიდოდა. უფრო უფროს თაობას. "ნუ ეტო ერუნდა", - ამბობდნენ ბელგოროდის დაბომბვაზე ან რუსი ტყვეების ვიდეოების ჩვენებაზე. სხვანაირად არ შეიძლება, გამარჯვება მაინც ჩვენიაო, დარწმუნებით ამბობდნენ. არ ეგონათ, რომ ომი ასეთი მასშტაბური გახდებოდა. ვერ წარმოედგინათ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების, სამხედრო ტექნიკის, საჰაერო სისტემების საპირწონე მსოფლიოში არსებობდა. არც დასავლეთის პრინციპულობის სჯეროდათ. ეგონათ, ამერიკა და სრულიად მსოფლიო სიტყვიერი გაპროტესტებით შემოიფარგლებოდნენ, რუსეთი თავისას მიიღებდა, უკრაინის ხელისუფლება ქვეყანას დატოვებდა, ხალხი კი რუსეთის მხარეს გადმოვიდოდა, რადგან დაინახავდნენ, როგორ აქციეს ზურგი პროამერიკულმა ხელისუფლებამ და დასავლურმა სამყარომ.

larsi-25-1665319298.jpg

ამ ნარატივს სამთავრობო მედიისგან წლების განმავლობაში ისმენდნენ. ასეთივე შეხედულება აქვთ საქართველოზეც, სომხეთზეც, მოლდოვაზეც. მათი მოსაზრებით, ყველგან ამერიკა ურევს, თორემ ხალხს მათთან ცხოვრება უნდა, ისე, როგორც, საბჭოთა კავშირის წლებში. უკრაინელებს "დივერსანტებს" უწოდებენ, ისინი თავიანთ ხალხს ესვრიან და სამხედრო სასამართლო არ ასცდებათო.

ჩემი რუსი მეგობრების ნაწილი ახლა საქართველოში ცხოვრობს. მეუბნებოდნენ, აქ ბევრად უკეთესი გარემოა, უსაფრთხოება დაცულია, აქედან მუშაობა შეგვიძლია, ცხოვრება რუსეთთან შედარებით იაფი ღირს, ჩამოდიო, და მეცინებოდა, ჩემს სამშობლოში რუსები რომ მეპატიჟებოდნენ.

ერთ კომპანიაში ვმუშაობდი, რომელიც აპრილში დაიხურა. მას შემდეგ, მე და ჩემი რამდენიმე ასეული თანამშრომელი უმუშევრად დავრჩით. ვინც გააპროტესტა, დააკავეს. რამდენიმე კვირის შემდეგ რომ გამოვიდნენ, მითხრეს, თქვენ არ იცით, "იქ" რა ხდება, ამ ქვეყნიდან წასვლა საუკეთესო გამოსავალიაო, მართლაც წავიდნენ ფინეთში, საქართველოში, თურქეთში, ყაზახეთში, სომხეთში, იქიდან კი სხვა ქვეყნებში მიდიოდნენ. ვინც რუსეთში დარჩა, მწარედ ინანა. ქვეყნის ბაზრიდან თანდათან გაქრა ყველაფერი დასავლური. საქონლის გაქრობას საბანკო შეზღუდვა დაემატა. ამიტომ ბევრმა ბანკიდან ფული გაიტანა. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ბანკომატებთან ისეთივე რიგი დადგა, როგორიც სანქციების პირველი ეტაპის დროს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - რუსეთში ქრთამს ქეშად იღებენ, ახლა მით უფრო, როდესაც საბანკო ტრანზაქციებს ეფ-ეს-ბე აკონტროლებს. ზოგმა იცოდა, რომ საერთაშორისო საბანკო ბარათები სხვა ქვეყნებში დაბლოკილია და დოლარს ყიდულობდა.

ითქვა, რომ რუსეთში 300 ათასი კაცის მობილიზაცია იგეგმება, მაგრამ ოპოზიცია და ანტიკრემლისტური მედია ამბობს, რომ სინამდვილეში 1,2 მილიონ კაცს უპირებენ უკრაინაში გაშვებას. უკვე ტყუილ-მართალი ერთმანეთშია არეული. ომში წასული ბიჭები რეკავენ სახლებში და ოჯახებს ეუბნებიან, რომ სიკვდილი არ სურთ და უკრაინელ სამხედროებს ბარდებიან. ითქვა, რომ ნაწილს სამხედრო წვრთნა არც გაუვლია, პირდაპირ გაყარეს ომში.

- თქვენ როგორ ჩამოხვედით?

- ვლადიკავკაზამდე მე და რამდენიმე ქართველი ტაქსით ჩავედით. ერთს იქ ახლობელი ჰყავს, ბარგი მასთან დავტოვეთ და თითო ზურგჩანთით, ქვეითად წამოვედით ზემო ლარსისკენ. ავტომანქანების რამდენიმეკილომეტრიანი რიგი გამოვიარეთ. რუსებთან ერთად იყვნენ ჩრდილოკავკასიელები, ქართველები... ზოგი ემიგრაციის წლების შემდეგ პირველად ახლა მიდიოდა სამშობლოში. ქართულიც კი არ იციან...

"გადამყვანები" გიხსნიან, როგორ მოიქცე, რომელ კითხვას როგორ უპასუხო, რომ პრობლემები არ შეგექმნას. რუსეთის მოქალაქეები, ძირითადად, ბინის ქირისა და ყიდვის ფასებს არკვევდნენ. "როგორც კი ჩავალ, კარგად უნდა ვჭამო... რამე კარგი ადგილი მოიძიე!.." - ეუბნებოდა ერთი ქალი ვიღაცას ტელეფონით, რომელიც, სავარაუდოდ, უკვე თბილისში იყო. საზღვარზე მოსულებს რუსეთიდანაც ურეკავდნენ, რა გავითვალისწინოთო?.. ესენი პასუხობდნენ, ფეხით ან ველოსიპედით ჯობია წამოსვლა, რადგან იმხელა რიგია, საწვავი დაგიმთავრდებათ, ავტოგასამართთან ვერ მიბრუნდებით, ბიდონით მოტანა კი ერთი ბინის თუ არა, მანქანის ფასი მაინც დაგიჯდებათო.

ჩემს იქ ყოფნაში რამდენიმე კაცი საქართველოს საზღვარზე არ შეუშვეს. მე ძალიან ბევრი გადასვლა მიფიქსირდებოდა, ამიტომ არც ვლადიკავკაზის მხარეს უთქვამთ რამე, საქართველოში, მით უმეტეს. არც სხვა ქართველებს შექმნიათ პრობლემა. თუმცა მანამდე 28 საათი ვიდექით რიგში. ვლადივოსტოკელი სომხები გავიცანით, ორი ძმა, ოჯახებით მოდიოდნენ. ერთს ავადმყოფი ბავშვი ჰყავდა. შემდეგ ეფ-ეს-ბეს მანქანები გამოჩნდნენ და ხალხი პანიკაში ჩავარდა. თურმე სამხედრო კომისარიატის გახსნა იგეგმებოდა საზღვართან და ცდილობდნენ, გამოესწროთ. მე გამიმართლა. შემდეგ ჩატში წავიკითხე, თურმე უამრავი ადამიანი მიაბრუნეს.

ასე ჩამოვედი. ახლა აქ ვისაც ვესაუბრე, ამბობს, რომ მანამდე დარჩებიან, ვიდრე სიტუაცია არ გაირკვევა. ზოგს უკვირს, აქ სრულიად სხვა რამეებს ამბობენ უკრაინაზე, არ გვჯეროდა, არადა თურმე რა შარში გავყავით თავიო.