„მოუქსოვე წინდები დამცველებს“ - კვირის პალიტრა

„მოუქსოვე წინდები დამცველებს“

ეს ამბავი სამოქალაქო საზოგადოების როლზეა. იმაზე, თუ როგორ შეუძლია ერთიანობას, თანადგომას, ბოროტებაზე გამარჯვების სურვილს ერი ერთ მთლიანობად აქციოს. ეს ამბავი უკრაინელ ქალებზეა, რომლებიც წარმოუდგენელ ძალას, ბრძოლის მოტივაციას აძლევენ საკუთარი ქვეყნის დამცველებს. ისინი ახლა ცივი და სასტიკი ზამთრისთვის ამზადებენ თავიანთ მეომრებს, თბილ წინდებს, ქუდებს, შლემებს, ჟილეტებს უქსოვენ მათ. "მოუქსოვე წინდები დამცველებს", საქველმოქმედო კამპანია, ოდესაში, ძაფების მაღაზიის სცჰოოლ-ლუცკყ ირგვლივ შემოკრებილი უკრაინელი ქალბატონების ინიციატივით დაანონსდა. ირასთან, ოქსანასთან, სხვებთან ერთად დაშა მოსიენკო ამ აქციის ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილეა. დაშა ბლოგერია, ის წლებია რაც საკუთარ იუთუბის არხს უძღვება და ქსოვას ასწავლიდა მსურველებს, თუმცა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მისმა არხმა პოლიტიკური ელფერი შეიძინა.

- ომამდე ბედნიერი ჩვიდმეტი წელი და ექვსი თვე ვიცხოვრე უკრაინაში, ქალაქ ნიკოლაევში. ბედის ირონიაა, რუსეთის მოქალაქის პასპორტი მაქვს, მესამე წელია ველოდები უკრაინის მოქალაქეობას, არადა არც ერთხელ, არასოდეს, არავის უსაყვედურია ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის იმის გამო, რომ რუსულად ვმეტყველებდით... არადა, ერთ დღესაც იძულებული გავხდით თავი დაგვეცვა ჩვენს "გადასარჩენად" მოსული შეიარაღებული რუსებისგან. აუცილებლად უნდა გამომეხატა პოზიცია, როდესაც შენს ქვეყანაში ოკუპანტი იჭრება არა აქვს მნიშვნელობა ამას რომელ პლატფორმაზე გააკეთებ. მაბედნიერებს ჩვენი, უკრაინული არმიის ნებისმიერი, წვრილმანი წარმატებაც კი. მაცისკროვნებს მწყობრიდან გამოყვანილი რუსული სამხედრო ტექნიკის და ტყვედ აყვანილი რუსი ჯარისკაცების ნახვა. ამაყი ვარ, რომ მყავს ასეთი პრეზიდენტი და ჩემი მშობლიური ქალაქის გუბერნატორი.

- ნიკოლაევის მცხოვრებლები პირველი დღეებიდანვე დაირაზმეთ ქალაქის გადასარჩენად. საიდან იღებდით ძალას?

- მტრის სიძულვილი და რისხვა, ყველაფრის ჩქარა დამთავრების სურვილი გაძლევს ბრძოლის ძალას. როდესაც გვითხრეს, რომ ჩვენს ბიჭებს ფრონტზე შესანიღბი ბადეები, თბილი ტანსაცმელი, ლეიბები სჭირდებოდათ. სკოლაში შევიკრიბეთ. ქალები ბადეებს ქსოვდნენ და ლეიბებს კერავდნენ, კაცები სკოლის უკანა ეზოში ქვიშით ავსებდნენ ტომრებს და ქალაქის გასამაგრებლად მიჰქონდათ, ზუსტად ვიცოდით, რას და რისთვის ვაკეთებდით. როცა ჩემმა მეუღლემ მიწით სავსე ტომრების პირველი პარტია მიიტანა დანიშნულების ადგილამდე, მითხრა: "ახლა მშვიდად ვარ ნიკოლაევზე, ისინი მას ვერ აიღებენ!" თამამად ვამბობ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაარჩინა მაშინ ნიკოლაევი. ახლა, როცა ამ სასტიკი ომის პირველ დღეებს ვიხსენებ, სიამაყით ვივსები, რადგან როდესაც ნიკოლაევს გმირი ქალაქის ტიტული მიენიჭა, მეც ქალაქში ვიყავი და მის დასაცავად ჩემი პაწაწინა წვლილი შევიტანე.

dea3-1665319894.jpg

- ნიკოლაევიდან წამოსვლამ მაინც მოგიწიათ.

- აპრილის შუა რიცხვებიდან ინტენსიურად დაიწყო ქალაქის დაბომბვა, სხვა გზა აღარ გვქონდა, მეუღლესთან, შვილებთან და ძაღლთან ერთად ნიკოლაევი დავტოვეთ - ოდესაში გადმოვედით.

- ახლა თქვენს მქსოველთა "გილდიაზე" მიამბეთ.

- გოგოები რუსების შემოჭრამდეც ხშირად ვიკრიბებოდით. ვქსოვდით, მასტერკლასებს ვმართავდით, ვმხიარულობდით. ახლა კი ერთმანეთის გასამხნევებლად, დასახმარებლად ვიკრიბებით და რადგან ზამთარი გვიახლოვდება, დაჩქარებული ტემპით ვუქსოვთ ჩვენს დამცველებს თბილ ნივთებს. ვზრუნავთ მათზე, ვისი დამსახურებაცაა, რომ ისევ ცოცხლები ვართ.

პროექტს ბევრი მოხალისე შემო­უერთდა. ვინც ქსოვა არ იცის, შეუძლიათ ფულადი დახმარება გაგვიწიონ, ეს კი საშუალებას მოგვცემს ძაფები ვიყიდოთ. ჩვენს უმრავლესობას აღარ აქვს შემოსავალი, ამიტომ მცირედ შემოწირულობასაც დიდი მადლიერებით ვიღებთ.

წინ ძალიან რთული ზამთარი გველოდება. თანაც ნაქსოვები ძალიან ახარებთ მებრძოლებს. მათ განსაკუთრებული პარამეტრების ძაფით ვუქსოვთ, თხელი შალით, რომელიც არ იჩხვლიტება. ამას თავისი ახსნა აქვს; წინდა სამხედრო ჩექმაში თავისუფლად უნდა ჩაეტიოთ, ნაქსოვი ჟილეტი ბრონირებული ჟილეტის ქვეშ მოხერხებული და მსუბუქი უნდა იყოს, ასევე, ქუდი ჩაფხუტისთვის. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა და დიდ დროს მოითხოვს, ერთი წყვილი წინდაც კი სამი-ოთხი დღის მანძილზე იქსოვება, ამიტომ გვჭირდება ბევრი ხელი, ამიტომაც სიხარულით ვიღებთ შემომატებულებს.

dea2-1665319894.jpg

ბევრი ჩვენი ახლობელია ფრონტის ხაზზე. მათ შორის ოჯახის წევრებიც, როცა მათ ვკითხეთ, რა ფერის წინდები ურჩევნიათ, გვიპასუხეს, რომ ნებისმიერს სიხარულით ჩაიცვამენ, იცინოდნენ, თუ გინდათ ვარდისფერები დაგვიქსოვეთო. ჩვენ რა თქმა უნდა, ვარდისფერსაც ვქსოვთ, რადგან ფრონტზე გოგონებიც იბრძვიან, ბიჭებს კი მუქ ფერებს ვურჩევთ.

ისეთი განცდა მაქვს, რომ ის მებრძოლი, რომელიც ჩემს მოქსოვილ წინდას ჩაიცმევს, სახლში აუცილებლად საღ-სალამათი დაბრუნდება. ჩვენ იმდენ რწმენას, სულსა და გულს ვატანთ ჩვენს ნაქსოვს, რომ სხვა შანსი უბრალოდ არ აქვთ!

- რა ხდება ახლა ოდესაში?

- ახლა, თქვენ რომ გესაუბრებით, ღამეა და საჰაერო განგაშია ჩართული. მაგრამ როცა თენდება და მზე ამოდის, ფანჯარა, რომელზეც სიმაგრისთვის წებოვანი ფირია აკრული, მშვიდობის ილუზიას ქმნის, რომ არა ეს წებოვანი ფირი, ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი სიზმარია, რომ სინამდვილეში შემიძლია ტელევიზორი ჩავრთო და მოვუსმინო მშვიდობიან ახალ ამბებს, გამოგონებებზე, მიღწევებზე, ქსოვაზეც, სადაც არ ითვალისწინებ სამხედრო აღჭურვილობის პარამეტრებს, უბრალოდ ქმნი სილამაზეს.

გმადლობთ ყურადღებისთვის, იმისთვის რომ ჩუმად არ ხართ, იმისთვის რომ თქვენი მებრძოლებიც არიან ჩვენს რიგებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. დიდება უკრაინას!

p.s. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თუ სურვილი გაგიჩნდებათ დაეხმაროთ მათ, ვინც ახლა უკრაინაში იბრძვის, დაუკავშირდით ინსტაგრამზე დასჰა-მოსიენკო ან სცჰოოლ-ლუცკყ. საკონტაქტო პირი ირა.

წინდების გასაგზავნად კი ჩემს პირად ფეისბუქგვერდზე შემეხმიანოთ. ნინო ქათამაძის ფონდმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ჩვენი მოქსოვილი წინდები დანიშნულების ადგილზე ჩაიტანოს.

დეა ცუცქირიძე