სამხრეთი კავკასია - მუდმივი ნაღმი - კვირის პალიტრა

სამხრეთი კავკასია - მუდმივი ნაღმი

ოფიციალური ერევანი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოფირის გამო, რომელზეც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები სომეხ უიარაღო ტყვეებს ხოცავენ, საერთაშორისო საზოგადოებრიობის ადეკვატურ რეაქციას, ოფიციალური ბაქოსგან კი "შესაბამის პასუხს" ითხოვს. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს, რათა გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავეებმა პასუხი აგონ. 19 სექტემბერს სომხური მხარის გავრცელებული ცნობის თანახმად, აზერბაიჯანელ ჯარისკაცებთან შეტაკების შედეგად დაღუპულად და უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 207 კაცი, 293 კი დაიჭრა. მოკლულია ოთხი სამოქალაქო პირი, კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება.ადამიანის უფლებათა დამცველის ქრისტინე გრიგორიანის განცხადებით, 13 სექტემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომეხ სამხედროებს თავს დაესხნენ და მათი სასაზღვრო საგუშაგო დაიკავეს. "აზერბაიჯანელებმა მათ იარაღი ჩამოართვეს, დააჩოქეს და ავტომატის ჯერი მიუშვეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სომეხ სამხედრო ტყვეებს სასტიკად ეპყრობიან. ვიდეოს გავრცელებამდე, 16 სექტემბერს, სომხეთის ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის დახურული ნაწილი მოიცავს ვიდეოებს, სადაც სომეხი სამხედრო ტყვეების წამებაა ასახული და ეს ცალკე გამოძიების თემაა", - ამბობს გრიგორიანი. სკანდალურ ვიდეოს უკვე მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურება - როგორც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა განაცხადა, თუ ვიდეოფირის ნამდვილობა დადასტურდება, ეს იქნება ომის დანაშაული და დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.თავის მხრივ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოფირს აზერბაიჯანის პროკურატურაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამოიძიებს გარემოებებს, დაადგენს მონაწილეებს და კანონის შესაბამისად იმოქმედებს.პარალელურად, 20 სექტემბერს ჟენევაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მონაწილეობით სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. არარატ მირზოიანმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე სომეხმა მინისტრმა დახვრეტილი ჯარისკაცების საკითხიც დააყენა. ბაირამოვის თქმით, საქმის მოკვლევა დაწყებულია.

პოლიტიკური მიმომხილველი დავიდ ნავასარდიანი ამბობს, რომ დამნაშავეები ახალშექმნილი სპეციალური დანიშნულების ბატალიონ "კომანდოს" მებრძოლები არიან, რომლებიც ქალაქ შუშაში დათარეშობენ.

- დახვრეტილი ორი სომეხი ჯარისკაცის ვინაობა უკვე ამოიცნეს. სხვების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ცნობილია, რომ 12-14 სექტემბერს შემთხვევის ადგილას 17 სამხედრო იყო. ნაწილი დღემდე დაღუპულად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. გამორიცხული არ არის, დაკარგული სამხედროები ტყვედ ჰყავდეთ.

ოფიციალური ბაქოს განცხადება, რომ საქმის გამოძიება დაწყებულია, თავის მოკატუნება და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მოტყუებაა. ისინი თვითნებურად კი არ მოქმედებდნენ, ხელისუფლების ბრძანებას ასრულებდნენ და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

სომხეთი ახლა ურთულეს გზას გადის, ცდილობს რუსულ ორბიტას შიდა არეულობის, დაპირისპირების, პოლიტიკური ცვლილების რისკის ფასად გადაუხვიოს და დასავლეთისკენ ხავერდოვნად წავიდეს. ერთადერთი, რაც ვითარებას ოდნავ ამსუბუქებს, ის არის, რომ რუსეთი უკრაინასთან ომზეა გადართული და თავის მოსახლეობას არწმუნებს, რომ მთელ ნატოს ეომება, ამიტომ შეიძლება სომხეთის რუსული გავლენისგან გათავისუფლების შანსი სწორედ ახლაა, ოღონდ მხოლოდ ჩვენთვის კი არა, მთელი სამხრეთ კავკასიისთვის, სადაც თურქეთი ცდილობს რუსეთის ჩანაცვლებას. კარგი სიგნალია, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანულ მხარეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანდასწრებით შეხვდა და არა ლავროვის, რომელსაც ერთადერთი ინტერესი აქვს, რაც შეიძლება მეტი სამხედრო ჰყავდეს სამხრეთ კავკასიაში სომხეთის და ახლა უკვე აზერბაიჯანის ხარჯზე. ამიტომ ნებისმიერ დარღვევაზე, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს, დასავლეთს უნდა ვაცნობოთ და არა რუსეთს, რომლის დრო უკვე მიდის, თუმცა კუდს აუცილებლად მოიქნევს.

სომხეთი ისედაც ყველაზე დაზარალებულია რეგიონში, უპირველესად ჩვენივე შეცდომების გამო. ისედაც გვიან მივხვდით, რომ რუსეთი კი არ გვიცავდა, გვახრჩობდა და გვანადგურებდა. თესავდა უიმედობას, ნიჰილიზმს, რომ მის გარეშე არაფერი გვეშველებოდა და ამასობაში მივიღეთ კორუფცია, უკანონობა, მართვის კრიმინალური სისტემა... გეოპოლიტიკური რეალობა შეიცვალა, მაგრამ გეოგრაფიულად იგივე დარჩა - ისევ თურქეთის პირისპირ ვართ, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ თანდათან ვაცნობიერებთ, დასავლეთის, ცივილიზებული სამყაროს გარეშე რომ ვერ გადავრჩებით. წლების წინ საქართველოც იდგა ასეთი ალტერნატივის წინაშე. მაშინ რუსეთი ბევრად ძლიერი იყო, მაგრამ იბრძოლა, ევროპისა და ამერიკის პარტნიორობა აირჩია და გადარჩა, რაც დიდი სტიმულია. რუსეთი, ჩვენი "სტრატეგიული პარტნიორი", ახლა აქტიურად ვაჭრობს იარაღით თურქეთსა და აზერბაიჯანთან. მათი ინტერესები ემთხვევა - დასავლეთს უპირისპირდებიან. რუსეთი ახლა იზოლაციაშია და თურქეთი სჭირდება. თურქეთი კი რაღაცების ფასად რუსეთს ურიგდება, რომ სომხეთს არ მიჰყიდოს იარაღი. რუსეთ-თურქეთისა და მათთან ერთად აზერბაიჯანის შეთანხმების გამოხატულებაა თურქეთის პრეზიდენტის განცხადება, ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა ჩვენი მოქალაქეები არიან და არც ერთ საერთაშორისო ცენტრთან არ ვაპირებთ მათი ცხოვრების პირობების განხილვასო. ასეთი რამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეც არ უთქვამს რუსეთს. საქმე ის კი არ არის, რომ ყარაბაღის მეორე ომში ჩვენ დავმარცხდით, ალიევს მიაჩნია, რომ ის აზერბაიჯანის მიწაა და სულ ცოტა დრო დარჩა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე. მარტო დარჩენილი სომხეთი ამ ქაოსში ცდილობს მოკავშირეების პოვნას, აზერბაიჯანს ჰგონია, ყველაფერი შეუძლია. კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ხელშეკრულება მკვდარი ორგანიზაციაა და მას საფლავში ვერ ჩავყვებით - სომხეთმა ის უნდა დატოვოს.

სომხეთი ახალ პარტნიორებს იპოვის, ამერიკასთან მეტი დაახლოების პერსპექტივაც გვიჩნდება. სამხრეთ კავკასიაში მას ერთი სანდო და საიმედო მოკავშირე ჰყავს, საქართველო, და ვფიქრობ, მეორეც სჭირდება. ამის გამოხატულება იყო ნენსი პელოსის ვიზიტი ერევანში. სომხეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, მაგრამ ასეთ გარემოცვაში მიხაკების მოვლას ვერ დავიწყებთ, ამიტომ ალტერნატივას ვეძებთ. შესაძლოა ეს ინდოეთი იყოს, რომელზეც რუსეთი და თურქეთი გავლენას ვერ იქონიებენ. მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სომხეთი იარაღს "წვრილმანი მოთამაშეებისგან" ვერ იყიდის. დროა, სომხეთმა დამოუკიდებელი სვლები ისწავლოს, რამდენადაც სახიფათო არ უნდა იყოს ეს. რუსეთზე რაც შეიძლება ნაკლებად დამოკიდებული უნდა ვიყოთ. რაღაც უნდა შეიცვალოს, თორემ ეს ომი არასდროს დასრულდება და ამ სიტუაციით მხოლოდ რუსეთი იგებს.

აზერბაიჯანელი სამხედრო მიმომხილველის ქევად მამედოვის შეფასებით, მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს, სომხეთმა მიიღოს ის რეალობა, რომელიც არის:

- სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობა აზერბაიჯანსა და საქართველოსაც ნამდვილად გვჭირდება. ეს უნდა გააცნობიეროს სომხეთმა და იმედია, პროგრესს მივაღწევთ. სომხეთის ხელისუფლებამ თავის მოსახლეობას უნდა აუხსნას, რომ მშვიდობა მთავარია ეკონომიკური სიკეთეების მისაღწევად. გასაგებია, რომ ყარაბაღის პრორუსი კლანი არ თმობს პოზიციებს, რადგან თამაშგარე მდგომარეობაში რჩება, ამიტომ სომხეთის მოსახლეობის პატრიოტული სულისკვეთებით ცდილობს თამაშს, მაგრამ ამის მოგვარებით ფაშინიანს ერთით ნაკლები პრობლემა დარჩება - ყარაბაღელ პრორუს ფეოდალს სამუელ კარაპეტიანს საფუძველი გამოეცლება და ქვეყანაში ვითარების არევასაც ვეღარ შეძლებს.ცუდი ფაქტია სამხედრო ტყვეების დახვრეტა, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და საქმე პროკურატურას გადაეცა, მაგრამ გასათვალისწინებელია ამ ხალხებს შორის არსებული სიძულვილი.ყარაბაღელი სომხები ჩვენი ხალხის სახლებში ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში... 2020 წლის შემდეგ რაც მოასწრეს, გადაწვეს და დაანგრიეს, რომ აზერბაიჯანელებს არ დარჩენოდათ, იქაურობა დანაღმეს. შუშის რაიონში, რომელიც 2020 წლის შემოდგომამდე სომხურ მხარეს ეკუთვნოდა, საგზაო კომპანიის 20 წლის აზერბაიჯანელი თანამშრომელი ნაღმზე აფეთქდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. სამოქალაქო პირები ხშირად ეწირებიან სომხების დანატოვარ ნაღმებს. 30 სექტემბერს 36 წლის ამიდ ასადოვი და 15 წლის ჩერქეზ გულუზადე ფიზულის რაიონში აფეთქდნენ. რუსეთი ვეღარ და აღარ დაეხმარება სომხეთს. რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასიას თავის ულუფად მიიჩნევდა, მაგრამ უკვე აღარ არის დომინანტი. ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ თურქეთს რეგიონში ლიდერობის შანსი გაუჩნდა, იმხელა, რომ შესაძლოა რეგიონი მათ შორის დაპირისპირების საგნად იქცეს. ამის განეიტრალება კი აზერბაიჯანს შეუძლია, რადგან ის რუსეთსაც ძალიან სჭირდება და იძულებულია მას ანგარიში გაუწიოს.

ამ რთული და ახალი სომხეთისთვის ნამდვილად რისკის შემცველი რეალობიდან გამომდინარე, ის დასავლეთისკენ ისწრაფვის, მაგრამ ეს ასე ადვილი არ არის - ენერგორესურსებსა და სხვა ეკონომიკურ კავშირებზე რომ არაფერი ვთქვათ, სომხეთის რკინიგზის მფლობელი 2038 წლამდე რუსული კომპანია "სამხრეთ კავკასიის რკინიგზაა". იქ მოქმედი სამი მობილური ოპერატორიდან ორი რუსულია. ის სომხეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია.

სომხეთი ჰბაძავს საქართველოს, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებისკენ ისწრაფვის, მაგრამ მას სხვა მიღწევები აქვს და სომხეთს ბევრი რამ აშორებს - ბოლოს და ბოლოს, რუსეთის სამხედრო ბაზებია სომხეთში. საქართველოშიც არის, მაგრამ იმ ტერიტორიებზე ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება და ეს განსხვავებულ რეალობას ქმნის.

შესაძლოა სომხეთმა მართლაც მოახერხოს და იპოვოს ახალი პარტნიორები, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზეც, შეუწყობს თუ არა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხელს მშვიდობას. თუ მას ევროპისკენ სვლა გაცხადებული აქვს, რის გამოც მის მიმართ რუსეთის დამოკიდებულება შეიცვალა, ისიც უნდა ახსოვდეს, რომ ევროკავშირში უფრთხიან პრობლემურ რეგიონებს. ასე რომ, მან ახლა უნდა გააკეთოს არჩევანი - გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც ორივე ქვეყანას აზიანებს, თუ იმ რეალობის მიღება, რომელიც შეიქმნა და აუცილებლად მოჰყვება სტაბილური განვითარება. სხვა შემთხვევაში იქნება მიძინებული კონფლიქტი პერიოდულად აფეთქებითა და ორმხრივი მსხვერპლით.