„ყველა მათგანი ავტომატის ლულას უყურებს თვალებში, მაგრამ დასაკარგი აღარაფერი აქვთ“ - კვირის პალიტრა

„ყველა მათგანი ავტომატის ლულას უყურებს თვალებში, მაგრამ დასაკარგი აღარაფერი აქვთ“

ირანში ქურთი ქალის, 22 წლის მაჰსა ამინის დაღუპვის გამო დაწყებული პროტესტი ძლიერდება. ორ კვირაზე მეტია, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები. მაჰსა ამინი 13 სექტემბერს ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა. თეირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინი გულის შეტევით გარდაიცვალა. პროტესტი პირველ დღეებში სირიელი ქურთი ქალების აქტიურობას მოჰყვა, რომლებმაც ქალაქ ქამიშლიში მაჰსა ამინის ფოტოები გამოფინეს და აქციები გამართეს, რასაც მალე მთელ მსოფლიოში მოჰყვა გამოხმაურება - აქციები გაიმართა ამერიკაში, კანადაში, სირიაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. ქალთა საპროტესტო გამოსვლების სოლიდარობის ნიშნად შვედმა დეპუტატმა, ცენტრისტული პარტიის წევრმა აბირ ალ საჰლანიმ სტრასბურგში, სესიაზე, სადაც ირანში არსებული ვითარება განიხილებოდა, თმა მოიჭრა და განაცხადა, რომ სანამ ირანელი ქალები არ იქნებიან თავისუფალნი, ისინი მათ გვერდით იქნებიან. მან გააკრიტიკა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი იმის გამო, რომ მან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ირანში ქალების მხარდაჭერა მკაფიოდ არ დააფიქსირა. კანადაში მცხოვრები ირანელი ქურთი ფან აზადი ამბობს, რომ ქალების პროტესტი მასშტაბური პროტესტის დასაწყებად მხოლოდ ბიძგი იყო. წლების განმავლობაში მოსახლეობას პოლიციისგან, სასულიერო პირებისგან, საზოგადოდ, ხელისუფლებისგან დიდი უსამართლობის მოთმენა უწევდა და ამან ახლა იფეთქა.

- ჩვენი ირანელი მამაკაცები ქალებთან ერთად აპროტესტებენ იმას, რასაც აიათოლას რეჟიმი ცხოვრების ნორმად გვთავაზობს. მხოლოდ ირანში კი არა, ქვეყნის გარეთაც ცდილობენ თავს მოგვახვიონ, ამიტომაც სხვა ქვეყნებშიც იფეთქა პროტესტმა, რათა ჩვენს ქალებს თავისუფლება ირანში კი არა, ყველგან ჰქონდეთ. ჩემი ოჯახის წევრები მონაწილეობენ ირანში აქციებში. ამას წინათ, თეირანში პოლიციასა და სტუდენტებს შორის შარიფის უნივერსიტეტთან დაპირისპირებისას ჩემი ნათესავი დაშავდა. ის ცრემლსადენი გაზით დაშავებული გოგონების სამშვიდობოს გაყვანას ცდილობდა, რა დროსაც პოლიცია ხელკეტებით გაუსწორდა. ნაცემია სკოლის მასწავლებელი ქალი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პოლიცია აცხადებს, რომ ის აქციებზე არეულობის დაწყების შემდეგ, ჭყლეტაში დაშავდა.

ირანის უსაფრთხოების ძალები კარდაკარ ეძებენ აქციის ორგანიზატორებს, წინააღმდეგობრივი ჯგუფების წევრებს, პროტესტის ინიციატორებს. ჩემს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია არ არსებობს, ობიექტური ინფორმაციის ძალიან მცირე ნაწილი ხდება ცნობილი. დაკავებულია ასობით სტუდენტი, ქალი და კაცი, ისინი, ვინც აიათოლას რეჟიმს სიცოცხლის ფასად აპროტესტებს.

ირანში რევოლუცია მწიფდება. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მსოფლიოს, საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომაზე, რომელთათვისაც ადამიანის სიცოცხლე და მისი უფლებები უპირველესია. ჩვენი ხალხი აქტიურობს. ყოველი სახლიდან გამოსვლა, ყოველი სიტყვა და ქმედება ბეწვის ხიდზე გავლის ტოლფასია და არავინ იცის, შინ ცოცხალი დაბრუნდებიან თუ არა... თეირანის გარდა, დემონსტრაციები გაიმართა რამდენიმე დიდ ქალაქში: იაზდიში, ქერმანშაჰში, სანანდაჯში, შირაზსა და და მეშჰედში გაბედული მოწოდებით: "დამოუკიდებლობა, თავისუფლება!.. სიკვდილი ჰამენეის!.. სიკვდილი დიქტატორს!.." ბოლო ორი კვირის განმავლობაში აქციებს 200 კაცი შეეწირა. დაკავებულია ასობით ჩვენი მოქალაქე. თუ აიათოლა ჰამენეის ხელისუფლება დარჩება, ეს ნიშნავს, რომ ყველა ის ქალი დაისჯება, რომლებმაც ჰიჯაბის საჯაროდ მოხსნა გაბედეს, კაცებს კი, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, სიკვდილი არ ასცდებათ. ახლა ირანის დიქტატორი ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყანაში არეულობა აშშ-ისა და ისრაელის პროვოცირებულია და პასუხისმგებლობას ისრაელსა და დასავლეთს აკისრებს. თუ დასავლეთის მწვავე რეაქცია არ იქნება, ალი ჰამენეი დემონსტრაციებს სისხლში ჩაახშობს. მან უკვე გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი თავისივე ხალხის წინააღმდეგ, უსაფრთხოების ძალებს კი მოუწოდა, დასავლეთის პროვოცირებულ არეულობასთან გასამკლავებლად მზად იყვნენ. ეს ნიშნავს, რომ პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლს გაუხსნის. ჰამენეის სამსახურში არიან სასულიერო პირებიც, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ მიწისძვრა ამ პროტესტს დაუკავშირეს და ურჩი, ურწმუნოების გზაზე შემდგარი ხალხის ღვთის სასჯელად წარმოაჩინეს. ყოველთვის ასე იყო - სასულიერო პირები მათთვის ჩვეული პრიმიტივიზმით, მაგრამ ძალიან მარჯვედ იყენებდნენ ბუნებრივ კატაკლიზმებს ხალხის შესაშინებლად. სამწუხაროდ, ირანში ყველას არა აქვს მაღალი სამოქალაქო განათლება და მართლა სჯერათ, რომ ღმერთი მათ მოძღვრის ნების წინააღმდეგ წასვლისთვის სჯის.

- ამ ვითარებაში როგორ წარმოგიდგენიათ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება?

- ყველა ტრიბუნაზე უნდა ისმოდეს, რომ ირანსა და არაერთ მუსლიმანურ ქვეყანაში ქალებს უფლებები არა აქვთ. ჩემს ბავშვობაში 17 წლის გოგო მოკლეს იმიტომ, რომ მისი საქმრო ავტოავარიაში დაიღუპა, ბიჭის ოჯახს ქორწილის გარიგების ჩაშლა არ სურდა და გოგონას სხვა ძმაზე ათხოვებდნენ. ამის შესახებ მან ერთ-ერთ უცხოურ გამოცემას უამბო, რაც მისი ოჯახისთვის ცნობილი გახდა და ერთობლივი გადაწყვეტილებით გოგონა სიკვდილით დასაჯეს, როგორც "ტრადიციების წინააღმდეგ წასული ქალი".

მე რამდენიმე წელია კანადაში ვცხოვრობ. აქ უამრავი ირანელი ქურთია და ოჯახი თუ ნათესავები მათ ისეთივე ცხოვრების წესის დაცვას სთხოვენ, როგორც ირანში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკურად უსწორდებიან. საბედნიეროდ, არიან გამონაკლისები და სწორედ მათი იმედი გვაქვს - მათი აქტიურობით, მეტი განათლებით ყველაფერი შეიცვლება. ქალს ჩვენს ჩაკეტილ საზოგადოებაშიც კი ძალიან დიდი ძალა აქვს. ვინ იფიქრებდა, რომ სირიაში, ასადის რეჟიმში, ქალები ქუჩაში გამოსვლას გაბედავდნენ. ყველა მათგანი ავტომატის ლულას უყურებს თვალებში, მაგრამ დასაკარგი აღარაფერი აქვთ. უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუ, პრობლემებზე უშიშრად საუბარი სამართებლის პირზე სიარულს ჰგავს. ირანში უამრავ ქალს მცირეწლოვანი შვილები გატაცებული დახვდათ, რათა გაჩუმდნენ და წესებს დაემორჩილონ, მაგრამ ყველამ იცის, რომ თუ სახლში დარჩებიან, ხვალ-ზეგ ყველას ციხეში მოუწევს სიცოცხლის დასრულება. ასე ვეღარ გაგრძელდება, დიქტატორი უნდა გავუშვათ. ვამაყობ ჩემი ქვეყნის გმირი ქალებით.