„თუ შეიძლება ადამიანს სამშობლო უწოდო, ესენი „სამშობლო ადამიანები“ არიან“ - კვირის პალიტრა

„თუ შეიძლება ადამიანს სამშობლო უწოდო, ესენი „სამშობლო ადამიანები“ არიან“

რუბრიკა "ერთი ფოტოს ისტორიის" სტუმარია ცნობილი პოეტი, ექიმი ლელა გაბური. ფოტოზე, რომელიც ქალბატონი ლელას ალბომში ვნახეთ, ჩვენთვის საყვარელი და პატივსაცემი არაერთი პიროვნება ვიხილეთ.

- ეს ფოტო 2015 წელს ხვარამზეობის დღესასწაულზეა გადაღებული. ეს არის ლიტერატურული კონკურსი პოეტი ქალებისათვის. სურათზე მე, ეთერ თათარაიძე, ამირან არაბული, მარიამ წიკლაური, ჩემი მეუღლე გიორგი ლიქოკელი და ტარიელ ხარხელაური ვართ. სამივე ქალი კონკურსის ფინალისტები ვართ და სიმბოლურად ხვარამზეებს გვეძახდნენ. დაჯილდოება თიანეთის რაიონის სოფელ არტანაში გაიმართა. ფოტო სწორედ იმ მომენტში გადაგვიღეს, როცა ფინალისტების გამოცხადებას ვუცდიდით. შემიძლია ვთქვა, რომ ფოტოზე თავმოყრილთაგან ყველანი მეგობრები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ასაკშიც არის სხვაობა და რეგალიებშიც.

ყველაზე უწინ ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის ოჯახი გავიცანი, 90-იანებში, სტუდენტობის დროს. როდესაც ჩემი პირველი კრებული გამოვიდა, მისი მხატვარი თენგიზ მირზაშვილი, ჩუბჩიკა, გახლდათ, რედაქტორი კი ამირან არაბული. მას შემდეგ ნათელმირონებიც გავხდით - ეთერ თათარაიძე ჩემი უმცროსი დის ნათლიაა. რაც წიგნები გამოვეცი, საბავშვო იქნება თუ სადიდო, მხატვრული თუ სამეცნიერო, უცვლელი რედაქტორი ჩემი წიგნებისა ამირან არაბული გახლავთ. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მთაში ვარ, მუდმივად ხაზზე ვარ, ამირანის გარეშე ჩემი, როგორც შემოქმედის, სუნთქვა არ არსებობს.

გარდა შემოქმედებითი ურთიერთობისა, ეს ოჯახი ყოველთვის დიდი სიყვარულით, სათუთი დამოკიდებულებით იყო და არის ჩემ მიმართ. მე და ჩემი დები, ნინო და მანანა უმცროს მეგობრებად მიგვიღეს. პაპაჩემი, ბესარიონ გაბური, აკაკი შანიძის მეგობარი, ხევსურული ფოლკლორული ნიმუშების შემკრები იყო და მანანამ სადისერტაციოდ ეს თემა აიღო. მისი ხელმძღვანელიც ამირანი იყო. მოკლედ, ეთეროსთან, ამირანსა და ჩუბჩიკასთან ურთიერთობა 90-იანი წლებიდან დაიწყო. სამწუხაროდ, ჩუბჩიკა გამოგვაკლდა.

- ფოტოზე ქალბატონი ეთერო და ბატონი ტარიელი გულიანად იცინიან...

- საერთოდ, ეთერო ბეღურასავით სულ ჭიკჭიკებს, თითქოს დიდი ბავშვიაო, რომელიც ცელქობს. არ მახსოვს, რაზე წაეკიდნენ ტარიელი და ეთერო ამ ფოტოს გადაღებისას, მაგრამ ყველაფერი რომ გადამდები მხიარულებით დასრულდა, კი ხედავთ... მათთან ყოფნა დიდი ბედნიერებაა.

- ბატონი ტარიელი როდის გაიცანით?

- სტუდენტობისას, უნივერსიტეტში პოეზიის საღამოზე. თითქოს რაღაც ერთი გვასაზრდოებს, ალბათ, მთა. ალბათ, ამიტომ არ დაგვჭირდა დიდი დრო დამეგობრებისთვის. ტარიელ ხარხელაური რამდენადაც გრანდია, დიდი პიროვნება და პოეტი, იმდენად საოცრად თავმდაბალი კაცია, შეიძლება ითქვას, ბავშვურად თავმდაბალიც...

რაც ხევსურეთში დავბრუნდი, არაგვის ჭალაში - მე პოეზიის ჭალას ვუწოდებ - წელიწადში ერთხელ შეკრება მაქვს ხოლმე, პრეზენტაციებს ვმართავ, საღამოებს. ბატონი ტარიელი ყოველთვის ჩამოდის, შესაძლოა უამრავ სხვა ადგილას ჰქონდეს მიწვევა, ბევრი საქმეც ჰქონდეს, მაგრამ თვლის, რომ მე ხევსურეთში ცხოვრებითა და საქმიანობით მნიშვნელოვან რაღაცას ვაკეთებ და ყოველთვის მხარს მიჭერს. მისი ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, სულ სხვა მასშტაბს სძენს ნებისმიერ შეკრებას.

მარიამ წიკლაურს ხევსურულად მარიემს ვეძახი. ასე მარტო შენ მეძახიო, მოსწონს. საოცარი ადამიანია. არავის არ აკლებს ყურადღებას. ბევრ ნიჭიერ ადამიანს არ მისცა მოდუნების საშუალება, პირიქით, სტიმულს აძლევს, რომ წერონ, გამოსცენ... ჩემი პირველი საბავშვო წიგნი „"გუგუმანა კლდის ამბავი" ავტობიოგრაფიულია. სხვათა შორის, ბოლო წიგნია, რომელიც ჩუბჩიკამ გააფორმა. არავის ახსოვდა ეს წიგნი, გამოიცა და იყო სადღაც წიგნის თაროზე შემოდებული. როგორც კი წაიკითხა, საჯაროდ მთხოვა მარიამმა, ბავშვებისთვის წერეო... ლექსები რომ დამიგროვდება, ერთ წიგნად მომაკრებინებს ხოლმე... მარიამი მტირალაა, გულჩვილი... ყველა მტირალები ვართ, ვინც ამ სურათზე ვართ. ჩემი მეუღლეც მინახავს, რაღაც პატრიოტულზე გული რომ ამოუჯდება. ასეა ეთეროც, ამირანიც, ტარიელიც... როგორიც სიტყვა „"სამშობლო", ყველა ასეთია... თუ შეიძლება ადამიანს სამშობლო უწოდო, ესენი "სამშობლო ადამიანები" არიან. ჩუბჩიკაც სამშობლო იყო....

- მიამბეთ მასზეც...

- არ უყვარდა, ბატონოთი რომ მიმართავდი... ვიტანჯებოდი, ჩუბჩიკა ან თენგიზი როგორც უნდა დამეძახა. ვერაფრით გადავლახე ეს თქვენობა, სანამ სერიოზულად არ გამიბრაზდა.

ადრე ეთერო და ამირანი ნუცუბიძეზე ცხოვრობდნენ და მე „"ყამარის ლექსის" რედაქტირებისთვის ბატონ ამირანთან მივდიოდი. შევედი ლიფტში და შემოვიდა ბატონი თენგიზიც. გამომესაუბრა, ისიც ბატონი ამირანის ოჯახში მოდიოდა. წიგნის გამოცემის სამზარეულოში ბატონი თენგიზიც ჩაერთო. წაიკითხა ლექსები და თქვა, მე მოვხატავ ამ წიგნსო. თავი მეცხრე ცაზე მეგონა, მეცამეტე სართულზე ვიყავით და ლამის გადმოვეშვი სიხარულით. ძალიან გულმოდგინედ ხატავდა, უამრავი ესკიზი შექმნა. დაახლოებით 30 ვარიანტი დახატა ლურჯასი. ყველა შენახული მაქვს მის ფუნჯთან ერთად. ერთ დღესაც დამიბარა სახელოსნოში, მოდი, საბოლოო ვარიანტზე შევთანხმდეთო. მივედი, კარი გამიღო და ვხედავ, შეწუხებული სახე აქვს... ერთი ნიჭიერი და კარგი პოეტი ჰყავდა სტუმრად, ცოტა ნასვამი.... არადა, გვინდოდა საქმიანად დავმსხდარიყავით და მალევე დაგვესრულებინა. ფორთოხალი მივიტანე, ჩაი მოვამზადე... ვლაპარაკობთ სამივე - ჩუბჩიკა მაგიდის თავში ზის, ჩემს მოპირდაპირედ, და შუა საუბრისას უცებ მაგიდის ქვემოდან ამოაცურა ფურცელი, რომელსაც დიდად აწერია: "დევიღუპეთ!" და ჩასწია... ამიტყდა სიცილი... მას შემდეგ მე, ეთეროს და ამირანს ტერმინად გვაქვს "დევიღუპეთ!".

სხვათა შორის, თავიდან ლიფტში რომ შევხვდი, გამოვესაუბრე ჩუბჩიკას და მერე დავმეგობრდით, თორემ მანამდე მასთან საოცარი შეხვედრა მქონდა. ჩუბჩიკას არ გაუგია, მე ვინ ვიყავი, მე კი ვიცოდი, ვინ იყო თენგიზ მირზაშვილი. ეს მოხდა საშინელ 90-იანებში, კუპონობის ხანს. მაშინ სოფელ გამარჯვებაში ვცხოვრობდით და ყველაფერი რომ დაინგრა, სამივე დამ ქარგვა დავიწყეთ, უფრო სწორად, ნაჭრელაის კერვა ჰქვია. ვაბარებდით ჩვენს ნახელავს და თითო სამაჯური ან ქისა რომ გაიყიდებოდა, ვიყიდდით პურს და ეს დიდი წარმატება იყო. პარალელურად მთაში კარტოფილი მოგვყავდა და ასე გავდიოდით ფონს იმ საშინელ წლებში. ერთხელაც, არ დამავიწყდება, შემოდგომის ქარიანი დღე იყო, ქარი ყვითელ ფოთლებს ატრიალებდა, წავედი და არაფერი დამხვდა გაყიდული. სასოწარკვეთილი ვარ, უკან რომ დავბრუნდე, ტრანსპორტის ფულიც არა მაქვს. გამომცემლობასთან კაფე გაეკეთებინათ, მე გარეთ სკამზე ჩამოვჯექი უმწეოდ, ხელში ჩემი ქისებით, და ვფიქრობ, რა გავაკეთო. შიგნით, დარბაზში, ჩუბჩიკა დავინახე. არ ვიცი, რა მეწერა სახეზე იმ დროს, ან რა იგრძნო... გამოვიდა და მკითხა, ხომ არ ყიდით მაგ ქისებს, მე ვიყიდიო. აიღო ხევსურული ქისა და რამდენიმე კუპონი მომცა. იმით სახლშიც დავბრუნდი და პურიც მივიტანე. მაშინ უცნობ გოგონად დავრჩი, მოგვიანებით გავიცანი და დავუმეგობრდი ჩუბჩიკას.

lela2-1665321151.jpg

- თქვენი დღევანდელობა როგორია?

- ჩემი დღევანდელობაც ამ ყველაფრის გაგრძელებაა. შესანიშნავი მეუღლე მყავს, ძალიან კარგი ადამიანია, ცდილობს ოჯახის წევრებს ცივი ნიავი არ მოგვაკაროს. ჩემთვის პირდაპირი მნიშვნელობით არის ფიზიკური და სულიერი საყრდენი. ახლა ბარისახოში ვცხოვრობთ.

- თქვენზე სიუჟეტი ვნახე, სადაც როგორც ბარისახოს ამბულატორიის ხელმძღვანელი 34 სოფელს ემსახურებოდით.

- ახლა ნაკლებად მიწევს დატვირთვა. კი არის მომართვის ცალკეული შემთხვევები, რისთვისაც ნებისმიერ დროს მზად ვარ. სამედიცინო სამსახურში დაახლოებით 10 წელს ვიყავი და როდესაც შემოსავლის ალტერნატივა გამიჩნდა ტურიზმის სახით, თავი დავანებე და ახლა საოჯახო სასტუმროს ვხელმძღვანელობ. ბევრი სტუმარიც მყავს: უცხოელები, ქართველებიც... პარალელურად ვწერ, ვთარგმნი. კოვიდის პერიოდი და თვითიზოლაცია ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, 3 წელიწადში 4 ახალი წიგნი გამოვეცი.

ტურიზმის განვითარება ჩვენთვის დიდი გამართლება იყო. შატილი-მუცო-აბუდელაურის ფერადი ტბები - აი, ამ სამმა ღირსშესანიშნაობამ ეკონომიკურად გადაარჩინა ხევსურეთი. ამაზე ზოგიერთმა მითხრა, ტურიზმის გადარჩენილ ხევსურეთს რა ვუთხარიო. მერე ავხსენი, ამას რომ ვამბობ, იმას კი არ ვგულისხმობ, მთავარი რაც არის, ის დაიკარგოს - მეცხოველეობა და სოფლის მეურნეობა მთისთვის ტრადიციული დარგები აღარ იყოს, მაგრამ... მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან, ევროპიდან, აზიიდან... ოჯახში რომ მოდიან, მალე გადაგვდის ურთიერთობა მეგობრობაში. ერთი ასე შევიძინეთ იაპონელი მეგობარი, საიტო კოკი. თავდაპირველად, საიტო სახელი მეგონა, კოკი - გვარი და ამიხსნა, პირიქით, თქვენებურად რომ ვთქვათ, კოკი საიტო ვარო. გვწერდა, ველოდით და რომ ჩამოვიდა, გაგვახარა... ინგლისური ენა ცუდად ვიცი, მაგრამ რუსული და ფრანგული ნორმალურად და ჟესტიკულაციისა და ლექსიკონის დახმარებით, შეიძლება ითქვას, სრულფასოვანი კომუნიკაცია გამოგვდის. აღნიშნავენ, რომ უნიკალური სამზარეულო, ბუნება და ტრადიციები გვაქვს. მოსწონთ ჩვენი სტუმართმოყვარეობა, გარემო, გულწრფელობა. შეუძლებელია არ მოგეწონოს, საოცარი ქვეყანა ვართ.

- პრობლემები რა არის? მაგალითად, გამიგია, რომ საზოგადოებრივი სველი წერტილები პრობლემაა.

- თუ გიმოგზაურიათ ხევსურეთში, კორშაში მარკეტია და იქ ჩერდება ყველა, ვინც მთაში ან ბარში მიდის... კორშის მაღაზიის გასწვრივ არის სველი წერტილი, მაგრამ საშინელ მდგომარეობაში. ამ ზაფხულს ორი სამარშრუტო ტაქსი მომადგა, დამიძახეს, ლელა ექიმოო, გავედი და გიდმა მთხოვა, კორშაში ვერ შევიდნენ და თუ შეიძლება თქვენი სველი წერტილით ვისარგებლებთო. სირცხვილით დავიწვი. ჩვენი მერი, ქალბატონი მაცაცო ნარიმანიძე, ძალიან ყურადღებიანია, ხანდახან ვუზიარებ ხოლმე ჩემს სურვილებს და ვთხოვე, გემუდარებით, ადმინისტრაციაში ვინცაა, იქნებ დაავალოთ, რომ ეს წერტილი მოაწესრიგონ-მეთქი. ეს დიდი სირცხვილია, მერე უნდა წახვიდე და დიდ კულტურაზე - შატილზე, მუცოზე და ისტორიაზე ესაუბრო. რა თქმა უნდაო, დამპირდა ქალბატონი მერი.

ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს, ვფიქრობ, რაც დრო გავა, სოფელში ბევრი დაბრუნდება. შეიძლება ახალგაზრდა ვერ დარჩეს, მაგრამ ჩემს ასაკში, მაგალითად, შუახნის ან ხანში შესული თაობისთვის სოფელში ცხოვრება ძალიან კარგია. ერთმანეთს მოვუაროთ, გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და მადლობა ვუთხრათ უფალს ყოველი დღისთვის. რაც უნდა გქონდეს სათქმელი, სიყვარულით თუ არ თქვი, წყლის ნაყვაა. სიყვარულით ყველაფერს შევძლებთ.