"მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა, დილა არის მშვენიერი“- როგორ იცვალა ფერი ლექსებმა - კვირის პალიტრა

"მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა, დილა არის მშვენიერი“- როგორ იცვალა ფერი ლექსებმა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, ხოსიტაანთ უბანში, კვლავ დგას პოეტ იროდიონ ევდოშვილის ძველი სახლი. ამჟამად იქ მისი სახელობის მუზეუმია. იმავე ეზოში, სადაც პოეტის ბიუსტია, ცხოვრობს ოჯახის ახლობელი, 84 წლის მარიამ ხოსიტაშვილი. მარიამ ბებომ ხოსიტაშვილების სახელოვან წინაპართან დაკავშირებული ისტორიები მოგვითხრო.

- იროდიონის დედა, ევდოკია, ბოდბელი გლეხის, ხუნაშვილის ქალი იყო. ის მამას ადრიანად გაუთხოვებია. ხუთი შვილი ჰყავდა - სამი ბიჭი და ორი გოგო. ალბათ, გულთბილი დედის სიყვარულმა გადააწყვეტინა უფროს ვაჟს, ილარიონს ფსევდონიმი დედის სახელთან დაეკავშირებინა და ევდოშვილი დაირქვა.

ილარიონი სამხედრო მაღალჩინოსანი იყო; მეორე შვილი, მარიამი, სოფელ მირზაანში გაათხოვეს, მაგრამ ახალგაზრდა გარდაიცვალა; მესამე - თომა ჩემი მამამთილის მამა გახლდათ, მას მოსდევდა იროდიონი და შემდეგ ბაბილინა. იროდიონის მამა, ისაკი, ბოდბისხევის ამაღლების ეკლესიაში დიაკვნად მსახურობდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო. ამაღლების ტაძარი მთის წვერზეა. ამიტომ მოხუცებსა და ავადმყოფებს უჭირდათ ტაძარში სიარული. ხოსიტაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ორ ოთახში ცხოვრობდა. ისაკ ხოსიტაშვილს პატარა კუთხეში მოწყობილი ჰქონდა სამლოცველო, სადაც ისინი მიდიოდნენ სალოცავად, ვინც ტაძარში ასვლას ვერ ახერხებდა. იროდიონ ევდოშვილის მუზეუმში ყოფილი სალოცავის კუთხის კედელს ახლაც ემჩნევა სანთლების კვალი. შემორჩენილია ისაკის ლოცვების წიგნი და ღვთისმშობლის უძველესი ხატი.

irodion3-1665321852.jpg

თურმე ბავშვობაში იროდიონი მღვდლებსა და ეკლესიის მსახურებზე მწარედ ხუმრობდა - საწოლზე დადგებოდა და სასულიერო პირებს ასახიერებდა, მაგრამ მამა ბავშვის უგვან საქციელს გაგებით ეკიდებოდა, ამბობდა, პატარაა, გაიზრდება და მიხვდება, რომ ცდებაო.

ოჯახი არ უწონებდა იროდიონს რევოლუციურ მოძრაობაში ჩაბმას, მაგრამ მას თავისი მიზნები ჰქონდა. ბოდბისხევის სახლში ხშირად მიჰყავდა თანამებრძოლები და ფარულ შეხვედრებს მართავდნენ. მათი ბევრი რევოლუციური საქმე სწორედ იმ სახლის ჭერქვეშ დაიგეგმა. შემორჩენილია მისი ოჯახის ნაქონი თალფაქიანი ლამპა და ფრთებიანი მაგიდა. სწორედ ამ მაგიდაზე ისწავლა იროდიონმა წერა-კითხვა.

- იროდიონმა რა ასაკში დატოვა სოფელი?

- მისი უფროსი ძმა, ილარიონი, ადრეულ ასაკში დაქორწინდა და ქვემო მაჩხაანელი ნინო მენთეშაშვილი შეირთო. ნინოს ეპარქიული სასწავლებელი ბრწყინვალედ ჰქონდა დამთავრებული. შეიძლება ითქვას, ამ ქალმა შემოიტანა ოჯახში განათლება და წიგნის სიყვარული. ჩემი დედამთილი და მულები ამბობდნენ, კარგად გვახსოვს, ნინა ბებო როგორი გამორჩეული და მცოდნე ქალი იყოო. არაჩვეულებრივი კულინარიც ყოფილა. სწავლის სიყვარულიც მეუღლის და-ძმებს მან ჩაუნერგა. იროდიონმა ჯერ სიღნაღის ორკლასიანი სასწავლებელი დაამთავრა, მერე სწავლა თელავში გააგრძელა. ბოლოს თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღო განათლება.

მაშინ სოფლად წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი ცხოვრობდა. ჩვენი სახლის მოპირდაპირედ, სერზე, ტრიალი მინდორი იყო და ბევრი კაკალი იდგა. მის ჩრდილქვეშ სოფლის ახალგაზრდობა ხშირად იკრიბებოდა, უკრავდნენ, მღეროდნენ, ჭიდაობდნენ... როცა იროდიონი ჩამოდიოდა, ავიდოდა მათთან, შემოიკრებდა გარშემო და წერა-კითხვას ასწავლიდა. ძალიან ჰყვარებია ილიას პროზა და პოეზია, ამიტომ ბევრი ბოდბისხეველი აზიარა ერის მამის შემოქმედებას.

irodion4-1665321852.jpg

მუზეუმში ინახება რკინის უცნაური საწოლი, რომელიც იროდიონს სულ თან დაჰქონდა. საწოლი იკეცებოდა, ამიტომ ცხენიან ფურგონში იოლად ატევდა. სოფელში როცა ჩამოდიოდა, ჩამოჰქონდა და თბილისში დაბრუნებულს, მიჰქონდა.

- როგორი ბავშვი იყო იროდიონი, პოეზიის სიყვარულს თავიდანვე ამჟღავნებდა?

- ოჯახის წევრებს ბავშვობაში თავის შეთხზულ ლექსებს უკითხავდა. თურმე დედას თავისი გარითმული სტროფებით ეხუმრებოდა. მისი ცნობილი ლექსი "მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა, დილა არის მშვენიერი" ყველას უყვარდა. ბევრი საბავშვო ლექსი აქვს დაწერილი, მაგრამ მერე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება და მისმა ლექსებმაც ფერი იცვალა. იროდიონი მშრომელი ხალხის ცხოვრებას უმღეროდა. პოემით ,,მუზა და მუშა" სწორედ მშრომელების გული დაიპყრო.

ცხადია, არც თავისი სოფლის ხალხი დავიწყებია. ლექსი "კალოობა" დიდი სიზუსტით ასახავს ხორბლის მოსავლის აღებას ქიზიყში. ხოსიტაშვილებს ჰქონდათ მინდვრები, საკუთარი კალო, სადაც პურეული მოჰყავდათ. მუზეუმში ინახება მათი ნაქონი კევრი. რევოლუციონერი პოეტის დედა სულ შვილის გზას გაჰყურებდა, მაგრამ იროდიონი ხშირად ვეღარ ახერხებდა ბოდბისხევში ჩამოსვლას. შემდეგ ის დააპატიმრეს და შორეულ რუსეთში გადაასახლეს.

irodion2-1665321851.jpg

მუზეუმში დაცულია გადასახლებიდან ჩამოტანილი მისი ნივთები. თურმე ვოლოგდის გუბერნიაში პოეტი 6-ჭიქიანი ნახშირის სამოვრით იდუღებდა წყალს ჩაისთვის და ის თბილისში დაბრუნებისას თან ჩამოიტანა. არყის ხის ქერქის საკარაქე თავად დაუმზადებია. თუთუნს ჩიბუხით ეწეოდა და ეს საყვარელი ნივთიც ბოლომდე შემოინახა. მისი ნაქონი სამელნე და კალამიც ახლა ბოდბისხევში ინახება. იროდიონის უმცროსი და, ბაბილინა, რომელიც საზოგადო მოღვაწის, ნიკო კურდღელაშვილის მეუღლე იყო, სათუთად ინახავდა ძმის ნივთებს.

იროდიონი გადასახლებაში ცხენის მარხილით წაიყვანეს. იხსენებდა, 8 დღის სავალი გზას გავლას 40 დღე მოვუნდი. ისე შემაწუხა სიცივემ და ჭუჭყმა, წვერშიც კი მკბენარი გამიჩნდა და დაბადების დღეს ვიწყევლიდიო. გადასახლებაში მუდმივად მშიერსა და გაყინულს უწევდა ცხოვრება და შრომა, ამიტომ მძიმედ დაავადდა და ორ წელიწადში სპეციალურმა კომისიამ დააბრუნა საქართველოში. ტუბერკულოზით დაავადებულ ძმას ილარიონმა ექიმები დაასია, წაღვერსა და ცემში დაჰყავდა სამკურნალოდ, მაგრამ ვეღარ უშველა.

გადასახლებამდე იროდიონი ქვემომაჩხაანელ სიკო ფაშალიშვილთან მეგობრობდა. სანამ გადაასახლებდნენ, მან ციხეში მიაკითხა იროდიონს და კითხვაზე, რა მოგიმზადო, რას წაიღებო, იროდიონს უთქვამს, ჩემი გამჩენი ერთი მუჭა ბოდბისხევის მიწა გამატანე, სხვას ვერაფერს წავიღებო. მართლაც გაატანა სიკო ფაშალიშვილმა მიწა.

- იროდიონის მეუღლეზეც მოგვიყევით...

- მეუღლედ ქვემომაჩხაანელი მანანა ჯანყარაშვილი ჰყავდა. წყვილს ოთხი შვილი შეეძინა, ერთი ვაჟი და სამი ქალი. 19 წლის იყო იროდიონის ერთადერთი ვაჟიშვილი, მალარია რომ შეეყარა და გარდაიცვალა. ორი ქალიშვილიც ახალგაზრდობაში დაიღუპა, მხოლოდ თამარმა იცოცხლა დიდხანს. მას მეც მოვესწარი, ბოდბისხევში ჩამოდიოდა ხოლმე. დიდ იროდიონს სეხნია შვილიშვილიც ჰყავს, იროდიონ-უმცროსი.

- ამბობენ, რომ იროდიონ ევდოშვილი და სტალინი მეგობრობდნენ.

- სანდრო შანშიაშვილს პირადად მოუსმენია იროდიონისგან, რომ სტალინის ახლო მეგობარი იყო. გადასახლებაშიც ერთად მოხვედრილან. 1911 წლის 17 ივნისს, იროდიონის ასტრახანში გამგზავრების წინა დღეს, სტალინს მისთვის გაუტანებია ბარათი ძველ ბოლშევიკთან, პიმენ დვალთან. ჯუღაშვილი სწერდა: "ჩვენებურო! ამ ბარათის მომტანი პოეტი ევდოშვილია. ვაძლევ შენს ადრესს იმ მიზნით, რომ შეხვდები ამ ჩემს კაი მეგობარს, როგორც ძმას და ამხანაგს. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი კერძო საქმეები აქვს და შენ უეჭველად უნდა ხელი შეუწყო. შენგან ცოტაოდენი შრომის დახარჯვა - მეტი არაფერი არ სჭირდება. შენი სოსო".

- ბოდბისხევში სახალხო დღესასწაული იროდიონობა იმართებოდა?

- ბოდბისხევში ამ დღესასწაულს იროდიონ ევდოშვილის სახლ-მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა, თინა გოზალიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. რატომღაც ეს დღე მარიამობის დღესასწაულს, 28 აგვისტოს დაამთხვიეს. ალბათ, კომუნისტებს ამ მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის დაჩრდილვა ამ ფორმით სურდათ. ბოდბისხევში პოეტები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები ჩამოდიოდნენ, მის მუზეუმს ათვალიერებდნენ, იხსენებდნენ პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მერე სოფელში იმართებოდა ჭიდაობა, ლახტაობა, ცეკვა-თამაში, სეირნობა, მოსწავლეები პოეტის ლექსებს კითხულობდნენ, მღეროდნენ მის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს... თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს ყოველთვის ახლდნენ ჩვენი სოფლის სხვა ცნობილი ადამიანები: ფსიქიატრი, პროფესორი ავლიპ ზურაბაშვილი, პროფესორი ძმები გოზალიშვილები, ჯუგაანელი პოეტი სანდრო შანშიაშვილი. დასანანია, რომ ამ სახალხო დღესასწაულმა დროს ვერ გაუძლო და გაუქმდა.

ნელი ვარდიაშვილი