"სამი შვილის მამა იყო... რაც მოხდა, ეს არის შოკი, წარმოუდგენელი რეალობა, ჩვენთვის უმძიმესია" - რას ჰყვებიან მეგობრები ლაშა გოგიაშვილზე? - კვირის პალიტრა

"სამი შვილის მამა იყო... რაც მოხდა, ეს არის შოკი, წარმოუდგენელი რეალობა, ჩვენთვის უმძიმესია" - რას ჰყვებიან მეგობრები ლაშა გოგიაშვილზე?

თერჯოლის მერი, ხალხური და ქალაქური სიმღერის შემსრულებელი - ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. შემთხვევა თერჯოლის რაიონის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. ცნობილია, რომ ლაშა გოგიაშვილი ღამის საათებში მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც იგი ტრაილერს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფოდ ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, დაზიანებები იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და ტრაგედიის მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ.

ყველა განიცდის ამ დიდ ტრაგედიას. სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით და უსამძიმრებენ მის ოჯახს.

ლაშა გოგიაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს, ის წლების განმავლობაში ანსამბლ "ლაშარის" წევრი იყო და თავისი საოცარი შესრულებით ხელოვნების მოყვარულებსაც თავი ძალიან დაამახსოვრა. 42 წლის ლაშა გოგიაშვილი "ქართული ოცნების" წევრი იყო თერჯოლის მერის თანამდებობაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხალხმა მეორედ აირჩია. მანამდე, 2020 წლის ოქტომბერში, თერჯოლაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა და მაშინაც ნდობა ხალხმა მას გამოუცხადა, თუმცა პირველი ვადით ის ამ პოსტზე მხოლოდ 1 წელი იყო. შემდეგ ხელმეორედ აირჩიეს.

ძალიან გაუჭირდათ მასზე საუბარი მის მეგობრებს და თანამშრომლებს.

ირაკლი ჩოლოყაშვილი, მსახიობი, მომღერალი, დირიჟორი:

- ლაშა გოგიაშვილი წლების წინ გავიცანი, ერთად დავიწყეთ სიმღერა ანსამბლ "ლაშარში" და ბევრი საინტერესო წელი ერთად გამოვიარეთ. უამრავი გასტროლი გვქონდა და გასახსენებელი და მოსაყოლი ბევრია...

lasha-gogiashvili-3-lashari-1665322212.jpg
ანსამბლი "ლაშარი"

ლაშა ძალიან თბილი და ყურადღებიანი ბიჭი იყო. ძალიან გული დაგვწყვიტა ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო ლაშა. ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდით, ძალიან განვიცდით მისი მეგობრები. მადლობა, რომ მომეცით საშუალება და მინდა, მის ოჯახს მივუსამძიმრო. ლაშაზე წარსულში რომ ვილაპარაკო, ეს ვერ წარმომიდგენია, ძალიან მიმძიმს.

15 წელიწადი ვიყავით ერთად, საოცრად კარგი ადამიანი, კარგი მომღერალი და პიროვნება აღარ გვყავს. ყველა ჟანრში მღეროდა, ხალხურიც კარგად შეძლო შეესრულებინა და ქალაქური სიმღერებიც. დიდი დანაკლისია, ძალიან გულდასაწყვეტია და ვერ წარმომიდგენია, რომ ის ჩვენ გვერდით არ იქნება. კიდევ ერთხელ, სამძიმარი მის ოჯახს...

lasha-gogiashvili-1665322314.jpg

მომღერალი გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი ლაშას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე იხ­სე­ნე­ბს:

"მრა­ვა­ლი წელი ერ­თად ვი­ყა­ვით, ბევ­რი სი­ხა­რუ­ლი და ტკი­ვი­ლი გაგ­ვივ­ლია ერ­თად! ასე­თი დიდი ტკი­ვი­ლი დიდი ხა­ნია არ მიგ­რძვნია! ამ ყვე­ლა­ფერს ვწერ და ძა­ლი­ან მი­ჭირს და­ჯე­რე­ბა რომ ვე­რას­დროს ვე­ღარ შევხდე­ბით და ვერ გა­ვი­გებ შენს ხმას", - წერს უში­კიშ­ვი­ლი.

73539205-3125830427458788-5234445865346662400-n-1665325256.jpg

ირაკლი ჩუბინიძე, იურისტი, ლაშას მეგობარი:

- ლაშა ძალიან ერთგული მეგობარი, გადასარევი ადამიანი, ძვირფასი პიროვნება იყო. ყველას გვერდში მდგომი. ძალიან მიჭირს ახლა საუბარი. ყველასთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ზოგადად, ადამიანების მოყვარული იყო. ძალიან თბილი იყო მეგობრებთან. თავისი ქვეყანა, თავისი რაიონი უზომოდ უყვარდა. ძალიან რთულია მასზე წარსულში საუბარი, განსაკუთრებით მძიმეა სამეგობროსთვის ეს ტრაგედია. ძალიან გვტკივა გული მეც, ჩემს ოჯახსაც და ყველას, ვინც მას იცნობდა. უამრავი ადამიანი იყო წუხელ მის სახლთან და დღესაც ხალხის ნაკადი არ წყდება. ადგილობრივებს მის მიმართ ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ, იმიტომ, რომ თვითონ იყო ყველას გაჭირვების გულთან მიმტანი, ყველას გვერდში მდგომი. არ მახსენდება, მასთან კაბინეტში შესულიყო ვინმე და მისგან უკმაყოფილო გამოსულიყო. ყველანაირად ცდილობდა თითოეული თერჯოლელის დახმარებას, რომ მათ გვერდში დასდგომოდა.

ლაშა უზომოდ განათლებული, წესიერი კაცი იყო, თავისი ხელი ნამდვილად დაატყო ჩვენს რაიონს. ამ წლებში მისი თაოსნობით უამრავი პროექტი განხორციელდა თერჯოლაში და ახლაც ბევრი რამ კეთდება. ბაღები, სკოლები, გზები ისეთ ადგილებში გაკეთდა, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა. უაღრესად გულისხმიერი, თავდადებული ადამიანი იყო. ბევრჯერ უთქვამს ჩემთან, ნეტავი იმდენი შესაძლებლობა იყოს, რისი სურვილიც მაქვს გავაკეთო და ადამიანებს დავეხმაროო. ხალხმა აირჩია მერად და ხალხის ნდობა ნამდვილად გაამართლა. მისთვის ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავი მუნიციპალიტეტის წინ წაწევა და კარგი საქმეების კეთება იყო.

lasha-gogiashvili4-1665324531.jpg

ცალკე საკითხია მისი ხელოვნებისადმი დამოკიდებულება. საოცარი ხმა ჰქონდა, არაჩვეულებრივი მომღერალი იყო. მისი კარგი მსმენელი ვიყავი. სიმღერა მისი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იყო. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ლაშასთან მოხვდებოდა, აუცილებლად მოიხიბლებოდა მისით, როგორც პიროვნულად, ასევე, მისი სიმღერით, შესრულების მანერით. გიტარაზე არაჩვეულებრივად უკრავდა. ძალიან უშუალო და კეთილი, კარგი ოჯახის პატრონი გახლდათ - მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. ლაშას დედა პედაგოგი იყო და რაიონში ისიც ყველას უყვარდა, გარდაცვლილია...

ავტოავარიის დეტალები არ ვიცი, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოხდა... დიდი დანაკლისია ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის. ბევრი რამეა მასზე სათქმელი, მაგრამ ასე უცებ, ამ მძიმე ემოციის ფონზე, ვერ ვისაუბრებ. უაღრესად ძვირფასი და ერთგული კაცი დავკარგეთ, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის ძალიან დიდი გულისტკივილია. თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი იყო.

ვუსამძიმრებ მის საყვარელ ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას, ვუსამძიმრებ თერჯოლას და საქართველოს.

241149851-5992952710746531-6391187872074758247-n-1665323813.jpg

თამარ ბარბაქაძე, მერის წარმომადგენელი სოფელ ჩხარში:

- არ ვიცი რა ვთქვა, როგორ ვისაუბრო მასზე წარსულში. ყველანი განადგურებულები ვართ, ამ უდიდესი ტრაგედიის შემდეგ. ჩვენთვის უმძიმესია, რაც მოხდა, ეს არის შოკი, წარმოუდგენელი რეალობა და სიტყვები არ მყოფნის, რომ ვისაუბრო. გამორჩეული ადამიანი იყო, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერში მხარს გვიჭერდა. რაც კი ვთხოვე გაკეთებულიყო ჩემს სოფელში, ყველაფერში მხარი დამიჭირა. არ არსებობდა ისეთი საკითხი, რაშიც გვერდით არ დაგიდგებოდა. საოცარი ადამიანი იყო, არ ვამეტებ. უნდა გენახათ, ვიღაცას შენიშვნას რომ აძლევდა, იმასაც როგორ მოზომილად და დიპლომატიურად ამბობდა, მეგობრულად გაძლევდა რჩევებს. მართლა მიჭირს საუბარი. განსაკუთრებული ხელმძღვანელი, განსაკუთრებული ადამიანი იყო, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებ. კარგი ოჯახის შვილი და კარგი ოჯახის პატრონი. ვიცნობ მის მეუღლესა და შვილებს, სამი შვილის მამა იყო. უფროსი 13 წლის არის, შუათანა 8 წლის და მესამე პატარა ჰყავთ. არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, თბილისიდან გადმოვიდნენ თერჯოლაში საცხოვრებლად და ბატონ ლაშას შვილებიც იმ სკოლაში დაჰყავდა, სადაც თვითონ სწავლობდა. თერჯოლაში დაბადებული და გაზრდილია, სკოლა აქ დაამთავრა. არაჩვეულებრივ ოჯახში გაიზარდა. დედა პედაგოგი გახლდათ, ახლახან გარდაიცვალა, სახლში მამა ჰყავს.

ლაშა ძალიან აქტიური იყო, ბევრი სიკეთე გააკეთა. ჩვენი სოფლის მაგალითზე გეტყვით, სოფელ ჩხარში ბოლო 30 წელია არაფერი გაკეთებულა და მან უამრავი რამ გააკეთა - კეთილმოაწყო ჩვენი ცენტრი, გაკეთდა სკვერი, მემორიალი, სატრენაჟორო სივრცეები, ყველაფერში დაგვიჭირა მხარი. ზაფხულობით წყლის პრობლემა გვქონდა და ეს პრობლემაც გადაგვიჭრა. ახალი წყალსაცავის გაკეთება მომავალ წელს იგეგმება. მარტო ჩვენთან არა, მთელ რაიონში, ყველგან, სადაც რა პრობლემა იყო, ბატონი ლაშა იმის მოგვარებაზე იყო ორიენტირებული. ყოველი მოქალაქის პრობლემა მიჰქონდა გულთან. საოცარი პიროვნება დავკარგეთ. ავტოავარიის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე დაიღუპა, რადგან ძალიან მძიმე ტრავმები ჰქონდა. მე არ ვიცოდი, რომ მოტოციკლით დადიოდა, როგორც გავიგე, კარგად ფლობდა მოტოციკლს და ხშირად მოძრაობდა, მაგრამ ეს ტრაგედია მოხდა.

ლაშა ხელოვანი ადამიანი იყო, აქ ხელოვნებასაც დიდ ყურადღებას აქცევდა. პანდემიის გამო, ცოტა შეჩერებული იყო ეს სფერო და ყველა თათბირზე მოუწოდებდა ხელმძღვანელებს, მაქსიმალურად გააქტიურებულიყვნენ, ბევრი ემუშავათ და ბევრი კონცერტი გაემართათ.

მერობამდე თბილისში ცხოვრობდა, იქ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მოადგილე იყო, მერე ხალხის არჩევით მოვიდა ჩვენთან, აქ დაბადებული და გაზრდილი.

საოცარი, არაჩვეულებრივი ადამიანი აღარ არის, ძალიან გვტკივა გული.

ლაშა გოგიაშვილის დაღუპვას "ქართული ოცნების" არაერთი წარმომადგენელი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძე:

"ძალიან დიდი ტკივილი და ტრაგედიაა შენი დაკარგვა ყველა შენი მეგობრისთვის! ნათელში ამყოფოს ღმერთმა შენი სული!"

მამუკა მდინარაძე:

"Lasha Gogiashvili სანამ ცოცხალი ვარ, რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ცოტათი მაინც დარჩე ჩვენთან...ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, თუ რამის გადატანა ასე გამიჭირდებოდა.მადლობა სამაგალითო ძმობისთვის!!!შეხვედრამდე…"

ანრი ოხანაშვილი:

"გულითადად ვუსამძიმრებ ჩვენი გუნდის გამორჩეული, ღირსეული წევრის, ლაშა გოგიაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალებას მის ოჯახსა და ახლობლებს. განუზომელია მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.ღმერთმა დაუმკვიდროს მას ცათა სასუფეველი!"

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და ყველას. ის დააკლდება თითოეულ ჩვენგანს, გუნდს, თერჯოლას და რეგიონს. ბატონი ლაშა, გამოირჩეოდა საქმის სიყვარულით, მაღალი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით. მისი ინიციატივით მუნიციპალიტეტს ბევრი წარმატებული პროექტი დარჩება. ძალიან ვწუხვარ, რომ დავკარგეთ კარგი მეგობარი, ღირსეული და საუკეთესო ადამიანი", - წერს სოციალურ ქსელში ზვიად შალამბერიძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში.

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ლაშა გოგიაშვილის ოჯახსა და ახლობლებს.

(სპეციალურად საიტისთვის)