„აქ ადამიანი მარტო არ დარჩება, ვიღაც აუცილებლად დაეხმარება“ - კვირის პალიტრა

„აქ ადამიანი მარტო არ დარჩება, ვიღაც აუცილებლად დაეხმარება“

როდესაც ერთმანეთს ვუპირისპირდებით, გაჭირვებაზე ვწუწუნებთ, უცხოეთში მივდივართ ლუკმაპურისათვის და იქიდანაც ერთმანეთს ვედავებით, ბევრს სულ ერთი და იგივე კითხვა უტრიალებს თავში: ნუთუ ამოვწურეთ სიკეთისა და სიყვარულის ნიჭი? ამ კითხვაზე პასუხი არც ისე მარტივია, მაგრამ საკმარისია, სიკეთის მოძებნა ნამდვილად მოინდომო, აუცილებლად იპოვი. მერე კი იმედიც გაჩნდება.მოდით, ერთ დღეს დავით თავხელიძის ქუჩა #1-ს მივაკითხოთ. განსაკუთრებით, შაბათ-კვირას, როდესაც აქ ასეულობით ჩვენს მოქალაქეს შემოწირულობა მიაქვს ობლების, მოხუცებისა და უსახლკაროებისათვის. სულ ცოტა ხანს ვუცქიროთ ამ სურათს და იმედი აუცილებლად გაგვიჩნდება, რომ რაც უნდა მოხდეს, მარტონი არ დავრჩებით; რაც უნდა გვიჭირდეს, ვიღაც მაინც გამოგვიწვდის ხელს. დღეს ამ ქუჩას თითქმის მთელი თბილისი იცნობს. არადა, მხოლოდ 4 თვის წინ განაცხადა სოციალური ქსელით სცენარისტმა აკა სინჯიკაშვილმა: `იხსნება უამრავი ადამიანისთვის საოცნებო შენობა. შენობა მოხალისეებისათვის, სადაც ყოველ შაბათ-კვირას დარიგდება უფასო ტანსაცმელი და საკვები. მოიტანეთ ნებისმიერი რამ, რაც სახლში აღარ გჭირდებათ: ტანსაცმელი, სათამაშოები, ჭურჭელი, საოჯახო ნივთები, წიგნები და საერთოდ ყველაფერი, რაზეც გაიფიქრებთ, რომ ვინმეს გამოადგება. თან აუცილებლად მოიყვანეთ ნებისმიერი სტატუსისა და შესაძლებლობის ბავშვები. მათთვის ჩვენ თან ტკბილეული გვაქვს და თან ადამიანების დახმარებას ვასწავლით~.მართლაც, რა აღარ მოაქვთ: ტანსაცმელი, ბავშვის საფენები, პური, წიგნები... ყველაფერი, რაც შეიძლება უპოვარმა გამოიყენოს. ამ ზღვა შემოწირულობას მოხალისეები ახარისხებენ და შემდეგ ამ ყველაფერს აქ მოსულ უპოვრებს გადასცემენ. ან სულაც თავად დადიან კარიდან კარზე და ლოგინად ჩავარდნილებს ეხმარებიან. თავად აკა სინჯიკაშვილიც დღეში დაახლოებით 5 ტონა ტანსაცმელს ახარისხებს. Aამიტომ საუბრისთვის როცა მოვიცალეთ, პირველად ეს ვკითხე: დარწმუნებული იყავი, რომ ეს უფასო საქველმოქმედო დაწესებულება გახსნისთანავე არ დაიხურებოდა, რა იმედი გქონდა, რომ თავადაც გაჭირვებული მოსახლეობა სხვის დასახმარებლად გაისარჯებოდა-მეთქი? მითხრა, ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანაში შეუდარებლად მეტი სიკეთე და სიყვარულია, ვიდრე სიძულვილიო.

აკა სინჯიკაშვილი: - ბავშვობიდან მე და ჩემს მეგობრებს, ალბათ, იმაზე მეტად მნიშვნელოვანი არაფერი გაგვიკეთებია, ვიდრე გაჭირვებულების დახმარებაა. ამ ხნის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სინამდვილეში ძალიან კარგი ქვეყნის შვილები ვართ. აქ ადამიანი მარტო არ დარჩება, ვიღაც აუცილებლად დაეხმარება. ხომ უპოვარ ხალხს ვეხმარებით, მაგრამ რამდენჯერ გვქონია შემთხვევა, დახმარებაზე უარი უთქვამთ, უკვე სოციალური დახმარება მივიღე, ჩემი წილი დახმარება ჩემზე გაჭირვებულებს მიუტანეთო. ამას რომ ამბობენ, უხარიათ და თვალები უბრწყინავთ. ასეა, სიკეთის გაცემა ადამიანს აბედნიერებს.

ჩვენთან ხანდახან იმდენი შემოწირულობა მოაქვთ, დახარისხებას ვერ ავუდივართ. ყოფილა შემთხვევა, დღეში 500 კაცის შემოწირულობა მიგვიღია. ზოგჯერ ჩვენც ვიღლებით ხოლმე, მაგრამ მოხალისეები გვშველიან. ის მოხალისეები, რომლებიც შაბათ-კვირას მოდიან, უსასყიდლოდ მუშაობენ, თანაც, ყველა თაობისა და პროფესიის ადამიანია. ამის შემხედვარეს, როგორ არ უნდა გვიხაროდეს. ამას თუ დავუმატებთ, რომ კეთილი ხალხის შემოწირულობით ქუჩაში დარჩენილ ავადმყოფ ხალხს ადამიანური საცხოვრებლები მოვუძებნეთ, ბედნიერი როგორ არ უნდა ვიყოთ? განა შეიძლება იმ სიკეთის თუნდაც შეფასება, რომელიც ისეთ ავადმყოფს გადაარჩენს, რომელიც ფარდულში ვირთხებთან ერთად ცხოვრობს?! ზოგი სასაფლაოს აფარებს თავს. ამას წინათ ვიპოვეთ ქალი სასაფლაოზე, რომელსაც დედამიწის ზურგზე არავინ ჰყავს. ამიტომ ღამით გადახურულ საფლავებზე ეძინა, დღისით კი საფლავების მოვლით ირჩენდა თავს. არა მგონია, ამაზე შემზარავი რაიმე არსებობდეს. ის სწორედ კეთილი ხალხის შემოწირულობით შევიყვანეთ ადამიანურ საცხოვრებელში. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გაუხარდებოდა?

- წარმომიდგენია. საშინელებაა, რომ მშიერი ბავშვებიც გვყავს და სახელმწიფომ ამ პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო.

- საქართველოში დაახლოებით 30 000 ბავშვი იძინებს მშიერი და ეს შემზარავი სტატისტიკაა. შესაძლოა ეს ზოგჯერ მშობლებიც ბრალიც არის, მაგრამ სახელმწიფო მშობელს ხომ არ უნდა შეჰყურებდეს? სახელმწიფო ვალდებულია ბავშვები მშივრები არ იძინებდნენ, რადგან ეს ტრაგედიაა. იმედია, ოდესმე ისეთ ქვეყანაშიც ვიცხოვრებ, სადაც ეს პრობლემა აღარ იქნება, სადაც ავადმყოფ მოხუცებს ყველა დაწესებულება მიიღებს საპატრონოდ ანაზღაურების გარეშე. თუ მოხუცი ავადმყოფი და უპატრონოა, ესე იგი, განწირულია შიმშილით, სიცივითა და უწამლობით სიკვდილისთვის. მახსოვს, ერთხელ შეგვატყობინეს, მთაში, თითქმის დაცლილი სოფლისგან მოშორებით, მოხუცი ქალი მარტო ცხოვრობსო. მაშინვე წავედით. იმხელა თოვლი დაგვხვდა, ძლივს ავაღწიეთ ძველისძველ სახლამდე, სადაც სანთელივით გალეული მწოლიარე ბებო დაგვხვდა. საწოლის თავთან მხოლოდ წყლიანი ალუმინის ჯამი ედგა. თვითონ აევსო სახლის შესასვლელში დაგდებული რეზინის მილიდან. არადა, როგორ მოახერხა, ადგომაც აღარ შეეძლო.

გვითხრა, რამდენიმე კვირაა ვეღარ ვდგებიო. ამას რომ ამბობდა, ვერც ვიჯერებდით, როგორ შეიძლებოდა გადარჩენოდა მარტოხელა 85 წლის დაავადებული მოხუცი ყინვასა და შიმშილს იმხელა ზამთარში. ვერც დაიჯერებთ, თურმე რითი გაჰქონდა თავი. ორი ქათამი ჰყავდა. ყოველდღე მის საბანში, როგორც საბუდარში, ძვრებოდნენ და კვერცხს დებდნენ. ისიც იმ ორი კვერცხით ცოცხლობდა. საღამოობით მასთან სოფელში მიტოვებული ოთხი მიუსაფარი ძაღლი მიდიოდა, ერთად იძინებდნენ და ასე ათბობდნენ ერთმანეთს. გაოგნებისგან ენა ჩაგვივარდა. ალბათ, ისიც სასწაულია, რომ ბებო ისევ კეთილი ადამიანების დახმარებით გადავარჩინეთ. წამოვიყვანეთ და წელიწად-ნახევარი ვაცოცხლეთ.

- როგორ შეიძლება წარმატება და სიკეთე არ გისურვოთ თქვენც და მის გამღებ ხალხსაც. ესაა ჩვენი იმედი და ძალა.

- გმადლობ. ჩვენი ხალხის დახმარების გარეშე ვერაფერს შევძლებდით. დამიჯერეთ, ტყუილად გვგონია, რომ სიძულვილი და აგრესია მეტია, ვიდრე სიყვარული და სიკეთე. მე ვამაყობ ჩემი ხალხით, რომელსაც სიკეთის კეთება დაუფიქრებლად შეუძლია.