"ამერიკაში წასვლა შემიძლია, მაგრამ დაბნეული ვარ, საქართველოშიც მინდა ყოფნა...“ - კვირის პალიტრა

"ამერიკაში წასვლა შემიძლია, მაგრამ დაბნეული ვარ, საქართველოშიც მინდა ყოფნა...“

მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში, უნივერსალურ მებრძოლად აღიარებული რატი წითელაძე, რომელიც ასევე არის ამერიკის, ინგლისის, მექსიკის, არგენტინისა და სხვა საერთაშორისო ფესტივალების მთავარი პრიზის მფლობელი, საქართველოს დატოვებას და ამერიკაში დასახლებას აპირებს. რატი 22 წლის იყო, როდესაც პროფესიონალურ ორთაბრძოლათა საერთაშორისო ლიგის დირექტორატმა უნივერსალური მებრძოლის ტიტული მიანიჭა. ის ერთადერთი სპორტსმენი იყო, რომელიც კარატეში სამი, ერთმანეთისგან განსხვავებული ორთაბრძოლის სახეობაში გახდა ჩემპიონი. როგორც მაშინ მისმა მწვრთნელმა მითხრა, რატისთვის მოწინააღმდეგის ასაკს, წონასა და ტიტულს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ყველას დამარცხება შეეძლო. ჰოლანდიის კლუბების ჩემპიონები ისე სამარცხვინოდ დაამარცხა, რომ ორთაბრძოლის ორგანიზატორებმა მისი ჩხუბის დროს ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალეს. რატიმ 24 წლის ასაკში მოულოდნელად ყველაფერს თავი დაანება და ფოტომოდელობასა და მსახიობობას მიჰყო ხელი. სწორედ ამის მერე დაიწყო მისი კინოკარიერა და დიდ წარმატებასაც მიაღწია, დააარსა კინოკომპანია Aრტჭაყ Fილმ-ი და გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მათ შორის "დედა", რომელიც 100-ზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე 40-ზე მეტ ქვეყანაში აჩვენეს. ფილმმა მოიპოვა პრიზები, ამერიკის, ინგლისის, მექსიკის, ბანგლადეშის, არგენტინისა და მაკედონიის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ცოტა ხნის წინ ის მამა გახდა. როგორც ამბობს, მამობა მისთვის ღვთის საჩუქარი და ყველაზე საპასუხისმგებლო მისიაა ცხოვრებაში. რატომ აპირებს რატი წითელაძე საქართველოს დატოვებას, თავად გვიამბობს.

- როდესაც აჭარის ერთი პატარა სოფლიდან, ნაკირნათევიდან ბათუმში ჩავედი, ჩემთვის ეს იყო მთელი სამყარო, თბილისში ჩასვლა კი მეორე პარიზი. ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ ოცნებას აქცევ მიზნად, შეუძლებელი არაფერია. არა აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდიხარ, რამდენი წლის ხარ, რაოდენ წარმოუდგენელია შენი მიზანი, ყოველთვის გჯეროდეს საკუთარი თავის და იმის, რასაც აკეთებ. ბავშვობაში ვხატავდი, მაგრამ მერე სპორტი ავირჩიე. დღედაღამ ვვარჯიშობდი. ფული არ მქონდა, რომ თბილისში ბინა მექირავებინა, ამიტომ ღამის გასათევად სპორტდარბაზში ვრჩებოდი. მაშინ კარატე კიოკუშინი და კიკბოქსინგი ისეთი პოპულარული არ იყო, როგორიც ახლა. რისი მოგებაც შეიძლებოდა, ყველაფერი მოვიგე. ერთ დღეს დავფიქრდი, რაღა უნდა გამეკეთებინა ამ სპორტში, რომ წინ წავსულიყავი, მერე იმაზე დავფიქრდი, ასაკში რომ შევიდოდი, მერე რა უნდა მეკეთებინა და 17-წლიანი სპორტული კარიერის შემდეგ უარი ვთქვი სპორტზე. ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან სხვა არაფერი ვიცოდი, ჩხუბის გარდა. ჩემს თავს ვუთხარი, რომ დრო იყო, სხვა სფეროში მეცადა ბედი და ეს სხვა სფერო აღმოჩნდა მსახიობობა. უფრო სწორად, მსახიობობით დავიწყე, თორემ სინამდვილეში რეჟისორობა მინდოდა. მოგვიანებით, ლოს-ანჯელესში რომ მოვხვდი, იქ დავიწყე ფილმების ყურება, დღეში სამ-ოთხ ფილმს ვუყურებდი. განვიხილავდი ჩემთვის, ვკითხულობდი...

- ლოს-ანჯელესში როგორ მოხვდით?

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვმონაწილეობდი და ძალიან დიდი ყურადღების ცენტრში მოვხვდი, ჟურნალისტები ინტერვიუებს მთხოვდნენ, ტოკშოუებში მიწვევდნენ. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ინგლისური უნდა მესწავლა და ამერიკაში წავსულიყავი. "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალი მივატოვე და დუბაიში წავედი. აპლიკაცია შევავსე და ლოს-ანჯელესის სამსახიობო სასწავლებელში მოვხვდი. მოკლედ, მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება დავიწყე. ორი-სამი წელი ყველა პროექტში უარს მეუბნებოდნენ, საქართველოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო, არც აღმიქვამდნენ სერიოზულად, ამიტომ საერთაშორისო პროექტებზე მქონდა აქცენტი გაკეთებული. მერე ისე მოხდა, რომ იმ ხუთ რჩეულ რეჟისორს შორის მოვხვდი, რომლებიც "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე მიიწვიეს. მადლობელი ვარ HFPA Hollywood Foreign Press Association-ის, რომელმაც შემარჩია 5 შესანიშნავ რეჟისორს შორის და "ოქროს გლობუსის" ოჯახის წევრი გამხადა. ასევე მადლიერი ვარ Film Independent-ის ჯგუფის, რომელმაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შემძინა და მხარი დამიჭირა.

- როგორ დაიბადა იდეა ფილმისა "დედა"?

- როდესაც ფილმ "ცარიელ სახლზე" ვმუშაობდი, თბილისში ჩამოვედი. ერთ დღეს მარტოხელა დედაზე საუბრის უნებლიე მსმენელი გავხდი. იმ ქალის ამბავმა სულიერად შემძრა და ვიფიქრე, რომ ფილმად მექცია. ეს რეალური ისტორიაა და ბევრ პრობლემას ასახავს. სიმართლე რომ გითხრათ, არც მეგონა, თუ ეს ფილმი ასეთ წარმატებას მიაღწევდა. მისი წყალობით, კანის ფესტივალმა საცხოვრებელი მომცა. ექვსი თვე იქ ვიცხოვრე, მერე იყო "ბერლინალე", ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალი, "გოლდენ გლობუსი"... წარმატება ერთიმეორეს მოჰყვა...

- უკვე დიდი ხანია საქართველოში ხართ. საბოლოოდ დაბრუნდით?

- ნეტავ ვიცოდე!

- რას გულისხმობთ?

- როდესაც ამერიკაში ვცხოვრობდი, "ოსკარზე" წარდგენილი ჰოლანდიელი რეჟისორი დამიკავშირდა, თავისი ფილმისთვის ინგლისურად მოლაპარაკე ქართველს ეძებდა. გადაღება საქართველოში უნდა ყოფილიყო. ეს კოვიდპანდემიას დაემთხვა და ფილმის გადაღება გაჭიანურდა. ამასობაში დავქორწინდი კიდეც, მერე შვილი შემეძინა და შემოვრჩი...

ოლგა გვარად სლუსარევაა, წარმოშობით რუსია, მაგრამ დედა ქართველი ჰყავს და ქართულად არის გაზრდილი. პროფესიით ფოტოგრაფია, ვმეგობრობდით, მერე კი მეგობრობა სიყვარულში გადაგვეზარდა, ახლა ვაჟი შეგვეძინა და ძალიან ბედნიერი ვარ. რაც შეეხება საქართველოში ცხოვრებას, უკვე წლებია ამერიკამ სპეციალური გრინკარტა მომცა ექსტრაორდინარულობისთვის: როდესაც რაღაც მნიშვნელოვანს ქმნი, ამერიკა სტატუსს და მოქალაქეობას გაძლევს. ჩემს შემთხვევაში, უნივერსალური მებრძოლის წოდება და რეჟისორობა გაითვალისწინეს და ექსტრაორდინარული შესაძლებლობების მქონე ადამიანად მიმიჩნიეს. ამერიკაში წასვლა შემიძლია, მაგრამ არ ვიცი, დაბნეული ვარ, საქართველოშიც მინდა ყოფნა...

- ხელს რა გიშლით, საქართველოში რომ დარჩეთ?

- უპერსპექტივობა! ნებისმიერ ქვეყანაში შემიძლია წავიდე, ფილმი გადავიღო და ჩამოვიდე, მაგრამ პრობლემა ის არის, საქართველოში პროექტებში მონაწილეობის საშუალებას არ მაძლევენ. არათუ მეორე ტურში ვერ გადავდივარ, ახლოსაც არ მაკარებენ პროექტებს. ერთხელ ისიც კი მითხრეს, თუ ასე მოსწონთ შენი ნამუშევრები კანში, წადი და იქ გადაიღე, აქ რა გინდაო. გასაგებია, რომ გენიოსი არა ვარ, ვშრომობ, ძალიან ბევრს ვშრომობ. ძალიან მინდა ჩემს ქვეყანაში ყოფნა, მაგრამ თუ მუშაობის საშუალებას არ მომცემენ, რა ვაკეთო?! საქართველოში რომ ვცხოვრობდი, ხშირად დეპრესია მქონდა, ძალიან ბევრს ვშრომობდი, წარმატებასაც ვაღწევდი, მაგრამ პერსპექტივას ვერ ვხედავდი. ძალიან რთულია, როდესაც ბოლომდე იხარჯები, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ხედავ.

ხათუნა ბახტურიძე