მარადონა, ვიქტორია და კრუიფი - "კვარავაჯო“ ყველგან ბრწყინავს - კვირის პალიტრა

მარადონა, ვიქტორია და კრუიფი - "კვარავაჯო“ ყველგან ბრწყინავს

მარადონასა და კრუიფს წარდგენა არ სჭირდებათ. ისიც გეცოდინებათ, მათი სახელობის სტადიონებზე "ნაპოლი" და "აიაქსი" რომ თამაშობენ, და ისიც, ხვიჩა კვარაცხელია ნებისმიერ მოედანზე რომ მთავარი გმირია! "ვიქტორია" კი... "ვიქტორია სთედიუმი" გიბრალტარის მთავარ საფეხბურთო არენას ჰქვია. მთის ძირას რომ დგას (ისევე, როგორც ყველაფერი სხვა გიბრალტარში) და საფეხბურთო აჟიოტაჟზე ხშირად თვითმფრინავის ძრავების გუგუნი აწუხებს. თვითმფრინავი იმ შუაშია, რომ გიბრალტარის აეროდრომის ასაფრენ ბილიკს, სულ ასიოდე მეტრი აშორებს სტადიონის ხელოვნურსაფრიანი მოედნისგან! ეს აეროდრომი უნიკალურია იმითაც, რომ მსოფლიოში ერთადერთია, რომლის ასაფრენ ბილიკსაც... საავტომობილო გზა კვეთს! დიახ, საავტომობილო გზა შლაგბაუმით მხოლოდ თვითმფრინავის აფრენა-დაჯდომისას იკეტება (დღეში, მაქსიმუმ, ორ-სამჯერ), სხვა დროს კი ადგილობრივი და ესპანელი მძღოლები თავისუფლად დანავარდობენ აეროდრომის ტერიტორიაზე.

გიბრალტარის შესახებ სხვა საინტერესო ამბებსაც მოგიყვებით. მანამდე კი სათქმელის მთავარი ხაზი გავაგრძელოთ: ოფიციალურად სწორედ გიბრალტარის "ვიქტორია სტედიუმზე" გაიფორმა საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის საგზური და მასპინძლის სტატუსი ყაზახეთთან მატჩში (Bლიგის საგზური ჯერ კიდევ მაკედონიასთან გამარჯვებით დავიბევეთ), საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი ბანდასაც გაუტანა (გიბრალტარელების შეურაცხყოფა არც გვიფიქრია - ბანდა მათი მეკარის გვარია!) და ეროვნული გუნდის მაისურით გატანილი გოლების მეორე ათეული დაიწყო.

რამდენიმე წელიწადია, ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის თანამშრომლობის შედეგად გასვლით მატჩებზე ეროვნულ ნაკრებს რამდენიმე ქართველი ჟურნალისტიც მიჰყვება ხოლმე. ასე აღმოვჩნდი გიბ­რალტარში (მადლობა სსფ-ს და სსჟა-ს!) და რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილად გაგაოცებთ... თუმცა ხუმრობას შევეშვათ და, სანამ "ვიქტორია სთედიუმის" ხელოვნურსაფრიან მოედანზე დატრიალებულ ამბებს მოგიყვებით, რამდენიმე სიტყვა აუცილებლად უნდა ვთქვა გიბრალტარზე - პატარა, მაგრამ საოცრად კოხტა და ლამაზ სახელმწიფოზე, სადაც ხან მავრები ბატონობდნენ, ხან არაბები თუ ესპანელები, ბოლო სამი საუკუნეა კი გიბრალტარელები ისევე არიან შეფარებული ბრიტანულ გვირგვინს, როგორც გიბრალტარის კლდის ჩრდილს და... ცოცხალი თავით არ სურთ ბრიტანელებთან განშორება!

rattt-1665330801.jpg
გიბრალტარი ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც მაიმუნები თავისუფლად ცხოვრობენ ბუნებრივ პირობებში

ჯაბალ ათ თარიქ

მალაგამდე თითქმის შვიდსაათიანი ფრენისა და ავტობუსში გატარებული ორი საათის შემდეგ გიბრალტარის საზღვარს ესპანური ლა ლინეა დე ლა კონსეპსიონის მხრიდან მივადექით (ნახევარკუნძულს სხვა სახმელეთო საზღვარი არც აქვს!). ყოველდღიურად ამ გზას გადის ის ათასობით ესპანელიც, რომლებიც დღისით გიბრალტარის ტერიტორიაზე მუშაობენ, საღამოს კი მშობლიურ ანდალუსიას უბრუნდებიან. გიბრალტარის მთა ათეულობით კილომეტრიდან ჩანს, მაგრამ როგორც კი სახელმწიფო საზღვარს გადაკვეთ, ისე ზვიადად დაგყურებს თავს, მთლიანად მის გავლენაში ექცევი. სწორედ გიბრალტარის მთა (უფრო სწორად, კლდე, როგორც ადგილობრივები უწოდებენ, თჰე ღოცკ) არის ამ ქვეყნის სიმბოლოც, ყველაზე მაღალი წერტილიც (426 მ) და მთავარი ღირსშესანიშნაობების ადგილიც. მთის სახელიდან მოდის ქვეყნის დასახელებაც - "ჯაბალ ათ თარიქ", რაც არაბულად "თარიქის მთას" ნიშნავს. 711 წელს ნახევარკუნძული მავრებმა დაიპყრეს და კლდის აღმოსავლეთ ფერდობზე ააგეს ციხესიმაგრე, რომელიც დღემდე ჩინებულად არის შემონახული. "მავრების კოშკი" იმდენად პოპულარულია, რომ წლების წინ გიბრალტარის 5-გირვანქიან ბანკნოტზეც კი გამოსახეს.

მე-17 საუკუნის ბოლომდე გიბრალტარი ესპანეთის სამეფოს მფლობელობაში იყო, სანამ 1704 წელს ნახევარკუნძულზე ბრიტანელებმა არ დადგეს ფეხი. 1713 წელს დადებული უტრეხტის შეთანხმებით, გიბრალტარი ინგლისელების მფლობელობაში გადავიდა და მას შემდეგ ეწოდება "ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია". სამ საუკუნეზე მეტია, ესპანეთი დაკარგული მიწის (კლდის) დაბრუნებას ცდილობს, თუმცა გიბრალტარი ისე საფუძვლიანად არის გამაგრებული, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ამართლებს შეფასებას - მიუდგომელი, როგორც კლდე! შედეგი ვერც სამართლებრივმა ბრძოლამ მოიტანა - 1967 წელს გამართულ რეფერენდუმზე გიბრალტარის მოსახლეობამ ერთხმად თქვა უარი ესპანეთში დაბრუნებაზე. გიბრალტარელებმა უარი თქვეს კიდევ ერთ შეთავაზებაზე - ეცხოვრათ ბრიტანულ-ესპანური ერთობლივი მმართველობით! ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან გადასახადებისგან თავისუფალ ამ პატარა სახელმწიფოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე მეზობელ ესპანეთში!

გიბრალტარის გასაღები

გასაღები გიბრალტარის დროშასაც ამშვენებს, გერბსაც და სიმბოლურად ხმელთაშუა ზღვის კარიბჭეს განასახიერებს. საუკუნეების წინანდელი თუ მეორე მსოფლიო ომის კვალი გიბრალტარში ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა: სხვადასხვა ადგილას განთავსებული ქვემეხები, სამხედრო მოღვაწეების (მათ შორის, ადმირალ ნელსონის) ქანდაკებები, ტრაფალგარის სასაფლაო, უამრავი გვირაბი და სხვ. მეტიც, ქვეყანა, რომლის ფართობი 7 კვადრატული კილომეტრიც არ არის, მთლიანად გვირაბებით არის დაქსელილი. როგორც გვითხრეს, გვირაბების საერთო სიგრძე 35 კილომეტრზე მეტია! ხელოვნურის გარდა, გიბრალტარის კლდეში ბუნებრივ მღვიმეებსაც ნახავთ. მათგან ყველაზე დიდი, ცნობილი და ლამაზია "წმინდა მიხეილის მღვიმე", სადაც ომის დროს ჰოსპიტალი იყო, ამჟამად კი ულამაზეს სტალაგმიტურ მღვიმეში მოწყობილია დარბაზი, სადაც ყოველ 7 წუთში ერთხელ მომაჯადოებელი მუსიკის თანხლებით ირთვება სპეციალური ლაზერული პროექცია. ულამაზესი გამოსახულებები და ზღვის დონიდან 300 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მღვიმის საოცარი აკუსტიკა მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

გიბრალტარში ყველაფერი მთის ძირასაა, მაგრამ არანაკლებ შთამბეჭდავია კლდის დალაშქვრაც: ულამაზესი ხედების, მღვიმეების, გვირაბებისა და ხიდების გარდა, მთაზე ნახავთ "მავრების კოშკს", "ჰერკულესის სვეტებს" და, რა თქმა უნდა, გიბრალტარის სიმბოლოდ ქცეულ მაკაკებს. გიბრალტარი ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც მაიმუნები თავისუფლად ცხოვრობენ და ტურისტებთან ერთად სიამოვნებით პოზირებენ. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ბრიტანელები მანამდე არ დატოვებენ გიბრალტარის კლდეს, სანამ იქ ერთი მაკაკა მაინც იქნება!

გიბრალტარშია ევროპის ყველაზე სამხრეთით მდებარე შუქურა "ევროპა ფოინთი" და წლების წინ სწორედ გიბრალტარის მახლობლად აღმოაჩინეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ჩაძირული განძი - ნაპოვნი ოქრო-ვერცხლის ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტად შეფასდა.

განძიც კარგია, გასაღებიც, მაგრამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა რა იპოვა და დაკარგა გიბრალტარში? ამის გარკვევა შემდეგ ქვეთავში ვცადოთ:

ბანდას უნდა მოუგო!

საქართველოს ნაკრებს მომქანცველი მგზავრობა დასჭირდა გიბრალტარამდე, თუმცა ფიზიკურზე მეტად, გუნდი ფსიქოლოგიურად გადაღლილს ჰგავდა და ეს არც უნდა გაგვიკვირდეს: სამი დღით ადრე მაკედონიასთან მოგებულ მნიშვნელოვან და პრინციპულ შეხვედრას ჩვენებმა დიდი ენერგია შეალიეს, B დივიზიონის საგზურის გაფორმების შემდეგ კი სუსტ მეტოქესთან ბოლომდე მობილიზება გაუჭირდათ. უარყოფითი როლი შეასრულა ხელოვნურსაფრიანმა მოედანმაც. თამაშის წინ ვილი სანიოლმა გვითხრა, რომ ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, ჩვენი ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობას არ უწევს და არც გამოსდის ხელოვნურ ბალახზე თამაში. სხვა საკითხია, გიბრალტარის დონის გუნდს ნებისმიერ საფარზე, დროსა და ამინდში რომ უნდა მოუგო, თუმცა აშკარად გამოჩნდა, რომ ლორიას ტრავმის შემდეგ, მეორე ნახევარში ჩვენი გუნდი უფრო ფრთხილად თამაშობდა.

ეგზოტიკურ გარემოს თუ არ ჩავთვლით (ზემოდან მთა, გვერდით - თვითმფრინავები!), "ვიქტორია სთედიუმზე" თვალსასეირო ბევრი ვერაფერი ვნახეთ. ვილი სანიოლის გუნდს ვარსკვლავები არც პირველ ნახევარში მოუწყვეტია, თუმცა ტაიმი ხვიჩას მოპოვებული და გატანილი პენალტით მოვიგეთ, 48-ე წუთზე კი წიტაიშვილმაც ლამაზი ბურთი გაიტანა... თუმცა მოედნიდან კვარაცხელიას გასვლის შემდეგ ჩვენი გუნდი აირია. შეცვლაზე შესულმა მოთამაშეებმა სანიოლის იმედი ვერ გაამართლეს და მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ეს პირდაპირაც გვითხრა საქართველოს ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა. მასპინძლებმა კი ანგარიშში სხვაობის შემცირებაც მოახერხეს და რამდენიმეჯერ სახიფათოდაც შემოგვიტიეს. სასიამოვნო სანახავი (ჩვენთვის!) ნამდვილად არ იყო, როგორ იცავდა საქართველოს ნაკრები თავს გიბრალტარისგან, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - მასპინძლები მეტისმეტად იყვნენ მოტივირებული და გვარიანადაც გვანერვიულეს...

მთავარი მაინც შედეგია

სიმართლე გითხრათ, შემშურდა კიდეც გიბრალტარელი ფანებისა - მასპინძელთა ათასამდე ქომაგი ("ვიქტორია სთედიუმის" ტრიბუნებზე სულ 5000 ადგილია) მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩუმებულა - შეძახილებითა და სიმღერებით ამხნევებდნენ გუნდს, რომელიც მხოლოდ ხანდახან, რამდენიმე წელიწადში ერთხელ უგებს თავისნაირ მაჩანჩალებს (ბოლოს 2020 წლის ოქტომბერში დაამარცხეს "ლიხტენშტაინი"). ადგილობრივების თქმით, სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა სწორედ ფეხბურთია, თუმცა არც დიდი დაფინანსებით გამოირჩევა და არც დიდი არჩევანის შესაძლებლობით. არც არის გასაკვირი, გიბრალტარი ხომ მხოლოდ 33 000 მოსახლეს ითვლის. მოკლედ, გიბრალტარული ფეხბურთი ნახევრად სამოყვარულო დონისაა. ამიტომაც ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, მაგრამ მთავარი შედეგია, რომელსაც სანიოლსა და მის შეგირდებს ნამდვილად ვერ დავუწუნებთ: გუნდმა საუკეთესო შედეგით დაასრულა უეფას ერთა ლიგის წლევანდელი გათამაშება. მოვიგეთ ჩვენი ქვეჯგუფი და გარდა ამისა, ყველაზე მეტი ქულა დავაგროვეთ ჩ ლიგის ოთხივე ქვეჯგუფში, ეს კი ნიშნავს, რომ 2024 წლის მარტში გასამართი პლეი-ოფის მატჩ(ებ)ს მასპინძლის სტატუსით შევხვდებით. ჰო, გიბრალტართან შეხვედრა მე-100 სანაკრებო მატჩი იყო გურამ კაშიასთვის! ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრების კაპიტანი ლევან კობიაშვილსა და ჯაბა კანკავას გაუთანაბრდა და ეჭვგარეშეა, რომ ცოტა ხანში ქართულ ფეხბურთს ახალი რეკორდსმენი ეყოლება!

კაშია კაპიტანი და რეკორდსმენია, მაგრამ... მომდევნო ქვეთავი მაინც სხვა ფეხბურთელს ეძღვნება:

ბიჭი მთის ძირას...

...და უმაღლესი მწვერვალებისკენ. გიბრალტარის კლდის მაქსიმალური სიმაღლე 426 მეტრია და რამხელაა ნიშნული, რომელსაც შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიამ მიაღწიოს? რთული "გასაზომია"! ისევე, როგორც ის სიხარული და სიამაყე, რაც ამ პატარა ბიჭს მოაქვს სამშობლოსთვის...

11 მატჩი ახალი კლუბის მაისურით, იმ კლუბის, რომელსაც ვერც სერია "ა"-ში აჩერებენ, ვერც ჩემპიონთა ლიგაზე და ამ ფანტასტიკური თამაშის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სწორედ ხვიჩაა! 11 მატჩი "ნაპოლის" მაისურით: 6 გოლი, 3 საგოლე გადაცემა და რამდენიმე მოპოვებული პენალტი, მათ შორის გოლი, ორი საგოლე პასი და მოპოვებული 11-მეტრიანი - ასეთია კვარას სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე. გასულ სამშაბათს ნეაპოლურმა კლუბმა ამსტერდამში გაანადგურა "აიაქსი" 6:1, კვარაცხელიამ კი გოლითა და საგოლე გადაცემით ისახელა თავი, ეს ნიშნავს, რომ თითქმის 17-წლიანი ლოდინის შემდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გავიდა "ქართული" გოლი - 2005 წლის 23 ნოემბერს ლევან კობიაშვილმა პსვ-ს სამი ბურთი გაუტანა...

ხვიჩა კვარაცხელიას თვალისმომჭრელი სტატისტიკა აქვს როგორც ახალ კლუბში, ისე ეროვნულ ნაკრებში. თუმცა მთავარი სტატისტიკა არ არის. უფრო მნიშვნელოვანი ის ჯადოსნური თამაშია, რომლის გამოც ლამის ყოველდღე იმსახურებს ახალ ეპითეტსა თუ მეტსახელს. "კვარადონა"? - ჯერ ნაადრევია. ისე კი, თუ მეტსახელებზე მიდგება საქმე, ყველაზე მეტად მეც "კვარავაჯო" მომწონს... მეტსახელზე მეტად კი ის თავისუფლება, თამაშისა და გამარჯვების წყურვილი, ყოველ მოძრაობაში რომ იგრძნობა. ბიჭი მთის ძირას... საყოველთაო ყურადღების, პოპულარობის, პასუხისმგებლობის უზარმაზარი მთის ძირას... მე კი მის შედეგებსა და პოპულარობაზე მეტად ის მიხარია, რომ ჯერჯერობით კვარა არც მეტოქეებს "იმჩნევს" და არც მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს!

P.S. კვირას, 9 ოქტომბერს, "ევრო-2024"-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. ასე რომ, როცა ამ სტრიქონებს კითხულობთ, თქვენ უკვე იცით (ჩემგან განსხვავებით), რომელი ნაკრებების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში მომავალ წელს.