"ჯერ ავტომანქანამ გადაუარა, მერე სამტრედიის რომელიღაც ხრამში გადააგდეს, სადაც ფეხებმოგლეჯილმა მხოლოდ ბალახის ჭამით იცოცხლა" - "პელეს" ემოციური ამბავი - კვირის პალიტრა

"ჯერ ავტომანქანამ გადაუარა, მერე სამტრედიის რომელიღაც ხრამში გადააგდეს, სადაც ფეხებმოგლეჯილმა მხოლოდ ბალახის ჭამით იცოცხლა" - "პელეს" ემოციური ამბავი

ალბათ, ბევრი თქვენგანი დამეთანხმება, რომ ჩვენში უპატრონო ცხოველების თემა არანაკლებ აქტუალურია, ვიდრე სხვა რეზონანსული თემები, რამაც საზოგადოების აზრი ორად გაყო: ერთნი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ცხოველებზე იზრუნონ და ხშირად თავიანთ უკანასკნელ სახსრებსაც მათ გადასარჩენად ხარჯავენ, სხვებს კი საერთოდ ამ თემის არსებობა აღიზიანებს. მოწესრიგებულ ქვეყანაში არც პატრონები მიატოვებდნენ სასიკვდილოდ ერთგულ ცხოველებს და არც მიტოვებულ-გასაცოდავებული ძაღლები შეაწუხებდნენ მოსახლეობას. მშიერი ძაღლები ყველგან სწორედ იმიტომ დაძრწიან, რომ სახელმწიფოს არ უცდია ცხოველის უკონტროლოდ გამრავლების შეჩერება. ამ შემთხვევაში აღარც უპატრონო და მშიერი ძაღლების ხროვები გვეყოლებოდა და არც ცხოველების დამცველებს მოუწევდათ მათი დაცვისთვის ბრძოლა. ამ დროს იქნებ ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ რეალურად მართლაც ბევრია ადამიანი, ვინც უპატრონოდ მიტოვებული ცხოველის მოვლით უდიდეს ტვირთს იკიდებს, მაგრამ ამას არასოდეს ნანობს. მათ შორის არის თიკო კვალიაშვილი და როცა მისი უფეხო "პელე" ვნახე, ნამდვილად გავიფიქრე, რომ თიკოც მოარული სიკეთეა და ყველა მისი მეგობარიც, რომელმაც ფეხებმოკვეთილი და გაუბედურებული "პელე" ოთხი წლის განმავლობაში იმიტომაც შეინახა, რომ ძაღლის თვალებში სიცოცხლის წყურვილი დაინახა.თქვენ წარმოიდგინეთ, უფეხო "პელე" ახლა გერმანელ ქალს მიჰყავს სამუდამოდ გერმანიაში. როდესაც თიკო კვალიაშვილს "პელეს" თავგადასავალს ვაყოლებდი, უპირველესად სოფო ჭავჭანიძე გაიხსენა, - ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავისი არცთუ დიდი ხელფასით ოთხი წლის განმავლობაში იბრძოდა დასახიჩრებული ძაღლის გადასარჩენად. თიკომ ძაღლს "პელე" მისი გამაოგნებელი მოძრაობის გამო დაარქვა - უფეხო ძაღლი წარმოუდგენელი სისხარტით მოძრაობს.

თიკო კვალიაშვილი:

- "პელეს" შესახებ არაერთისათვის მიამბია, თუმცა კი ეჭვი მეპარება, ვინმემ გაცნობიერებულად წარმოიდგინოს, რა დღეში იყო, როდესაც ჯერ ავტომანქანამ გადაუარა, მერე სამტრედიის რომელიღაც ხრამში გადააგდეს, სადაც ფეხებმოგლეჯილმა ძაღლმა ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ბალახის ჭამით იცოცხლა.

მის შესახებ "ცხოველების გადარჩენის სახალხო ფრონტში" ერთ-ერთმა ჩვენმა სამტრედიელმა მეგობარმა შეგვატყობინა. როდესაც ძაღლი ხრამიდან ამოვიყვანეთ, მეოთხე მოგლეჯილი ფეხი სწორედ მაშინ მოსძვრა. მაშინ "პელე" ვისაც არ უნდა ენახა, უეჭველად მის დაძინებაზე იფიქრებდა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ. "პელეს" თვალებში სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილი დავინახეთ. ძაღლი თვალებით გვეხვეწებოდა, არ მომკლათ, მაცოცხლეთო.

- როგორ აცოცხლეთ?

- რამდენიმე კვირას ექიმებთან სიარულით და მეგობრების დახმარებით. არსებობენ ადამიანები, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ, რა არის სიკეთე. არადა, "პელეს" მკურნალობა არც ისე იაფი ღირდა.

- მოვლა? ესეც ხომ ძნელია?

- კვირების განმავლობაში, ყველას, ვისთანაც ცხოვრობდა, "პელე" ხელში უნდა აეყვანა, დაებანა და ჭრილობები შეეხვია. ეს ხომ წარმოუდგენლად ძნელია, მაგრამ ადამიანობა ამ სიძნელეზე გაცილებით მაღლა დგას. სამაგიეროდ, "პელემ" თავისი სიცოცხლისათვის ბრძოლის უნარით უდიდესი საჩუქარი დაიმსახურა: გერმანიაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა იპოვა ქალი, რომელიც "პელეს" სამუდამოდ შეიფარებს და უპატრონებს. ოთხი წლის განმავლობაში ვეძებდით პატრონს, მაგრამ საქართველოში არ მოიძებნა, მხოლოდ უცხოელმა გამოიჩინა სიკეთე.

- არ მიკვირს. საქართველოში ვისაც ძაღლის რიგიანად მოვლა შეუძლია, ცდილობს ჯანმრთელი და ჯიშიანი ძაღლი ჰყავდეს. ხოლო ვისაც არ შეუძლია, ის ინვალიდ ძაღლს ვერ უპატრონებს. ხალხს მართლაც უჭირს და ძაღლი როგორ შეინახოს? იმიტომაც აღიზიანებთ ასე გამრავლებული უპატრონო ძაღლები.

- უპატრონო ძაღლები ნამდვილად სახეა ჩვენი ყოფისა. სახელმწიფოს ცხოველების დაცვის უნარი რომ ჰქონოდა, მაშინ არც ძაღლების უკონტროლო გამრავლება იქნებოდა, არც ქუჩაში მიტოვებული მშიერი ძაღლები.

- და უპატრონო პიტბულები ადამიანებს აღარ დაგლეჯდნენ...

- ნამდვილად, პიტბული, რომელიც სინამდვილეში ბავშვის მეთვალყურედ არის გამოყვანილი, მონსტრად მხოლოდ იმიტომ აქციეს, რომ პატრონები ძაღლების ჩხუბში ავარჯიშებდნენ. ეს არ მოხდებოდა, სახელმწიფოს რომ ჰქონდეს აღრიცხული, ვინ რა ძაღლს ამრავლებს და მისი მოვლის რა ვალდებულებები აქვს.

ვერავინ წარმოიდგენს, "პელეს" გამო რა გახარებული ვარ - უკვე ყველა სამედიცინო ცნობა მოვუმზადეთ და სულ მალე გაემგზავრება, გერმანელი ქალბატონი მისთვის ზრუნვას არ დაიშურებს.

ასეთია "პელეს" თავგადასავალი და ადამიანური სიკეთის ძალა, რომელსაც "პელეს" არსებობა, ვინ იცის, უკვე მერამდენედ დაადასტურებს. ეს კიდევ ერთი საბაბია იმისათვის, რომ "პელე" აუცილებლად გადარჩენილიყო.