"საქართველოს ხელისუფლება ძალიან სახიფათო ნაბიჯებით დადის“ - კვირის პალიტრა

"საქართველოს ხელისუფლება ძალიან სახიფათო ნაბიჯებით დადის“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისს ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციის გამო ესტუმრა. "ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოსთან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის დემოკრატიული განვითარება, რეფორმები, ეკონომიკური ზრდა, დივერსიფიკაცია და, რა თქმა უნდა, თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობა", - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, ბონი ჯენკინსის მთავარი მესიჯი რეალურად ის იყო, რომ საქართველოს ოფიციალური ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს, ოპოზიციონერი ლიდერების აზრით კი, ამ ვიზიტის მიზანია ამერიკელები დარწმუნდნენ, თუ რა კურსით მიდის ქვეყანა, საქართველო დასავლური სამყაროს ნაწილია თუ რუსეთის, ვართ თუ არა მათთვის დასაყრდენი რეგიონში. ანალიტიკოსები, თავის მხრივ, სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ. მათი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებს აინტერესებთ, როგორ მიდის დემოკრატიული პროცესები ჩვენს ქვეყანაში, სამხედრო-პოლიტიკური საკითხები, თუნდაც რუსეთის შესაძლო თავდასხმა საქართველოზე უკრაინაში მიღებული მარცხის გადასაფარად. მათივე აზრით, არც ის არის გამორიცხული, რომ ამერიკა საქართველოს მოსალოდნელი ბირთვული დაპირისპირებისთვის ამზადებდეს. რა შეიძლება ყოფილიყო ამერიკის მთავარი გზავნილი, ამ საკითხზე რონდელის ცენტრის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს ვესაუბრეთ.

- ჩემი შეხედულებით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში ჩამოვიდა პოლიტიკური­ გზავნილით - შეურყევლად ვიდგეთ ევროატლანტიკური ერთობის მხარეს. ვვარაუდობ, რომ ამერიკელებს აინტერესებთ, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ საქართველოსგან.

- მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გამოყენებით კიდევ ერთხელ დაიმუქრა, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებით დამუქრება კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდ რისკს ქმნის. ამის შემდგომ გაჩნდა მოსაზრება, რომ ამერიკა შესაძლოა საქართველოს მოსალოდნელი ბირთვული დაპირისპირების თაობაზე კონსულტაციებსაც აძლევდეს.

- არა მგონია, ამის გამო ჩამოსულიყო სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში. ბირთვული საფრთხის რისკის შესახებ ელჩების საშუალებითაც გვაცნობებდნენ. ვფიქრობ, თუ პუტინი მუქარას შეასრულებს, ეს უფრო უკრაინისთვის იქნება სავალალო. ვინაიდან სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არ არის საუბარი, ტაქტიკური ბირთვული იარაღის შედეგი საქართველომდე ვერ მოაღწევს. თუმცა არის სხვა საკითხები, რომლებიც ამ კონფლიქტთან არის დაკავშირებული, მაგალითად, არ არის გამორიცხული, ბირთვული დაპირისპირების შემთხვევაში ნატოს საქართველოს პორტების ან აეროდრომების გამოყენება დასჭირდეს შავი ზღვის აკვატორიის გასაკონტროლებლად. ნატოს თურქეთში კი აქვს სამხედრო ბაზა და საჭიროების შემთხვევაში ფრენები უმთავრესად იქიდან დაიწყება, მაგრამ შესაძლოა საქართველოც დასჭირდეთ პლაცდარმად. ეს მხოლოდ ვარაუდია, მე უფრო მგონია, ჯენკინსის ვიზიტის მიზანი იმის გარკვევა იყო, ისევ უჭერს თუ არა პოლიტიკურად მხარს ამერიკას საქართველო და არის თუ არა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასა და პუტინს შორის კავშირი.

- თქვენი ვარაუდით, პუტინი გაბედავს და გამოიყენებს ბირთვულ იარაღს?

- თუ პუტინის ფსიქოლოგიურ პორტრეტს გავითვალისწინებთ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები კლინიკური გიჟის არა, მაგრამ არაადეკვატური ადამიანის შთაბეჭდილებას ნამდვილად ტოვებს. ვინ იცის, რა მოიხარშება დაკომპლექსებული ადამიანის თავში, რომელსაც ბოლო დროს თავმოყვარეობა შეულახეს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მძიმედ არის დაავადებული, შეიძლება არც უღირს სიცოცხლე ომში დამარცხებული ლიდერის სახელით. რისკი ნამდვილად არის, მაგრამ არა საქართველოსთვის. როგორც კი რუსეთი ბირთვულ მუხტებს გამოიყენებს უკრაინის ქალაქების გასანადგურებლად, საპასუხო დარტყმა მყისიერი იქნება.

- შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში მკვეთრი პოზიციის გამოხატვისგან თავი შეიკავა?

- საქართველოსთვის არც არავის უთხოვია რუსეთის გაღიზიანება, ომში ჩართვა ან აფხაზეთსა და ცხინვალში სამხედრო ძალით შეჭრა - აი, ამ კონტექსტში სწორია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახლა, როდესაც უკრაინასა და დასავლეთს უჭირს, თუ მკვეთრ პოზიციას არ დავაფიქსირებთ, რუსეთი რომ დამარცხდება, მერე გამარჯვებულების გუნდში აღარ მიგვიღებენ. აღარც აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაში უნდა ველოდოთ განსაკუთრებულ მხარდაჭერას. თუ "ოცნებას" სურს დასავლეთი ჩვენი დასაყრდენი იყოს, უნდა აჩვენოს, რომ ძნელბედობის ჟამს მის გვერდით დგას. ასეთ შემთხვევაში მარტივი გახდება ხელისუფლებაში სხვა პოლიტიკური ძალის მოსვლა.

- რომელ პოლიტიკურ ძალას გულისხმობთ ან რა ფორმით მიიჩნევთ შესაძლებლად ხელისუფლების შეცვლას?

- რა თქმა უნდა, არჩევნებით. ეს შეიძლება ვადამდელი არჩევნებიც იყოს და ხელისუფლებაში მოვიდეს პროდასავლური ხელისუფლება.

- ფიქრობთ, რომ "ოცნება" ანტიდასავლურია?

- აბა, რა ჰქვია პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყანაში ანტიდასავლურ სენტიმენტებს აღვივებს და პრორუსულ მესიჯებს ავრცელებს, დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის ამერიკის ელჩს თავს ესხმის, დასავლეთს ადანაშაულებს, რომ საქართველოს ომში ჩართვა სურთ! "ხალხის ძალას" რომ ქმნიან და იქ გადაბარგებულ "ოცნების" წევრებს ორლესული მესიჯებით ალაპარაკებენ სტრატეგიულ პარტნიორებზე, გგონიათ დასავლეთს არ აღიზიანებს და ამას რუსეთი მხარდაჭერად არ აღიქვამს?

საქართველოს ხელისუფლება ძალიან სახიფათო ნაბიჯებით დადის და ამის გამო ძალიან დაზიანდება. იმედია, ქვეყანას ვერ დააზიანებენ.

- თუ ყველაფერი ასე თეთრი ძაფითაა ნაკერი და ყველა ყველაფერს ხვდება, მაშინ ამ თამაშის არსი რა არის?

- ის, რომ გააღვივონ ძლიერი ანტიდასავლური და პრორუსული განწყობა იმ ადამიანებში, რომელთა გულებში იმედის პატარა ნაკვერჩხალი მაინც ანთია. მთავრობაში კარგად იციან, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ გააკეთებს გათვლას ანტიდასავლურ სეგმენტზე, რომ არჩევნებზე ყველა პრორუს "ხალხის ძალას" მისცემს ხმას. თავის მხრივ, "ქართული ოცნებაც" დაანახვებს პროდასავლურ საზოგადოებას, რომ თითქოს არ არის ანტიდასავლური ძალა და მათი გულის მოგებასაც შეეცდება. ესე იგი, ორივე სეგმენტის დაჭერა სურთ, როგორც პროდასავლურის, ასევე პრორუსულის. მმართველი გუნდის აზრით, ეს ორი ძალა შექმნის პარლამენტში კოალიციას და გააგრძელებენ ქვეყნის მართვას. ეს ძალაუფლების შენარჩუნების ცდაა და სხვა არაფერი.

- ფიქრობთ, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გაწირავენ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას?

- დიახ, რადგან იმედი აქვთ, რომ ძალაუფლება გამყარებული ექნებათ და საგარეო მხარდაჭერა აღარ დასჭირდებათ. თუ "ქართული ოცნება" არჩევნებში 40%-ს დააგროვებს, "ხალხის ძალა" კი 10%-ს, უკვე 50% ექნებათ, რაც უმრავლესობის შექმნის საშუალებას მისცემს. ისინი ფიქრობენ, რომ პრორუსული სეგმენტის დახმარების გარეშე 50%-ს ვერ დააგროვებენ და არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, რომელიც საბოლოოდ გაერთიანდება და კოალიციას შექმნის. ელექტორატის მოსაზიდად ყველაფერზე მიდიან, მათ შორის პრორუსული სენტიმენტების გაღვივებას არ თაკილობენ.

- ოპოზიციურმა ლიდერებმა კოალიცია როგორ უნდა შექმნან, როცა ერთმანეთის დისკრედიტაციით არიან დაკავებული?

- დღეს ოპოზიცია ნამდვილად ძალიან ცუდად გამოიყურება, მაგრამ ამ მდგომარეობითაც ლამის მოიგეს არჩევნები. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ 2024 წლის არჩევნებამდე რამდენიმე პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს და გაძლიერდეს, მით უფრო, თუ მმართველი გუნდი საერთაშორისო მხარდაჭერას დაკარგავს.

- გამორიცხავთ, რომ პუტინის მუქარამ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე დასავლეთის განწყობა შეცვალოს?

- გამოვრიცხავ! რუსეთის მუქარას უკვე უპასუხეს ლიდერებმა ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან... ბაიდენმა მხოლოდ მოსახლეობის გასაფრთხილებლად განაცხადა, პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული იარაღით გვემუქრებაო. უკან დახევის ნიშნებს მე ვერ ვხედავ და არც მგონია, რომ უკრაინაზე ზეწოლა მოახდინონ და დასვან მოლაპარაკების მაგიდასთან. არავინ გააკეთებს ამას, როდესაც რუსული არმია თვალსა და ხელს შუა იშლება და ლენდ-ლიზით გათვალისწინებული დახმარება უკრაინას ჯერ კიდევ არ გამოუყენებია. დღეს უკრაინის მხარეს ოცჯერ მეტი ფული, შეიარაღება, პოტენცია და რესურსია.

გგონიათ, რადგან ნავთობი გაძვირდა, დასავლეთი კრიზისში აღმოჩნდება?! ეს არ მოხდება, მით უფრო, რომ ამერიკას თხევადი გაზისა და ნავთობის მიწოდება შეუძლია. დასავლეთში უკვე შექმნილია გაზის განსაზღვრული რეზერვებიც. ასე რომ, რუსეთის იმპერიას დიდი დღე აღარ აქვს.

ხათუნა ბახტურიძე